QronikaPlus
„საჭმელი მაინც მომაწოდონ, თორემ ქურდობას დავიწყებ!“ - კორონაკარანტინში მყოფი მეცხვარეები დახმარებას ითხოვენ

„საჭმელი მაინც მომაწოდონ, თორემ ქურდობას დავიწყებ!“ - კორონაკარანტინში მყოფი მეცხვარეები დახმარებას ითხოვენ

2020-04-15 12:44:13

კორონაპანდემია მხოლოდ ჩვენს ჯანმრთელობას კი არ ემუქრება, არამედ სხვა სახის პრობლემებსაც გვიქმნის. ამ მხრივ კი ყველაზე საყურადღებო ის ეკონომიკური კრიზისია, რომელიც პანდემიის დასრულებას მოყვება, თუმცა მანამდეც ადამიანების გარკვეულ ნაწილს უკვე უწევთ ყოველდღიურ ყოფით სიდუხჭირესთან გამკლავება. ამ მხრივ ყველაზე რთულ ვითარებაში მარნეულის მოსახლეობაა, სადაც კარგა ხანია, სრული კარანტინია. სწორედ ამიტომ მარნეულელებმა უცნაური აქცია გამართეს - 14 აპრილს, საღამოს 9 საათი შესრულდა თუ არა, ე. ი., კომენდანტის საათის დაწყებისთანავე, ადგილობრივების უმეტესობამ ავტომანქანების საყვირები ჩართო. ამასთან, როგორც ტელევიზიით გავრცელებულ კადრებში ჩანდა, ზოგი მარნეულელი ქვაბის სახურავებსა თუ სხვა სახის ნივთებს აბრახუნებდა და ამით ხელისუფლების ყურადღების მიპყრობას ცდილობდა.

ერთი სიტყვით, კარანტინში მყოფი ადამიანები, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს, დახმარებას ითხოვენ.

მართალია, ჩვენს რესპონდენტს, ზაჰიდ ჯეირანოვს, სამსახური არ დაუკარგავს, მაგრამ მას სხვა სახის პრობლემა აქვს. კერძოდ, ზაჰიდი მეცხვარეა და, როგორც „ქრონიკა+“-ს ეუბნება, ცხვარი მარნეულის ერთ-ერთ სოფელში უდგას. ზაჰიდი ამბობს, რომ იქ, სადაც ამჟამად იმყოფება, ბალახი არაა, ამიტომ უნდა, რომ ცხვარი თეთრი წყაროში გადაიყვანოს, მაგრამ იმის გამო, რომ მარნეული „წითელი ზონაა“, ამის უფლებას არ აძლევენ. ყველაფერ აქედან გამომდინარე კი ცხვარი შიმშილით იხოცება. ამასთან, ზაჰიდი გვეუბნება, რომ მალე ის და მისი ოჯახიც მშიერი დარჩება, თუმცა არავინ ეხმარება:

- ცხვარი იხოცება.

- რატომ?

- ბალახი არ არის.

- ბატონო ზაჰიდ, ახლა სად ხართ?

- მარნეულთან ახლოს.

- მაქედან წამოსვლა გინდათ?

- ჰო, თეთრი წყაროში მინდა გადასვლა... ბანკში ამდენი ვალი მაქვს... ორმოცი ათასი ლარი წავიდა, მაგრამ ცხვარი მაინც იხოცება და ბალახი არ არის. ფულიც მორჩა და „პრესიც“ (ცხვრის საჭმელი, - რედ.). სად წავიდე, რა გავაკეთო?

- ანუ ბანკიდან სესხი 40 ათასი გქონდათ აღებული?

- არა, ბანკიდან 15 ათასი ავიღე, ზამთარი როგორმე რომ გამეტარებინა და მერე, საქონელს გავყიდდი და ამ ვალს გადავიხდიდი, მაგრამ წვიმა არ მოვიდა და ბალახიც არ არის, ცარიელი მიწაა. თეთრი წყაროში გადასვლა იმიტომ მინდა, რომ იქ ბალახი არის, მაგრამ არ მიშვებენ.

- რატომ არ გიშვებთო, რას გეუბნებიან?

- კარანტინია და მანქანა არ შეიძლებაო.

- ეს ვინ გითხრათ?

- მე სოფლის მეურნეობის სამინისტროში დავრეკე და ქალბატონი მელაპარაკა. მერე მითხრა, მარნეულის გამგეობას მიმართეთო. იქაც დავრეკე.

- მერე, მარნეულის გამგეობაში რა გითხრეს?

- ხვალ დაგვირეკეთო, მაგრამ მერე აღარ მიპასუხეს. პასუხს არ მაძლევენ.

- სულ რამდენი სული ცხვარი გყავთ?

- 700, მაგრამ იხოცება. 300 ბატკანია... ლაზარეთია, რა. ჰოდა, აქედან უნდა წავიდეთ. საჭმელიც სულ ორი დღისაღაა. ვეუბნები: ან გამიშვით, ან საჭმელი მომაწოდეთ-მეთქი.

- საკვების მოწოდებაზეც უარი გითხრეს?

- ჰო, უარია, არაო. საჭმელს არ მაძლევენ და ფულიც არ მაქვს, რომ ვიყიდო - ერთი „პრესი“ 15 ლარი ღირს!

- თქვენი აზრით, ხელისუფლება რატომ არ გეხმარებათ?

- აბა, მე რა ვიცი?

- თქვენ გარდა მანდ სხვა მეცხვარეებიც არიან?

- ამ ტერიტორიაზე მარტო ჩემი ცხვარია - მე და ჩემი ამხანაგი ბიჭი ვართ. მოდით, აბა, ნახეთ, აქ ბალახი თუ არის.

ხელისუფლება ხომ უნდა დამეხმაროს და საჭმელი მაინც მომაწოდოს? ხომ გეუბნებით, რომ ფულიც აღარ მაქვს, რომ „პრესი“ ვიყიდო...

- ე. ი., თუ ხელისუფლება არ დაგეხმარათ, ბანკის ვალსაც ვერ გადაიხდით, არა?

- აბა, საიდან, რანაირად?

- თუ ხელისუფლებამ ყურადღება არ მოგაქციათ, რას იზამთ?

- არ ვიცი...

ეს ცხვარი დაიხოცება, მე კი წავალ და ქურდობას დავიწყებ! აბა, ჩემს ცოლ-შვილს მშიერს ხომ არ მოვკლავ? რა ვქნა, რა გავაკეთო? - ჩემი შვილიშვილებიც აქ არიან, ცოლიც და შვილიც... კარავში ვცხოვრობთ....

ვაჭრები მოდიან და ყიდულობენ... ეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო რას ფიქრობს, ვერ გავიგე!

- სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხომ არ შემოუთავაზებია, რომ ცხვარი სახელმწიფოს მიჰყიდოთ?

- არა, ეგ არ უთქვამს.

მე დახმარება მინდა - ან გზა გახსნან, რომ ცხვარი „ტრაილერით“ გადავიყვანო, ან საჭმელი მომაწოდონ! ფული არ მაქვს და რით ვიყიდო?

- სულ რამდენი ადამიანი ხართ?

- შვიდამდე.

- ცხვარი გასაგებია, მაგრამ თქვენი საკვები თუ გაქვთ?

- აღარაფერი აღარაა. სახლშიც არ მიშვებენ, რომ წავიდე და ფქვილი მაინც წამოვიღო - კახელი ვარ, საგარეჯოს რაიონიდან.

- როგორც ვიცი, ხელისუფლება მოსახლეობას დახმარებას აძლევს - ფქვილს, ზეთსა და წიწიბურას ურიგებს.

- არაფერი მოუციათ! თვითონ ჯიბეში ჩაიდეს, ფქვილს მე ვინ მომცემს?

ხომ არ ვამბობ, გინდა თუ არა, თეთრი წყაროში უნდა წავიდე-მეთქი? საჭმელი მომაწოდონ! თუ არ მომაწვდიან, მაშინ, გამიშვან - თეთრი წყაროში ბალახი არის.

- ცხვარს ფეხით ვერ გადაიყვანთ?

- ვერა.

- რატომ?

- დედა ცხვარი გზაში დარჩება! ჩვენი მთავრობა თავისთვის მუშაობს და ხალხის დარდი არ აქვს!

ერთი სიტყვით, კორონასთან ბრძოლა გასაგებია, მაგრამ კარგი იქნება, თუ ხელისუფლება ამ ფორსმაჟორს გაითვალისწინებს და ისე იმოქმედებს, როგორც ნამდვილ ომში მოქმედებენ ხოლმე, ანუ ადამიანებს დახმარების დაპირებით კი არ გამოკვებავს, არამედ რეალურად დაეხმარება!

გიორგი აბაშიძე

გაზიარება