- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-23 16:26:43
კორონავირუსმა ძალიან ბევრი ადამიანი ჩააგდო უკიდურეს გაჭირვებაში. ჩვენი მოქალაქეების ნაწილი, ფაქტობრივად, შიმშილობს. და ამ დროს ცოტა უცნაურია, როცა ხელისუფლება ადამიანებს საშვებს არ აძლევს, რათა ისინი გაჭირვებულებს დაეხმარონ. ასეთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი მიხეილ ქუმსიშვილი, რომელმაც პირადი კონტაქტებით მოიძია ევროკავშირის გრანტი. იპოვა 300 ოჯახი, ვისაც განსაკუთრებით უჭირს, მაგრამ მათთვის საჭირო საკვები პროდუქტების შეძენას ვერ ახერხებს, რადგან საშვს არ აძლევენ, რომ მანქანით გადაადგილდეს.
რატომ არ აძლევენ საშვს ლეიბორისტს და უკავშირდება თუ არა ეს პოლიტიკას? _ ამის შესახებ მიხეილ ქუმსიშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ გავიგეთ, რომ ხელისუფლება საშუალებას არ გაძლევთ, გაჭირვებულ ოჯახებს დახმარება მიუტანოთ. იქნებ, უფრო კონკრეტულად გვითხრათ, რა ხდება?
_ პირადი კონტაქტებით ევროკავშირისგან გრანტი მოვიძიე, რომლითაც უკიდურესად გაჭირვებული 300 ოჯახისთვის ვაპირებ საკვები პროდუქტებისა და სადეზინფექციო საშუალებების შეძენას. ეს გაჭირვებული ოჯახებიც პირადი კონტაქტებით მოვიძიე.
_ სანამ იმაზე ვისაუბრებდეთ, თუ რატომ ვერ მიგაქვთ გაჭირვებულებამდე დახმარება, გვითხარით, ეს გაჭირვებული ოჯახები თბილისში ცხოვრობენ?
_ არა მარტო თბილისში: ქუთაისში, ბათუმში, რუსთავში, გორსა და თელავში. ამ ადამიანების მოძიებაში ადგილობრივი თვითმმართველობებიც დამეხმარნენ და პირადი კონტაქტებიც გამოვიყენე.
ახლა დავუბრუნდეთ იმას, თუ რატომ ვერ მიმაქვს მათთვის დახმარება - მე, ელემენტარულად, მანქანით გადაადგილების უფლება არ მაქვს. მოგეხსენებათ, 27 აპრილამდე ავტომანქანებით გადაადგილება აკრძალულია. მხოლოდ ისინი გადაადგილდებიან, ვისაც სპეციალური საშვები აქვთ, მე კი ასეთი საშვი არ მაქვს.
ერთადერთი, რასაც ვითხოვ, ის არის, რომ მანქანით გადაადგილების უფლება მომცენ, რათა პროდუქტებისა და სადეზინფექციო საშუალებების ყიდვა მოვახერხო. ამდენ პროდუქტს ხელით ვერ წამოვიღებ და მით უმეტეს, ვერ ჩავიტან სხვა რეგიონებში. მხოლოდ ერთს ვითხოვ, რომ პირადი მანქანით გადაადგილების უფლება მომცენ. მე თავად დავარიგებ. მათგან საშვის მეტი არაფერი მინდა.
_ რამდენი ხანია, საშვს ითხოვთ?
_ ოთხი დღეა, ვითხოვ და ჭკუიდან გადამიყვანეს - ხან რომელ ცხელ ხაზზე ვრეკავ და ხან - რომელზე. დღეს, 23 აპრილს, ვაშლიჯვრიდან ფეხით წამოვედი მთავრობის ადმინისტრაციაში და ეკონომიკის სამინისტრიოში მიეედი. იქ ვცადე რაღაცების გარკვევა, მაგრამ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღე.
_ ამას რით ხსნით? საშვზე იმიტომ ხომ არ გეუბნებიან უარს, რომ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი ხართ?
_ ამ შემთხვევაში, მგონი, უფრო მათ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე. ეს მათი უთავბოლობის ბრალია. ელემენტარულად, ცხელი ხაზის პრობლემა ვერ მოაგვარეს. 4 დღეა ,144-ზე უშედეგოდ ვრეკავ.
_ ეს 144 საოცარი რამაა, ვერავინ რეკავს.
_ არაპროფესიონალიზმთან გვაქვს საქმე. შეიძლება, გამიზნული მავნებლობაა, უკვე არ ვიცი, რა ვთქვა. შეიძლება, პოლიტიკური ნიშანიც იყოს, მაგრამ ეს ყველაზე ნაკლებად მგონია.
_ რატომ?
_ იმიტომ, რომ ცხელ ხაზზე არ დამიკონკრეტებია, თუ რომელ პარტიას მივეკუთვნები. მთავრობისთვის, ეტყობა, მეათეხარისხოვანი პრიორიტეტია, რომ უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი ადამიანები სოციალურად დაცული იყვნენ.
შორენა მარსაგიშვილი