- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-13 10:33:30
ახალმა კორონავირუსმა მთელი მსოფლიო მოიცვა, თუმცა, შეიძლება ითქვას, ყველაზე ფატალურად იტალიაში განვითარდა მოვლენები - იყო დღეები, როცა ამ ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 900-ს აღემატებოდა.
მართალია, მრუდი თანდათან ქვემოთ მოდის, მაგრამ, ამისდა მიუხედავად, კვლავ აქტუალურია კითხვა: რატომ გახდა იტალია კორონაპანდემიის ეპიცენტრი?
ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ზოგი მიზეზად იმას ასახელებს, რომ იტალიამ პრევენციული ღონისძიებების მიღება დააგვიანა და აკრძალვებიც გვიან შემოიღო, ანუ იტალიის ხელისუფლებას ვირუსის მართვის არასწორად დაგეგმილი სტრატეგია ჰქონდა.
ამასთან, იტალიის ლეტალურ შემთხვევებს სპეციალისტები იმითაც ხსნიან, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობა „დაბერდა“.
„ცხოვრების დონისა და სტილიდან გამომდინარე, ევროპაში ადამიანების დიდი ნაწილი დიდხანს ცოცხლობს, ამიტომ იტალიას 90-100 წლის პაციენტები ჰყავდა. ზოგადად, კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, სამწუხაროდ, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირებულია უფრო გერიატრიულ, ანუ ასაკოვან პაციენტებში. საერთოდ, როდესაც გარდაცვლილთა რაოდენობის მაჩვენებელი ცხადდება, ძალიან ბევრი ფაქტორი უნდა იყოს მითითებული, რათა ამან პანიკა არ გამოიწვიოს.
გარდაცვალების ერთ-ერთი ფაქტორი სწორედ ასაკია. ამიტომ, მაგალითად, ავსტრიაში, როდესაც გამოიცა პანდემიის ბრძანება, ხელისუფლების ერთ-ერთი მითითება იყო, მოვერიდოთ ხანდაზმულ ადამიანებსო და მშობლებიც კი გააფრთხილეს, რომ ბავშვები არ დატოვონ მოხუც ბებია-ბაბუებთან. ეს მითითება არსებობდა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებისთვისაც. განსაკუთრებით კი გულ-სისხლძარღვთა და ფილტვების დაავადების მქონე პირებისთვის. ასეთ პაციენტებში დაავადება რთულად მიმდინარეობს“, - ამბობდა გასული თვეში „რადიო თავისუფლებასთან“ ინსბრუკის საუნივერსიტეტო კლინიკის რადიოონკოლოგიისა და სხივური თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმი, ირმა კვიცარიძე.
რა მდგომარეობაა მას შემდეგ იტალიაში, რაც პანდემიის პიკმა, ასე თუ ისე, გადაიარა და, საერთოდ, როგორ ცხოვრობენ ის ქართველი ემიგრანტები, რომლებიც სამშობლოში არ დაბრუნდნენ? – „ქრონიკა+“-ის რესპონდენტი მერი მელიქიშვილია, რომელიც იტალიაში, დაახლოებით, ხუთი წლის წინათ წავიდა.
მერი, რომელიც იტალიის ჩრდილოეთში, ანუ ზუსტად იქ ცხოვრობს, სადაც კორონა აფეთქდა, გვეუბნება, რომ პანდემიის მიუხედავად, საქართველოში დაბრუნებას არ ფიქრობს და ამასთან, იმასაც უსვამს ხაზს, რომ კორონავირუსის ფონზე იტალიამ ემიგრანტების განსაკუთრებით დაფასება დაიწყო.
- მერი, რა ხდება იტალიაში, პიკმა გადაიარა?
- ბოლომდე არა, მაგრამ საქმე დღითი დღე უკეთესობისკენ მიდის და ვფიქრობ, ყველაფერი მალე დამთავრდება.
- აკრძალვები ისევ არსებობს? რა სახის აკრძალვებია?
- ჯერჯერობით არსებობს, ანუ ხალხი ქუჩაში ნაკლებად გადის. ამასთან, მაღაზიების, ბანკებისა და ზოგი სხვა აუცილებელი ობიექტის გარდა ყველაფერი ისევ დაკეტილია, თუმცა მთავრობა აპირებს, რომ 3 მაისიდან აკრძალვები მოხსნას. ვნახოთ, რა და როგორ იქნება.
- მერი, რამდენი ხანია, ქუჩაში არ გასულხარ?
- 34-35 დღე იქნება.
- იზოლაციაში ცხოვრება ძნელია? დროს როგორ გკლავ?
- ზოგიერთისთვის, ვინც ჩაკეტილ სივრცეშია, ცოტა ძნელია. ვისაც ეზო გვაქვს და მაღაზიებიც ახლოსაა, იზოლაცია სულ არ იგრძნობა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მეგობრებს ვერ ვნახულობთ.
- ადგილობრივ მოსახლეობაში პანიკაა?
- სადაც მე ვარ, პანიკა ნამდვილად არ არის. უბრალოდ, შინ ჯდომით დავიღალეთ.
- შენ გარშემო ბევრი ადამიანი დაინფიცირდა და გარდაიცვალა, მით უმეტეს, რომ ჩრდილოეთში, ანუ ეპიდემიის ეპიცენტრში ხარ?
- სიმართლე რომ გითხრა, არ მსმენია, რომ ჩემ გარშემო ვინმე დაინფიცირებულიყოს.
- ისე, ადგილობრივები რას ამბობენ, რატომ დაერია კორონა, მაინცდამაინც, იტალიას?
- ცოტა უფრო მომზადებულები რომ შეხვედროდნენ, ალბათ, ასე არ გართულდებოდა.
- ბევრი ქართველი წამოვიდა სამშობლოში?
-არ მსმენია, რომ ისინი, ვინც ჩემ ირგვლივ არიან, წამოსულიყვნენ. მეტიც, ჩემი სანაცნობოდან საქართველოში დაბრუნებას არავინ აპირებს.
- ემიგრანტებზე რამე შეღავათები ხომ არ დაწესდა?
- ამაზე ბევრს ლაპარაკობენ და ელოდებიან, მაგრამ ჯერ კონკრეტულად არაფერი გამიგია.
- ისე, კორონასი გეშინია?
- მე და ჩემს მეგობრებს, ახლობლებსა და ნაცნობებს არც შეგვშინებია და არც გვეშინია იმიტომ, რომ ყველა რეკომენდაციას ვიცავთ და აკრძალვებსაც ვემორჩილებით.
- მერი, რისი იმედი გაქვს?
- იმედი მაქვს, რომ მალე ყველაფერი გაივლის და ცხოვრებას ძველებურად გავაგრძელებთ. მინდა, რომ საქართველოშიც ყველაფერი ცუდი მალე დამთავრდეს.
- ისე, დამსაქმებლებმა ხელფასები ხომ არ შეამცირეს?
- არა, ყველაფერი ძველებურადაა. დამსაქმებლები უფრო მეტ პატივს გვცემენ და მთავრობის წევრებიც ხშირად აღნიშნავენ,
ემიგრანტები გვერდით როგორ ვუდგავართ.
- რას ურჩევ საქართველოს მოსახლეობას?
- რეკომენდაციები გაითვალისწინოს, რომ მალე გაიაროს ამ კორონამ თუ რაღაც ჯანდაბამ! ნუ იქნებიან პანიკაში და მალე ყველაფერი კარგად იქნება!
- ცხადია, ყველაფერი კარგად იქნება! წარმატებებსა და ჯანმრთელობას გისურვებ, მერი!
გიორგი აბაშიძე