QronikaPlus
„კორონას დავამარცხებთ, მაგრამ შიმშილსა და სიღარიბეს?“ - ქართველი აკადემიკოსების ანტიკრიზისული გეგმა ხელისუფლებას

„კორონას დავამარცხებთ, მაგრამ შიმშილსა და სიღარიბეს?“ - ქართველი აკადემიკოსების ანტიკრიზისული გეგმა ხელისუფლებას

2020-04-14 17:30:22

კორონაპანდემიამ ნათელი გახადა, რომ საქართველოს ეკონომიკის ქვაკუთხედი ტურიზმი ან მომსახურების სხვა რომელიმე სფერო კი არა, სოფლის მეურნეობაა, ანუ უფრო ნათლად და გასაგებად რომ ვთქვათ, პოსტკორონასეულ ეპოქაში ვისაც ეს ევალება, სოფლის მეურნეობას გაცილებით მეტ ყურადღებას მიაქცევს და ამ კუთხით მხოლოდ განცხადებებს კი არ გააკეთებს, არამედ კონკრეტულ ნაბიჯებსაც გადადგამს, მაშინ დღეს არსებული კრიზისული სიტუაციების დროს, საქართველოს ეკონომიკა ჩამოშლის საფრთხის წინაშე არ დადგება. სწორედ ამის შესახებაა ლაპარაკი წერილში, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა, პაატა კოღუაშვილმა, ასევე ავთანდილ პაპავამ, ავთანდილ სილაგაძემ და დარგის სხვა წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრემიერ გიორგი გახარიას გაუგზავნეს.

„კორონას დავამარცხებთ - შიმშილსა და სიღარიბეს?“ - ამ რიტორიკული კითხვით იწყება ზემოხსენებული წერილი, სადაც ხაზგასმულია, რომ საქართველო, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაში ინვესტირებული ასეულობით მილიონი ლარის მიუხედავად, დღემდე იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყნად რჩება და საქართველოს თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები კრიტიკასაც ვერ უძლებს.

„გარდა ამისა, საქართველოსთვის, მისი მოსახლეობის ეთნოკულტურული და ეთნოფსიქოლოგიური მახასიათებლებიდან გამომდინარე, კატეგორიულად მიუღებელია სოციალური პოლარიზაციის არსებული მდგომარეობა, რომელიც ე. წ. ჯინის ინდექსით აისახება და რომლითაც საქართველო 156 ქვეყანას შორის 104-ე პოზიციაზეა. ყველაფერ ამის მიზეზი კი ისაა, რომ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა იმ გამოწვევებთან, რასაც აგრარული სექტორის ინტენსიური და დაბალანსებული განვითარება მოითხოვს, არაადეკვატურია“, - აცხადებენ ქართველი მეცნიერები და დასძენენ, რომ მოსახლეობის შემოსავლების ინტენსიური ზრდა ყველაზე უკეთ კოოპერაციული სექტორის აქტიური მხარდაჭერითაა შესაძლებელი.

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერაცია, პრაქტიკულად, წარმოადგენს არსებული არაეფექტიანი ეკონომიკური ფორმის შეცვლის მექანიზმს, დიამეტრულად განსხვავებული, ეფექტიანი ორგანიზაციული მოწყობით, ანუ ფორმას, რომლის მიზანიც მოსახლეობის სამეწარმეო გააქტიურება და ინკლუზიური ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული განვითარებაა“, - აცხადებენ ქართველი აკადემიკოსები, რომლებიც ასევე მიიჩნევენ, რომ დამატებითი ღირებულების შესაქმნელად აუცილებელია გადამამუშავებელი მრეწველობის განვითარება.

„აგროპროდუქციის მწარმოებლებს უნდა მიეცეთ პირველადი პროდუქციის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნის შესაძლებლობა. ამით გაიზრდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებელი მოსახლეობის შემოსავლები. სამწუხაროდ, დღემდე, ხელისუფლების შესაბამისი უწყებების მიერ, ეს საკითხი საერთოდ იგნორირებულია და ისეთი პროგრამებით, როგორიცაა, მაგალითად, „შეღავათიანი აგროკრედიტი“ თუ „აწარმოე საქართველოში“, მილიონობით ლარი მიემართება სოფლის მოსახლეობიდან ნედლეულის შემსყიდველი, მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ორიენტირებული შპს-ს ტიპის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსებაზე, - ეუბნებიან  „ქრონიკა+“-ს ზემოხსენებული წერილის ავტორები და განმარტავენ, რომ ასეთი საწარმოები მხოლოდ იმით არიან მოტივირებულნი, რომ მოსახლეობისგან ნედლეული რაც შეიძლება, დაბალ ფასად შეისყიდონ.

„ყველაფერი ეს კი იმას ემსახურება, რომ გადამამუშავებელი საწარმოს  რამდენიმე  საქმოსანი მეპატრონე კიდევ უფრო გამდიდრდეს. სწორედ ესაა ერთ-ერთი მიზეზი, რომ მოსახლეობას სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების მოტივაცია უსუსტდება, ადგილებზე სამეწარმეო განვითარების პერსპექტივა ქრება, მიწები  პარტახდება და რაც მთავარია, სოციალური სფერო იშლება“, - ეუბნება „ქრონიკა+“-ს პაატა კოღუშვილი.

მისივე თქმით, ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფო ფინანსური რესურსების სოლიდური ნაწილი უკუშედეგების მომტან ღონისძიებებზე იხარჯება.

„წარმატებული ეკონომიკის ქვეყნებმა მწვავე კრიზისების დაძლევისა და სწრაფი ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტულ მიმართულებად სწორედ კოოპერაციული სისტემის განვითარება მიიჩნიეს. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომში დამარცხებულმა, უმწვავეს კრიზისში მყოფმა იაპონიის მთავრობამ, 1947 წელს, მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ყველა სოფელში ჩამოყალიბდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი და აგრარულ სექტორში დასაქმებული ყველა პირი კოოპერატივის წევრი გახდა. ამას კი იაპონიის სოფლის მეურნეობის ინტენსიური განვითარება და მოსახლეობის შემოსავლების მნიშვნელოვანი გაზრდა მოჰყვა. შესაბამისად, დღეს იაპონიის სოფლის მოსახლეობის 91% სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებშია გაწევრიანებული“, - გვიხსნის ქართველი აკადემიკოსი და აქვე ისრაელის მაგალითი მოჰყავს, სადაც კოოპერაციული სისტემით ეკონომიკასა და ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დამყარებული სასოფლო-სამეურნეო სისტემა შეიქმნა.

როგორც ირკვევა, ჰოლანდიამაც სწორედ კოოპერაციული სისტემით შეძლო, მსოფლიოში რძის პროდუქტების ექსპორტის ერთ-ერთი ლიდერი გამხდარიყო.

„ჩვენზე გაცილებით მწირი რესურსების მქონე სომხეთმა კი, კოოპერაციული აგრო-საკრედიტო სისტემის შექმნით, ის მოახერხა, რომ საქართველოზე მაღალი აქვს ქვეყნის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლები, განსაკუთრებით, ხორბლის წარმოებაში და თავის სოფლის მეურნეობის პროდუქციას საქართველოს ბაზრებზეც ჰყიდის. მოკლედ, აშკარაა, რომ არსებულ ეტაპზე საქართველოსთვის აუცილებელია პროგრესული სისტემური ცვლილებები, რაც უზრუნველყოფს სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის განვითარებას, რეგიონებში მოსახლეობის მასობრივ დასაქმებას, ეროვნული პროდუქციის მოცულობის ინტენსიურ ზრდას, განვითარების გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული გარემოს ფორმირებას და სოფლის მოსახლეობის ყოფითი სტატუსის ქალაქის მოსახლეობის სტატუსთან გათანაბრებას, რასაც სოფლად ადამიანთა რესურსების შენარჩუნება-განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საუბარია აგრარულ სექტორში კომპლექსური ხასიათის მქონე ახალი პოლიტიკის გატარებაზე, რაც მისი ყველა ფუნქციის ბალანსს უზრუნველყოფს და საწარმოთა ფუნქციონირების ოპტიმალურთან მიახლოების ყველაზე კარგ საშუალებას მოგვცემს.

სხვათა შორის, ანტიკრიზისული ღონისძიებების გატარების მიზნით, მთავრობის მიერ დაგეგმილია სოლიდური საფინანსო რესურსების მობილიზება. ყველაფერ ამის ქმედითუნარიანი განთავსებისთვის კი აუცილებელია, რომ აქამდე  არსებული ეკონომიკური პოლიტიკის სიღრმისეული ანალიზი მოხდეს.

მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ისტორიული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ზემოაღნიშნული რთული და არაერთგვაროვანი პრობლემების  ყველაზე ეფექტიანად გადაჭრა ძლიერი კოოპერაციული ინფრასტრუქტურის ფორმირებითაა შესაძლებელი. საამისოდ კი უმთავრესია სახელმწიფო პოლიტიკური ნება. გარდა ამისა, აუცილებელია, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციულ საწარმოებს უსასყიდლოდ, მუდმივ მფლობელობასა და სარგებლობაში გადაეცეთ სასოფლო ტერიტორიებზე არსებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.

ასევე აუცილებელია, მთავრობამ ანტიკრიზისული პროგრამა, მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიმუშავოს, რადგან განვლილმა წლებმა აშკარა გახადა, რომ „ბიზნესის წარმომადგენლებთან“ კონსულტაციებით, ასეთი პროგრამის მომზადება შეუძლებელია. ისე, არც ერთ ქვეყანას ანტიკრიზისული პროგრამები არ განუხორციელებია „საქმოსნების“ კარნახით და მხოლოდ მათ ინტერესებზე ორიენტირება კარგს არც საქართველოს უქადის“, - აცხადებენ ზემოხსენებული წერილის ავტორები და დასძენენ, რომ თუ ამ საკითხებზე პოლიტიკური ნება იარსებებს, მზად არიან, შესაბამისი პროფილის მაღალკვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს ეკონომიკისა და აგრარული სექტორის ანტიკრიზისული, ინკლუზიურ განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამა უმოკლეს დროში მოამზადონ, თუმცა ქართველი მეცნიერების წერილს ხელისუფლებისგან გამოხმაურება, ჯერჯერობით, არ მოჰყოლია.

გიორგი აბაშიძე

გაზიარება