QronikaPlus
„სისულელეა, რომ თურქეთმა სასაფლაოების გათხრა თითქოს წინასწარ დაიწყო!“ - რას ჰყვება სტამბოლში მცხოვრები ქართველი ია ნატროშვილი?

„სისულელეა, რომ თურქეთმა სასაფლაოების გათხრა თითქოს წინასწარ დაიწყო!“ - რას ჰყვება სტამბოლში მცხოვრები ქართველი ია ნატროშვილი?

2020-04-13 14:57:54

არცთუ დიდი ხნის წინ თურქეთი ის ქვეყანა იყო, რომელიც კორონაპანდემიას ეფექტიანად ებრძოდა, თუმცა ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ეპიდსიტუაცია, როგორც იტყვიან, უცებ აფეთქდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თურქეთში მხოლოდ ახალი კორონავირუსით დაინფიცირებულთა კი არა, გარდაცვლილთა რიცხვიც დღითი დღე იზრდება. რატომ შეიცვალა ეპიდვითარება და, საერთოდ, როგორი სიტუაციაა თურქეთში? - „ქრონიკა+“ სტამბოლში მცხოვრებ ქართველს, ია ნატროშვილს ესაუბრა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთ მეგაპოლისში შექმნილ რეალობაზე დეტალურად გვიყვება და თურქეთის ხელისუფლების მიერ დაწესებულ შეზღუდვებსაც გვაცნობს.

ამასთან, ჩვენს რესპონდენტს იმის შესახებაც ვკითხეთ, მართალია თუ არა, რომ თურქეთის ხელისუფლებამ კორონავირუსით გარდაცვლილთათვის სასაფლაოების გათხრა წინასწარ დაიწყო, რაზედაც ია ნატროშვილი ამბობს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

- ია, რა ხდება თურქეთში, კორონას გამო ხალხი დაპანიკებულია თუ არა?

- თურქეთში პანიკას ვერ ვხედავ. ხალხი ამ ამბავს უფრო შეგნებით მიუდგა, რაც ძალიან გამიკვირდა. ყველა ცდილობს, რომ თვითიზოლაციაში იყოს და ხალხი გარეთ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში -  საკვების საყიდლად და სხვა ყოველდღიური პროდუქტის შესაძენად გამოდის

-  რა შეზღუდვები და აკრძალვები არსებობს საგანგებო მდგომარეობის გამო?

- მთავრობა ხალხს მოუწოდებს, რომ სახლში დარჩეს. ორი დღის განმავლობაში 31 ქალაქში 48-საათიანი საყოველთაო კარანტინი იყო გმოცხადებული და ამიტომ პურის ქარხნებისა და უბნის თონეების მეტი არაფერი მუშაობდა.

სხვათა შორის, აკრძალულია პირბადის გარეშე გარეთ გასვლა. დაკეტილია სალონები, ყავახანები, სკოლები, უნივერსიტეტები, ფაბრიკების 90 პროცენტი, კაფეები, რესტორნები. მეტრო 21:00 საათზე იკეტება. გაუქმებულია სტამბოლის ტრამვაის ცენტრალური გადასასვლელის მეორე, ანუ ,,კაბატაშის“ მხარე.

აიკრძალა 65 წელს ზემოთ გადაცილებული და 20 წლის ქვემოთ მოქალაქეების გარეთ გასვლა. ასევე აკრძალულია შეკრებები. ჯარიმა 3150 ლირაა.

- რით ხსნის ხალხი იმას, რომ თავიდან ეპიდსიტუაცია თურქეთში სტაბილური იყო და უცებ აფეთქდა?

- ხალხი არ ფიქრობს, რომ ეპიდემია უცბად აფეთქდა. ძირითადი ეპიდემიის კერა სტამბოლია - დაინფიცირებულთა 70% სწორედ აქ არის.

მთავრობა ადრევე აფრთხილებდა მოსახლეობას მოსალოდნელ ეპიდემიასა და გავრცელების სისწრაფეზე. ვფიქრობ, თურქეთი ახალ კორონავირუსს მოსალოდნელზე მეტად მომზადებული შეხვდა.

- სოციალურ ქსელში ვრცელდება ფოტოები, რომ თურქეთის ხელისუფლებამ საფლავების გათხრა თითქოს წინასწარ დაიწყო, ეს მართალია?

- სოცქსელში გავრცელებული ფოტოები და სტატია, თითქოს თურქეთში საფლავები წინასწარაა გათხრილი, სიკვდილის სუნი ტრიალებს და ხალხი დაუმორჩილებელია, აბსოლუტური სისულელე და ტყუილია!

ამას „ქოცების“ რაღაც ჯგუფი ავრცელებს, თუმცა სიმართლე გითხრათ, ვერ მივხვდი, რაში სჭირდება. ამის პირველწყარო ქალბატონი, ვინმე ქეთი ნაკაშიძე იყო, რომელთანაც ცოტა კამათიც კი მომივიდა. ბოლოს მივხვდი, რომ საუბარს აზრი არ ჰქონდა.

- როგორ ცხოვრობენ ქართველი ემიგრანტები პანდემიის პირობებში, მით უმეტეს, ისინი, რომლებიც არალეგალურად არიან?

- ქართველები, რომელთაც საბუთი გაფუჭებული აქვთ, გარეთ ვერ გამოდიან, ანუ ჯარიმის ფული არ გააჩნიათ და შინ ყოფნას ამჯობინებენ, რათა არ დეპორტირდნენ.

იმედი ქვთ, რომ ყველაფერი მალე ჩაივლის. დანაზოგითა და ერთმანეთის გატანით ირჩენენ თავს.

საკონსულო საქართველოში წამოსვლის მსურველს ნებისმიერ შემთხვევაში ეხმარება - ავტობუსში 15 ადამიანს ერთმანეთის მოშორებით სვამენ და ისინიც ყველანაირად დაცულები მიდიან საზღვრამდე.

საკონსულოს ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს - მე თვითონ გადავამოწმე.

ასეთ პირობებში ხალხი, ჯერჯერობით, არ ფიქრობს, რომ მასობრივად დატოვოს თურქეთის ტერიტორია.

- თუ იშოვება აფთიაქებში პირბადეები და ანტისეპტიკური საშუალებები?

- აფთიაქებში პირბადეების, ხელთათმანებისა და სადეზინფექციო ხსნარის პრობლემა თავიდანვე არ ყოფილა. ნემისმიერ უბნის პატარა მარკეტშიც კი იყიდება და  ყველას მიუწვდება ხელი.

- პროდუქტი გაძვირდა?

- პროდუქტი, საერთო ჯამში, არ გაძვირებულა. ცოტა მოიმატა კარტოფილისა და ხახვის ფასმა. დანარჩენი უმნიშვნელოდ, სეზონურად.

- ია, წეღან თქვი, ფაბრიკების 90 პროცენტი დახურულიაო. რომელი ფაბრიკები მუშაობს? 

- მხოლოდ ის ფაბრიკები მუშაობს, რომელსაც წლიური დიდი შეკვეთა აქვთ დასამთავრებელი, თუმცა ისინიც შეზღუდვით. ახალი შეკვეთები, პრაქტიკულად, არ არის არც საზღვარგარეთიდან და არც - ქვეყნის შიგნით.

- რას ამბობენ, როდის იქნება პიკი თურქეთში და საერთოდ, როგორ აშუქებს თურქული მედია ყველაფერ ამას?

- თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი დღეში ორჯერ აკეთებს გნცხადებას ტელევიზიით. სხვათა შორის, წუხელ დაინფიცირებულთა რიცხვმა 4%-ით პირველად დაიკლო.

იმედოვნებენ, რომ პიკი მიღწეულია. ვნახოთ, რა იქნება დღევანდელი და ხვალინდელი მონაცემებით და ამის მიხედვით იტყვიან გადამწყვეტ პასუხს.

ყოველი შემთხვევისთვის, მზად აქვთ სამი უზარმაზარი საავადმყოფო და ფიქრობენ, რომ პანდემიის გაგრძელების შემთხვევაში, ათათურქის სახელობის ძველი აეროპორტი საავადმყოფოდ გადააკეთონ.

ამ თვითიზოლაციის ფონზე განსაკუთრებით კარგად მუშაობს მედია. ვფიქრობ, ამის დამსახურებაა, რომ ქვეყანაში პანიკის გარეშე მიმდინარეობს ვირუსთან ბრძოლა.

სხვათა შორის, ჯამები თავიდანვე დაიკეტა. მინარეთებიდან კი ხმა ორმაგად გძლიერებულად ისმის. ასევე გახშირდა ლოცვებიც - ლოცვის ხმას თითქმის ყოველ ორ საათში გაიგონებთ.

გიორგი აბაშიძე

გაზიარება