- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-23 14:08:34
23 აპრილს სოხუმში აფხაზეთის ე. წ. პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ინაუგურაცია გაიმართა. მიუხედავად იმისა, რომ რესპუბლიკაში კორონავირუსი მძვინვარებს, აფხაზებმა საზეიმო ღონისძიებაზე უარი მაინც არ თქვეს. მართალია, ეს ყველაფერი მხოლოდ ნახევარი საათი გაგრძელდა, მაგრამ ხალხი მაინც საკმაოდ შეიკრიბა. აფხაზური პრესისთვის კი ეს ვიწრო წრეში გამართული ინაუგურაცია იყო.
როგორც აფხაზური მედია იუწყება, ნახევარსაათიან ინაუგურაციას აფხაზეთის პარლამენტის თავმჯდომარე, დეპუტატები და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე დაესწრნენ. საინაუგურაციოდ მომზადებულ საკონფერენციო დარბაზში ყელს იღერებდნენ აფხაზეთში რუსეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის ელჩებიც.
მართალია, ინაუგურაციაზე დამსწრეებს მოსაწვევები ჰქონდათ, მაგრამ საკონფერენციო დარბაზში მთლად მარტივად ვერ მოხვდნენ. როგორც აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი თამაზ ცახნაკია აცხადებს, სტუმრები დარბაზში მხოლოდ ტემპერატურის გაზომვის შემდეგ შეუშვეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ძალოვნები იყვნენ განლაგებული. ასლან ბჟანია ღონისძიებაზე მოგვიანებით მივიდა. მანამდე სიტყვით გამოვიდა აფხაზეთის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბგანბა. ბჟანია აფხაზებმა წითელ ხალიჩაზე გაატარეს და ასე შეიყვანეს საკონფერენციო დარბაზში. ეს უკანასკნელი მაშინვე ფიცის დადებას შეუდგა.
მან მრავალეროვან აფხაზეთს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებს, რათა რესპუბლიკაში სიმშვიდე და კეთილდღეობა დამყარდეს, რომ დაიცავს კონსტიტუციას.
საზეიმო ფიცის დადების შემდეგ ბჟანიამ მილოცვები მოისმინა. განსაკუთრებით აღელდა, როცა რუსეთის ელჩმა კრემლისა და პუტინის სახელით მას გაპრეზიდენტება მიულოცა. რუსთა დესპანმა იმედი გამოთქვა, რომ მოსკოვისა და სოხუმის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ამაზე ბჟანიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთი რუსეთთან ყოველთვის ითანამშრომლებს და მოსკოვს ერთგულება შეჰფიცა.
არადა, გასულ წელს ასლან ბჟანია სწორედ რუსეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს. აქ საპრეზიდენტო არჩევნები შარშან ჩატარდა და მასში ბჟანიასაც უნდა მიეღო მონაწილეობა. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე ის მოწამლეს. აწ უკვე მოქმედი პრეზიდენტი ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ის რამდენიმე თვე საწოლს იყო მიჯაჭვული. შესაბამისად, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღო. არჩევნები კრემლის რჩეულმა რაულ ხაჯიმბამ მოიგო.
ეს ამბავი აფხაზურმა ოპოზიციამ არ გაატარა, არჩევნების შედეგები სასამართლოში გაასაჩივრა და როცა იქ სასურველი შედეგი ვერ მიიღო, უკვე აქციებზე გადავიდა. ოპოზიციას ხალხმაც დაუჭირა მხარი და ხაჯიმბა იძულებული გახდა, პოსტი დაეტოვებინა. მის ჩამოგდებას დაემთხვა განკურნებული ბჟანიას სოხუმში ჩასვლა. აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა.
მაშინვე ითქვა, რომ ბჟანია იქნებოდა ოპოზიციის კანდიდატი. ასეც მოხდა. მან მოიგო კიდევაც არჩევნები, მაგრამ აფხაზეთის რეალური მმართველი ალექსანდრე ანქვაბი გახდა - კაცი, რომელიც ძალიან არ უყვარს რუსეთს. ამ უკანასკნელმა ერთხელ მოიგო საპრეზიდენტო არჩევნები, მაგრამ იგი რუსებმა და ხაჯიმბამ ჩამოაგდეს. ანქვაბმა იგივე მეთოდით გაისტუმრა ხაჯიმბა.
ვნახოთ, დაასრულებინებენ თუ არა ასლან ბჟანიას ბოლომდე საპრეზიდენტო ვადას. წლების წინათ რუსეთს ერთგულებას სერგეი ბაღაფშიც ეფიცებოდა, მაგრამ ის გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში. გართულებები ოპერაციის შემდეგ წარმოიშვა. ჯანმრთელობის მხრივ არც ბჟანიას აქვს საქმე კარგად. მარტის დასაწყისში ის უგონო მდგომარეობაში კრასნოდარში გადააფრინეს.
შორენა მარსაგიშვილი