- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-16 10:49:29
დღეს მსოფლიოს მთავარი სალაპარაკო კორონაპანდემიაა. იმის შესახებ, თუ როდის გაგვანებებს თავს „უხილავი მტერი“, ათასი ინფორმაცია ვრცელდება, თუმცა ცხადია, ზუსტად არავინ იცის, კორონიზაციას ბოლო როდის მოეღება. ასეა თუ ისე, იმედი ვიქონიოთ, რომ ამ „მკვლელ ვირუსს“ აუცილებლად დავამარცხებთ, მით უმეტეს, რომ დედამიწაზე სხვა უცნაური ეპიდემიებიც ყოფილა გავრცელებული, მაგრამ კაცობრიობა არ გადაშენებულა.
ერთ-ერთი ასეთი უცნაური ვირუსი ე. წ. სიცილის ეპიდემია გახლდათ, რომელმაც გასული, ე. ი., მეოცე საუკუნის 60 წლებში მაშინდელ ტანგანიიკაში იფეთქა და რომლის ამოხსნასაც მეცნიერები დღემდე ვერ ახერხებენ. მოკლედ, 1962 წელს, როგორც ისტორიული წყაროებიდან ხდება ნათელი, ტანზანიაში მასობრივი ისტერია დაიწყო, რომელიც სამედიცინო ლიტერატურაში „ფსიქიკური ეპიდემიის“ სახელითაა შესული.
სიცილის ეპიდემიის აფეთქების კერად კი კაშაშა ითვლება, სადაც 1962 წლის 30 იანვარს, ქრისტიანი მისიონერების მიერ გახსნილ ქალთა სკოლა-ინტერნატში სამმა აღსაზრდელმა უკონტროლო სიცილი დაიწყო, რასაც ისტერიული ტირილი მოყვა. თავიდან ფიქრობდნენ, რომ გოგონები სიმულიანტობდნენ, მაგრამ მალე ვითარება დრამატულად შეიცვალა, ანუ ისტერიული სიცილი სკოლა-ინტერნატის 12-დან 18 წლამდე ასაკის 95-მა მოსწავლემ დაიწყო. ყველაფერ ამაში კი უცნაური ის იყო, რომ სიცილი რამდენიმე საათიდან 16 დღემდე გრძელდებოდა.
ამასთან, ისიც თვალში საცემი გახლდათ, რომ სიცილისგან მხოლოდ მოსწავლეები „ავადდებოდნენ“, პედაგოგებს კი, უბრალოდ, არც ეღიმებოდათ. სწორედ ამიტომაც, 1962 წლის 18 მარტს, სკოლა-ინტერნატი დროებით დაიხურა. მეცადინეობის განახლება აიმავე წლის 21 მაისს სცადეს, თუმცა უშედეგოდ - ამ დროისთვის სიცილის ეპიდემია უკვე სოფლის ფარგლებს გასცდა, ანუ ვინაიდან სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ მოსწავლეები სახლებში წავიდნენ, უცნაურმა ეპიდემიამ უკვე მეზობელ სოფელ ნშამბაშიც იფეთქა. მოგვიანებით კი, ანუ ივნისში, სიცილის ვირუსით რამაშენეს ქალთა სკოლის 48 მოსწავლეც დაინფიცირდა.
როგორც სამედიცინო წყაროებიდან ირკვევა, ზემოხსენებული უცნაური ვირუსით, ორი თვის განმავლობაში, სულ 217 ადამიანი დაინფიცირდა. კორონავირუსისგან განსხვავებით, სიცილის ბაცილით დაავადებულთა უმრავლესობა მოზარდი გახლდათ. სიცილის ეპიდემია, საერთო ჯამში, 18 თვეს გრძელდებოდა.
შესაძლოა, ზოგიერთმა იკითხოს, ადამიანები იცინოდნენ და ამაში ცუდი რა არისო? მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ისტერიულ სიცილს თან ახლდა ტკივილი, მეტეორიზმი, სუნთქვის პრობლემები და - გამონაყარიც.
მართალია, სიცილის ეპიდემიის მიზეზები დღემდე დაუდგენელია, მაგრამ არსებობს მოსაზრება, რომ სიცილის ვირუსის გავრცელებას მოსწავლეებისთვის ცუდი პირობების კომბინაციამ შეუწყო ხელი, ანუ არასასიამოვნო სკამებმა, უფანჯრო საერთო საცხოვრებელმა და მასწავლებელთა სიმკაცრემ.
სიცილის ეპიდემიისგან განსხვავებით, ფატალური შედეგებით დასრულდა ლეთარგიული ენცეფალიტის მასობრივი აფეთქება, რომელიც ისტორიაში ძილის ეპიდემიის სახელით შევიდა. ზუსტი რიცხვი არავინ იცის, მაგრამ ცნობილია, რომ ძილის ავადმყოფობამ 15-დან 35 წლამდე ასაკის უამრავი ადამიანი იმსხვერპლა.
სიცილის მსგავსად ძილის ეპიდემიის გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია. ცნობილი მხოლოდ ის გახლავთ, რომ ეს უცნაური დაავადება ადამიანებს „ცოცხალ ძეგლებად“ აქცევდა, ანუ ვინც ამ ვირუსით იყო დაინფიცირებული, არ შეეძლო სიარული, ლაპარაკი და ჭამა.
ლეთარგიული ენცეფალიტის ეპიდემია 1914-დან 1915 წლამდე მძვინვარებდა. ყველაფერი კი პარიზში დაიწყო, როცა ჯარისკაცებმა მასობრივად დაიწყეს ექიმებთან მისვლა. ყველა შემთხვევაში სიმპტომი ერთნაირი იყო - თავის ტკივილი, სისუსტე და ძილიანობა.
პირველი სიმპტომების შემდეგ პაციენტები ხანგრძლივ და ღრმა ძილში ეფლობოდნენ და გაღვიძება ყველას აღარ შეეძლო.
„იღბლიანები, რომლებმაც გაღვიძება მოახერხეს, მეხსიერების დაკარგვასა და გონების დაბინდვას უჩიოდნენ“, - ვკითხულობთ სამედიცინო ლიტერატურაში.
ძილის ეპიდემია ავსტრიელმა ნევროლოგმა, კონსტანტინე ფონ ეკონომომ შეისწავლა, თუმცა კონკრეტული შედეგი, ანუ ვაქცინა, ვერ „დადო“.
აქვე, იმასაც გეტყვით, რომ ძილის დაავადების სიმპტომები ჩვეულებრივ გაცივების ან სეზონური გრიპისას ჰგავდა. შესაბამისად, ლეთარგიული ენცეფალიტის დიაგნოზის დადგენა რთული იყო. იმ დროს კი, როცა ექიმები ხვდებოდნენ, თუ რასთან ჰქონდათ საქმე, ტვინი უკვე დაზიანებული გალხდათ.
სხვათა შორის, იშვიათად ლეთარგიული ენცეფალიტით დაავადებული ადამიანები ყელის ტკივილს უჩიოდნენ. ამასთან, ზოგ პაციენტს სტრეპტოკოკის ბაქტერიაც აღმოაჩნდა. შესაბამისად, გაჩნდა მოსაზრება, რომ სწორედ ეს იყო ორგანიზმის იშვიათი, სპეციფიკური რეაქციის გამომწვევი, რაც ტვინის დაზიანებით სრულდებოდა.
აღსანიშნავია, რომ ძილის ავადმყოფობა რამდენიმე წელია, აღარ განმეორებულა.
კიდევ ერთი უცნაური ეპიდემია, რომელსაც კაცობრიობა იცნობს, ისტორიაში „ცეკვის ჭირის“ სახელითაა შესული. „ცეკვის ჭირმა“, ანუ ცეკვის მანიამ, 1518 წელს საღვთო რომის იმპერიის ქალაქ სტრასბურგში იფეთქა, რაც იმას ნიშნავდა, რომ 400-მდე ადამიანმა მოულოდნელად ცეკვა დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში აღარ გაჩერდა. სწორედ ამის გამო ზოგიერთ მათგანს გულის შეტევა, ზოგსაც ინსულტი დაემართა და გარდაიცვალა.
„ცეკვის ჭირით“, უმეტესად, ქალები დაინფიცირდნენ. ამ უცნაური ვირუსით დღეში 15-მდე ადამიანი იღუპებოდა“, - ვკითხულობთ სამედიცინო ლიტერატურაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ ცეკვის ეპიდემია ადამიანიდან ადამიანს გაურკვეველი გზით გადაეცემოდა. შესაბამისად, სწრაფად ვრცელდებოდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ უცნაური სენის ასავალ-დასავალს ვერ მიაგნეს, ექიმებმა განაცხადეს, მოცეკვავეები ეშმაკს ჰყავს შეპრყობილიო. მოკლედ, სტრასბურგის ხელისუფლება იძულებული გახდა, მოცეკვავე ადამიანებისთვის სპეციალური მოედნები აეშენებინა და მათთვის ორკესტრიც დაექირავებინა.
ისტორიული წყაროების თანახმად, ამ უცნაურმა ეპიდემიამ ევროპაში სხვა დროსაც იფეთქა. ასე, მაგალითად, ცნობილია მხატვარ პიტერ ბრეიგელის ტილო - „ცეკვის ციებ-ცხელება“.
რა გახდა ცეკვის ეპიდემიის მიზეზი? - ამის თქმა დღემდე არავის შეუძლია, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ შუა საუკუნეებში შავი ჭირი მძვინვარებდა. შესაბამისად, ფსიქტიართა ნაწილი მიიჩნევს, რომ „ცეკვის დაავადება“ მასობრივი ნევროზი იყო და მეტი არაფერი.
გიორგი აბაშიძე