- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-03 09:52:57
თვეზე მეტია, საქართველო საგანგებო მდგომარეობაში ცხოვრობს, თუმცა ახლანდელი საგანგებო მდგომარეობა იმ საგანგებო მდგომარეობებისგან, უახლოეს წარსულში რომ გვქონია, რადიკალურად განსხვავდება, ანუ ახლა შინ იმიტომ ვსხედვართ, რომ უხილავი მტრისგან, ე. ი., კორონავირუსისგან დავიცვათ თავი, სხვა დროს კი სახლებიდან გასვლა პოლიტიკური მოტივებით გვეკრძალებოდა. ზოგადად, საგანგებო მდგომარეობა არის სიტუაცია, როცა მთავრობა უფლებამოსილია, ისეთი ქმედებები შეასრულოს ან ისეთი პოლიტიკა განახორციელოს, რის უფლებასაც ჩვეულებრივ არ აძლევს ხოლმე თავს. ამასთან, კანონმდებლობით, საგანგებო მდგომარეობა შეიძლება გამოცხადდეს სტიქიური უბედურების, სამედიცინო პანდემია-ეპიდემიის, სამოქალაქო არეულობის ან შეიარაღებული კონფლიქტის დროს.
„ეს არის სიტუაცია, როდესაც უშუალო საფრთხე ექმნება ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, ქონებას ან გარემოს. სავალალო შედეგების თავიდან ასაცილებლად კი საგანგებო სიტუაციათა უმეტესობა სასწრაფო ჩარევას მოითხოვს. საგანგებო მდგომარეობა სპეციალური სამართლებრივი რეჟიმია, რომელიც სახელმწიფო ორგანოების, ინსტიტუტებისა და საწარმოების, სხვადასხვა დაწესებულებისა თუ ორგანიზაციის საქმიანობაზე ვრცელდება. ამ ქმედების მიზანია მოსახლეობის დაცვა შიდა ან გარე საფრთხეებისგან და საზოგადოებრივი წესრიგის შეანარჩუნება. საგანგებო სიტუაციების შემოღება შესაძლებელია როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ასევე - ცალკეულ რეგიონში.
საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებებისა თუ თავისუფლებების შეზღუდვას, აგრეთვე მათზე დამატებითი ვალდებულებების დაკისრებას. ამ დროს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადებები აფრთხილებს მოქალაქეებს, შეცვალონ ჩვეული ქცევა, სამთავრობო უწყებებისგან კი საგანგებო გეგმის განხორციელებას მოითხოვს“, - განმარტავენ იურისტები და დასძენენ, რომ საგანგებო მდგომარეობა კაცობრიობისთვის ჯერ კიდევ რომის სამართლიდანაა ცნობილი, ანუ მაშინ სენატს შეეძლო, ისეთი გადაწყვეტილება გამოეტანა, რომელიც გასაჩივრებას არ ექვემდებარებოდა.
ამასთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოს კანონმდებლობით საგანგებო მდგომარეობას ქვეყნის უმაღლესი ხელისუფალი, ე. ი., პრეზიდენტი მაშინ აცხადებს, როდესაც მიიჩნევს, რომ კატასტროფა მოხდა ან, შესაძლოა, მოხდეს. სხვათა შორის, აშშ-ში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება, საქართველოსგან განსხვავებით, მხოლოდ პრეზიდენტს კი არა, ამა თუ იმ შტატის გუბერნატორსაც აქვს.
შორეულ საუკუნეებზე რა გითხრათ, მაგრამ საქართველოს უახლეს ისტორიაში საგანგებო ან მასთან მიახლოებული მდგომარეობა პირველად 1956 წლის 9 მარტის მოვლენების დროს გამოცხადდა. სისხლიანი 9 მარტის მოკლე პრეისტორია ასეთია:
1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი გახდა და ერთ-ერთი პირველი, რაც გააკეთა, სტალინის პიროვნების კულტი დაგმო, ანუ საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მეოცე ყრილობაზე, რომელიც 1956 წელს ჩატარდა, ხრუშჩოვმა პიროვნების, ე. ი., სტალინის კულტის შესახებ მოხსენება გააკეთა. ნიკიტას სხვებმაც მიბაძეს და სტალინის პიროვნების კულტი დაგმეს. ყველაფერი ეს განსაკუთრებით მიუღებელი ქართველი ახალგაზრდებისთვის აღმოჩნდა. შესაბამისად, 1956 წლის 3 მარტს თბილისში საპროტესტო აქციები დაიწყო - ქართველმა სტუდენტებმა თბილისის ქუჩებში სტალინის პორტრეტებით მსვლელობა დაიწყეს. 7 მარტს დემონსტრანტებს მოსწავლეებიც შეუერთდნენ. საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეთა რაოდენობამ რამდენიმე ათასს გადააჭარბა. დემონსტრანტებს ინტელიგენციის ნაწილი და მასში მონაწილე ახალგაზრდების მშობლებიც შეუერთდნენ. 8 მარტს დემონსტრანტებს თბილისის სხვადასხვა ქარხნისა და ფაბრიკის მუშებმა გამოუცხადეს მხარდაჭერა.
დემონსტრანტების მოთხოვნები უფრო და უფრო პოლიტიზებული ხდებოდა. გაჩნდა საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაც. საბჭოთა ხელისუფლებისთვის ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელი იყო, თუმცა ჩანდა, რომ ახალგაზრდები, მოწოდებების მიუხედავად, დაშლას არ აპირებდნენ. ამიტომაც საბჭოთა ხელისუფლებამ დემონსტრანტების ძალით დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.
9 მარტს, ღამით, საბჭოთა არმიის ნაწილებმა მომიტინგეებზე არაადამიანური იერიში მიიტანეს, რასაც 150-ზე მეტი ახალგაზრდა ემსხვერპლა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ 9 მარტის დარბევის დროს ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
1956 წლიდან გავა სამი ათეული წელიწადი და ჩვენს ქვეყანაში ისევ საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი გამოცხადდება. ამჯერადაც, ყველაფერ ამის საბაბი თავისუფლების მოთხოვნა გახდება, ანუ 1989 წლის სისხლიანი 9 აპრილის მერე, კრემლი, იმისთვის, რომ ქართველები „გონს მოიყვანოს“ და საბჭოთა საქართველოში კონსტიტუციური წყობილება შეინარჩუნოს, საგნაგებო მდგომარეობას აცხადებს. კომენდანტის საათი კი ახალი ტრაგედიის საბაბი ხდება - რუსი ჯარისკაცი ქართველ ვაჟკაცს (გია ქარსელაძე) იმიტომ კლავს, რომ მან კომენდანტის საათის პირობები დაარღვია. ისე, სიმართლე რომ ვთქვათ, ხალხმა არ იცოდა, კომენდანტის საათი რას ნიშნავდა. შესაბამისად, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ აკრძალვების უნებური დარღვევა შესაძლოა, სიცოცხლის ფასადაც დასჯდომოდა.
სხვათა შორის, 9 აპრილის შემდგომი და ახლანდელი კომენდანტის საათი ერთმანეთს რაღაცით ჰგავს, ანუ როგორც მაშინ, ახლაც უდანაშაულო ადამიანი მოკვდა - პოლიციის მაღალჩინოსნის ე. წ. ბრმა ტყვიამ ახალგაზრდა ქალი, რომელიც ხელისუფლების რეკომენდაციებს ზედმიწევნით იცავდა და შინ იყო, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმსხვერპლა!
გამოხდება ხანი და საქართველოში საგანგებო მდგომარეობა კიდევ ერთხელ გამოცხადდება, თუმცა 2003 წლის ნოემბრის მოვლენების დროს გამოცხადებული საგანგებო უდღეური აღმოჩნდება, ანუ გარდა იმისა, რომ თბილისის ქუჩები რევოლუციური ჟინით აღტყინებული ადამიანებით იყო სავსე და მაშინდელი ხელისუფლების ბრძანებებს არავინ არაფრად აგდებდა, ედუარდ შევარდნაძე საგანგებოს გამოცხადებიდან რამდენიმე საათში სახლში წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს, ანუ პრეზიდენტობიდან გადადგება და მის მიერ გამოცხადებული საგანგებოც ავტომატურად ანულირდება.
„ვარდების რევოლუციიდან“ სამი წლის შემდეგ საქართველოში ცხოვრების ჩვეული სტილი კიდევ ერთხელ დაირღვევა. ეს კი 2007 წლის სისხლიანი შვიდი ნომებრის შემდეგ მოხდება, ანუ ისივ იქიდან გამომდინარე, რომ „ნაციონალური“ ხელისუფლება, რამდენჯერმე დარბევის მიუხედავად, ხალხის ქუჩაში გამოსვლას ვერ აჩერებს, იძულებული გახდება, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს, თუმცა შეზღუდვები ამჯერადაც ხანმოკლე აღმოჩნდება - მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება და ვადამდელ საპრეზიდენტოსთან ერთად, საპარლამენტო არჩევნებსაც დანიშნავს.
ყველაზე მძიმედ კი ჩვენს მოსახლეობას 90-იანების დასაწყისში არსებული საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი ახსოვს, ანუ მას შემდეგ, რაც ზვიად გამსახურდიას და მის კანონიერ ხელისუფლებას დაამხობს, ე. წ. სამხედრო საბჭო საგანგებო მდგომარეობას თავის კომენდანტის საათთან ერთად გამოაცხადებს. ამ გადაწყვეტილების მთავარი მიზანი კი, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ის იყო, რომ ქუჩაში ე. წ. ზვიადისტების გამოსვლა შეეფერხებინათ, თუმცა ამ მიზანმა საშუალება ვერ გაამართლა - გამსახურდიას მომხრეები პროტესტს მაინც გამოხატავდნენ და სამხედრო საბჭოც უკან არ იხევდა - ადამიანებს პირდაპირ დამიზნებით ესროდა!
ყოველივე ზემოთქმულის მერე ვერავინ, განსაკუთრებით კი, ალბათ, ახალი თაობა, ვერ წარმოიდგენდა, რომ ცხოვრება გარკვეულ აკრძალვებში მოუწევდა. ზოგადად, არსებობს მოსაზრება, რომ საგანგებო მდგომარეობა დემოკრატიას აფერხებს და ადამიანის უფლებებს ზღუდავს, თუმცა ახლანდელი საგანგებო სხვა საგანგებოებისგან იმით განსხვავდება, რომ აკრძალვები, რომელიც ამჟამად მოქმედებს, ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვითაა დაწესებული, თუმცა აქვე, ალბათ, ისიც უნდა ითქვას, რომ როცა დიდხანს გრძელდება, აკრძალვებმა შესაძლოა, აზრი დაკარგოს. ამასთან, ზოგი აკრძალვა, მართლაც, გაუგებარია. აი, მაგალითად, არავინ გვიხსნის, თუ რას ემსახურება დიდი ქალაქების ჩაკეტვა ან, სულაც, 21:00-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი?
ასეა თუ ისე, სოციალური დისტანციისა და ექიმების სხვა რეკომენდაციების დაცვით, საქართველო და, საერთოდ, მთელი მსოფლიო კორონას დაამარცხებს. ჰოდა, ქვეყნებიც ისევ გაიხსნება და თვითიზოლაციიდან გამოსული ადამიანები თავისუფლების ფასს, ალბათ, უფრო კარგად შევიგრძნობთ!
გიორგი აბაშიძე