QronikaPlus
ცხინვალში კორონავირუსი გამოჩნდა

ცხინვალში კორონავირუსი გამოჩნდა

2020-05-06 17:58:39

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება ბოლო პერიოდში გამომწვევად კუნტრუშობდა _ ჩვენთან კორონავირუსი ვერ გაჭაჭანდებაო. აქამდე მართლაც არ გაეკარა ღამურანაჭამი ჭირი იქაურობას, მაგრამ 6 მაისს სიტუაცია შეიცვალა და არაა გამორიცხული, კორონამ აქაც სერიოზულად მოიკიდოს ფეხი.

ცხინვალელი ეპიდემიოლოგების განცხადებით, 6 მაისის მონაცემებით, რესპუბლიკაში სამი ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. სამივე მათგანი იქ რუსეთის ფედერაციიდან შევიდა. არადა, ცხინვალის ხელისუფლება კორონას საფრთხეს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან ელოდა _ გაიძახოდნენ, ლუგარის ლაბორატორიიდან აყრიან ხალხს ვირუსებსო.

კორონავირუსი პირველს 14 წლის მოზარდს დაუდგინეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, 14 წლის ბიჭი ცხინვალში 30 აპრილს დაბრუნდა ვლადიკავკაზიდან. ის იქ სამხედრო სასწავლებელში სწავლობდა.

ცხინვალელი ექიმების განმარტებით, მოზარდი რუსეთიდან დაბრუნებულ სხვა მოქალაქეებთან ერთად კარანტინში იმყოფებოდა. ცნობისთვის: ცხინვალს რუსეთთან მიმოსვლა გამკაცრებული აქვს. რუსეთიდან შემოსული პირები აქ ორკვირიან კარანტინს გადიან.

ექიმთა თქმით, 14 წლის მოზარდის კონტაქტებს ტესტირება უკვე ჩაუტარეს. ტესტირება იმათაც დასჭირდებათ, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირებულ კიდევ ორ პირთან ჰქონდათ კავშირი.

ის ორი ცხინვალელი, ვინც კორონაინფიცირებული აღმოჩნდა, რესპუბლიკაში 5 მაისს დაბრუნდა. მათაც სასწრაფოდ კარანტინში უკრეს თავი. ამ უკანასკნელთ, ჯერ კიდევ, ჩრდილოეთში ჰქონდათ ტესტირება გავლილი. ცხინვალს სწორედ იქიდან მოუვიდა პასუხი, რომ ისინი ინფიცირებულები იყვნენ.

„ქრონიკა+“ უკვე წერდა, რომ წარმოშობით ცხინვალელი ოსები მასობროვად ტოვებენ ვლადიკავკაზს, სადაც ვირუსის გავრცელების მხრივ კატასტროფული ვითარებაა. ინფიცირებულთა რაოდენობა, 5 მაისის მონაცემებით, 1253 კაცს შეადგენდა. არაა გამორიცხული, კორონა რუსეთიდან შესულ სხვა მოქალაქეებსაც დაუდგინდეთ.

ე. წ. რესპუბლიკაში კორონას გამოჩენის გამო შეშფოთება გამოთქვა ანატოლი ბიბილოვმა. ცხინვალის მეთაური იმედოვნებს, რომ მათი ექიმები ამ პრობლემას გაუმკლავდებიან.

მიუხედავად იმისა, რომ ცხინვალში უკვე გამოჩნდა კორონა, აქაურები 9 მაისის ზეიმის გაუქმებას არ აპირებენ. ადგილობრივი ხელისუფლების განმარტებით, ზეიმი 3-დღიანი იქნება - 7 მაისს დაიწყება და 9 მაისს გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდება. ისე, ჩრდილოეთშიც არ შეუშინდნენ კორონას და გრანდიოზული აქცია მოაწყვეს, ახლა კი 1253 პაციენტი ჰყავთ. აქაც, შესაძლოა, იგივე სურათი მივიღოთ. მერე საკუთარ თავს კი არ დაადანაშაულებენ, დამწკრივდებიან და „საწყალ“ ლუგარის ლაბორატორიას შეესევიან _ ვირუსებს გვაყრიანო.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება