QronikaPlus
პეტრე კოლხი: „თუ განსაცდელის ჟამს მივხურე ეკლესიის კარი, მაშინ როდის უნდა გამახსენდეს ღმერთი?“

პეტრე კოლხი: „თუ განსაცდელის ჟამს მივხურე ეკლესიის კარი, მაშინ როდის უნდა გამახსენდეს ღმერთი?“

2020-04-12 17:03:02

ქრონიკა+“-ის კითხვებს პასუხობს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის დეკანოზი, მამა პეტრე კოლხი:

_ ბევრ ქვეყანაში კორონავირუსის გამო მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობამ წესები  შეცვალა, რასაც ვერ ვიტყვით საქართველოს საპატრიარქოზე. თქვენი, როგორც ერთ-ერთი სასულიერო პირის პოზიცია როგორია?

_ დღემდე მოვდივართ ისე, რომ ეკლესიაში არც ერთი კლასტერი არ დაფიქსირებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკლესია ზედმიწევნით კარგად იცავს უსაფრთხოების ნორმებს, რომ სხვას არ გადაედოს ვირუსი და ქვეყანაში შექმნილი პრობლემები კიდევ უფრო რთულ ფაზაში არ შევიდეს. მიუხედავად იმისა, რომ კარანტინია გამოცხადებული და ამას ართულებს კომენდანტის საათი, ჩვენ სხვა მოცემულობა გვაქვს.

_ რას გულისხმობთ?

_ მთელი წლის მანძილზე მორწმუნე ადამიანი ელოდება აღდგომის უდიდეს დღესასწაულს. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ კარს არის მომდგარი დიდი მარხვის დასასრული კვირა, ანუ ვნების შვიდეული - დიდი მარხვის ბოლო კვირა, როდესაც ეკლესიაში  ღვთის მსახურება განსაკუთრებულია. მორწმუნე ადამიანისთვის ბოლო კვირას ყველაზე დიდი დატვირთვა აქვს, დიდი გამოწვევების მიუხედავად, რადგან მან წირვა-ლოცვა უნდა მოისმინოს. იქ სპეციფიკური ლოცვები ტარდება მხოლოდ დიდი მარხვის ბოლო კვირაში; მან ასევე თანამონაწილეობა უნდა მიიღოს დიდ ხუთშაბათს, წითელ პარასკევს ანუ ატირებას, შაბათს - ღამის 11 საათისკენ, ასევე მან მონაწილეობა უნდა მიიღოს ისეთ დიდ დღესასწაულთა დღესასწაულში, როგორიც არის აღდგომის დადგომა. იმ შემთხვევაში, თუ ეკლესიაში დაფიქსირდებოდა ფაქტი, რომ რომელიმე მრევლი, სტიქაროსანი ან ღვთისმსახური იქნებოდა ვირუსის მატარებელი, შეიძლებოდა, ჩვენ გვეფიქრა იმაზე, რომ გაფართოებულად არ ჩატარებულიყო წირვა-ლოცვა და პატრიარქი ნებისმიერ ადამიანს მოუწოდებდა თავის შეკავებისკენ, მაგრამ როგორც დასაწყისში აღვნიშნე, ეკლესია ყველაზე კარგად,  სწორად და გააზრებულად იცავს ნორმებს, რომ არც ერთი კლასტერი არ დაფიქსირდეს.

_ თუმცა დაზღვეული არავინაა.

_ შეიძლება რისკის ფაქტორი  ძალიან დიდი იყოს, მაგრამ ესეც კონტროლირებადია.

_ როგორ?

_ ეკლესია არავის მოუწოდებს, გინდა თუ არა, მოხვიდე ტაძარში. საკითხს ეკლესია ასე არ აყენებს. ეკლესია ამბობს, თუ ვინმეს ეშინია, ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, რომ ღამისთევის წირვას დაესწროს, პირდაპირი ტრანსლაცია იქნება საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ოჯახიდან  ადევნოს თვალი სადღესასწაულო წირვას, მაგრამ ვინც აბსოლუტურად ჯანმრთელია, ვისაც საფრთხე არ ემუქრება და ვისგანაც შეიძლება, რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ბუნებრივია, მას ჩვენ ვერ ავუკრძალავთ ეკლესიაში მოსვლას.საკითხის ამ კუთხით ფორმულირება ყველაზე არაჯანსაღი და არასწორი იქნება. ამიტომ ჩვენ ამ ორომტრიალში გამოვკვეთეთ ორი უკიდურესი მხარე: ერთი, რომელიც ფანატიკურად ამბობს, რომ ეკლესიაში უნდა მოხვიდე და მეორე, რომელიც აგრეთვე ფანატიკურად ამბობს, შენ რაც არ უნდა კარგად იყო, მაინც არ მიხვიდე ეკლესიაში. ორივე არის აბსოლუტური უკიდურესობა.

_ რატომ არის უკიდურესობა, როდესაც ადამიანები ითვალისწინებენ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს, რომ დავრჩეთ სახლში, რათა ვირუსის გავრცელების ჯაჭვი ჩაწყდეს. თუ ამ რჩევას ითვალისწინებენ სხვა მართლმადიდებლური სამყაროს მიმდევრები, ეკლესიები, ასევე კათოლიკური ეკლესიაც, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია პრინციპულობას იჩენს თუ რისი თქმა უნდა ამით?

_ პრინციპულობის საკითხი მაშინ იქნებოდა, ეკლესიას რომ დაჟინებით მოეთხოვა და ეთქვა, გინდა თუ არა, აუცილებლად მოდით ეკლესიაშიო.  ეკლესიის პოზიცია  ის არის, რომ სადღესასწაულო ლიტურგია ჩატარდება, თუნდაც მარტო სასულიერო პირები რომ დარჩნენ ტაძარში, წირვა უნდა ჩატარდეს.

_ ეგ გასაგებია, რომ ეკლესიის კარი ვერ და არ დაიხურება, მაგრამ სასულიერო პირებს, ამ შემთხვევაში, საქართველოს საპატრიარქოს, შეუძლია მრევლს მოუწოდოს, თუნდაც ასეთ დიდ დღესასწაულებზე სახლში დარჩეს.

_ ამას ამბობს ნებისმიერი ჯანსაღი სასულიერო პირი, რომელიც ფანატიზმისგან და ხიბლისგან დაცლილია. თუ თქვენ სურვილი გაქვთ და ხელი გეწყობათ ჯანმრთელობის სიტუაციიდან გამომდინარე, შეგიძლიათ, რომ მობრძანდეთ, რადგან ეკლესიის კარი არ იკეტება, მაგრამ თუ თქვენ ხელი არ გეწყობათ ჯანმრთელობიდან გამომდინარე, მაშინ დარჩით სახლში და პირდაპირი ტრანსლაციით დაესწარით წირვა-ლოცვას. მაგრამ იმიტომ, რომ საგანგებო სიტუაციაა, ისე ვერ მოხდება, რომ წირვა-ლოცვის გარეშე დარჩეს ეკლესია აღდგომის დღესასწაულზე. თუ ჩვენ რაღაცის შიში გვაქვს, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ ღვთის შიშზე მეტად სხვა რამის შიში არ გაგვიჩნდეს. ყველაზე მთავარი არის ღვთის შიში და რწმენა. თუ განსაცდელის ჟამს არ ვილოცეთ და თუ მსოფლიო მასშტაბური გამოწვევების ჟამს მივხურე ეკლესიის კარი და წირვა-ლოცვა არ ჩავატარე ტაძარში, მაშინ როდისღა უნდა გამახსენდეს ღმერთი?

_ ტაძარშიც რომ არ ვიყოთ, ღმერთი მაშინაც უნდა გვახსოვდეს და, ალბათ, დამეთანხმებით, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, ღმერთი ყოველთვის შეისმენს ჩვენს ლოცვას.

_ ხო, მაგრამ საღვთო ლიტურგიის ჩატარება მხოლოდ ეკლესიაში ხდება.

_ თქვენ სად იქნებით აღდგომის დღესასწაულზე?

_ ტრადიციულად, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ვიქნები და ჩემთვის ეს არის უდიდესი ზეიმი და სიხარული. ყველა ჩვენგანი, ვინც იქ მოღვაწეობს, სვეტიცხოვლის ტაძრის გუმბათქვეშ ვილოცებთ ერის, ეკლესიის გადასარჩენად აღდგომის დღესასწაულზე, რომ ნებისმიერი მართლმადიდებელი ადამიანი გადარჩეს ღვთის მადლით და წყალობით. რომც არ ვიყო სასულიერო პირი, პირადად მე ვერ წარმომიდგენია ვერასდროს, აღდგომის დღესასწაულზე სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარი ჩაიკეტოს.

გიორგი საკარული

გაზიარება