QronikaPlus
ლევან ანთაძე: „დაავადების დამარცხებას ივნისის ბოლომდე უნდა ველოდოთ“

ლევან ანთაძე: „დაავადების დამარცხებას ივნისის ბოლომდე უნდა ველოდოთ“

2020-04-15 08:39:33

ქრონიკა+“- კითხვებს პასუხობს ბათუმის კლინიკა მედალფას დირექტორი ლევან ანთაძე:

_ ამ დროისთვის თქვენს კლინიკაში რამდენი პაციენტი მკურნალობს და როგორ უმკლავდება მედალფა კოვიდ-19-?

_ კლინიკაში  30 პაციენტი მკურნალობს, რომელთაც კოვიდ-19 დაუდასტურდათ. დამატებით შეგვიძლია განვათავსოთ კიდევ 50 პაციენტი, მათ შორის,  12 - რეანიმაციულ საწოლზე.

_ რა სიპტომები ახასიათებს კოვიდ-19-?

_ კოვიდ-19-ის ნიშნები მსგავსია გრიპისა და გაციებისთვის დამახასიათებელი სიმპტომებისა: სიცხე, მშრალი ხველა, ცემინება, იშვიათად - მუცლის ტკივილი.

_ როგორ ფიქრობთ, საზოგადოება არის თუ არა ჩართული კოვიდ-19-თან ბრძოლაში და ითვალისწინებს თუ არა მთავრობის რეკომენდაციებს?

_ მიუხედავად იმისა, რომ ხშირად საზოგადოების მიმართ კრიტიკა უფრო ისმის, მოსახლეობის სიფრთხილეს ვხედავ ქუჩაში, მაღაზიებში, ურთიერთობაში, რაც მახარებს... მაგრამ უფრო ფრთხილად უნდა ვიყოთ.

_ მთავრობის რეკომენდაციების მიუხედავად, გარეთ მაინც არის მეტ-ნაკლები ხალხმრავლობა...

_ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი წესებს იცავს, რაც კარგია, მაგრამ სასურველია, ყველამ შეიგნოს ის საშიშროება, რაც გვემუქრება მთავრობის რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

_ ქვეყნის მაშტაბით ყველაზე მეტი შემთხვევა ჩვენს რეგიონში - აჭარაში ფიქსირდება. თქვენი აზრით, რა არის ამის მთავარი მიზეზი?

_ დავიწყოთ იქიდან, რომ ქობულეთის კლასტერამდე ადგილობრივი შემთხვევები თითქმის არ იყო, ყველა უკავშირდებოდა საზღვრის კვეთას, თუ არ ჩავთვლით ინფექციური საავადმყოფოს დაინფიცირებულ მედდას, რომელსაც კოვიდი გადასდო ფსიქიკურად გაუწონასწორებელმა პაციენტმა. რაც შეეხება ქობულეთის კლასტერს, ეს ამბავი უკავშირდება თვითიზოლაციის წესების იგნორირებას, რაც ძალიან ცუდია. ჩემი ინფორმაციით, 20-ზე მეტი შემთხვევა  სწორედ ამ კლასტერზე მოდის.

_ თუ ხედავთ იმის საშიშროებას, რომ საგანგებო

მდგომარეობა გაგრძელდეს?

_ საფრთხეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებაში ვერ ვხედავ, პირიქით, მგონია, რომ გარკვეული შეზღუდვები უნდა გაგრძელდეს, თუმცა შესაძლებელია, საწარმოების ნაწილისთვის შეზღუდვები მოიხსნას.

_ თუ არის შესაძლებელი აჭარის რეგიონში დაინფიცირებულთა რიცხვის მომატება და რამდენად ფართომაშტაბიან გავრცელებას უნდა ველოდოთ?

_ ჯერჯერობით შემთხვევები გაიზრდება. მთავარია, ეს ზრდა დროში არ აჩქარდეს და ერთდროულად არ გვყავდეს მეტი ინფიცირებული, ვიდრე ჯანდაცვის სისტემას შეუძლია დატვირთვას გაუძლოს, რათა სისტემაში  კოლაფსი არ შეიქმნას.   მოდელირების გზით აჭარისთვის სიტუაციის განვითარების ყველაზე მძიმე სცენარი გამოვთვალეთ, რომლის მიხედვითაც ველოდებით ინტენსიური თერაპიის 50-მდე პაციენტს, 400-მდე - თერაპიაში სამკურნალო პაციენტს და 500-მდე - ოჯახის ექიმის მიერ სამართავ პაციენტს ოჯახის პირობებში.

_ როგორ ფიქრობთ, როდის დავამარცხებთ კოვიდ-19-?

_ პროგნოზი, ზოგადად, უმადური საქმეა, მაგრამ მაინც, ჩემს აზრს მოგახსენებთ: ვფიქრობ, დაავადებათა შემთხვევების პიკი იქნება მაისის შუა რიცხვებში. დაავადების დამარცხებისკენ გარდატეხას, ალბათ, ივნისის ბოლომდე უნდა ველოდოთ.

ხვიჩა მამულაძე

გაზიარება