QronikaPlus
ჯანმრთელობის რა პრობლემები დაფიქსირდა ბავშვებში  (ასაკის მიხედვით) საგანგებო რეჟიმის დროს?!

ჯანმრთელობის რა პრობლემები დაფიქსირდა ბავშვებში (ასაკის მიხედვით) საგანგებო რეჟიმის დროს?!

2020-04-13 12:39:44

3000 ლარით მოზარდიც დაჯარიმდება

ყველა მოზარდისთვის გარდატეხის პერიოდი რთულია, ხოლო COVID-19-ის ფარგლებში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობა ამ ვითარებას კიდევ უფრო ამძაფრებს. მოკლე ხნით (იმედი ვიქონიოთ, - რედ.)  სკოლის დახურვის გამო ბევრმა მოზარდმა დაკარგა ბავშვობის უმნიშვნელოვანესი წუთების განცდის შესაძლებლობა - თანაკლასელებთან, მეგობრებთან, მეზობლებთან კომუნიკაცია და გართობა.

მოზარდებს, რომლებიც ცხოვრების წესის შეცვლის გამო იზოლირებული არიან, შესაძლოა, არასასურველი რეაქციები განუვითარდეთ, ფიზიკური სიმპტომების ჩათვლით. საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი აქვეყნებს შემაშფოთებელ ჩამონათვალს. მშობლები ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ, არ დაუშვან და შეძლებისდაგვარად აღკვეთონ ეს სიმპტომები.

მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის  ექსპერტები ადასტურებენ ინფორმაციას,  ბავშვებსა და მოზარდებში კორონავირუსული დაავადების, ზოგადად, სუსტად მიმდინარეობის შესახებ, ეს დიდი შეთავათი არ არის ამ ასაკობრივი ცენზის მქონე კონტინგენტისთვის. ამ ასაკისთვის ძალიან რთულია სოციალური დისტანცირება.

„ქრონიკა+“ აქვეყნებს ნუსხას, სადაც ბავშვთა სიმპტომები   ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით არის დალაგებული:

სკოლამდელი ასაკის ბავშვები (6 წლამდე):

შარდვის  პრობლემები, დეფეკაციის  პრობლემები, მარტო დარჩენის შიში,  ცუდი სიზმრები, მადის შეცვლა, მეტყველების სირთულეები, აღგზნება, ყვირილი,  მშობლებზე „მიწებება“;

 სკოლის ასაკის ბავშვები  (6-12 წლამდე):

თავისა და მუცლის  ტკივილი,  აგრესიულ ქცევა, გაღიზიანება, შფოთვა, ღამის კოშმარები,  ძილისა და მადის დარღვევა,  თანატოლებთან ურთიერთობისგან თავის არიდება,  ინტერესის დაკარგვა, საშინაო დავალებების დავიწყება.

13-18 წლის მოზარდები:

თავის, მუცლის  ტკივილი,  ძილისა და მადის დარღვევა, ღელვა, ენერგიის დაქვეითება, აპათია, თანატოლებისგან  და საყვარელი ადამიანებისგან იზოლირება, შფოთვა, ღელვა,  ონლაინ გაკვეთილებისგან  თავის არიდება.

კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ სამართლებრივი სივრცეც შეიცვალა მოზარდებთან დაკავშირებით. მაგალითად, მოგეხსენებათ, რომ კანონი ერთნაირად არ უდგება სრულწლოვან და არასრულწლოვან ადამიანს.  7 წლამდე პირი ითვლება ქმედუუნაროდ, 7-18 წლამდე კი შეზღუდულ ქმედუნარიანად.  პირის ქმედუუნარობა, ისევე როგორც შეზღუდული ქმედუნარიანობა, უკავშირდება მისი მატერიალური დამოუკიდებლობის საკითხს.

აქედან გამომდინარე, თუ კომენდანტის საათს დაარღვევს (უფრო სწორად, დაარღვევდა) ბავშვი, გნებვათ, მოზარდი...  მაგალითად, ეზოში ჩაირბენდა ან მეზობელ კორპუსში გადაირბენდა, მას კანონი იგივე რეგულაციებით ვერ მიუდგებოდა. მაგრამ  2020 წლის 21 მარტს გამოიცა საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ. დეკრეტის საფუძველზე, 2020 წლის 23 მარტს, გამოიცა საქართველოს მთავრობის #181 დადგენილება საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების თაობაზე. ყველა პირი ვალდებულია, დაიცვას  რეჟიმი, მათ შორის, მოზარდები. არასრულწლოვნების სტატუსი არ ჩაითვალა პასუხისმგებლობისგან განთავისუფლების პრეროგატივად.  3000-ლარიან  ჯარიმას ბავშვი ვერ გადაიხდის, მაგრამ გადაიხდის მშობელი.

არადა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვლება სამართალდარღვევის ჩადენა არასრულწლოვნის მიერ, მაგრამ აღსრულების კუთხით,  საგანგებო რეჟიმის პირობებში, ეს კანონი არ მუშაობს.  

თამარ როსტიაშვილი

გაზიარება