QronikaPlus
ეპიდემიიდან - ეკონომიკური კოლაფსისკენ

ეპიდემიიდან - ეკონომიკური კოლაფსისკენ

2020-04-28 13:59:46

დღეს საქართველოში, ისევე როგორც თითქმის მთელ დანარჩენ  მსოფლიოში, ვხედავთ ბუნებრივ პროცესს - მიჩვევას. ადამიანები ნელა-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, კორონავირუსთანთანაარსებობას ეჩვევიან.

ეს ზოგადად დამახასიათებელია კაცობრიობისთვის - ის, რაც გუშინ უდიდეს საფრთხედ მიიჩნეოდა, დღეს რუტინა და რიგითი მოვლენა ხდება. ადამიანები ომის დროს ცხოვრებას ეჩვევიან,  ფრონტის ხაზზე მდებარე ქალაქებში სამსახურებში დადიან,  კრიმინალებისა და ნარკოკარტელების სათარეშოდ ქცეულ ქალაქებში ბავშვებს პარკებში ასეირნებენ.

გასაკვირი იქნებოდა იგივე პროცესები,  საშუალო სიმძლავრის ვირუსს რომ არ შეხებოდა საქმე.

თუმცა  მოახლოებული გამოსვლა პანდემიიდან სულ სხვა, გაცილებით მძიმე პრობლემებს ქმნის  - საქართველოში, ისევე როგორც დანარჩენ მსოფლიოში, ყველაზე აქტუალური კითხვაა: „როგორ ვიცხოვროთ და რითი ვიარსებოთ?“

მდიდარ ქვეყნებში ეს პრობლემა, მეტ-ნაკლებად, გადაწყვეტილია - ათწლეულების მანძილზე დაგროვილი დოვლათის წყალობით ისინი ამ კრიზისს შედარებით უმტკივნეულოდ გადაიტანენ, მაგრამ ღარიბი ქვეყნები ამით ვერ დაიკვეხნიან - მათ მოქალაქეებს მოუწევთ გაჭირვებასთან ერთი ერთზე დარჩენა.

საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო ე. წ. ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც არანაირად არ შეესაბამება ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, კერძოდ, ეკონომიკური განვითარების მოდელის გადახედვასა და მის თვისობრივ წინსვლას.

წარდგენილი გეგმის მთავარი მიზანი „ქართული ოცნების“ მენტალობასა და პროვინციულ, ორღობე აზროვნებას ზუსტად ასახავს  - არავითარი პრინციპული ცვლილებები, უბრალოდ, ველოდებით კრიზისის დასრულებას და მერე ისევ - ავაშენებთ სასტუმროებს, მოვიზიდავთ მეტ ტურისტს, გავყიდით ფეროშენადნობებსა და ღვინოს.

მანამდე კი შემოსავლის გარეშე დარჩენილ ადამიანებს მინიმალურ ფინანსურ დახმარებას გავუწევთ. ფაქტობრივად - სრულიად უამბიციო და უფანტაზიო, მარტივი და სრულიად არასაკმარისი სოციალური შემწეობების პროგრამა.

თუმცა დღეს უკვე სხვა არჩევანი არც არის - ეკონომიკასა და აღმავლობაზე ფიქრი საჭირო ეყო, ჯერ კიდევ, 8 წლის წინათ, დღეს კი უკვე გვიანია.

მაგრამ პრობლემა იქაცაა, რომ ეს სუსტი და უბადრუკი გეგმაც კი, დიდწილად, ვირტუალურია, რადგანაც მისი რეალიზებისთვის საჭირო ფული ჯერ არ ჩანს. საერთაშორისო ინსტიტუტები გაჭედილ მდგომარეობაში არიან - მათ დახმარებისთვის უკვე 80-მა ქვეყანამ მიმართა, და ყველა, მათ შორის, საქართველო, ჯერჯერობით, მხოლოდ დაპირებებით და ანონსებით გაისტუმრეს.

როგორ და როდის იქნება შესაძლებელი ფინანსური დახმარების მიღება მაშინ, როდესაც დღეს მდიდარ ქვეყნებსაც კი უჭირთ და ღარიბებისთვის არავის სცალია - ჯერ გაურკვეველია.

არც საქართველოს გაძვალტყავებული ბიუჯეტის იმედი უნდა გვქონდეს - სადაც გახარიამ აღიარა, რომ დანაკლისი იქნება  1,9 მლრდ. ლარი, ეს ნიშნავს, რომ რეალური ციფრები კიდევ უფრო არასახარბიელოა.

დღეს საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გახლავთ კარანტინის მოხსნა და ეკონომიკის ამუშავება. თუმცა, სავარაუდოდ, მოლოდინები გადაჭარბებულია - როგორც კი კარანტინი და საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება,რამდენიმე კვირაში  ნათელი გახდება, რომ ეს ბევრს არაფერს ცვლის.

რა აზრი აქვს სასტუმროებისა და რესტორნების გახსნას მაშინ, როდესაც ადგილობრივებს არ აქვთ ფული, უცხოელი ტურისტები კი არ ჩამოდიან? რა აზრი აქვს მშენებლობების გაგრძელებას მაშინ,  როდესაც აშენებულ ბინებს მყიდველი არ ჰყავს? ვის სჭირდება ფეროშენადნობები იმ დროს, როდესაც მსოფლიო მეტალურგია გაჩერებულია?

მხოლოდ ტურიზმით და ფულადი გზავნილებით საქართველო წელიწადში 4,5 მლრდ. დოლარზე მეტს იღებდა. ამას დაუმატეთ 3,5 მლრდ. დოლარის ექსპორტი, დაუმატეთ ისიც, რომ ახალი ბინების მყიდველთა 10-15% იყვნენ უცხოელები - რუსები, უკრაინელები, ყაზახები, თურქები, არაბები, ირანელები, და ა. შ.

დღეს მთელი ეს შემოსავლები ან საერთოდ განულდა, ან  მინიმუმამდე დაეცა.

საქართველო იქნება ერთ-ერთი ბოლო ქვეყანა, რომელიც  კრიზისიდან გამოვა.

ვინაიდან ეს კრიზისი გლობალურია, და  ყველას შეეხო, გამოსვლაც  კოლექტიური იქნება, ოღონდ, სხვადასხვა დროს. პირველი ეშელონია ძლიერი და მდიდარი ქვეყნები  - შტატები, ევროკავშირი, იაპონია, ჩინეთი, კანადა. უზარმაზარი ფინანსური რესურსებისა და ძლიერი ინდუსტრიის წყალობით, მათი ეკონომიკები პირველ რიგში აღდგება.

მეორე ეშელონშია ქვეყნები, სადაც იწარმოება მსხვილი საერთაშორისო ბრენდების პროდუქცია - ინდონეზია, ტაილანდი, მექსიკა და ასევე ნედლეულის მიმწოდებლები - მაგალითად, რუსეთი და აზერბაიჯანი.

მხოლოდ იმის შემდეგ, რაც ჯერ პირველი, შემდეგ კი მეორე ეშელონის ქვეყნები წამოდგებიან ფეხზე და სულს მოითქვამენ, მესამე ეშელონის დროც მოვა - საქართველოსნაირი ქვეყნების, რომლებსაც არც ძლიერი ეკონომიკა, არც ბრენდების პროდუქციის აწყობის ინდუსტრია და არც სასარგებლო წიაღისეული გააჩნიათ.

საქართველო 2020 წლის იანვრის მდგომარეობას ბოლო რიგში დაუბრუნდება და ამას იმაზე მეტი დრო დასჭირდება,  ვიდრე წარმოგვიდგენია. კარანტინის მოხსნა კი თავისთავად ამას დიდად ვერ უშველის.

დაბოლოს: კორონაკრიზისის პერიოდში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ზღაპარი - „დასავლეთს გააქვს საწარმოები ჩინეთიდან და ისინი ჩვენკენ უნდა გადმოვიბირით.

მთელი მსოფლიოს მაჩანჩალა ქვეყნები მკვდარი ჩინური დათვის ტყავის გაყოფისთვის ემზადებიან მაშინ, როდესაც დათვი ცოცხალია და საიქიოში გამგზავრებაზე არც ფიქრობს.

სინამდვილეში, არავითარი „დასავლეთი“ ჩინეთიდან არ მიდის იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ჩინეთში მუშაობს არა განზოგადებული „დასავლეთი“, არამედ კონკრეტული მსხვილი ბიზნესი.

დიდი დასავლური კომპანიები არ გამოქცეულან ჩინეთიდან ამერიკასთან სავაჭრო ომის დროსაც კი - სწორედ 2020 წლის იანვარში ილონ მასკმა შანხაიში „ტესლას“ კიდევ ერთი ქარხანა გახსნა.

მით უმეტეს, ამ ფონზე წარმოუდგენელია, რომ მათ, ყველამ ერთად, ჩაყარონ წყალში მრავალმილიარდიანი ინვესტიციები, ათასობით უკვე მოქმედი ქარხანა უპატრონოდ მიაგდონ და ეს - მხოლოდ იმის გამო, რომ პეკინი ეპიდემიას მალავდა.

ასეც რომ მოხდეს,  ისინი წამოვლენ არა საქართველოში, მისი არაკონკურენტუნარიანი, არაკომპეტენტური, ზარმაცი, უდისციპლინო და თავნება მუშახელით, არამედ იქვე, გვერდით - ვიეტნამში, ინდონეზიაში, ტაილანდში, მალაიზიაში - დიდ და მჭიდროდ დასახლებულ ქვეყნებში, სადაც მორჩილი მოსახლეობა იმუშავებს 12 საათი დღეში 100 დოლარად თვეში, არ იწუწუნებს, არ მოაწყობს გაფიცვებს, არ გადაკეტავს გზებს, არ აუჭედავს კარს უცხოელ მენეჯერებს და არ ეტყვის მათ: „თქვენ ვინ ხართ, ეს ჩვენი მიწაა, თქვენ კი აქ სტუმრები ხართ“.

ასე რომ, დიდი და მთავარი გამოცდა ჩვენ ჯერ კიდევ წინ გვაქვს.

თენგიზ აბლოთია

გაზიარება