QronikaPlus
მაცაცო თოხაძე: „იძულებითი შეზღუდვა  ცუდ ხასიათზე მაყენებს“

მაცაცო თოხაძე: „იძულებითი შეზღუდვა ცუდ ხასიათზე მაყენებს“

2020-05-01 12:28:43

კორონავრუსმა მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალა, მსოფლიოში  პიკს აღწევს დეპრესიული ფონი,  ოჯახებში იმატა ძალადობის ფაქტებმა და მრავალი წყვილის  თანაცხოვრება განქორწინებით დასრულდა. ადამიანები თრგუნებიან და  მოუთმენლად ელოდებიან  დაწესებული შეზღუდვების  მოხსნას. 

ქრონიკა+  დაინტერესდა, თუ როგორც ცხოვრობს  და რა გამოწვევების წინაშე დგას  ყველასთვის საყვარელი ავტორ-შემსრულებლი  მაცაცო თოხაძე:

_ დიდი გამოწვევის წინაშე ვართ და მთელ ჩვენს ქარტეხილებით სავსე ცხოვრებას მსოფლიო პანდემიაც დაემატა. სიმართლე გითხრა, დიდად არაფერი შემიცვლია: ხელებს ისედაც ხშირად ვიბანდით ოჯახში, ეზოშიც სულ ჩამყავდა ბავშვი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. დიდ სტუმრიანობას და შეკრებებს გადავეჩვიეთ. იმედია, დროებით. სტუმარი და ლხინის სუფრა არ მომიშალოს ღმერთმა. ერთადერთი, რადგან ქალაქი ჩაკეტილია და აგარაკზე ვერ მივდივარ, ჩემს პატარა აივანზე კონტეინერებში დავთესე ქინძი, კამა, რეჰანი, ოხრახუში. მაქვს რამდენიმე ძირი მარწყვი. დილას, გაღვიძებისთანავე,  აივანზე გავრბივარ და  ახალ ტოტებს ვითვლი. ეს ძალიან მახალისებს.

_ ბევრი ადამიანი წერს სოცქსელებში შემდეგ ფრაზას: გვეშველება რამე?“ გაქვს პასუხი ამ კითხვაზე?

_ მე გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ. არასდროს გამჩენია კითხვა, - გვეშველება რამე? ყველაფერი გადაივლის და დალაგდება. ცოტა გაგვიჭირდება ამ ეკონომიკური მდგომარეობის ამოქაჩვა, მაგრამ აუცილებლად დავდგებით ფეხზე.

_ მხიარულ კითხვას დაგისვამ, თითქმის ყველაფერზე გაქვს ნამღერი: გარგარზე, მზეზე, მთვარეზე, ბედნიერებასა და ა. კორონას  არ ეკუთვნის ერთი კარგი სიმღერა? იქნებ, ეს აღმოჩნდეს ვაქცინა და დაგვანებოს თავი?!

_ მხოლოდ იმაზე მემღერება, რაც მიყვარს. აბა, კორონას როგორ ვუმღერო, რომელმაც მეგობრებთან შეხვედრა და ჩახუტება მომანატრა?

_ როდესაც ეს ყველაფერი დასრულდება, რას გააკეთებ პირველ რიგში და რა გენატრება ყველაზე მეტად ძველი, კორონამდელი ცხოვრებიდან?

_ თავისუფალი არჩევანი მენატრება. აი, როგორ ხასიათზეც ვარ, ისე რომ გავატარო დღე - თუ მინდა, მეგობრებში გავერთო, თუ მინდა, მთელი დღე სახლში ვიყო და საქმე ვაკეთო, აგარაკზე წავიდე და ჩემს პატარა ბაღ-ბოსტანს მოვუარო. იძულებითი შეზღუდვა  ცუდ ხასიათზე მაყენებს... მაგრამ რასაც ვერ შევცვლი, იმაზე დარდს რა აზრი აქვს?

_ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სპეცილისტები საუბრობენ, რომ კორონავირუსის ფონზე ოჯახებში  ძალადობის ფაქტებმა იმატა და, შესაბამისად, - განქორწინებებმაც.  მიზეზი ის არის, რომ ადამიანებმა უკეთ გაიცნეს ერთმანეთი, ამ შემთხვევაში თქვენთან რა ხდება?

_ ჩემს ოჯახს ეგ არ ეხება  და ვფიქრობ, ზოგადად, საქართველოს არ ეხება საერთოდ. საბედნიეროდ, სახლებში გამოკეტვა არ გვჭირდება ერთმანეთის გასაცნობად. ჩვენ ჯერ კიდევ ადამიანური ურთიერთობებით მოვდივართ 21-ე საუკუნეშიც, ამიტომაც ვერაფერი  მოგვერევა.

_ როგორ აფასებ  საქართველოს მთავრობის  და ქართველი მედიკოსების მუშაობას?

_ რაც შეეხება მთავრობისა და ექიმების მუშაობას, მინდა ფრთხილად  გიპასუხო. უმადურობა არ მიყვარს და  ექიმების დიდი მადლიერი ვარ, რაღა თქმა უნდა. ვაფასებ, რომ საშინელ რეჟიმში ცხოვრობენ და  მუშაობენ ჩვენ გადასარჩენად. რაც შეეხება ხელისუფლებას,  გამიხარდებოდა, მას იმ  ქვეყნების მთავრობებისთვის მიებაძა, ვინც მკაცრი შეზღუდვებით სახელმწიფოს ეკონომიკა ბოლომდე  არ ჩამოაქცია. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის მაჩვენებლები  ვირუსთან მიმართებით და დაწესებული შეზღუდვები აცდენილია ერთმანეთს. მაინც მგონია, რომ მთელი ეს პანდემია და მისი თანმდევი ისტერია ძალიან მოარგეს მომავალ არჩევნებს. სამწუხაროდ, მათ წისქვილზე ასხამს წყალს...

ლევან ქემოკლიძე

გაზიარება