- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-11 17:04:16
კორონაპანდემიამ ადამიანები გააერთიანა, ანუ ხალხი ერთმანეთს ისე ეხმარება, როგორც შეუძლია. ალბათ, ამიტომაც უწოდა ზოგიერთმა დასტაქარმა ახალ კორონავირუსს „სიყვარულისა და ჩახუტების ვირუსი“. მოკლედ, ეს ის შემთხვევაა, როცა, შეიძლება ითქვას, ზოგი ჭირი მარგებელია - იმ დროს, როცა პლანეტა უხილავ მტერთან ომშია, თითოეული ჩვენგანი ამ ომის მოგებას ისე ვცდილობთ, როგორც შეგვიძლია, ანუ ცხადია, რიგითი ადამიანები ვერც ვაქცინას შევქმნით და ვერც - თანამედროვე „შავი ჭირის“ სამკურნალო პრეპარატს, მაგრამ მედიკამენტზე მეტად ახლა მოსახლეობას თანადგომა სჭირდება.
„ქრონიკა+“ იმის თაობაზე, თუ რა სიკეთეს აკეთებენ ადამიანები ამ საყოველთაო იზოლაციის დროს, უკვე წერდა. ამჯერად კიდევ ერთ კეთილ საქმეზე მოგითხრობთ.
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, საქართველოს ავტო-მოტო სპორტის ვეტერან სპორტსმენთა საერთაშორისო კლუბი „ლეგენდა“ გამოდის ინიციატივით, რომ კომენდანტის საათის დროს აფთიაქების თანამშრომლებს, ასევე მედპერსონალსა და ყველას, ვისაც ეს დასჭირდება, საკუთარი ავტომანქანებით, ყოველგვარი საფასურის გარეშე, მოემსახურება.
როგორც კლუბის პრეზიდენტმა და ვეტერანთა საბჭოს თავმჯდომარე დავით ჩაჩანიძემ „ქრონიკა+“-ს განუცხადა, „ლეგენდის“ წევრებს 80-მდე ავტომანქანა აქვთ. ამასთან, ჩაჩანიძე ამბობს, რომ ყველა მანქანას ყოველდღე უტარდება შესაბამისი დეზინფექცია, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლეგენდის“ ავტომანქანებით გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა.
„ამ იდეის ავტორი და საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ირაკლი მეძმარიაშვილია. იმისთვის, რომ ჩვენი იდეა რეალობად ვაქციოთ, მთავრობისგან, ალბათ, სპეციალური ნებართვა დაგვჭირდება, რათა კანონი არ დავარღვიოთ და კომენდანტის საათის დროს, ანუ 21:00-დან დილის 6 საათის ფარგლებში, გადაადგილება უპრობლემოდ შევძლოთ. აქვე იმასაც გეტყვით, რომ ჩვენი ინიციატივა მხოლოდ დედაქალაქს კი არ ეხება და თუ ნებართვას მივიღებთ, თბილისის 50-კილომეტრიან რადიუსში ყველას, ვისაც ეს დასჭირდება, ჩვენი ავტომანქანებით მოვემსახურებით“, - აცხადებს დავით ჩაჩანიძე.
სხვათა შორის, „ქრონიკა+“-ის მკითხველი დავით ჩაჩანიძეს კარგად იცნობს, ანუ ის მხოლოდ ვეტერანი სპორტსმენი კი არა, გამომგონებელიცაა, რომელიც თავისი წვლილის შეტანას კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მეცნიერული კუთხითაც ცდილობს, თუმცა ამის შესახებ სხვა დროს ვისაუბროთ.
ვეტერანი სპორტსმენების ზემოხსენებული ინიციატივა იმის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი და დადასტურებაა, რომ სიკეთე გადამდებია და გაჭირვების დროს ადამიანები ერთმანეთს ანგარების გარეშე უდგებიან გვერდით! ახლა, მთავარია, „ლეგენდის“ ინიციატივას მთავრობამ ყურადღება მიაქციოს და კლუბის წევრებს კომენდანტის საათის დროს გადაადგილებისას პრობლემები არ შეუქმნას. როგორ უნდა მოხდეს ეს? - საამისოდ, ალბათ, გარკვეული მექანიზმი იქნება მოსაფიქრებელი.
ასეა თუ ისე, მთავარია, კარგი იდეა არსებობს და მის რეალობად ქცევასაც, წესით, არაფერი უნდა დაუდგეს წინ!
გიორგი აბაშიძე