QronikaPlus
იწვევს თუ არა კორონავირუსი ეპილეფსიურ გართულებებს - რა რეკომენდაციებს აძლევენ  ექიმები ნევროლოგიურ პაციენტებს?

იწვევს თუ არა კორონავირუსი ეპილეფსიურ გართულებებს - რა რეკომენდაციებს აძლევენ ექიმები ნევროლოგიურ პაციენტებს?

2020-04-24 11:30:30

კოვიდ-19, რომელმაც მთელი დედამიწა დააპაუზა, დღითი დღე ახალ-ახალ „კლანჭებს“ აჩენს, ანუ თუ აქამდე ვიცოდით, რომ „სასიკვდილო ვირუსი“ მხოლოდ სასუნთქ გზებს აზიანებდა, ახლა ცნობილი ხდება, რომ კოვიდ-19-ის ორგანიზმში მოხვედრას შესაძლოა, ნევროლოგიური გართულებებიც მოყვეს. კერძოდ, როგორც ექიმები განმარტავენ, კორონავირუსი ეპილეფსიის მქონე იმ პაციენტებისთვისაა საფრთხილო, რომლებსაც, ადეკვატური მკურნალობის მიუხედავად, გულყრები უგრძელდებათ და კოვიდინფექციის ფონზე განვითარებულმა ტემპერატურულმა რეაქციებმა, როგორც სპეციალისტები ამბობენ, შესაძლოა, ეპილეფსიური გულყრების პროვოცირება გამოიწვიოს.

ამიტომაც, „ეპილეფსიასთან ბრძოლის საერთაშორისო ლიგა“ ეპილეფსიის მქონე პირებსა და მათ ახლობლებს მოუწოდებს, რომ დარჩნენ სახლში. ამასთან, მაქსიმალურად დაიცვან სოციალური დისტანცირება, აუცილებლობის შემთხვევაში კი დაუყოვნებლივ მიმართონ ოჯახის ექიმს.

საგულისხმოა, რომ ანტიეპილეფსიური პრეპარატების მიღება კორონავირუსით ინფიცირების რისკს არ ზრდის. ყოველ შემთხვევაში, ამის თაობაზე მონაცემები არ არსებობს. შესაბამისად, ნევროლოგები განმარტავენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირების შიშით ანტიეპილეფსიური მკურნალობის შეცვლა ან შეწყვეტა არ შეიძლება.

კორონავირუსის პრობლემის უმოკლეს დროში მოგვარება, ჯერჯერობით, შეუძლებელია. ამიტომ ადამიანის ფსიქიკაზე თვითიზოლაციამ შესაძლოა, ქრონიკული სტრესის სახე მიიღოს. ქრონიკული სტრესი კი მნიშნელოვნად აქვეითებს იმუნიტეტს, რაც  ვირუსით ინფიცირების რისკს  ზრდის. ამიტომ უმჯობესია, შეინარჩუნ სიმშვიდე და ზედმიწევნით დაიცვათ ის რეკომენდაციები, საგრძნობლად ამცირებს კორონავირუსით ინფიცირების შესაძლებლობას“, - აცხადებენ ექიმები და დასძენენ, რომ ეპილეფსიის მქონე ადამიანებში კორონავირუსი უფრო მძიმედ არ მიმდინარეობს, თუმცა არსებობს ერთი მაგრამ.

კერძოდ: როგორც ნევროლოგები განმარტავენ, თუ პაციენტს, ეპილეფსიასთან ერთად, მოძრაობის დარღვევები, ყლაპვის სიძნელეები, კუნთების დამბლები და დასწავლის პრობლემები აღენიშნება, მაშინ კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევაში, უფრო დიდია რისკი, რომ სუნთქვის უკმარისობა განვითარდეს.

ამიტომ ასეთი პაციენტები განსაკუთრებულ სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებენ. სხვა შემთხვევებში კი კორონავირუსის ფონზე გართულებების რისკი დაბალია და სათანადო რეკომენდაციების დაცვის პირობებში, ვირუსთან ბრძოლაც ადვილდება.

აქტიურებს თუ არა კორონავირუსი ეპილეფსიურ გულყრებს? - ამ კითხვას, როგორც ირკვევა, ნევროლოგებს ყველაზე ხშირად უსვამენ. მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ ეტაპზე ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხის გაცემა შეუძლებელია, გასათვალისწინებელია ერთი გარემოება: კორონავირუსისთვის, როგორც ცნობილია, დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ოფლიანობა და ზოგადი სისუსტე. ყველაფერი ეს კი, ზოგიერთ პაციენტში, ექიმების თქმით, ეპილეფსიური გულყრების აღმოცენებას აადვილებს. ამიტომ ნევროლოგები მათ, ვისაც ეს დაავადება აწუხებს, ურჩევენ, რომ განსაკუთრებულად დაიცვან სოციალური დისტანცია და თვითიზოლაცია.

ამასთან, ცნობილია, რომ ეპილეფსიის მქონე პირების კორონავირუსით დაავადების შემთხვევაში, მკურნალობა ხშირად სპეციფიკური ანტივირუსული პრეპარატებითა და ანტიბიოტიკებით მიმდინარეობს. ამის გამო კი შესაძლებელია, ანტიეპილეფსიური პრეპარატების მოქმედება შეიცვალოს, ანუ ეპილეფსიის მიმდინარეობა გაუარესდეს.

ამიტომ, სპეციფიკური მკურნალობის დაწყებამდე, აუცილებელია, ექიმს მიაწოდოთ სრული ინფორმაცია თქვენი ეპილეფსიისა და მისი სამკურნალწამლო პრეპარატების შესახებ. ეს ინფორმაცია მნიშვნელოვნად დაეხმარება ექიმს, შეგირჩიოთ თქვენთვის ყველაზე მორგებული ანტივირუსული მკურნალობა ანტიეპილეფსიურ პრეპარატებთან ურთიერთქმედებისა და ვირუსთან ეფექტიანი ბრძოლის კუთხით“, - აცხადებენ ნევროლოგები და დასძენენ, რომ კორონაპანდემიის პირობებში ეპილეფსიის მქონე პაციენტებს ანტიეპილეფსიური წამლების დეფიციტი ამ ეტაპამდე არ შექმნიათ.

იმ შემთხვევაში კი, თუ ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში და აღარ აქვს წამალი, ის უნდა დაუკავშირდეს სოციალურ სამსახურს, რომელიც პრეპარატს ბინაზე მიაწვდის და პაციენტს მკურნალობა არ შეუწყდება, - ნათქვამია vidal.ge-ზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ გულყრა პირველად კარანტინის ან თვითიზოლაციის დროს გამოუვლინდა? - ამ კითხვაზე სპეციალისტების პასუხი ასეთია:

არ უნდა დაელოდოს გულყრის განმეორებას ან კორონავირუსის ზოგადი პრობლემების მოგვარებას; ამასთან, წინასწარი ჩაწერის საფუძველზე უნდა მიაკითხოს სპეციალიზებულ დაწესებულებას და ჩაიტაროს კვალიფიციური კვლევები, რათა დადგინდეს, მისი გულყრა ეპილეფსიურია თუ - არა.

გიორგი აბაშიძე

გაზიარება