- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-05-01 10:25:55
მსოფლიომ საგანგებო მდგომარეობიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო - ეს გარდაუვალი პროცესია და ის მხოლოდ ნაწილობრივად არის დამოკიდებული ეპიდემიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან.
აქ უფრო ადამიანის ბუნებასთან გვაქვს საქმე - პირველი რეაქცია ყოველთვის უფრო მწვავეა, შიში კი ოხერია, თუმცა მასაც ვარგისიანობის ვადა აქვს. გარკვეული დროის შემდეგ, საფრთხის შენარჩუნების მიუხედავად, ადამიანები ახალ რეალობას ეგუებიან და არსებულ პრობლემასთან თანაარსებობას სწავლობენ.
ჟურნალისტური ჭეშმარიტება ამბობს: „ნებისმიერი ომის დასაწყისში ორი დაღუპული ჯარისკაცი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ასობით მსხვერპლი 1 წლის შემდეგ“. ეს არა მხოლოდ ომს და არა მხოლოდ ჟურნალისტიკას ეხება.
ასეა ადამიანი მოწყობილი - ნებისმიერი დაავადება, რომელიც მას არ კლავს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ქრონიკულ ფორმაში გადადის. ავადმყოფი არსებულ რეალობასთან ადაპტირდება და ცხოვრების ახალ ფაზას ეჩვევა.
რაც დამახასიათებელია ცალკე აღებული ადამიანისთვის, ასევე დამახასიათებელია მთლიანად კაცობრიობისთვის - ბუნების კანონები ერთნაირია ყველასთვის და ყველაფრისთვის.
მსოფლიო გამოდის კორონავირუსული პაუზიდან. ბოლომდე ჯერ დიდი გზაა გასავლელი, თუმცა პირველი ნაბიჯები გადაიდგა - ყველა ქვეყანამ, მათ შორის, ყველაზე დაზარალებულმა იტალიამ და ესპანეთმა, შეზღუდვების შერბილება დაიწყეს. მთელ კონტინენტზე მაღაზიები იხსნება, ქარხნები მუშაობის განახლებისთვის ემზადებიან, მოსახლეობა იწყებს შეკრებას და გადაადგილებას.
ზოგიერთ ქვეყანაში, მაგალითად, დანიასა და ნორვეგიაში, სკოლებში სასწავლო პროცესები განახლდა, საბავშვო ბაღები გაიხსნა.
მართალია, ჯერ კიდევ ძალაშია სერიოზული შეზღუდვები - სასწავლო დაწესებულებები უმეტეს ქვეყნებში დახურულია, სავალდებულოა პირბადეების ტარება ხალხმრავალ ადგილებში, დაკეტილია რესტორნები, ბარები, სასტუმროები, ჩაკეტილია საზღვრები.
ერთი სიტყვით, ნორმალური ცხოვრების სრულად დაბრუნებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორსაა, თუმცა პროცესი გარდაუვალია და მას ვერ შეაჩერებს ეპიდემიის სავარაუდო მეორე ტალღაც კი.
შვედები და ბელარუსები ტრიუმფს ზეიმობენ - დაავადებულებისა და გარდაცვლილების ზრდის, საერთაშორისო სამედიცინო სამყაროს დაჟინებული მოთხოვნებისა და ეპიდემიოლოგების აპოკალიპსური პროგნოზების მიუხედავად, მათ არჩეულ გზას არ გადაუხვიეს და მოსახლეობის ჩაკეტვაზე მტკიცე უარი განაცხადეს.
ეს არ ნიშნავს, რომ მათი ეკონომიკები საერთოდ არ დაზარალდა - ეს შეუძლებელია დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში, სადაც ნებისმიერი, ყველაზე ძლიერი ქვეყანაც კი, სასიცოცხლოდ დამოკიდებულია მისი საგარეო პარტნიორების ეკონომიკურ სიძლიერესა და სტაბილურობაზე.
თუმცა ნაწილობრივ მათი მდგომარეობა მაინც უკეთესია - შიდა მოთხოვნაზე ორიენტირებულმა კომპანიებმა მუშაობა განაგრძეს და მათი ზარალი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
დღეს მთელი მსოფლიო, საბოლოო ჯამში, შვედურ-ბელარუსული გზით მიდის - რეკომენდაციები, შეზღუდვები, პირბადეები, სოციალური დისტანცია, ხალხმრავალი შეკრებების აკრძალვა, თანამშრომელთა დიდი ნაწილის მუშაობა სახლებიდან, რისკჯგუფების იზოლირება, და ამავე დროს, ხალხმრავალი ქუჩები, ასევე ეკონომიკა, რომელიც მეტ-ნაკლებად აგრძელებს მუშაობას.
როგორც უკვე ითქვა, არავითარი ეპიდემიოლოგიური პირობები ამ შერბილებისთვის არ არსებობს - კორონავირუსის ეპიდემია არსად გამქრალა და მისი ძალა თითქმის არ შესუსტებულა. გასულ დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი მსოფლიოში 62000-ით გაიზარდა, ხოლო დაავადებულთა ჯამურმა რაოდენობამ 3,2 მლნ.-ს გადააჭარბა.
გასულ ღამეს კორონავირუსისგან დაიღუპა კიდევ 5700 ადამიანი, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 220 000-მდე გაიზარდა.
კვლავ მაღალი რჩება სიკვდილიანობა: კერძოდ, იტალიაში გასულ დღე-ღამეში ვირუსისგან 285 ადამიანი დაიღუპა. ეს, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ეპიდემიის პიკის დროს, როდესაც დღე-ღამეში 800-900 ადამიანი კვდებოდა, თუმცა არც 285 გახლავთ ცოტა.
კარანტინს არბილებენ ქვეყნები, რომლებიც დღესაც 1 მლნ. მოსახლეზე, როგორც ინფიცირების ასევე სიკვდილიანობის თვალსაზრისით, ჯერ კიდევ, ლიდერობენ.
ციფრები ვირუსის გავრცელების კლებას ადასტურებს, თუმცა დასასრულამდე ჯერ კიდევ შორსაა.
შეზღუდვების მოსახსნელად საქართველოც ემზადება იმის მიუხედავად, რომ ბოლო დღეებში დაინფიცირების ინტენსიურობა არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა.
თუმცა, პროცესი შეუქცევადია და ის უკვე დაიწყო - ადამიანების სწრაფვას გახსნილობისკენ და ეკონომიკური ცხოვრების აღდგენისკენ ვერაფერი შეაჩერებს, რადგანაც დიდი ხნის მანძილზე ჩაკეტილად ყოფნა არაბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანისნაირი სოციალური არსებისთვის.
საერთაშორისო ბაზრებზე დაიწყო ნავთობზე ფასების ზრდა - მოახლოებული გამოცოცხლების უტყუარი ნიშანი.
კაცობრიობამ კორონავირუსის შიში დაძლია და ის უკვე ეპიდემიის მოსალოდნელი მეორე ტალღის დროსაც კი არ ჩაიკეტება.
კორონავირუსი დამარცხდა და გამარჯვების შანსი მას თავიდანვე არ ჰქონდა - ადამიანი ხომ ყველა ვირუსზე ძლიერია!
თენგიზ აბლოთია