QronikaPlus
COVID-19-ის თანმხლები დაავადება, რომელიც ბევრად მეტ ადამიანს კლავს

COVID-19-ის თანმხლები დაავადება, რომელიც ბევრად მეტ ადამიანს კლავს

2020-04-20 14:36:46

ცნობილი ჰომეოპათის, პროფესიით ნევროპათოლოგ კახა საბახტარიშვილის აზრით, COVID-19-ისგან  იმდენი ადამიანი არ დაღუპულა, რამდენიც სხვა გართულებებისგან - ინფარქტისგან და ინსულტისგან. საერთო პანიკის ეპოქაში ყველა ვერ უძლებს ნეგატიურ ინფორმაციულ  ზეწოლას და სრულიად სხვა დაავადების   მსხვერპლი ხდება.

როგორც „ქრონიკა+“-სთან  კახა საბახტარიშვილი აცხადებს, ყველაზე მეტად უნდა მოვუფრთხილდეთ გულ-სისხლძარღვთა დაავადების მქონე პირებს, დავიცვათ ისინი პანიკური შეტევებისგან:

  • პანიკა ბევრად მეტ ადამიანს კლავს, ვიდრე თავად ინფექცია. დღეს საქართველოში ინფარქტებისა და ინსულტების ბუმია. ტელევიზიებით გადაცემული „კოშმარ-ნიუსები“, პირველ რიგში, ხალხის ფსიქიკას აზიანებს. პანიკური შეტევა იწვევს ყოვლად უმიზეზო მწვავე რეაქციებს. შეტევის დროს პაციენტი  კონტროლს კარგავს, მას ჰგონია, რომ აი, ახლა დაემართება გულის შეტევა და მოკვდება
  • ეს ნერვული აშლილობა რა არის?
  • ფაქტობრივად, ყველა ჩვენგანს ჰქონია პანიკური შეტევა ერთხელ მაინც. კარგი ის არის, რომ ეს სიმპტომი სტრესული მდგომარეობის დასრულების შემდეგ  გადის... მაგრამ როდესაც, დღევანდელი ინფორმაციული შეტევის ფონზე, სტრესული სიტუაცია მეორდება,  პანიკური აშლილობა დგება. მოგეხსენებათ, ქართული ტემპერამენტი  როგორიც არის - ის ადამიანს სტრესის მიმართ მიდრეკილს ხდის. ყველაზე ცუდი ის გახლავთ, რომ თავის ტვინის ნაწილების ფუნქცია იცვლება.
  • რეალური საფრთხის გარეშე შეიძლება დაემართოს ადამიანს პანიკური აშლილობა?
  • საქმეც ეგ არის. უცნობია, რატომ იწყება შეტევა რეალური საფრთხის გარეშე.  ამ ყველაფერში ყველაზე ცუდ ფაქტორს გეტყვით - შეტევა შეიძლება მოხდეს ნებისმიერ დროს  – სახლში, საჭესთან, საყიდლებზე, ძილსა და ა. შ.
  • რა სიმპტომები ახასიათებს მას?
  • სრულიად უმიზეზო შიშები: სიკვდილის, გონების დაკარგვის, გაურკვეველი საფრთხის, რომელსაც თან სდევს სწრაფი და ძლიერი გულისცემა, შიგნიდან გაკანკალებს, სუნთქვის უკმარისობა და  მოჭერის შეგრძნება ყელში. ამას შეიძლება მოყვეს თავბრუსხვევა, დაბუჟება და გულის წასვლა. ამ დროს ვითარდება ყველაზე ცუდი თანმხლები მოვლენა - ძლიერი შიში შეტევის განმეორებისა.
  • ეს შეიძლება გახდეს ინსულტის ანდა ინფარქტის მიზეზი?
  • ჯანმრთელი ადამიანისთვის - არა, მაგრამ ვისაც გულის დაავადებები აწუხებს ან ერთხელ მაინც აქვს გადატანილი ინფარქტი, ასევე ჰიპერტენზიის მქონე პირებისთვის, ძალიან საშიშია. 
  • და მიზეზი ძლიერი სტრესია... იგივე, COVID-19-ით გამოწვეული?
  • დიახ, ანდა მუდმივად სტრესის პირობებში  ყოფნა, რაც შეუქცევად პროცესებს უწყობს ხელს. გულის დაავადებებში ყველაზე ხშირი მიოკარდიუმის ინფარქტი იმიტომ არის სახიფათო, რომ შემთხვევათა 10% გარდაცვალებით სრულდება. ასეთი პაციენტების პატრონებმა ყურადღება უნდა მიაქციონ სიფერმკრთალეს,  ოფლიანობას, სიკვდილის ანდა გადაადგილების შიშს, რაც, ისევ და ისევ, შესაძლოა,  პანიკურ შეტევებს უკავშირდებოდეს. მაღალი წნევის შემთხვევაში აუცილებლად მიეცით ავადმყოფს ნიტროგლიცერინი ენის ქვეშ. თუ მდგომარეობა არ შემსუბუქდა, აუცილებელია კონსულტაცია ექიმთან ან სასწრაფო დახმარების გამოძახება.

თამარ როსტიაშვილი 

გაზიარება