QronikaPlus
გურამ ლურსმანაშვილი: „დემოკრატიული ღირებულებები და წყობილებები ქრისტეს ეკლესიის მოძღვრებას ემყარება“

გურამ ლურსმანაშვილი: „დემოკრატიული ღირებულებები და წყობილებები ქრისტეს ეკლესიის მოძღვრებას ემყარება“

2020-05-02 10:43:11

ყოვლად დაუშვებელია ეკლესიის პოლიტიკურ იარაღად გამოყენება

„ქრონიკა+“ მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის დოკუმენტის ქართულ ენაზე მთარგმნელს, თეოლოგ გურამ ლურსმანაშვილს ესაუბრა:

_ მოგესალმები, შენი ნებართვით, ამ ინტერვიუში მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის დოკუმენტთან დაკავშირებულ სიახლეზე ვისაუბროთ...

_ ახლახან ამერიკის მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსოს ოფიციალურ საიტზე მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის დოკუმენტი განთავსდა თორმეტ სხვადასხვა ენაზე, მათ შორის, ქართულად. შევეცდები, ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვე და დეტალურად ვუპასუხო თქვენს ყველა შეკითხვას, რაც ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს.

_ უპირველესად, მკითხველისთვის განვმარტოთ და ავხსნათ, თუ ზოგადად რა დოკუმენტია მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკა?

_ მართლმადიდებელ ეკლესიას, თანამედროვეობის გამოწვევებისდა მიხედვით, ხშირად უხდება ისეთ საკითხებზე მსჯელობა ან დოკუმენტების გამოცემა, რაზედაც წარსულში ამ ფორმით არ უმსჯელია.  ასეთი გახლავთ მართლმადიდებელი ეკლესიის სოციალური ეთიკის დოკუმენტიც. საქმე ის არის, რომ დღევანდელობის გამოწვევებიდან გამომდინარე, არსებობდა რიგი საკითხებისა, რომლებზედაც ხალხი - როგორც მართლმადიდებლები, ასევე არამართლმადიდებლები, ეკლესიისგან პასუხს მოელოდნენ. სწორედ ამ გამიზნულებით შეიქმნა ეს ტექსტი.

_ დოკუმენტთან დაკავშირებით ჩვენს საზოგადოებაში საკმაოდ მწირი ინფორმაცია არსებობს, რას წარმოადგენს ეს დოკუმენტი და რა ღირსებები აქვს მას?

_ თავად დოკუმენტს მრავალი ღირსება აქვს. ერთ-ერთი უმთავრესი კი ისაა, რომ იგი არ შექმნილა არც ერთ ე. წ. ეროვნული ეკლესიის წიაღში და რომელიმე „მართლმადიდებლურ ენაზე“, რაც ბევრად უფრო ფართო დიაპაზონს სძენს მას და რომელიმე ავტოკეფალიური ეკლესიიდან მთელ მართლმადიდებლურ სისავსეზე განავრცობს.

დოკუმენტი იმითაცაა მნიშვნელოვანი, რომ მის შემდგენელ კომისიაში მინიმალური დოზით მონაწილეობდნენ სასულიერო პირები, მაქსიმალურად კი ერისკაცი თეოლოგები, მკვლევრები, რომელთა ავტორიტეტიც მსოფლიოშია ცნობილი. სარედაქციო კოლეგიის შემადგენლობაში შედიოდნენ: ნოტრ დამის, ფორდჰემის, ექსეტერის, ჰოლი ქროსისა და სხვა ძალიან სერიოზული საგანმანათლებლო ცენტრების პროფესორები, ხოლო მას ხელმძღვანელობდა ცნობილი თანამედროვე თეოლოგი და მწერალი  იოანე ხრისავგისი.

_ დოკუმენტზე, მის შინაარსზე რას გვეტყვი?

_ უშუალოდ დოკუმენტი თავებადაა დაყოფილი და მისი შემადგენლობა ასეთია: შესავალი; ეკლესია საჯარო სივრცეში; ადამიანის ცხოვრების გზა; სიღარიბე, სიმდიდრე და სამოქალაქო სამართალი; ომი, მშვიდობა და ძალადობა; ეკუმენური ურთიერთობები და დამოკიდებულება სხვა სარწმუნოებებისადმი; მართლმადიდებლობა და ადამიანის უფლებები; დასკვნა.

_ საკმაოდ მნიშვნელოვანი და არა მხოლოდ ეკლესიისთვის საინტერესო საკითხებია წამოჭრილი და განხილული.

_ ახლა უშუალოდ ტექსტზე გადავიდეთ. როგორც აღვნიშნეთ, დოკუმენტი დაიწერა ინგლისურად და ითარგმნა 11 სხვადასხვა ენაზე. თუმცა ეს არ მომხდარა ისე, როგორც ძირითადად ხდება ხოლმე დოკუმენტის თარგმნის შემთხვევაში. ფაქტობრივად, დოკუმენტი პარალელურად ითარგმნებოდა სხვადასხვა ენაზე მანამ, სანამ ის ორიგინალში საბოლოო სახეს მიიღებდა, რაც ერთიორად უფრო მეტ ღირსებას ანიჭებს მას. ჩემთვის ორმაგად სასიხარულოა, რომ ამ დოკუმენტის ქართულ ენაზე თარგმნის პატივი სწორედ მე მერგო წილად. გამომდინარე იქიდან, რომ ეს დოკუმენტი, ამ სტილის ტექსტებთან შედარებით, საკმაოდ მოცულობითია (დაახლოებით 100 გვერდი, A4 ფორმატი), შეზღუდულ დროში მის თარგმნას დამატებით ართულებდა. ჩემი მხრივ მადლიერება მინდა გამოვხატო პროფესორ გოჩა ბარნოვისადმი, რომელიც ჩემთან ერთად ათენებდა ღამეებს, რომ დათქმულ დროში ისეთი ტექსტი მიგვეწოდებინა კომისიისთვის, რომელსაც ასეთი ტიპის დოკუმენტი და, ზოგადად, საქართველო იმსახურებს.

_ ნამდვილად საშური საქმეა... სად შეიძლება დოკუმენტის სრულად გაცნობა?

_ დაინტერესებულ მკითხველს დოკუმენტის გაცნობა უკვე შეუძლია ამერიკის მართლმადიდებლური სამთავარეპისკოპოსოს ოფიციალურ გევრდზე, ხოლო წიგნად  მალე გამოიცემა მთელი ეს კრებული ბოსტონში (აშშ). ამასთანავე, მინდა გითხრათ, რომ თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტი აქტიურად მუშაობს ქართულენოვანი ტექსტის გამოცემისთვის და იმედი მაქვს, ძალიან მალე ეს ყოველივე წარმატებით დასრულდება.

_ ახლა ის გვითხარი, რა წერია დოკუმენტში...

_ მთელი ტექსტის მანძილზე განსაკუთრებულადაა ხაზგასმული, რომ ადამიანი არის ღმერთის ხატად და მსგავსად შექმნილი არსება და რომ ყოვლად მიუღებელია მის ღირსებაზე ნებისმიერი სახის ძალადობა, მისი თავისუფლების შეზღუდვა და რომ ადამიანის სიცოცხლე არის უფლისმიერი მოძებული განუზომელი წყალობა, რომელზედაც ყველამ უნდა იზრუნოს. დოკუმენტში ასევე განსაკუთრებული ყურადღება ექცევა დევნილთა, საპყრობილეში მყოფთა, ტრეფიკინგის მსხვერპლთა, ლტოლვილთა, ზრუნვასმოკლებულთა და კიდევ სხვა უამრავი გაჭირვებით დამძიმებული ადამიანების მიმართ ქრისტემიერი მზრუნველობის მნიშვნელობას.

ტექსტი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ეკლესიის ბუნებასა და ხასიათს, რომ იგი, საკუთარი არსით, არის ზემიწიერი, შესაბამისად, ყოვლად დაუშვებელია მისი პოლიტიკურ იარღად გამოყენება და მისი, როგორც მატერიალური დოვლათის „დამგროვებელ“ ინსტიტუტად გარდაქმნა. აქედან გამომდინარე, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ დოკუმენტი ინსტიტუციური სეკულარიზმის იდეას მიესალმება, რომლის დროსაც სახელმწიფო და ეკლესია ერთმანეთის საქმეში კი არ ერევა, არამედ ერთად ზრუნავს ადამიანის სიცოცხლისა და ბედნიერებისთვის.

_ ამას ბევრი დეკლარირებს, მაგრამ საქმით სხვაგვარად იქცევა...

_ გეთანხმები და ამიტომაც დოკუმენტი კიდევ ერთხელ შეახსენებს ქრისტიანებს უფლის მოწოდებას: ,,მიაგეთ კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს - ღმრთისა“ (მათე 22:21). დოკუმენტში ასევე ხაზია გასმული იმაზე, რომ ის დემოკრატიული ღირებულებები და წყობილებები, რომლითაც დღეს თანამედროვე დასავლეთი ასე ძალიან ამაყობს, უამრავ ასპექტში, სწორედ რომ ქრისტეს ეკლესიის მოძღვრებას ემყარება, რაც უმნიშვნელოვანესი ასპექტია.

როგორც უკვე ვახსენეთ, დოკუმენტი უმთავრესად მართლმადიდებელი ეკლესიის თანამედოვე გამოწვევებს მიემართება, შესაბამისად, ყურადღებას ამახვილებს ბიოეთიკის ისეთ საკითხებზეც, როგორებიცაა: აბორტი, კონტრაცეფცია, სექსუალობა, მენსტრუალური ციკლი, ხელოვნური განაყოფიერება... და უბრალოდ კი არ ამახვილებს, არამედ ნათლად გამოთქვამს იმ ტენდენციას, რომ სასულიერო პირმა უნდა გაითავისოს, თუ სად მთავრდება მისი კომპეტენცია და სად იწყება მორწმუნის პირადი სივრცე, სადაც შესვლის უფლება მას არ გააჩნია!

შეუძლებელი იქნებოდა, დოკუმენტი არ შეხებოდა იმ ადამიანთა ცხოვრებას, რომლებმაც არც სამონაზვნო და არც დაოჯახების გზა არ აირჩიეს, ასევე სხვადასხვა სარწმუნოების მქონე მეუღლეთა საკითხს, მეორედ ქორწინების თემას და, ზოგადად, ქრისტიანული ოჯახის იდეას, რაც, დამეთანხმებით, რომ ძალიან ბევრი გამოწვევის წინაშე დგას დღეისთვის.

_ დიახ და ეს ყველაფერი რაც ჩამოთვალე, ხშირად, დამახინჯებულად ინტერპრეტირებულია და ერთგვარად ძალადობის, მორწმუნეთა ბულინგის თემაც კი ხდება. ზემოთ აღნიშნე, რომ დოკუმენტში საუბარია იმაზეც, რომ დაუშვებელია ეკლესია მატერიალური დოვლათის ,,დამგროვებელ“ ინსტიტუტად გარდაიქმნას...

_ დოკუმენტი, რა თქმა უნდა, ეხება საეკლესიო სიმდიდრისა და ქველმოქმედების საკითხს და განაჩინებს: ,,§33 თუკი ეკლესია არ იზრუნებს ღარიბებზე და მთელ ყურადღებას მათ არ დაუთმობს, მაშინ, ამ მხრივ, ის ქრისტეს მიმბაძველი არ იქნება და ასცდება ყველაზე მთავარ ორიენტირს - ზნეობის, რელიგიისა და სულიერი ცხოვრების პრინციპებს. სოციალური სამართლიანობისა და სამოქალაქო თანასწორობისაკენ სწრაფვა - რათა ღარიბსა და უპოვარს მისცეს თავშესაფარი, დაიცვას სუსტი, გულისხმიერად მიიღოს დევნილი, დაეხმაროს უნარშეზღუდულს, მხოლოდ სინდისის დამამშვიდებელი საეკლესიო ეთოსი კი არა,  ხსნისათვის საჭირო საშუალება, ქრისტესთან გაერთიანების შეუცვლელი გზაა...“

_ რას გვეუბნება დოკუმენტი არამართლმადიდებელ კონფესიებთან მიმართებით, მაშინ როდესაც მრავალი სასულიერო პირისა და მათი შემხედვარე მრევლის ნაწილისთვის ყველა არამართლმადიდებელი ურჯულო და ლამის ღვთისმგმობელია?

_ ტექსტი, რა თქმა უნდა, ეხება არამართლმადიდებელ კონფესიებთან დიალოგს და პირადად ვისურვებდი, საქართველოს ეკლესიას ის სული გაეაზრებინა, რაც ამ ტექსტშია გადმოცემული. დოკუმენტში ვკითხულობთ: ,,§54 სხვა ქრისტიანულ კონფესიებთან ეკუმენური ურთიერთობის ჩვენი ერთგულება აირეკლავს გახსნილობას მათდამი, ვინც გულწრფელად ეძებს ჭეშმარიტებას, როგორც განკაცებულ სიტყვას, იესო ქრისტეს, ვინც ერთგული რჩება საკუთარი სინდისის, მაშინაც კი, როდესაც ჩვენ ვაგრძელებთ ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დამოწმებას მართლმადიდებელ ეკლესიაში“.

გასაკვირი არ იქნება თუ ვიტყვით, რომ დოკუმენტი სპეციალურად განიხილავს თანამედროვე ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიური მიღწევების საკითხებს. ტექსტი მაქსიმალურად ცდილობს, ბალანსი დაიცვას ეკონომიკურ განვითარებასა და ადამიანის უფლებათა შელახვას შორის, ხაზს უსვამს მეცნიერების როლს და მოუწოდებს სასულიერო პირებს, ბრძოლის ნაცვლად, მაქსიმალურად გამოიყენონ თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები იმ მოვალეობის შესრულებაში, რაც მათ ქრისტესგან ებოძათ.

_ საკმაოდ პროგრესული მსჯელობაა, თუმცა, ვგონებ, ამ მიღწევებს ეკლესიის წარმომადგენლები იყენებენ, მაგრამ მხოლოდ და მეტწილად პირადი სიკეთეებისთვის...

_ დოკუმენტის დასკვნითი ნაწილი კი ერთგვარი შეჯამებაა სხვადასხვა მნიშვნელოვანი ასპექტებისა და კიდევ ერთხელ ხაზგასმა იმაზე, რომ ადამიანი ამ სამყაროში მარტო არაა და მას ვალდებულება აკისრია, რომ სხვა ადამიანების გარდა, ასევე ბუნებაზე, ცხოველებზე, მცენარეებსა და ზოგადად ეკოლოგიაზე იზრუნოს და ყველაფერი გააკეთოს გარესამყაროსთან საამური თანაზიარებისთვის.

_ და მაინც, რით არის დოკუმენტი მნიშვნელოვანი?

_ რაც შეეხება ამ დოკუმენტის მნიშვნელობას, აქ ორი ასპექტი შეგვიძლია გამოვყოთ: საზოგადო და კონკრეტულად საქართველოს. საზოგადო ისაა, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოახერხა და თანამედროვეობის გამორჩეული სპეციალისტების ჩართულობით შექმნა ისეთი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს გარკვეულ საყრდენს, რაზედაც უკვე წარმატებით შეიძლება სხვა არაერთი მნიშვნელოვანი განზომილება დავაშენოთ, როგორც შიდა მართლმადიდებელი ეკლესიის, ასევე გარესამყაროსთან ურთიერთობების გასათვალისწინებლად. კონკრეტულად საქართველოსთვის კი, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ისაა მნიშვნელოვანი, რომ, როგორც იქნა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ახალი დოკუმენტი, რომელიც პარალელურად ქართულ ენაზეც ითარგმნებოდა და სამუშაოების დასასრულს ღირსეულად იკავებს იმ ადგილს, რაც მას მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში ეკუთვნის.

_ გმადლობ, საინტერესო საუბრისთვის. ვნახოთ, რამდენად წაიკითხავენ და იხელმძღვანელებენ ამ დოკუმენტით ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები.

_ დიდი მადლობა, რომ ამ საკითხით დაინტერესდით.

კოკა წერეთელი

გაზიარება