- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-22 11:28:06
კორონაპანდემიამ ყველაფერი, მათ შორის, განათლების სისტემაც თავდაყირა დააყენა, რაც იმას ნიშნავს, რომ მთელი მსოფლიოს მსგავსად, საქართველოშიც სწავლა ონლაინრეჟიმში მიმდინარეობს. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ 22 მაისამდე გაგრძელებული საგანგებო მდგომარეობის გამო სწავლა სასწავლო დაწესებულებებში აღარ გაგრძელდება. რა დადებითი და უარყოფითი შედეგები აქვს ონლაინსწავლებას და, საერთოდ, რას ფიქრობენ მოსწავლეები კორონაზე? – „ქრონიკა+“ „პედაგოგთა საკოორდინაციო საბჭოს“ ხელმძღვანელ დავით ფერაძეს ესაუბრა.
- გამოდგა თუ არა შედეგიანი ონლაინგაკვეთილები?
- ამ ეტაპზე ეს მოცემულობაა და სხვა გზა არ გვაქვს. ბუნებრივია, უამრავი ტექნიკური ხარვეზი არსებობს. მასწავლებელსა და რამდენიმე მოსწავლეს შესაძლოა, ტექნიკა გამართულად უმუშავებდეს და ხარისხიანი ინტერნეტიც ჰქონდეს, მაგრამ ეს სიტუაცია ყველას არ აქვს. მეტიც, ზოგიერთ დასახლებულ პუნქტში ინტერნეტთან წვდომა არ არსებობს ან არსებობს, მაგრამ ინტერნეტისთვის ფინანსური სახსრები არ გააჩნიათ... აი, ახლა კითხვებზე რომ გპასუხობთ, დასვენება მაქვს და დავიტანჯე - გაკვეთილის მიმდინარეობისას ხან მოსწავლეს აგდებს პროგრამა, ხან - მასწავლებელს. ეს პრობლემების ძალიან მცირე ჩამონათვალია, საიდანაც, ზოგიერთი ექვემდებარება მოგვარებას. მაგალითად, სოცილურად დაუცველი ოჯახების ინტერნეტმომარაგება ხელისუფლებამ უნდა იკისროს, რათა განათლების უფლება ყველას მიეცეს. მოკლედ, გაკვეთილების მიმდინარეობისას პედაგოგები და მშობლებიც უამრავ სირთულეს აწყდებიან. კონკრეტულ დროში რომ ვერ გვარდება ეს პრობლემები, პედაგოგები იძულებული ხდებიან, პერსონალურად იკონტაქტონ იმ მოსწავლეებთან, რომლებიც დღის საათებში ვერ ჩაერთნენ გაკვეთილებში. ფაქტობრივად, პედაგოგებმა დრო იმით დაზოგეს, რომ აღარ გადაადგილდებიან, მაგრამ თითქმის მთელი დღე ასრულებენ პროფესიულ მოვალეობას. ვფიქრობ, დღეს მასწვლებელთა დიდი ნაწილი კი არ მუშაობს, არამედ ხალხს ემსახურება და ეს დასაფასებელია.
ამ პრობლემების მიუხედავად, სხვა გზა არაა. თუ ვინმე უკეთეს გზას შემოგვთავაზებს, ჩვენც მივიღებთ და, ცხადია, - ხელისუფლებაც. ისე, ონლაინსწავლებას პოზიტიური მხარეებიც აქვს. აი, მაგალითად, კომპიუტერული და ინტერნეტტექნოლოგიების საგანმანათლებლო და შემეცნებითი დატვირთვა გაიზარდა, ანუ მოსწავლეები და მასწავლებლებიც ძალაუნებურად უამრავ ინფორმაციას ეცნობიან, ამუშავებენ და აანალიზებენ. მშობლებიც შინ არიან და სწავლის პროცესში მათი ჩართულობა გაზრდილია - თუ ადრე მხოლოდ აკრიტიკებდნენ მასწავლებლებს, ახლა კარგად ხედავენ, ისინი რა მასშტაბის სამუშაოებს ასრულებენ. ხელისუფლებაც კარგად ხედავს ამ დატვირთვას. ადრე არავის შეეძლო მასწავლებლის გაკვეთილზე დასწრება ან რომც შეძლებოდა, ამდენ გაკვეთილს როგორ დაესწრებოდა? ახლა კი ზის ერთ ადგილზე დაინტერესებული პირი და ქვეყნის ნებისმიერ კუთხეში შეუძლია, ადევნოს თვალი მასწავლებლის მუშაობას და როდესაც ყველაფერი მოგვარდება, თუ ხელისუფალნი მიუკერძოებელნი იქნებიან, ძალიან კარგად დაინახავენ, ვინ როგორი პედაგოგია, ვის ეკუთვნოდა პროფესიული სტატუსი და ვის - არა.
რაც შეეხება ეფექტიანობის მაჩვენებელს, იმ მოცემულობითა და რესურსებით, რაც ქვეყანაშია, ვფიქრობ, შედეგი უკეთესია, ანუ სწავლა რომ არ შეწყვეტილიყო და პანდემია არ ყოფილიყო, ამაზე უკეთესი მდგომარეობა მაინც არ იქნებოდა. ამ რეჟიმში გადასვლამდე მოსწავლე და მშობელი უფრო მეტად ყალბი ქულების დაწერაზე იყვნენ ორიენტირებულნი, ახლა კი ეს აღარ არსებობს და კარგად ვხედავთ, სინამდვილეში ვის უნდა სწავლა და ვის - არა.
- საქართველოს განათლების სისტემა ამ გამოწვევისთვის მზად იყო?
- სიმართლე გითხრათ, სისტემა მზად არაფრისთვის იყო. არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ საქართველოში, როგორც სისტემა, განათლება დაქცეულია და ეს წინა მინისტრებმა გააკეთეს. პროცესი ინერციით მიდიოდა და ე. წ. პროფესიული წინსვლა ბლეფია, ანუ ის, რაც არ არსებობდა, მზად რისთვის იქნებოდა? ის კი, რაც დღეს ხდება, პანდემიის დამსახურებაა. ვიმეორებ: მასწავლებლებმა ხალხის მსახურება დაიწყეს. სწავლის შეწყვეტის პირველივე დღეს ვთქვი: განათლების სამინისტროს მიერ შესაბამისი ინსტრუქციების დაგზავნის შემდეგ, სასწავლო პროცესი სრულიად ახალ რეალობაში გადადის და მესმის, კომფორტული არ იქნება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რასაც ვერავის დავაბრალებთ-მეთქი. ვფიქრობ, ჩხენკელის უწყება, მოცემულ მომენტში, ოპტიმალურ გადაწყვეტილებებს იღებს. მინდა, ყველა კოლეგას მოვუწოდო, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ვიმოქმედოთ ურთიერთდახმარების სულისკვეთებით და ენთუზიაზმით. არის ლოკაციები, სადაც ელექტრონული კომპონენტებით სწავლება შესაძლოა, ვერ ხერხდება ან მასწავლებელს არ შეუძლია, მოერგოს ახალ სისტემას. ვინც ამას ვახერხებთ, მათ ან უშუალოდ მათ მოსწავლეებს უნდა მივეხმაროთ. მაგალითად, თუ სწავლება იქნება დისტანციურ რეჟიმში, ჩვენი მოსწავლეების გარდა, მასში ჩავრთოთ სხვა სკოლის მოსწავლეებიც. მოვიფიქროთ მოქნილი იდეები, რომლითაც შევძლებთ, რომ სასწავლო პროცესის მიღმა არ დარჩეს არც ერთი მოსწავლე ყველაზე მიუდგომელ კუთხეშიც კი. დაგვიდგა დრო, როდესაც მომავალი თაობა არ უნდა დავყოთ „ჩემ“ და „შენ“ მოსწავლედ და როდესაც არ უნდა დავითვალოთ „საათები“. პირადად მე დაველოდები ახალ ინსტრუქციებს და იმის მიხედვით შევთავაზებ კოლეგებსა და მოსწავლეებს ჩემი დახმარების პაკეტს.
სხვათა შორის, საქართველოს მასშტაბით, მე-11-მე-12 კლასელებსა და აბიტურიენტებს, თითქმის ყოველდღე, უფასო ონლაინმეცადინეობებს ვუტარებ ისტორიაში, ხან პირდაპირ ეთერში, ხან - ჩაწერით, როგორც ვახერხებ. ისე არ გაიგოთ, რომ ჩემი თითქოს სიკეთის აფიშირება მინდა, მაგრამ იმიტომ ვამბობ, რომ ვინც არ იცის, ნახოს ეს გაკვეთილები და გამოიყენოს.
- უკვე ცნობილია, რომ წელს სასწავლო პროცესი სკოლებში აღარ განახლდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, წლევანდელი წელი აკადემიურად ხომ არ უნდა გამოცხადდეს?
- არ ვეთანხმები ამ წლის აკადემიურად გამოცხადებას. ეს სრული ნონსენსია, რადგან ვისაც სწავლა უნდოდა და უნდა, პანდემიამდეც სწავლობდა და პანდემიის მერეც ისწავლის. მართლია, ზოგან ტექნოლოგიურ-ტექნიკური პრობლემაა, მაგრამ დაინტერესებული მოსწავლე მინიმალურ კი არა, საშუალო შედეგებზე მაინც გადის და რც მთავარია, ახლა, როდესაც განმსაზღვრელი ქულებით შეფასება არაა, უფრო კარგად ჩანს, ვინ სწავლისთვის სწავლობდა და ვინ - ქულებისთვის. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული აუცილებელი მინიმუმის მიღწევა სრულად შესაძლებელია, რაც საკმარისია, რომ არ გამოცხადდეს აკადემიური. თუკი ცალკეულ პირებთან ამის პრობლემაა, იმ მოსწავლეებს ნუ გადაიყვანენ ახალ კლასში და ეგაა. ვინმეს სჯერა, რომ პანდემიამდე პერიოდში ყველა ის მოსწავლე აღწევდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნების მინიმუმს? რამდენი მოსწავლე გადაჰყავდათ კლასიდან კლასში მართლა ტომარასავით? ახლა ვინმეს ამ მხრივ უარესობა ჰგონია? რას ემსახურება ეს მოთხოვნა? - იმას, რომ სკოლაში დატოვებულ მოსწავლეებზე დამატებითი თანხა გამოყოს სახელმწიფომ მათი ვაუჩერული დაფინანსებისთვის ან ამ მოსწავლეთა მშობლებს დაეკისროთ სწავლის გადასახადი, რადგან კანონით, 12 წელზე მეტხანს სახელმწიფო მოსწავლეს აღარ აფინანსებს? ამ მოთხოვნაში სხვა არაფერი იკითხება.
- გასაგებია, რომ სწავლის ონლაინრეჟიმზე ვართ, მაგრამ ისიც ცნობილია, რომ საქართველოში განათლების სერიოზული პრობლემაა. აქედან გამომდინარე, სკოლებში სწავლა, მაგალითად, ზაფხულის არდადეგების ხარჯზე ხომ არ უნდა გაგრძელდეს?
- ისევ ეროვნული სასწავლო გეგმიდან გამომდინარე გიპასუხებთ: თუ ამ გეგმის მიზანი მიღწეული იქნება, მაშინ ამის აუცილებლობა არ არსებობს. იქ, სადაც ვერანაირად ხერხდება ონლაინსწავლება, ვფიქრობ, ეს უნდა მოხდეს, მაგრამ სკოლების უმეტესობა მაქსიმალურადაა დატვირთული და ეს კერძო სკოლებსაც ეხება. მაგალითად, თამარ მეფის სახელობის სკოლაში, რომელიც ლოტკინზეა და რომლის დირექტორიც დეკანოზი მირიან სამხარაძეა, თითქმის იგივე გრაფიკია, რაც პანდემიამდე იყო. მხოლოდ ათი წუთითაა შემცირებული გაკვეთილების ხანგრძლივობა და აბსოლუტურად ყველა საგაკვეთილო საათი ტარდება. ამ სკოლის მასწავლებლები მართლაც საოცრებებს ახდენენ. როგორ შეიძლება, ასეთი სკოლის პედაგოგი ივლისშიც ამუშაო?
- ისე, დავით, ონლაინსწავლება ყველაზე რთული რა ასაკის მოსწავლეებშია?
- დაწყებით საფეხურზე, ანუ პირველ-მესამე კლასებში. პირველ კლასში რთული კი არა, ურთულესია. ამ შემთხვევაში, მშობლის გარეშე არაფერი გამოვა.
- საერთოდ, რას ფიქრობენ ბავშვები კორნაპანდემიაზე?
- სხვათა შორის, თავიდან შეშინებულები იყვნენ. ძალიან პატარები გულშიც კი იკლავდნენ, მაგრამ ჩვენგან, უფროსებისგან განსხვავებით, იმის უნარიც კი აღმოაჩნდათ, რომ უფროსებისთვის თავიანთი შიში არ დაენახვებინათ. 6 წლის შვილი მყავს და მის მაგალითზე შემიძლია ვთქვა: როდესაც ვირუსზე ვსაუბრობდით, ის ცდილობდა, სხვა თემაზე გადაგვეტანა ყურადღება. მეგონა, რომ მისთვის სულ ერთი იყო, მაგრამ რამდენჯერმე შევესწარი, რომ თავისთვის ამბობდა, - კორონა, წადი, მოგვშორდიო. ეს ძალიან ცუდია. ისე გამოდის, რომ ბავშვებმა ეს სიმძიმე საკუთარ თავზე აიღეს იმ დროს, როდესაც ჩვენ, უფროსები, ლამის, ფსიქოზში ვართ.
რაც შეეხება მაღალკლასელებს, ვხუმრობ ხოლმე, მგონი, ვირუსს დაუმეგობრდნენ, რათა პანდემია სასწავლო წლის ბოლომდე არ შეჩერდეს და სკოლაში არ იარონ-მეთქი. საბოლოოდ, უფროსები უფრო დაზაფრულები ჩანან, ვიდრე - მოსწავლე-ახალგაზრდები.
- დათო, როგორც ისტორიკოსი, რა კვალს დატოვებს კორონაპანდემია საქართველოზე?
- იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი შეკითხვაა როგორც უშუალოდ სამედიცინო, ისე პოლიტიკურ-ეკონომიკური კუთხით, პირადად მე სრული ოპტიმიზმით ვარ განწყობილი. ბევრჯერ მოუცავს დედამიწა უამრავი სახისა და უდიდესი მასშტაბის პანდემიებს, მილიონობით ადამიანი ეწირებოდა უკურნებელ ავადმყოფობებს; იქცეოდა და ინგრეოდა ქალაქები და სოფლები, ნადგურდებოდნენ დაბალი თუ მაღალი სოციალური ფენების წარმომადგენლები, მაგრამ დედამიწამ და მისმა მოსახლეობამ მაინც გააგრძელა არსებობა. ამ პანდემიას წინა პანდემიებისგან მხოლოდ ის გამოარჩევს, რომ საყოველთაო პანიკა უფრო მოგვიტანა, ვიდრე, საბედნიეროდ, - გლობალური მსხვერპლი. ესეც იმიტომ, რომ ახლა ინფორმაციული საუკუნეა და მედიის მეშვეობით შესაძლებელია, ჭიანჭველის მოგზაურობასაც გლობალური მნიშვნელობა შევძინოთ. მოკლედ, პანდემია კი არ დაგვამჩნევს კვალს, არამედ ინფორმაციით დატვირთვა და ნეგატივი, მაგრამ, ალბათ, უფრო დიდებს, რადგან მოსწავლე-ახლგაზრდები მუდმივად ფიქრობენ, თუ როგორი შეიძლება იყოს უკეთესი მომავალი.
გიორგი აბაშიძე