- კვირაპერი, 12 იანვარი, 2025
2020-04-11 18:40:55
როგორ ებრძოდნენ ჟამიანობას ძველად?
ჟამიანი ჟამი საქართველოსთვის უცხო არ არის. ჭირმა და სახადმა არაერთხელ გადაუარა ამ ქვეყანას. მაშინ არც ვაქცინა იყო და არც - წამლები, მაგრამ ჩვენი წინაპრები მაინც ახერხებდნენ ჟამთან გამკლავებას. ჟამიანობის გამო მოსისხლე მტრებიც წყვეტდნენ შუღლს.
როგორ ებრძოდნენ ძველად მთაში ჟამს და როგორ იცავდნენ დაავადებულები სხვების ჯანმრთელობას? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს მხატვარი შოთა არაბული ესაუბრება:
_ იმისთვის, რომ კორონავირუსი არ გავრცელდეს, საუკეთესო წამალი სახლში დარჩენაა. იმისთვის რომ, ადამიანები იზოლაციაში დარჩნენ, ხელისუფლებამ კომენდანტის საათიც კი შემოიღო. არადა, საუკუნეების წინათ ადამიანები ჟამიანობისას თავად იკეტებოდნენ იზოლაციაში, რათა დაავადება სხვებისთვის არ გადაედოთ.
_ მთლიანად საქართველოში როგორ ხდებოდა, ვერ გეტყვით, მე მხოლოდ ხევსურეთის მაგალითზე შემიძლია გიამბოთ, როგორ იქცეოდა ხალხი ჟამიანობის დროს. ხევსურეთში მედიცინა ძალიან მაღალ დონეზე იყო განვითარებული და საუკუნეების წინათ აქ უკვე იყვნენ დასტაქრები, რომლებიც ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებდნენ. მათ შორის თავის ქალას ტრეპანაციასაც კი. თავადვე ამზადებდნენ წამლებს როგორც მცენარეებისგან, ასევე ცხოველების სხვადასხვა ორგანოსგან. სახალხო მკურნალები წარმატებით უმკლავდებოდნენ სხვადასხვა დაავადებას, მათ შორის, ინფექციურ დაავადებებსაც.
ხევსურები ჟამთან გამკლავებასაც კარგად ახერხებდნენ. მათ, ჯერ კიდევ, ძველი დროიდან ჩვევად ჰქონდათ გამომუშავებული, რომ ჭირის გაჩენის შემთხვევაში იზოლაციაში ყოფილიყვნენ. ხევსურების გარდა იზოლაციას მიმართავდნენ მათ მოსაზღვრედ მცხოვრები ჩეჩნები და ინგუშები.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჟამიანობა, რომელსაც ანატორის აკლდამების სახელი უკავშირდება, მეთოთხმეტე საუკუნეში იყო. მაშინ შავი ჭირი საქართველოში მონღოლებმა შემოიტანეს. საქართველოდან გავიდა ევროპაში. ამ ჭირმა უამრავი ადამიანი შეიწირა.
_ ანატორის აკლდამებს ბევრი ამბავი და ლეგენდა უკავშირდება. არის ასეთი თქმულებაც, რომ ჟამიანობის დროს ხევსურები ისხდნენ და მღეროდნენ. ვიღაცას გამოუვლია და უკითხავს, რა გემღერებათო და სიკვდილს სიმღერით ვაშინებთო.
_ ეს არ ვიცი, მაგრამ აკლდამებში შესული ხალხი მღეროდა. არის გადმოცემა, რომ ანატორის ერთ-ერთ აკლდამაში ერთ დღეს შევიდა 25 ხმლიანი ახალგაზრდა. იმათ იცოდნენ, რომ უკვე განწირულები იყვნენ. ერთ-ერთ მათგანს თან ფანდურიც ჰქონია და სიმღერით ელოდებოდნენ სიკვდილს.
_ხევსურეთის მოსაზღვრედ მცხოვრები ჩეჩნები და ინგუშები ახსენეთ. ისინი ერთმანეთს მტრობდნენ, მაგრამ როგორც ამბობენ, როცა ჟამიანი ჟამი დგებოდა, ისინი ერთმანეთთან მტრობასაც კი წყვეტდნენ, ერთმანეთს აფრთხილებდნენ, _ უსახელოდ, ჟამით არ მოვკვდეთო.
_ ვერ ვიტყვი, რომ ქისტებსა და ინგუშებს შორის მტრობა იყო. მათ შორის დაპირისპირებას პოლიტიკური საფუძველი არასდროს ჰქონია. ეს ისეთივე მტრობა გახლდათ, როგორც, ვთქვათ, თავად ხევსურებს შორის იყო. საქმე გვქონდა პირად საგვარეულო მტრობასთან. ხევსურებიც და ქისტებიც სულ ცდილობდნენ, რომ მოსისხლეები შეერიგებინათ და სიტუაცია არ გართულებულიყო.
ქისტეთში არის შავანის ხეობა, რომელიც არხოტის სოფელ ჭიმღას ესაზღვრება. ეს ჟამიანობა რომ ჩამოვარდა, ქისტებიდან (ინგუშეთიდან) ამოსულა ვიღაცა და წყლისგაღმიდან დაუწყია ხევსურებისთვის ძახილი. მან არხოტივნები და ჭიმღელები გააფრთხილა, _ ჩვენთან დაავადება გავრცელდა, მე მანდ ვერ გადმოვალ, რამე უბედურება არ გადმოგიტანოთ და თქვენ გაფრთხილდითო. გადმოცემის თანახმად, როგორც კი მიაწვდინა ხმა ხევსურებს, ის ქისტი უკან გაბრუნებულა.
_ რამხელა შეგნება ჰქონიათ მაშინ ადამიანებს. მეზობლები გააფრთხილა და მდინარის აქეთაც კი არ გადმოვიდა, რომ სენი არ გადმოეტანა.
_ რა თქმა უნდა, შეგნება ჰქონდათ. მათ უკვე იცოდნენ, რომ ჭირის გავრცელების შესაჩერებლად საუკეთესო საშუალება თვითიზოლაცია იყო. ანატორში რაც აკლდამები დგას, ჩვეულებრივი სამარხები იყო. იქაურებმა ჭირიანობის დროს ეს აკლდამები თვითიზოლაციისთვის გამოიყენეს. ვინც არ იცის, მათთვის ვიტყვი, რომ აკლდამა არის ღია სამარხი. მიწისზედა ნაგებობაა, რომელსაც პატარა სარკმელი და პატარა შესასვლელი აქვს. შიგნით აკლდამებში კედლებზე ქვის თაროებია გაკეთებული. დაავადებულები იქ რომ შედიოდნენ, თაროზე მწოლიარე უკვე გარდაცვლილებს გადმოაგდებდნენ დაბლა და თავად წვებოდნენ მათ ადგილზე.
_ ასეთი აკლდამები საქართველოში სხვაგანაც გვხვდება?
_ ბევრგან არის, მათ შორის, თუშეთში. ასეთი აკლდამები ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზეცაა. იქაც ასე ებრძოდნენ ჭირს. ცნობილი აკლდამები არის ჩრდილოეთ ოსეთში.
_ მკვდართა სოფელი, ულამაზესი სანახობაა - 99 კოშკი-აკლდამაა იქ.
_ ფიაგდონის ხეობაში მდებარეობს. ეს ძველი ამბებია. უფრო აქეთაც იყო ჟამიანობა. მეცხრამეტე საუკუნეში გავრცელდა რაღაც დაავადება. ამაზე ბესარიონ გაბური წერს თავის ჩანაწერებში. მისი მონაყოლით, ერთ-ერთ ოჯახში გაჩნდა რაღაც სენი. მთელი ოჯახი შევიდა სახლში, ამოქოლეს ყველა შესასვლელი და გარეთ არ გამოდიოდნენ. სახლში ელოდნენ სიკვდილს და არ უნდოდათ, ეს სენი გარეთ გამოსულიყო. ეს ხალხი ბესარიონ გაბურის მეზობლები იყვნენ. ბესარიონმა და მისმა ძმამ შეამტვრიეს მათი სახლის კარი, შევიდნენ შიგნით და დაუწყეს მათ მკურნალობა.
_ რამხელა სიმამაცე გამოუჩენიათ. უშველეს იმ ხალხს?
_ ვერა! თავად ბესარიონს არაფერი დაემართა, მაგრამ მისი ძმა გარდაიცვალა. ის ოჯახიც ამოწყდა. იგივე სიტუაცია ყოფილა ამღაშიც. იქაც ჩაკეტილა ერთ-ერთი ოჯახი, სადაც რაღაც ჟამი გაჩნდა. როგორც ჩანს, ეს იყო ესპანურა. დაზუსტებით არ ვიცი.
რაც მოგიყევით, ეს იმაზე მიუთითებს, თუ როგორი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ხევსურები სხვის სიცოცხლეს, - როცა ხედავდნენ, რომ თავად ავადდებოდნენ, იზოლაციაში მიდიოდნენ.
_ ეს არ იქნებოდა იოლად გადასაწყვეტი.
_ ვფიქრობ, ხევსურებს ეს არ გაუჭირდებოდათ. ეს კუთხე დანარჩენი საქართველოსგან იზოლირებულად ცხოვრობდა, არსად გადიოდნენ, არც იქ შემოდიოდა ვინმე. ხევსურეთში თავადი, აზნაური არ იყო, არც ბეგარა და გადასახადები იყო, არც პროდუქციისთვის სჭირდებოდათ სადმე წასვლა. ყველაფერს ადგილზე აწარმოებდნენ. ერთადერთი, მარილი შემოჰქონდათ ჩეჩნეთიდან. ზოგჯერ ვაჭრებიც ამოდიოდნენ, ისინიც აბრეშუმის ძაფს ან მძივს თუ ამოიტანდნენ, ტანსაცმლის მოსართავად სჭირდებოდათ ხევსურებს.
_ ტანსაცმელი მართლა საოცრად ჰქონდათ ხევსურებს მორთული.
_ ეს ყველაფერი ადგილზე მზადდებოდა, თავად კერავდნენ და ქარგავდნენ.
_ თქვენ მოგვიყევით ისტორია, როცა ჟამით დაავადებულმა ოჯახმა თავად ამოქოლა შიგნიდან კარი. ამ დროს ცოტა უცნაურია, რომ 21-ე საუკუნეში ადამიანებს ცოტა ხნითაც კი არ უნდათ სახლში გაჩერება.
_ ეს სიბრძნე ჩვენ წინაპრებიდან მოგვდის, იმათ ჰქონდათ ჭირთან ბრძოლის გამოცდილება. ყველა უნდა დავემორჩილოთ ექიმების მოწოდებებს და დავრჩეთ სახლში. ჟამისგან თავის დასაღწევად ეს საუკეთესო საშუალებაა.
შორენა მარსაგიშვილი