QronikaPlus
რა უთხრა გარდაცვალებამე ლეგენდარულმა ფრანკო ძეფირელიმ გოჩა აბულაძეს?

რა უთხრა გარდაცვალებამე ლეგენდარულმა ფრანკო ძეფირელიმ გოჩა აბულაძეს?

2020-05-06 16:36:56

ოჩა აბულაძე 1985 წელს ქ. ქუთაისში დაიბადა. ბავშვობა ქუთაისსა და სოფელ სიმონეთში გაატარა. მამა ინჟინერი ჰყავს და სიმღერისგან შორს დგას. სამაგიეროდ, დედა მღერის კარგად, რომლის ოცნება იყო, რომ პროფესიონალი მომღერალი გამხდარიყო, მაგრამ ჩანაფიქრი ვერ აისრულა. სწორედ მან ასწავლა შვილებს ხალხური სიმღერები, რასაც დღეს ხშირად სიამაყით აღნიშნავს.

„ქრონიკა+“-ს ესაუბრება გერმანიასა და მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო სცენაზე წარმატებით მოღვაწე ქართველი ბარიტონი - გოჩა აბულაძე:

_ გოჩა, როგორც ვიცი, ახლა ოჯახთან ერთად იმყოფები საქართველოში. მოგვიყვევი, რა შეცვალა შენს ცხოვრებაში კორონავირუსმა?

_ შეცვალა ის, რომ დღეს მე უნდა ვიმყოფებოდე ნიუ-იორკში.  ჩემს ადვოკატთან ერთად უკვე დაწყებული მქონდა საბუთების შეგროვება, რადგან ამერიკაში გადავდივარ საცხოვრებლად. ამერიკის რამდენიმე ქალაქში ძალიან მნიშვნელოვან  სააგენტოში მქონდა დაგეგმილი მოსმენა და ეს ყველაფერი კორონავირუსის გამო გადაიდო. ასევე იტალიაში უნდა გამართულიყო ფესტივალი, სადაც ჯაკომო პუჩინის ოპერა „ტოსკაში“ სკარპიას როლი უნდა მეთამაშა, რომელიც ჩემთვის დებიუტი იქნებოდა. მომზადებული ვიყავი და, სავარაუდოდ, გადაიდება, ჯერ არ არის 100%-ით დადასტურებული, ჩატარდება თუ არა ფესტივალი.  პანდემიას დადებითი ის აქვს, რომ ოჯახის წევრებმა ერთად მოვიყარეთ თავი. ახლა იმერეთში ვარ, ჩემს მშობლებთან, ძმასთან, ძმისშვილებთან და ეს ფაქტი ძალიან მახარებს. თუმცა უზომოდ მომენატრა ჩემი პროფესია, სცენა და ბევრი რამ ცხოვრებაში.

_ როდესაც მსოფლიოში კორონაისტერია დაიწყო, შენი რეაქცია როგორი იყო?

_ დასაწყისში მართლაც შოკი იყო ყველასთვის, უცებ განვითარდა მოვლენები, დაიკეტა ყველაფერი. თავიდან გული მწყდებოდა, რომ ამერიკაში ვერ მივფრინავდი, მაგრამ მერე მივხვდი, - გამიმართლა, რადგან სახლში  ჩავრჩი! ამერიკაში მართლაც საშინელი მდგომარეობაა, ნიუ-იორკში ხალხი საერთოდ ვერ გამოდიოდა სახლიდან, ყოველი მეორე  ავადდებოდა და სრული პანიკა იყო. საქართველოში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, ეზოშიც გავდივართ, ვსეირნობთ, 9 საათზე შემოვდივარ სახლში. სასარგებლოდ ვიყენებ ამ პერიოდს, ცოტა მომატებული ვიყავი და უკვე 16 კილო დავიკელი და ჯერ არ ვაპირებ გაჩერებას. როგორც კი მორჩება ეს უბედურება, გაათასმაგებული ენერგიით მინდა  ყველაფრის ნულიდან დაწყება.

_ რა ფიქრობ ქართველ ექიმებსა და მათ მუშაობაზე?

_ საქართველო ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა, რომელმაც ძალიან წარმატებით ჩააბარა გამოცდა. როგორც ვიცი, პიკი უკან მოვიტოვეთ და ძალიან ბევრი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ნამდვილად  საამაყოა ჩვენი ექიმების შრომა. საქართველოში იმდენად აღარ არის პანიკა და ეს სწორედ ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა. პირადად  ჩემს მეგობარს, მომღერალს, რომელიც ამერიკიდან დაბრუნდა, კორონავირუსი აღმოაჩნდა. მისგან ვიცი, რომ საოცრად მაღალი დონის ექიმები არიან, პოზიტიურები, ყველანაირად გვერდით უდგანან ავადმყოფებს და ეს ძალიან კარგად და დადებითად მოქმედებს ყველა ჩვენგანზე. პანიკას აცხრობს ჩვენი ექიმების დიდი პროფესიონალიზმი.

_ როგორც ვიცი, გერმანიაში ცხოვრობდი და  მსოფლიოს არაერთ დიდ სცენაზე შეასრულე მნიშვნელოვანი როლები... რატომ გადაიფიქრე გერმანიაში ცხოვრება და რატომ ამერიკა?

_ დიახ, გერმანიაში 7 წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ორი წელი ვიყავი მაგდებურგის თეატრის სოლისტი, სადაც 2012 წელს ჩავედი და 2-წლიანი თეატრის სოლისტობის შემდეგ ბერლინში გადავწყვიტე ცხოვრება, ვმღეროდი ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. 5 წელი ვიცხოვრე ბერლინში, რომელიც ძალიან  შემიყვარდა. რა თქმა უნდა, ვისწავლე გერმანული. ახლა, მაგალითად,  შტუტგარტის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად ჩაიწერა ჩემი პირველი დისკი, ვერდის ერთ-ერთი პირველი ოპერა "Un giorno di regno" („მეფე ერთი საათით, ანუ ცრუსტანისლავი“), რომელიც  გერმანიაში უკვე შეიძლება  იყიდებოდეს. ძალიან მენატრება გერმანია, შევეჩვიე მას, მაგრამ მიმაჩნია, რომ საცხოვრებლად ჩემი ქვეყანა არ არის. ამიტომაც ვიყავი ძიებაში, თუ სად შეიძლებოდა მქონოდა ბაზა. როცა პირველად ნიუ-იორკში ჩავედი, ვიფიქრე, რომ ეს ქალაქი ძალიან კარგი იქნებოდა ჩემთვის. წინასწარ არაფრის დაგეგმვა არ მიყავს, მაგრამ მაქსიმალისტი ვარ, ძალიან მიყვარს შრომა, ყველაფერს სიყვარულით ვაკეთებ, რადგან  სიმღერა ჩემი სიცოცხლეა. ამის გამო 34 წლის ასაკში არც ცოლი მყავს  და არც - შვილები, მეგობრებიც ყოველთვის მენატრება, რადგან სულ  წასული ვარ. ამაზე არ ვწუწუნებ და ასევე გავაგრძელებ, - გადავწყვიტე, კიდევ უფრო ჩავუღრმავდე ჩემს პროფესიას და უფრო მეტად გავზარდო შრომის უნარიანობა ჩემში. დარწმუნებული ვარ, შრომა აუცილებლად გამოიღებს შედეგს და გავახარებ ჩემს ოჯახს, მეგობრებს, საქართველოს, რომელიც  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ამერიკაში როდესაც წავალ, ჩემს ქართულ დისკს წავიღებ. ეს ჩემი პირველი დისკია. იგი ვერ  ჩაიწერებოდა, რომ არა  სამშენებლო კომპანია „რედკო“ და  მისი გენარალური დირექტირი მირიან ქათამაძე. მინდა, მადლობა ვუთხრა პირადად მას, რადგან მირიანს ძალიან უყვარს ქართული სიმღერა და თავადაც  კარგად მღერის. არც კი დაფიქრებულა, როდესაც სპონსორობა შევთავაზე, რაც დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული. მოკლედ, ძალიან დამიდგა გვერდით. დისკში შესულია ქართული კლასიკური ჰიტები და რომანსები, ისეთი კომპოზიტორების  ნაწარმოებები, როგორიც არის გია ყანჩელი, ბიძინა კვერნაძე, გიორგი ცაბაძე. ამ პროექტზე უნიჭიერეს დათო ლონდარიძესთან ერთად ვიმუშავე. ვფიქრობ, ქართველი და არა მარტო ქართველი მსმენელი ძალიან ისიამოვნებს.

_ სავარაუდოდ, კონტაქტები გაქვს შენს აგენტებთან, კოლეგებთან. როდის შეძლებენ ხელოვანი ადამიანები სცენაზე დაბრუნებას? რა ინფრომაციას ფლობ ამ  საკითხზე?

_ როგორც ვიცი, ჯერ ფრენები იხსენება, მაგრამ სპექტაკლებს  რაც შეეხება, ინფორმაცია მაქვს, რომ სექტემბრამდე  არანაირი სპექტაკლი არ გაიმართება არსად. ყველა აღმოვჩნდით ძალიან  რთულ მდგომარეობაში და ჩემი მეგობრები ლაივ რეჟიმზე გადავიდნენ,  ერთვებიან ხოლმე ფეისბუქზე, ინსტაგრამზე. ყველას ძალიან ენატრება სცენა და თეატრი. მოკლედ, სექტემბრამდე  არანაირი სინათლე არ ჩანს არსაიდან და არა მგონია, ვინმემ  გაბედოს, თეატრში სპექტაკლი ჩაატაროს და რისკის ქვეშ დააყენოს როგორც  მსახიობები, ასევე - მაყურებელი.

_ წარმატებული პროფესიული ცხოვრებიდან ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამახსოვრებელი  დღე რომელი გახსენდება?

_ ახლა, როდესაც სახლში ვზივარ და დრო მაქვს,  ძალიან ბევრ ფილმს ვუყურებ. ფედერიკო  ფელინის თითქმის მთელ შემოქმედებას გადავავლე თვალი, ბევრი მქონდა ნანახი, თუმცა ბევრიც ახლა ვნახე და წავიკითხე მის შესახებ. აღმოჩნდა, რომ ფედერიკო ფელინის უნდა გადაეღო ფილმი იესო ქრისტეზე და არ მისცეს  ამის საშუალება, როცა ის უკვე ლეგენდა  იყო. ამის შემდეგ ეს ფილმი გადაიღო ფრანკო ძეფირელიმ. ჩემი პირველი სერიოზული ნაბიჯი იტალიაში, რაც მთელი ცხოვრება მემახსოვრება, გახლდათ ლეონკავალოს ოპერა „ჯამბაზები“, სადაც ჩემი რეჟისორი იყო ფრანკო ძეფირელი. იმ დროს ის  94 წლის ბრძანდებოდა და  ორი კვირა  მისი  უშუალო დავალებებით გავდიოდით რეპეტიციებს. ძეფირელი გახლდათ უშუალო, მეგობრული,  ძალიან თავმდაბალი, თბილი, ცოცხალი ლეგენდა. როდესაც  პირველად დავინახე და დარბაზში ეტლით შემოიყვანეს, არ დამავიწყდება მისი თვალები, მისი საუბარი, რჩევები და  მისი კომპლიმენტი ჩემ მიმართ. ეს სულ მახსოვს. ძალიან  ვერიდები ხოლმე ამის თქმას, მაგრამ არასდროს ამომდის ყურებიდან და შენ გამოგიტყდები: ერთხელ მითხრა, როდესაც სცენაზე გიყურებ და გისმენ, ვწუხვარ, რომ საქართველში არასდროს  ვყოფილვარო. აი, ასეთი სიტყვები მითხრა დიდმა მაესტრომ! დღეს ის ცოხცალი აღარ არის - ერთი წლის წინათ გარდაიცვალა. მასთან შეხვედრა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ფრანკო ძეფირელიზე დიდი რეჟისორი საოპერო სამყაროში არ არსებობს. მასთან შეხვედრის შემდეგ ბევრი რამ  შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში, - უფრო თავდაჯერებული გავხვდი, უფრო მდიდარი თუნდაც ჩემი ემოციებით და მონაცემები უფრო განვავითარე. ასევე მონსერატ კაბალიეზე შემიძლია გითხრა, რომ მასთან ერთად მონაწილეობა მივიღე  ორ კონცერტში სარაგოსაში, ეს იყო ძალიან საინტერესო და დაუვიწყარი დღე. მოკლედ, ბევრია ასეთი გასახსენებელი წუთები ჩემი ცხოვრებიდან, მაგრამ ფრანკო ძეფირელი ჩემთვის მართლაც ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. ახლა ჩემს სოფელში, სიმონეთში ვარ და როცა ფილმებს ვუყურებ, ფელინიმ გამახსენა ეს დიდი მაესტრო, რომელთანაც მე პირადად მაქვს რეპეტიციები გავლილი. ორი კვირა ვიყავით ვერონაში ერთად და ჩემი დებიუტი შედგა ტონიოს (ლეონკავალო, „ჯამბაზები“) როლით.

_ საქართველოსთან მიმართები რა გეგმები გაქვს პროფესიული თვალსაზრისით?

_ ქართული სცენა, სადაც არ უნდა ვიყო, ყოველთვის ძალიან მენატრება და დიდ ინტერესს წარმოადგენს ჩემთვის. ყოველთვის მინდა, საქართველოში ჩემს გულშემატკივრებსა და მსენელს სიამოვნება მივანიჭო ჩემი სიმღერით. არ ვიცი, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილებიდან გეუბნები, როდესაც სადმე მიდიხარ და უცხო ქვეყანაში გაღიარებენ, მერე უფრო გეძლევა ჩვენთან საშუალება, ქართულ სცენაზე გამოხვიდე.

შესაძლებელია, საქართველოში ცხოვრობდე, ძალიან მაგარი იყო და არც კი მოგცენ სიმღერის საშუალება, ეს ვიგრძენი, როდესაც საზღვარგარეთ წავედი და ბევრი სპექტაკლი ვიმღერე ევროპაში, ბევრ კონკურსში გავიმარჯვე და სხვანაირად  დამაფასეს. მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი უნდა გავაკეთო, რომ კიდე უფრო დიდი მხარდაჭერა მოვიპოვო საკუთარ ქვეყანაში, რომელიც ყველაფერს მირჩევნია და  რომელსაც აბსოლუტურად ყველგან წარმოვადგენ, სადაც  არ უნდა დავდგა ფეხი.

_ ბევრს საუბრობ კარიერასა და სამომავლო გეგმებზე, თუმცა არაფერს ამბობ პირად ცხოვრებაზე. ამ კუთხით რა ხდება? რამე სიახლე ხომ არ არის?

_ პირად ცხოვრებში, ჯერჯერობით, არაფერი ხდება, მაგრამ როცა საქართველში ვარ, სახლში ეს თემა ძალიან აქტუალურია, ყველა მეკითხბება, - რას შვრები, ცოლი არ მოგყავსო? მოკლედ, ძალიან შეწუხებული ვარ ამ კითხვებით. ალბათ, 2-3 წელიწადში, როგრც  ჩემს მშობლებს დავპირდი, ვიფიქრებ ამაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოჯახს შევქმნი. ასე რომ, ჯერ სერიოზული არაფერია.

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება