QronikaPlus
ენდი ძიძავა: „ომობანას ვთამაშობ, რადგან საომარ პირობეში ვართ უხილავ მტერთან“

ენდი ძიძავა: „ომობანას ვთამაშობ, რადგან საომარ პირობეში ვართ უხილავ მტერთან“

2020-05-03 14:45:23

„ქრონიკა+“ ამჯერად ცნობილი სერიალის, „ჩემი ცოლის დაქალებისა“ და ქუთაისის  მესხიშვილის  სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობ ენდი ძიძავას ესაუბრა, რომელიც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე,  მის ცხოვრებისეულ ეტაპსა და განცდებზე გვესაუბრა:

- ქალბატონო ენდი, მგონი, თქვენ იყავით საქართველოში პირველი, რომელმაც სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყეთ წერა კორონავირუსის გავრცელებაზე. ასევე წერდით, რომ თქვენ უკვე გადაიტანეთ "COVID 19".

- დავიწყებ იმით, რომ ინტერნეტსივრცე  შემეცნებისთვის უნდა გამოვიყენოთ. ვფიქრობ, ტელეფონები და  კომპიუტერები, თავის დროზე, მისმა შექმნელებმა   მაქსიმალური კომფორტისთვის გამოიგონეს, რათა  სახლიდან გაუსვლელად მიგვეღო ახალი და ჩვენთვის საინტერესო ინფორმაცია. აქედან გამომდინარე, ჩემი დილა მხოლოდ "FACEBOOK"-ით არ იწყება და არ მთავრდება. პირველ რიგში რასაც ვაკეთებ, შევდივარ ინტერნეტში და ინფორმაციებს ვკითხულობ. ეს მდგომარეობა უკვე ჩვევად მექცა, ღამით და დილით  შევამოწმო  სიახლეები და გავიგო, რა ხდება მსოფლიოში. პირველ იანვარს დილით აღმოვაჩინე ინფორმაცია, რომ მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ მიიღო გზავნილი ჩინეთიდან ვირუსის გავრცელების შესახებ. სადღაც, 14 იანვრამდე, ვადევნებდი თვალს ყველაფერს, გადავდიოდი ჩინეთის ამბებზე და  სტატისტიკიდან მოყოლებული ყველაფერს ვუყურებდი. პირველ პერიოდში ძალიან ბევრი მართალი ინფორმაცია იდებოდა სიმპტომატიკაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ავადობა და ა. შ.

ამის შემდეგ დავიწყე განგაშის ზარის შემოკვრა სოციალურ ქსელში. აღსანიშნავია, რომ თებერვალში უკვე  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ  საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და მეორე დღეს უნდა მქონოდა  საახალწლო სპექტაკლი. ძალიან კარგად მახსოვს და შემონახული მაქვს კიდეც მესიჯი, რომელიც სულხან გოგოლაშვილს მივწერე (ქუთაისის მესხიშვილის თეატრის დირექტორი, _ ავტ.): - რას აკეთებთ, საშინელი ვირუსია გავრცელებული მსოფლიოში, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ჩვენ  სპექტაკლები უნდა ვაჩვენოთ-მეთქი? უკვე იმდენად ბევრი ინფორმაცია მქონდა, საჭიროდ მივიჩნიე, ასეთი მესიჯი მიმეწერა, რადგან მეგონა, რომ ანგარიში უნდა გაგვეწია ამისთვის. ამ შემთხვევაში მსურდა, სპექტაკლი არ მეთამაშა და მაყურებელი თეატრში არ მოსულიყო. კარგი, ჩავიარეთ ეს ყველაფერი, მანამდე მე თვითონ  ვიყავი ავად და ჩემი შვილიც, რომელიც  20 დეკემბერს მილანიდან ჩამოფრინდა და ორი დღის შემდეგ სიცხემ აუწია, ამასთან ერად, ჰქონდა მშრალი ხველა, უჰაერობა, მოკლედ, ყველა სიმპტომატიკა აღგვენიშნებოდა. ყოველდღიურად, ისტერიულად ვწერდი ამ ყველაფერზე და თავი მოვაბეზრე  საზოგადოებას, ჩემი  დაცინვაც დაიწყეს. დავით ლიკლიკაძემ კი საქვეყნოდ  "ვანოს შოუშიც" გამომიყვანა. მაგრამ ფინალი ის არის, რომ დღეს, რა თქმა უნდა, ყველა ერთად მიხვდა და აღიარებს, რომ  მართალი ვიყავი და ადამიანებს ვაფრთხილებდი, რადგან სანამ ჩვენს ყვეყანაში მასობრივად დაიწყებოდა ამაზე სერიოზული საუბარი, მანამდე უკვე  ყველა ნიუანსი იწერებოდა უცხოურ მედიაში, მე ამ ყველაფერს  ვკითხულობდი და ვიცოდი, რომ ეს იყო საშიში ვირუსი, რადგან მარტივად გადადიოდა ადამიანიდან ადამიანზე.

- როგორ ეგუებით პანდემი და რამენად შეცვალა თქვენი ცხოვრება ქვეყანაში არსებულმა საგანგებო მდგომარეობამ?

- როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, სახლში ვერ დამიჭერდით, რა დროსაც არ უნდა მოსულიყო ვინმე. ღამის 4 საათამდე შეიძლებოდა არ შევსულიყავი სახლში. ქუთაისში ყოველთვის ვპოულობდი ადგილებს, სადაც შემეძლო, მთელი ღამე კარგად მეგრძნო თავი: ოჯახებში, მეგობრებთან... ასაკთან ერთად მოვიდა ეს მდგომარეობა, როცა თბილისში ვარ და არა ქუთაისში, ვცდილობ, სახლიდან არ გავიდე და ვნებივრობ, ეს ნებივრობა კი ამ კარანტინის რეჟიმში ისევ რჩება ძალაში. საგანგებო მდგომარეობას თითქმის არაფერი შეუცვლია ჩემს ცხოვრებაში. 90-იანი წლების ნოსტალგია მაქვს და მონატრებული ვიყავი, იცით რას? იმდენად ბევრი იყო უკვე ყველაფერი ჩვენს ცხოვრებაში და იმდენად გავუცხოვდით ადამიანები ამ ყველაფრისგან, ძველად პატარა რაღაცის პოვნა და აღმოჩენა დიდი დღესასწაული იყო. რატომღაც ახლა, როდესაც არაფერი მაკლდა, ყველაფერმა აზრი დაკარგა. როდესაც საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, პირველი რაც გავაკეთე, მოკრძალებულად ჩავედი მარკეტში, მოვიბოდიშე, - მაპატიეთ, მაგრამ გვიან იმიტომ ჩამოვედი, რომ მეც მინდა მოვემზადო-მეთქი. როგორც 90-იან წლებში, რაც დიდად არ გამომდიოდა და არც მივისწრაფოდი მისკენ, ეს იყო ცომეულის კეთება, ვიყიდე ორი-სამი კილო ფქვილი, საფუარი, ისე როგორც  ბებია იმარაგებდა ხოლმე; მერე გავრცელდა ინფორმაცია, რომ წიწიბურა აღარ იქნებოდა... ახლა, უბრალოდ, მეცინება. შემიძლია გაჩვენოთ, წავედი და ვიყიდე რამდენიმე  კილო წიწიბურა; ასევე ტუალეტის ქაღალდზე ერთი ამბავი ატყდა და კი მომერიდა, მაგრამ ერთ დღეს ერთი პატარა შეკვრა ვიყიდე, მეორე დღესაც ვიყიდე და  მოვაგროვე, ყველაფერი შევაგროვე. შეიძლება, სიგიჟედ ჩამეთვალოს, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, როგორი კმაყოფილი ვარ, როდესაც აივანზე გავდივარ, იქ რკინის კარადა მაქვს, კარს რომ გამოვაღებ და ყველაფერი მომზადებული მაქვს, პატარა ბავშვივით მიხარია. ბოლოს, მეოთხე დღეს რომ ჩავედი, ჩემი შვილი ნია მეუბნება, - რატომ ჩადიხარო? ვუპასუხე, - კარანტინის დროს, კომენდანტის საათის პირობებში, აუცილებლად სანთლები  და ასანთი უნდა გვქონდეს სახლში-მეთქი. ერთი ყუთი სანთელი ვიყიდე და ახლაც მიდევს, ანუ რაღაც თამაში დავიწყე ჩემთვის, ომობანას ვთამაშობ, რადგან, რეალურად, საომარ  პირობეში ვართ უხილავ მტერთან. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს  90-იან წლებში გადავეშვი და რაღაცნაირად   შინაგანად  სიმშვიდეს განვიცდი. შენ წარმოიდგინე, ამას ამბობს ქალი, რომელიც დღეში რამდენიმე პოსტს დებდა კორონავირუსთან დაკავშირებით.

- მსახიობისთვის, ალბათ, კიდევ უფრო რთულია სცენის გარეშე ცხოვრება. არ გენატრებათ თეატრი, მაყურებელი, კოლეგები?

- ლევან, ჯერჯერობით, რამე ახალი საქმის დაწყების არანაირი სურვილი არ მაქვს და, ამასთან ერთად, კიდევ ერთ კარგ რამეს ვგრძნობ: შეიძლება, ამ კარანტინმა ძალიან კარგი შედეგი მოგვიტანოს, რაც იქნება გაუცხოებული ადამიანების თავიდან დაბრუნება ცხოვრებასა და სამყაროში. იქნებ, ვირტუალური ურთიერთობები მოიხსნას და ადამიანებმა უფრო ბუნებრივი, ნაღდი ურთიერთობები დავამყაროთ. კიდევ, იცით, რას მივხვდი? რაც უფრო ხანგრძლივი იქნება ეს კარანტინი, ვფიქრობ, უფრო მოწყურებული მოვა მაყურებელი თეატრში, ასე მგონია. რაც შეეხება ჩემს კოლეგებთან ურთიერთობას, ალბათ, საჭირო იყო ერთმანეთისგან ხელოვნური დაშორება, რადგან ახლა მაინც  გვაქვს დრო ფიქრისთვის, რომ მივხვდეთ და ერთმანეთს მეტად გავუფრთხილდეთ. როგორც ყველა სხვა პროფესიაში, ჩვენთანაც არის გულისწყვეტა, შური, სიყვარული, კამათი. შეიძლება, ყველაფერი ეს თავის ადგილზე დადგეს და  გაცილებით უფრო მოსიყვარულენი გავხდეთ. ამასთან ერთად უკვე ვფიქრობდი, რომ ზედაპირულად ვაკეთებდით ჩვენს საქმეს, სიღრმეებში არ მივძვრებოდით, გვეგონა, რომ ჩვენს შრომას მაყურებელი არ აფასებდა. ახლა მგონია, რომ ამ საგანგებო მდგომარეობის შემდეგ უფრო მონდომებულები და მოწყურებულები დავბრუნდებით სცენაზე.

- საინტერესოა, რას გვეტყვით  მთავრობის და ქართველი ექიმების მუშაობაზე?

- ბევრს ვერაფერს... არ ვიცი, რამდენად მომწონს  ან  არ მომწონს. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა. გავეცანი ანტიკრიზისულ გეგმას და ვერაფერი გავიგე, ასევე წავიკითხე ოპოზიციის მოსაზრებები მთავრობის მუშაობაზე. ერთი ის ვიცი, რომ ახლა კრიტიკის დრო არ არის, თუმცა შეგვიძლია ის ლაფსუსები და  შეცდომები ჩავინიშნოთ და სამომავლოდ დავსვათ კითხვები. ამ ეტაპზე არ დავიწყებ მათ ქმედებებზე საუბარს. მე ვხედავ, რა შედეგი დევს _ დაავადება ჩვენთან ნაკლებად გავრცელდა. არ მინდა, ჩავუღრმავდე შეცდომებს, ვხედავ, რა ხდება ამერიკაში, როგორი სასოწარკვეთილია ტრამპი, ასევე ვხედავ, რა მოხდა იტალიასა და ა. შ

ყველა მთავრობა მთელ მსოფლიოში ერთ მდგომარეობაშია და პირველად ცხოვრებაში, უწევს ასეთ რეჟიმსა და ვითარებაში ქვეყნის მართვა. ალბათ, ეს ძალიან რთულია. ჩვენი ქვეყნის ციფრები, ამ ეტაპზე, იმედის მომცემია. შეიძლება, გენეტიკაც ხელს გვიწყობს, ამაზეც საუბრობენ.

რაც შეეხება ექიმებს, მათზე მადლობის მეტს  ვერაფერს ვიტყვი და ვფიქრობ, ურიგო არ იქნებოდა,  ვადროვოთ მთავრობასა და ექიმებს, მართონ  ქვეყანა, ადამიანის ჯანმრთელობა და მათი სიცოცხლე.

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება