QronikaPlus
რუსეთმა გაგრის ნაწილი მიიერთა, საქართველო დუმს!

რუსეთმა გაგრის ნაწილი მიიერთა, საქართველო დუმს!

2020-04-21 15:43:59

კრემლი დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა, გაგრის რაიონის სოფელი აიბღა რუსეთის საკუთრებად გამოეცხადებინა. აიბღას მთაზე შეფენილ სოფელზე ღია პრეტენზია რუსებმა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის წინ გამოხატეს. ამან აფხაზებში პროტესტი გამოიწვია და მოსკოვმა გადაწყვიტა, ჩუმად ემოქმედა. პროტესტი გამოხატა თბილისმაც. ამ უკანასკნელის პროტესტი კრემლს ნაკლებად ადარდებდა, მისთვის მთავარი იყო, აფხაზები არ აებუნტებინა. მათ ბუნტს უპრობლემოდ ჩაახშობდნენ, მაგრამ არ სურდათ „განმათავისუფლებლის“ სახელი ლაფში ამოესვარათ. ისინი ხომ დღემდე ამტკიცებენ, საქართველოს აფხაზეთი მხოლოდ იმიტომ წავართვით, აფხაზები გენოციდისგან რომ გვეხსნაო.

აღსანიშნავია, რომ ამ სოფელზე დავას, ლამის, ერთსაუკუნოვანი ისტორია აქვს. რუსეთი, ჯერ კიდევ, 91 წლის წინათ ცდილობდა ამ სოფლის სრულად დათრევას, მაგრამ მაშინ მხოლოდ ნაწილის წაღება მოახერხა. სოფელი სრულად ქართველმა ბოლშევიკებმაც არ დათმეს, მათაც კი ატეხეს ხმაური. აი, დღვანდელი ხელისუფლება კი აბსოლუტური მდუმარებით ხვდება რუსების მავნებლობას.

ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ გაგრის რაიონის სოფელი აიბღა მთლიანად რუსეთის საკუთრებაა. ის კრასნოდარის შემადგენლობაში შედის. გამოქვეყნდა ამის დამადასტურებელი დოკუმენტებიც.  სოფელს აქამდეც რუსები აკონტროლებდნენ და ახლა უკვე ოფიციალურად გააკონტროლებენ მას.

რუსებმა რომ აიბღა მიითვისეს, ამის შესახებ გასულ წელსაც გავრცელდა ინფორმაცია. მაშინ ოფიციალურმა თბილისმა ამაზე ნაზი პროტესტი გამოხატა. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკრძალებულად დაგმეს რუსეთის მიერ აიბღას მითვისება.

ქართული მხარის ნაზი პროტესტი აფხაზეთის დიპლომატიის მამა დაურ კოვემ დაგმო. მისი თქმით, რუსეთი და აფხაზეთი საზღვრების დემარკაციაზე მუშაობენ და აქ საქართველოს არაფერი ეკითხება. კოვე იმასაც ამტკიცებდა, რომ სოფელი აიბღა აფხაზეთის იურისდიქციაში იყო და მოსკოვმა სოფლის მხოლოდ ის ნაწილი წაიღო, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე იყო.

რუსების მიერ მიტაცებული ქართული სოფელი აიბღა საქართველო(აფხაზეთი)-რუსეთის საზღვარზე მდებარეობს. ამ სოფელს მდინარე ფსოუ შუაზე ყოფს. ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ სოფლის ნაწილი ადლერის რაიონის ქალაქ სოჭის შემადგენლობაში იყო, ნაწილი - გაგრის რაიონის. სოფელი ზღვის დონიდან 840 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.

როგორც ირკვევა, საქართველო და რუსეთი, ჯერ კიდევ, საბჭოთა კავშირის დროს ვერ თანხმდებოდნენ იმაზე, თუ ვის ეკუთვნოდა აიბღა. ისტორიული წყაროებით ირკვევა, რომ მოსკოვმა და თბილისმა სოფელი 1929 წელს გაიყო. არსებობს 1937 წლის რუკაც, რომელიც უფრო დეტალურ ინფორმაციას შეიცავს საზღვრის მონაკვეთების შესახებ. რუკა რუსეთში კრემლის არქივში ინახება და მრავალგზის მოთხოვნის მიუხედავად, ქართული მხარისთვის იგი ხელმიუწვდომელია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლის მოსახლეობა ღიად ითხოვდა რუსეთის შემადგენლობაში შესვლას. აიბღელებს ხშირად სტუმრობდნენ რუსი ჩინოსნები და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ჰპირდებოდნენ.

აიბღასთან დაკავშირებით აფხაზებს არაერთხელ გამოუთქვამთ პროტესტი, მაგრამ ამჯერად ისინიც კი დუმილით შეხვდნენ მოსკოვის გადაწყვეტილებას. კორონავირუსმა აქაურები ძალიან დათრგუნა.

ოფიციალურ თბილისს რაც შეეხება, ის მაშინაც კი დუმდა რუსეთის ქმედებებზე, როცა ვიღაც ჩინელს ღამურა ნაჭამი არ ჰყავდა და ავადსახსენებელი ვირუსი დაბადებულიც არ იყო.

გასაგებია, რომ ქვეყანა მძიმე გამოწვევის წინაშეა, მაგრამ კორონავირუსზე არანაკლები უბედურებაა, როცა შენს ტერიტორიებს რუსეთის კუთვნილებად აცხადებენ ოკუპანტები. რამდენადაც ვიცით, საგარეო უწყება სადეზინფექციო სამუშაოებში არაა ჩართული და არც შერიგების სამინისტრო გადაქანცულა პირბადეების კერვით, ამიტომ ორივე უწყებამ კეთილი ინებოს და ნაზად მაინც დაგმოს რუსეთი. ოკუპანტის გმობა კორონით დაინფიცირებას არ გამოიწვევს, ასე რომ, ნუ ეშინიათ.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება