- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-17 09:44:38
„ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს ფსიქოლოგი მაია ჯიბუტი:
_ დღევანდელ სიტუაციაში რა შეიძლება იყოს ადამიანების დაუმორჩილებლობის მიზეზები?
_ მრავალი, მათ შორის:
• ცუდი მაგალითის მომცემი ოჯახში, სოციუმში (მშობელი, პედაგოგი, მეზობელი, ნათესავი და სხვ.). ბავშვები, ახალგაზრდები უყურებდნენ, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცეოდნენ უფროსები, და რიგ შემთხვევებში, ისინი კანონებსაც არღვევდნენ. მათთვის ეს ნორმა გახდა. მოკლედ, მთავარი და მნიშვნელოვანია, თუ როგორ იქცევა მშობელი, პედაგოგი და შემდეგ რას ლაპარაკობენ ისინი;
• საგანმანათლებლო სივრცეებში კანონმორჩილებასა და პასუხისმგებლობაზე აქცენტების არგაკეთება (სკოლა, უნივერსიტეტი და სხვ.). საგაკვეთილო, სალექციო სივრცეებში ხაზი უნდა გაესვას ადამიანის როგორც უფლებებს, ასევე მათ მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს. მხოლოდ ვერბალიზაცია არ არის საკმარისი - ადამიანებმა საკუთარი ქცევით უნდა დაგვანახონ, რა არის პასუხისმგებლიანი საქციელი;
• კულტურული ფაქტორი: კანონის დაუმორჩილებლობა და ასევე კანონდარღვევის წახალისება; შერჩევით სამართალთან დაკავშირებით პროტესტის გამოხატვა (მაგ.: იმისთვის თუ შეიძლება, ჩემთვის რატომ არ შეიძლება?);
• მე „ეს“ (დაავადება) არ დამემართება. თუ ირგვლივ ვინმეს არ აქვს კორონა, ადამიანი ფიქრობს, რომ მას ეს არ დაემართება - ფსიქოლოგიურად დისტანცირებს დაავადებასთან.
_ სახლის პირობებში როგორ შევინარჩუნოთ წონასწორობა?
_ მთავარია, საკუთარ თავზე არ დავკარგოთ კონტროლი.
ვსწავლობთ ცხოვრებას აქ და ახლა:
• იმისთვის, რომ შევამციროთ შფოთვის დონე, გავაკეთოთ ფიზიკური, სარელაქსაციო და ღრმა სუნთქვითი ვარჯიშები (ყველაფერს ინტერნეტში მოიპოვებთ). როცა ვშფოთავთ, ცუდად ვსუნთქავთ, რითაც ორგანიზმს ჟანგბადის დეფიციტი ექმნება და უფრო ცუდად ვგრძნობთ თავს. ვარჯიშების შედეგად ჟანგბადი ბალანსდება, გამოიყოფა „ბედნიერების“ ჰორმონები და, შესაბამისად, ადამიანი ფიზიკურად და ფსიქიკურად უკეთესად ხდება;
• ცოტა ხანი დავანებოთ თავი მომავალზე ფიქრს. ჩვენ ვართ აწმყოში და ეს ფაქტი უნდა მივიღოთ, როგორც რეალობა;
• ვეცადოთ, მუდმივად რაღაც ვაკეთოთ, არ აქვს მნიშვნელობა, რა. ეს იქნება: სადილის მომზადება, ტვ-ის ყურება, მაღაზიაში გასვლა, ფბ-ში პოსტის დადება, სახლის დალაგება, სხვადასხვა ნივთის გადარჩევა/დალაგება, წამოწოლა/დასვენება, მეგობრებთან საუბარი, სამსახურის საქმის კეთება ონლაინ და ა. შ.
_ პოსტპანდემიურ პერიოდში (და ახლაც!) ადამიანებს, ალბათ, უფრო დასჭირდებათ ფსიქოლოგის ან ფსიქიატრის მომსახურება.
_ ადამიანი არის სოციალური არსება და მას აუცილებლად სჭირდება კონტაქტები, რათა თავი იგრძნოს მნიშვნელოვნად, დაფასებულად, რეალიზებულად, აღიარებულად და განიცადოს კმაყოფილება. თვითიზოლაციაში ყოფნა რთული და უჩვეულო მდგომარეობაა. განსხვავებული ფსიქოტიპის ადამიანებზე იგი განსხვავებულ ფსიქოლოგიურ კვალს დატოვებს.
ამ ეტაპზე მომავალს არ ვგეგმავთ, თუმცა:
• ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების არმია დგას და მომავალშიც დადგება ხალხის დასახმარებლად;
• ახლა ვისაც ჰგონია ან ვინც ფიქრობს, რომ ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდება, შეიძლება მას სულაც არ დასჭირდეს;
• ადამიანებს, უბრალოდ, მოუნდებათ შთაბეჭდილებების გაზიარება უცხო ადამიანებთან და უფრო მეტად - ფსიქოლოგებთან;
• ვისთვისაც ეს მდგომარეობა ტრავმული იქნება, მათ დასჭირდებათ ფსიქოთერაპია;
• ჯგუფური ფსიქოთერაპია მომავალში ძალიან ეფექტიანი იქნება.
გიორგი საკარული