- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-02 14:33:45
როგორ აღინიშნა სავარდო და სამაისო ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაული და როგორია ცნობილი ქუთაისელის, დავით ლიკლიკაძის მიერ დანახული მომავლის ქალაქი?
- დავით, მოგვიყევი, რა ხდებოდა დღეს ქუთაისში?
- იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში კრძალავს ნებისმიერი სახის შეკრებას, ცხადია, ვერანაირი ღონისძიება ქუთაისში ვერ გაიმართებოდა. დასანანია, რომ პანდემიამ მოახერხა და ტრადიცია, რომელიც საუკუნეზე მეტია მოდის, გაუძლო სხვადასხვა ეპოქას, კომუნისტურ რეჟიმს და არ შეწყვეტილა არასდროს, ისეთი ფორმით არ გვეზეიმა, როგორც ამას წინა წლებში ვაკეთებდით. პანდემია ებრძვის ყველაფერს: ჯანდაცვას, ეკონომიკასა და კულტურას. ცხადია, ღონისძიებებისთვის იყო და არის სპეციალური თანხა ბიუჯეტში, მაგრამ წელს დაიხურა და ერთი თეთრიც არ დახარჯულა. თუმცა ერთი რამ ძალიან კარგი მოხდა: თუ სოციალურ ქსელში შეიხედავს ადამიანი, ეგონება, ქუთაისში უდიდესი ზეიმი და სასწაული გუგუნია. მიუხედავად ქვეყანაში არსებული შეზღუდვებისა, გარკვეული ღონისძიებები მაინც ჩატარდა დისტანციურად. გვირილობა თავისთავად გულისხმობს ქველმოქმედებასა და მადლიერებას! ყველამ ვიცით ისტორია, რომ კეთილშობილ ქალთა სასწავლებლის მოსწავლეები გვირილების თაიგულებს ყიდდნენ და შემოსული თანხით გაჭირვებულებსა და ტუბერკულოზით დაავადებულებს ეხმარებოდნენ. „წითელმა ჯვარმა“ დღეს იგივე გაიმეორა და ბუშტებით გაფორმებული გვირილებით ქველმოქმედება განაგრძო. ადგილობრივმა მთავრობამ დილის 6 საათზე მეეზოვე ქალბატონებს, რომლებიც ქუთაისის ქუჩებს ასუფთავებენ, ყველას გვირილები მიართვა და ეს დღე მიულოცა. ასევე ჩატარდა დისტანციური ღონისძიება: ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა იმ კლინიკაში, სადაც covid-19-ით ინფიცირებულებს მკურნალობენ, ექიმებს უმღერა და გვირილები მიართვა.
შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისში „გვირილობის“ დღესასწაული მაინც აღინიშნა, ოღონდ ეს არ იყო მასობრივი ღონისძიებები.
- დავით, ბევრი გისაუბრია ქუთაისზე და მისდამი შენს უპირობო სიყვარულზე. კიდევ ერთხელ გკითხავ: რას ნიშნავს შენთვის ქალაქი, რომელზეც ასე უსაზღვროდ ხარ შეყვარებული?
- ლევან, შენ ძალიან კარგად იცი, რომ ეს ქალაქი არის ჩემი თვითგამორკვევა, სიყვარული და იდენტობაც, რომელსაც ვერასდროს დავტოვებ დიდი ხნით და ცხადია, ქალაქი, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს და ეს არ არის ლიტონი სიტყვები... ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებ ამ სიყვარულისთვის! ეს ის ქალაქია, რომელსაც ვერ დაამადლი სიყვარულს, ეს შენთვის პატივია, რომ გიყვარს! თითოეული კენჭი და აგური მიყვარს ამ ქალაქის, თეთრი ხიდი პარიზში რომ გადამიტანო ეიფელის კოშკის გვერდით - არ მინდა; არც "La Sagrada Familia"-ს გვერდით რომ გადამიტანო ბაგრატის ტაძარი ბარსელონაში, არ მინდა! ამ ქალაქს ვერასდროს დავთმობ და მისი დღე ჩემთვის არის მნიშვნელოვანი. ეს გვირილობაც მოიცავს ბევრ რამეს, 2 მაისობას, ქუთაისობას. თვისობრივად, 2 მაისობა არის რაღაც დღესასწაული შორომის თუ რაღაცის, მერე ამას ქალაქობა უწოდეს, მერე ეს გვირილობა ცალკე ევროპული დღესასწაულია და სხვათა შორის, ევროპაში ეგონათ, რომ გერმანიაში ჩატარდა ბოლო გვირილობა. ახლა ფილმსაც იღებენ გერმანელები და შვედები იმის შესახებ, რომ თურმე საქართველოში არის ერთი ქალაქი, სადაც გვირილობა დღემდე იმართება. გვირილობა ჩვეულებრივი ევროპული დღესასწაული იყო და რა მატრაკვეცა ხალხი ვართ, ჯერ ეს ევროპული დღესასწაული რომ გადმოვიღეთ და მერე ქუთაისლობაც რომ მივაწერეთ და დავამთხვიეთ.
- როგორია შენ მიერ დანახული მომავლის ქუთაისი?
- ყველაზე მწვანე ქალაქი საქართველში. არ ვარ ის კაცი, რომელსაც ჰგონია, რაც კარგები ვართ, ქართველები ვართო. ზუსტად ვიცი, რომ უკეთესი მსოფლიოც არსებობს, მაგრამ ამ ქალაქს რითაც შეუძლია იამაყოს, ყველაფერი აქვს - კარგიც და ცუდიც. მინდა, რომ ყველაზე მწავანე ქალაქი იყოს! ქალაქი, სადაც ღირებულებებს სცემენ პატივს! ქალაქი, სადაც ადამიანებს არ დაამცირებენ! ქალაქი, რომელიც ყველა განსხვავებული ადამიანისთვის იქნება თავისუფალი! ქალაქი, სადაც მოქალაქის უფლება იქნება პირველ ადგილზე. ამ ქალაქს არაჩვეულებრივი ისტორია აქვს და მასზე უნდა დავაშენოთ მომავალი. მარტო წარსულზე ლაპარაკი, რომ გვაქვს ბაგრატი, გელათი, მოწამეთა, ეს არ არის საკმარისი და მხოლოდ ეს არ არის ქუთაისი. ჩემთვის ქუთაისი, პირველ რიგში, მომავლის ქალაქია, სადაც ბევრი ელექტრომობილი ივლის, ქალაქი, სადაც ცენტრი იქნება მხოლოდ ფეხით მოსიარულეთათვის (თუმცა ახლა ეს ნამდვილად არ მენატრება, ფეხით დავდივართ ისედაც მთელ საქართველოში და მგონი, მთელ მსოფლიოშიც).
მინდა, „ქრონიკა+“-ის კონტექსტიდან მივესალმო ჩემს ქუთაისელებს! განსაკუთრებულად გილოცავთ თქვენც, რადგან ამ გაზეთში ქუთაისი ძალიან ბევრს უყვარს - ეს ვიცი და მეტიც: დაკავშირებული არიან ამ ქალაქთან ისტორიული ფესვებით. გილოცავთ ყველას ამ დღეს! ქუთაისი მართლა კარგი ქალაქია და იგი ყველაფერ საუკეთესოს იმსახურებს.
ლევან ქემოკლიძე