QronikaPlus
ჩერნობილის ტრაგედიიდან კორონაპანდემიამდე - არსებობს თუ არა კავშირი ატომურ და კორონავირუსის აფეთქებებს შორის?

ჩერნობილის ტრაგედიიდან კორონაპანდემიამდე - არსებობს თუ არა კავშირი ატომურ და კორონავირუსის აფეთქებებს შორის?

2020-04-26 12:16:49

ეს გასული, ანუ მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კატასტროფა და ბურუსით მოცული ამბავია, ამბავი, რომელმაც  კორონაპანდემიის დროსაც გაგვახსენა თავი, თუმცა იმ ფაქტისთვის ყურადღება არავის მიუქცევია, რომ 4 აპრილს ჩერნობილის  ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი თავდაპირველად რადიაქტიური ტყის 20 ჰექტარს მოედო, მოგვიანებით კი ხანძარი 100 ჰა-ზე გავრცელდა და, როგორც ითქვა, რადიაციის დონემ კიდევ უფრო მოიმატა. ადგილზე 90-ზე მეტმა მეხანძრემ იმუშავა. ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ვიღაცამ ტყეში ბალახს ცეცხლი წაუკიდა, რის შემდეგაც ლამის 34 წლის წინანდელი მოვლენები განმეორდა. მაინც, რა მოხდა 34 წლის წინათ 1986 წლის 26 აპრილს, ანუ რა გახდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მეოთხე ბლოკის ავარიის მიზეზი? - ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი არ არსებობს. ზოგი ამბობს, რომ ტრაგედია დაუდევრობამ გამოიწვია, თუმცა იმთავითვე მუსირებდა ვერსია, რომ ატომური სადგურის აფეთქებას შესაძლოა, გარკვეული პოლიტიკური მოტივი ჰქონოდა. რატომ გაჩნდა ასეთი ვერსია? - დავიწყოთ იმით, რომ ეს ისტორიაში ბირთვულ მოვლენათა საერთაშორისო შკალით მეშვიდე დონის ერთადერთი შემთხვევა გახლდათ, რომლის დროსაც რეაქტორი მთლიანად დაინგრა. ყველაფერ ამას კი მხოლოდ მისი მიმდებარე ტერიტორიის რადიოაქტიური დაბინძურება კი არ მოჰყოლია, არამედ რადიოაქტიურმა ღრუბელმა აღმოსავლეთ ევროპამდე, სკანდინავიამდე, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ის აღმოსავლეთ ნაწილამდე მიაღწია. ნიშანდობლივია, რომ რადიოაქტიური ნალექის 60% ბელარუსის ტერიტორიაზე დაილექა. დაბინძურებული ზონიდან 200 000 ადამიანის ევაკუირება მოხდა, თუმცა საბჭოთა კავშირი დაღუპულთა და დაშავებულთა რეალურ რიცხვს მალავდა. ჩვენთვის რომ ვთქვათ, ახლაც არავინ იცის, რეალურად რამდენი ადამიანი იმსხვერპლა ჩერნობილის ტრაგედიამ, რამეთუ სსრკ-ის მემკვიდრე, ანუ ვლადიმირ პუტინის რუსეთი, ამას არ ასაჯაროებს.

ასეა თუ ისე, ფაქტია: ჩერნობილის ავარიამ წითელ იმპერიას უდიდესი სოციალურ-პოლიტიკური დარტყმა მიაყენა და შესაძლოა, ისიც ითქვას, რომ ყველაფერი ეს საბჭოთა კომუნისტების დასასრულის დასაწყისად იქცა, თუმცა კრემლი ასე არ ფიქრობს და ტრაგედიიდან სამი ათეული წლის შემდეგაც კვლავ პირველ ვერსიას „აწვება“, ანუ წითელი მოედნის ბინადარნი მაშინაც და ახლაც აცხადებენ, რომ ავარია პერსონალის დაუდოვრობამ გამოიწვია. სხვათა შორის, პერსონალი დამნაშავედ ჯერ კატასტროფების გამომწვევი მიზეზების შემსწავლელმა სახელმწიფო კომისიამ გამოაცხადა, რომელიც კომუნისტური პარტიის ბოსთა ინიციატივით შეიქმნა. აქედან გამომდინარე, პერსონალზე, რასაკვირველია, საბჭოთა სასამართლომაც გადატეხა ჯოხი. ან წითელი მოსამართლეები სხვანაირად როგორ მოიქცეოდნენ, როცა პერსონალის „გაციმბირებას“ თავად სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, ანუ „კაგებე“ ითხოვდა.

მაინც, რა შეცდომა დაუშვა რეაქტორის პერსონალმა? - საბჭოთა და დღევანდელი რუსეთის მტკიცებით, რეაქტორის მდგომარეობის მიუხედავად, საბჭოთა მეცნიერებმა ცდის „ნებისმიერ ფასად“ ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს. ამასთან, ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის მმართველებმა ავარიის მასშტაბი რამდენიმე დღე დამალეს.

ის, რომ სსრკ და მისი სამართალმემკვიდრე რუსეთი ჩერნობილის ტრაგედიის რეალურ მიზეზებსა თუ შედეგებს მალავს, გასაკვირი ნამდვილად არ არის. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, იგივე კორონავირუსთან დაკავშირებითაც არსებობს ეჭვი, რომ კრემლი კოვიდ-19-ით მხოლოდ დაინფიცირებულთა კი არა, გარდაცვლილთა რეალურ რიცხვსაც არ ასაჯაროებს, თუმცა ნათქვამია, არ არს საიდუმლო, რომელიც არ გაცხადდესო, მით უმეტეს, საიდუმლოს დამალვა თანამედროვე მსოფლიოში შეუძლებელია. ჰოდა, გასაკვირი არაა, რომ ჩერნობილის ტრაგედიის მიზეზების შესწავლა სხვადასხვა გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაიწყო. ასე, მაგალითად, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ, ჯერ კიდევ, გასული საუკუნის 90-იანი წლების პირველ დეკადაში გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც პერსონალის შეცდომაზე კი არა, რეაქტორის კონსტრუქციის სერიოზულ პრობლემებზე მიუთითებდნენ. ამავე ანგარიშში 1986 წელს კრემლის დასკვნას მცდარი უწოდეს.

ერთი სიტყვით, ჩერნობილის ტრაგედიის მიზეზებად თანამედროვე ანგარიშებში რეაქტორის  არასწორად დაპროექტება, ამასთან, პერსონალის მიერ დაშვებული შეცდომები და დაცვის მექანიზმის გაუმართაობა სახელდება.

ამას გარდა, კვლავ აქტუალურია მოსაზრება, რომ ჩერნობილის ატომური სადგურის აფეთქება დივერსიის შედეგი იყო. ამ ვერსიას დანგრეული ბლოკის სურათიც ამყარებს, რომელიც ამერიკულმა თანამგზავრმა გადაიღო.

სხვათა შორის, კიდევ ერთი ვერსია, რომელიც ჩერნობილის ტრაგედიას ხსნის, მიწისძვრას უკავშირდება, ანუ ცნობილია, რომ 1986 წლის 26 აპრილს მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა. კერძოდ, მიწა ზუსტად ტრაგედიის დროს კი არა, მანამდე იძრა, მაგრამ ძლიერმა ვიბრაციამ რეაქტორის მხოლოდ მე-4 ბლოკი დააზიანა, სადაც ცდა ტარდებოდა, თუმცა ნიშანდობლივია, რომ სხვა ბლოკში მყოფ თანამშრომლებს ვიბრაცია არ უგრძნიათ.

ასეა თუ ისე, ტრაგედიიდან სამი ათეული წელი გავიდა, მაგრამ, რეალურად, რა მოხდა 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილში, დანამდვილებით არავინ იცის. ფაქტი ერთია, რომ ამ აფეთქებას უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, გაცილებით ბევრი დაავადდა და შემდეგ გარდაიცვალა, ბევრი კი ჩერნობილის აფეთქების შედეგებს ახლაც იმკის.

ისე, როგორც ზოგი ანალიტიკოსი ამბობს, მსგავსი გლობალური მოვლენები, მათ შორის, ეპიდემიებიც, 30-40-წლიანი ინტერვალით „იფეთქებს“ ხოლმე. ეს შესაძლოა, დილეტანტური დასკვნაა, მაგრამ იგივე ჩერნობილის ტრაგედიიდან დღეს 34 წელი გავიდა და დედამიწა კვლავ დიდი გამოწვევის წინაშე დგას. დღევანდელ გამოწვევას კორონაპანდემია ჰქვია და შესაძლოა, იგი სხვა ტიპისაა, მაგრამ როგორც გასული საუკუნის 80-იანი წლების მეორე ნახევარში, ახლაც ადამიანები დაზაფრულები ვართ, რადგან არ ვიცით, ხვალინდელი დღე როგორი იქნება. უფრო სწორად, ვიცით, რომ მსოფლიო როგორც ჩერნობილის ტრაგედიის მერე შეიცვალა, ასევე შეიცვლება კორონას შემდეგაც, ანუ თუ მაშინ რადიაციასთან ცხოვრება ვისწავლეთ, ახლა კოჰაბიტაცია, როგორც თენგიზ ცერცვაძე ამბობს, კორონავირუსთან მოგვიწევს!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება