QronikaPlus
საქართველო, ეკლესია და ჯინსი „პირამიდა“

საქართველო, ეკლესია და ჯინსი „პირამიდა“

2020-04-21 11:03:55

როგორც ჩანს, საქართველო გადაურჩა კორონავირუსისახალი, ძლიერი და მასშტაბური - საეკლესიო კლასტერისგაჩენას.

რა თქმა უნდა, ჯერ არაფერი არაა დამთავრებული, ყველაფერი წინაა, და შესაძლოა, ინფიცირების ზრდას სასულიერო პირებსდა მრევლს შორის მაინც ვერ ავცდეთ, თუმცა, სავარაუდოდ, ის იქნება მცირე და მოკლევადიანი.

აღდგომის დროს ეკლესიებში, სოციალური დისტანციის შედარებით კარგად დაცვის პირობებში, მთავარ რისკფაქტორად მაინც რჩება ზიარება საერთო კოვზით, თუმცა, დამსწრეთა შედარებით მცირე რაოდენობის გამო, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ისიც არ იქნება ფატალური.

ვერ ვიტყვით, რომ მრევლი საერთოდ არ მივიდა ეკლესიებში ან  ძალიან მცირერიცხოვანი იყო - პირიქით, ზოგიერთ ტაძარში ხალხმრავლობა გახლდათ, მაგალითად, ქუთაისში. თუმცა, საბოლოო ჯამში, სააღდგომო აქტიურობა  მინიმალური იყო.

გარკვეული წვლილი ამაში  სახელმწიფოსაც მიუძღვის, რომელმაც ყველანაირად შეუშალა ხელი მასობრივ შეკრებებს, თავისი შესაძლებლობებისამებრ, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ეს ზომები  გადამწყვეტი აღმოჩნდა - რა თქმა უნდა, საავტომობილო გადაადგილების აკრძალვამაც იმოქმედა, თუმცა, უმნიშვნელოდ.

 ჯერ ერთი, ფანატიკოსი მორწმუნისთვის 5 ან 10 კილომეტრის ფეხით გავლა არ წარმოადგენს დიდ პრობლემას, მეორეც - თუ არ ჩავთვლით რამდენიმე დიდ, ცენტრალურ ტაძარს, საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი  ადგილობრივ ეკლესიებში დადის.

ყველა სოფელში, ყველა ქალაქში, ყველა რაიონსა თუ კვარტალში არის არაერთი ეკლესია, სადაც მისვლა შესაძლებელია ფეხითაც. თუმცა ამ ადგილობრივ ეკლესიებში, ისევე როგორც სამებასა და სიონში, არ შეიმჩნეოდა განსაკუთრებული ხალხმრავლობა.

საბოლოოდ, მოსახლეობის დიდმა ნაწილმა  სახლში დარჩენა არჩია და ამით უშველა საკუთარ თავსაც და - ქვეყანასაც.

გასულმა დღეებმა დაადასტურა ის, რასაც საქართველოში ჯერ უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, თუმცა ამის დროც მოვა - წარმოდგენა, რომ საქართველო არის ძალიან რელიგიური და ეკლესიის მიერ სრულად კონტროლირებადი ქვეყანა, არ შეესაბამება სინამდვილეს.

ქართველების დიდი უმრავლესობა ზომიერად მორწმუნეა, მათი დიდი ნაწილისთვის კი სარწმუნოება არის მხოლოდ ეროვნული იდენტურობის ნაწილი და ტრადიცია. მათი რწმენა რიტუალურია, შემოიფარგლება ტაძრებთან პირჯვრის წერით, ზოგჯერ სანთლების დანთებით, შვილების მონათვლით, ძირითადი რიტუალების შესრულებით, სწორი, მართლმადიდებლური რიტორიკით და იმის აღიარებით, რომ პატრიარქი ბრძენია.

ოფიციალური მონაცემებით, ეკლესიებში მუდმივად დადის მოსახლეობის  მხოლოდ 5%, თუმცა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამ 5%-შიც კი დიდი ნაწილი არის ან ზომიერად მორწმუნე, ან საერთოდ მოდას აყოლილი რიტუალების მოყვარული.

ეკლესიასა და სარწმუნოებაზე გადაყოლილი ქართველი ერი - არის პროპაგანდის ნაწილი და ამას დაიჯერებს მხოლოდ ის, ვინც საერთოდ არ იცნობს ქართველ ხალხს და უჯერებს მხოლოდ იმას, რასაც ხედავს.

მაგრამ ეს ხომ საქართველოა - აქ ხშირად ყველაფერი ისე არაა, როგორც  ერთი შეხედვით ჩანს.

თუმცა, ასეა თუ ისე, დღეს ეს პრობლემა მაინც აქტუალურია - რა ეშველება ეკლესიას და როდის მოვა ის შესაბამისობაში დღევანდელ რეალობებთან?

ჩვენ კარგად ვიცით, რომ ზოგადად საქართველომ იცის მოდაზე აყოლიება და რაღაცის უაზროდ დაჩემება.

როგორც წესი, ის, რაც მოდაშია,  საყოველთაო ხდება და ვერავინ ხსნის - რატომ და როგორ მოხდა, რომ ამ მოდამ უცებ აიტაცა მთელი ქვეყანა?

თუმცა დრო მიდის, მოდა გადის და ვიღებთ სრულიად საპირისპიროს - მოდიდან გასული მოვლენისადმი სრულ გულგრილობას.

დროდადრო საქართველოს იპყრობს მორიგი საზოგადოებრივი მოდა - ნარკოტიკები, ქურდული გაგება, აზარტული თამაშები, აფთიაქებისა და ბენზოგასამართი სადგურების მშენებლობა გვერდიგვერდ და ა. შ.

ზოგჯერ ეს ვლინდება წვრილმანებში - ალბათ ყველას გვახსოვს 90-ანი წლების დასაწყისში სრულიად ალოგიკური მოდა  - მთელ ქვეყანას ეცვა ჯინსი "პირამიდა"  - წარმოუდგენლად უშნო და უგემოვნო შარვალი, რომელმაც  სრულიად საქართველო დაიპყრო.

ეს მაშინ, როდესაც ქართველები ყოველთვის ტრაბახობდნენ კარგი გემოვნებით...

ეს უცნაური ახირება მოულოდნელად მოვიდა და ასევე მოულოდნელად გაქრა.

რა თქმა უნდა, არ შეიძლება რელიგიის შედარება ჯინსის შარვალთან, თუმცა პრინციპი იგივეა - ჯერ იწყება მასობრივი შეშლილობა, მერე ის აღწევს პიკს, შემდეგ კი მიდის კლებისკენ.

რელიგიურობა დღეს საქართველოში არის მოდა. ვერავინ ხსნის - რატომ? მოდას, ზოგადად, არ აქვს ახსნა, ის ხომ  ჯოგურ ფსიქოლოგიას ეყრდნობა.

90-იან წლებში ეკლესიისადმი დამოკიდებულება შედარებით მშვიდი და ნაკლებად ისტერიული იყო, ხოლო დღევანდელი სიტუაცია ჩამოყალიბდა 2000-იან წლებში.

ამის მიზეზების გამოკვლევა როდესმე გახდება მოწინავე ფსიქოლოგების ინტერესის საგანი, თუმცა დღეს,  მეტ-ნაკლებად, უკვე შეიძლება პასუხის გაცემა კითხვაზე, - რატომ და როგორ გახდა ეკლესია ასეთი მოდური, მაინცდამაინც, 2000-იან წლებში?

ეკლესიის პოპულარობის მთავარი ფაქტორია ილია მეორის პერსონა. ქართველ ხალხს სჭირდება კერპი, რომლის გარეშეც მას არსებობა უჭირს. კერპი ვერ იქნება პოლიტიკოსი, რადგანაც პოლიტიკოსებისადმი ნდობა დაბალი და ხანმოკლეა.

კერპად გამოდგება ის, ვინ არის შედარებით სუფთა და არაა გასვრილი ქართულ ბინძურ ყოველდღიურობაში. ამას დაუმატეთ ასაკი, კეთილშობილური იერი და მიხვდებით, რომ ილია მეორეზე უკეთეს კერპს ვერც ინატრებ.

მეორე ფაქტორი იყო ხელისუფლებისა და ოპოზიციის ომი, სადაც ორივე მხარე ცდილობდა თავისი რელიგიურობის ხაზგასმას - ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ  უფრო ხშირად იტყოდა, რომ "პატრიარქი ბრძენია", "საქართველოს საყრდენია დედაეკლესია" და ა. შ.

საბოლოოდ, ამ ორმა ფაქტორმა ხელი შეუწყო რელიგიურობის ჩამოყალიბებას მოდურ ტენდენციად.

რა იქნება მომავალში? რამდენ ხანს გაგრძელდება ეს უცნაური და მე-20 საუკუნისთვის შეუფერებელი ახირება?

სავარაუდოდ, დასრულების პროცესი დაიწყება ილია მეორის შემდგომ ეპოქაში. დღეს ეკლესიის გავლენას განაპირობებს სწორედ მისი პიროვნების კულტი. დღეს სამღვდელოების მთავარი არგუმენტი ნებისმიერ პრეტენზიებზე არის "როგორ ბედავთ ამის თქმას? ეჭვი შეგაქვთ პატრიარქის სიბრძნეში?"

ეს პიროვნების კულტი ვერ გადავა ავტომატურად მომავალ პატრიარქზე. ასეთი ავტორიტეტის მოპოვებას  ათწლეულები დასჭირდება და ხვალ ვერავინ იტყვის: "როგორ ბედავთ? შიო ხომ ბრძენია!"...

ვინ არის შიო? ვის დაკარგვია ის? და ვინ დასთანხმდება აშკარა უმსგავსობაზე თვალის დახუჭვას ვინმე შიოს ან იაკობის ან იობის ხათრით?

სწორედ მაშინ დაიწყება ეკლესიის მოდიდან გასვლის გარდაუვალი პროცესი, რომლის შედეგადაც ზომიერი მორწმუნეები არ შეეცდებიან ფანატიზმის იმიტირებას და საბოლოოდ ყველაფერი დადგება თავის ადგილზე - საზოგადოებაც, მთავრობაც და ეკლესიაც.

თენგიზ აბლოთია

გაზიარება