- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-10 12:12:39
არსებულ ვითარებაში ხელისუფლების წელგამართულობა და ეფექტიანობა, იმის მიუხედავად, ვის რა პოლიტიკური გემოვნება და სამომავლო მიზნები აქვს, საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ინტერესებშია. პირველ რიგში იმიტომ, რომ გადარჩეს. ამ გადარჩენის პროცესის მენეჯმენტს დღეს მთავრობა უზრუნველყოფს.
საქართველოში COVID 19-ის გავრცელების პირველი ეტაპის ორგანიზებულობის განმაპირობებელი მხოლოდ საქართველოს მთავრობის ეფექტიანი საქმიანობა კი არა, მოსახლეობის ბუნებრივი ინსტინქტი - შიში გახლდათ. ამის პარალელურად, უნდა ვაღიაროთ, რომ მთავრობას ჰქონდა და აქვს წარმატებული ნაბიჯები, ეს არ ნიშნავს, რომ ხარვეზიანი - არა, მაგრამ ნიშნავს ეფექტიანს. მაშინ, როდესაც ქართულმა საზოგადოებამ ადეკვატური რეაგირება მოახდინა მოსალოდნელ საფრთხეებზე და არანაირი დამატებითი, მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია, საპატრიარქომ მას საბოტაჟი მოუწყო და ღია ბრძოლა დაიწყო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამაზე ბევრი ვთქვი და არ განვავრცობ - მხოლოდ იმას გავიმეორებ, რომ ეს არის ბრძოლა უფრო მეტი გავლენისთვის და შესაბამისად, უფრო მეტი ძალაუფლებისთვის, რომელიც შეფუთულია ცრუ რელიგიური გრძნობებით.
გაიხსენეთ საქართველოს მთავრობის პირველი ნაბიჯები საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში, როდესაც მისაღები იყო პრაქტიკული გადაწყვეტილებები, რომლებსაც შესაბამისი სფეროს პირველი პირები ახმოვანებდნენ. ვაღიაროთ, საკმაოდ პროდუქტიულად და კარგად შეფუთულად PR-ის კუთხითაც. ამ უკანასკნელს კი მთავრობის ადმინისტრაციისა და შესაბამისი უწყებების PR სამსახურები უზრუნველყოფდნენ. მათ არ სჭირდებოდათ ზედმეტი ინტრიგები. კონკრეტული მესიჯები იყო საქმიანი და ვიმეორებ - გასაგები. შესაბამისად, ეფექტიანიც. მაგრამ?..
დაახლოებით ორი კვირის წინ საქართველოს მთავრობამ დაიწყო წაბორძიკებები და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კვანტისდამდებები ტრადიციული ოპონენტები კი არა, თავად მისი იდეოლოგები, ან, თუ გნებავთ, „PR ტრიო“ გახდა.
ტრიო - ერთსულ და ერთხორც, რომლის მოტივაცია აბსოლუტურად გასაგებია. სულ ახლო წარსულში, როდესაც დასავლეთიდან წერილები წერილებზე მოდიოდა, „PR ტრიო“ „ცვეტში“ იყო. „ოცნების“ პოლიტიკური სპექტრი ყოველ დილას გზავნილების კითხვით იწყებდა და ძილის წინ მათი sms-ებით იავნანობდა. ანუ მათი გავლენა და ძალაუფლებაც საკმაოდ დიდი იყო.
და უცებ, ახალი კორონას გამოწვევისა და მთავრობის პოზიტიური აქტივობის პირობებში „PR ტრიო“ „ბორტს მიღმა“ აღმოჩნდა.
სცენაზე დასაბრუნებლად მათ სულზე მოუსწრო „მარნეულის კლასტერმა“ და ეგრევე შემოაგდეს აზერბაიჯანული - ეთნიკური თემა, სადაც „PR ტრიო“-ს ტროლებმა „ეფექტიანად“ იმუშავეს. ამათი მიზანი ხომ მათ მიერვე პრობლემის შექმნა და მერე ამ პრობლემაზე „პროდუქტიულად სასარგებლო“ რეაგირებაა. მეორე საკითხი, სადაც ისევ „პროდუქტიულად სასარგებლო“ აღმოჩნდნენ, ექიმების თემის პროვოცირება იყო, რასაც ზოგიერთი ჩვენი თანამოქალაქე გასაგები გულისწყრომით, ზოგი კი მოდისთვის აჰყვა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს თემა საპატრიარქოს ინტერესებშიც შედიოდა. მესამე თემა თავად საპატრიარქოს თავნებობა და საბოტაჟი გახლავთ.
ნებისმიერ შემთხვევაში, თუ საპატრიარქო, ანუ პატრიარქი არ გადაუგდებს ხელისუფლებას მაშველ რგოლს და თავად არ „დაკეტავს“ ტაძრების კარებს, უკვე თვალნათელია, რომ ხელისუფლება ცუდ დღეშია. მას კანონის აღსრულებისთვის არც პრინციპულობა ჰყოფნის და არც - პოლიტიკური ნება.
საპატრიარქომ მნიშვნელოვნად დააზიანა ხელისუფლების ავტორიტეტი და ნებისმიერი შემდგომი გართულება უკვე ავტორიტეტის პასუხისმგებლობით ჩანაცვლება იქნება. დიახ, გასაგებია, ეს რატომ სურს საპატრიარქოს, მაგრამ რატომ უწყობს ხელს ამას სახელისუფლებო იდეოლოგიური მანქანა, ტვ-ები და „PR ტრიო“? აბსურდია რწმენასა და ტრადიციებზე საუბარი, საპატრიარქოს ეს ქმედება არც ერთში ჯდება და არც მეორეს ითვალისწინებს. ეს ნებისმიერმა მორწმუნემ და განათლებულმა ადამიანმაც იცის. მაშინ რატომ უწყობს ხელს, სახელისუფლებო მედია (ოპოზიციურს თავისი მიზნები აქვს) სახელმწიფოს, მთავრობის დასუსტებისკენ მიმართული აზრის ტირაჟირებას? რატომ ადასტურებს მოსაზრებას, რომ ეკლესია ცალკე სახელმწიფოა და რომ მათი კანონები საერო კანონებზე უპირატესია, თვით საგანგებო მდომარეობისას? ვინ უწერს „მესიჯებს“ მინისტრებს, რომელიც აბსოლუტურად განსხვავებულია თავისი შინაარსით მათი დამოკიდებულებებისგან საქართველოს რიგით მოქალაქესთან თუ სხვა ინსტიტუციასთან მიმართებით და სხვა სასულიერო პირებთან და საპატრიარქოსთან მიმართებით?
„PR ტრიომ“, რომელმაც დღეების განმავლობაში ვერაფერი მოიფიქრა უცხოეთიდან ემიგრანტების ჩამოყვანის ინიციტივის, „სწრაფი ტესტების“ (აქ ყველამ ყველაფერი იცის) საპასუხოდ და თავისი უმოქმედობისა და არაპროდუქტიულობის ნათელი დემონსტრირება მოახდინა, საკუთარი უმწეო პოლიტიკური გამჭრიახობით სრულიად ქმედითი აღმოჩნდა კანონის დარღვევის სადარაჯოზე. თუმცა ამ პერსონებისთვის ხომ ისედაც დიდი ხანია, კანონი მხოლოდ ის არის, რაც მათ აწყობთ. მათი ანტისამთავრობო კონვულსიების კლასიკური მაგალითია კანონის დამრღვევი სასულიერო პირების ტირაჟირება და პროპაგანდირება, მაგრამ საერთოდ „კლასიკა“ იყო გოგა ხაინდრავასთვის სატელევიზიო ეთერის დათმობა, განსაკუთრებით რელიგიის ნაწილში. ერთი მხრივ, სხვათა მიერ უკანონო ქმედებებზე მოღაღადე რესპონდენტმა და გადაცემის წამყვანმა ისე გადაუარეს საგანგებო მდგომარეობის პირობებში მოქმედ წესებს, რომ არც კი უხსენებიათ ამ წესების სავალდებულობა საქართველოს ყველა მოქალაქისა თუ ინსტიტუციისთვის. ანუ ამით რა მესიჯს აწვდის მოსახლეობას სახელისუფლებო მედია და „PR ტრიო“ - იდეოლოგები? დაარღვიეთ კანონი! ანუ რადგან ამას ამბობს და ტირაჟირებს სახელისუფლებო მედია, ე. ი. კანონი მხოლოდ რიგითი მოკვდავისთვისაა - თუნდაც საჯარო მოხელისთვის, მაგრამ არა „ბერისთვის“? ანუ ხელისუფლების მოტივაციაა კანონის დარღვევის ხელშეწყობა?
ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს მთავრობის ცალკეული წარმომადგენელი ფრიად გაკვირვებულია, - რატომ არის ხალხი უმადური? მაგრამ კითხვაა არასწორად ფორმულირებული, ისევე როგორც ტვ „იმედის“ გამოკითხვა ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებასთან დაკავშირებით. მთავრობის წევრებს ავიწყდებათ რამდენიმე დღის წინანდელი განწყობები, როდესაც მოსახლეობის უმეტესობა მადლიერებით იყო აღვსილი. რა ხდება? შიდა ომი? ცალკეულ პერსონებს ამბიციები ახრჩობთ? „PR ტრიო“ მეუფე იაკობს უსრულებს სანუკვარ ოცნებას და გახარიას სახრჩობელაზე ასაყვანად ამზადებს? ამ ქვეყანაში ვისაც აქებენ, ის რომ განწირულია, ეგ ახსოვს პრემიერს და არა მარტო?
ვინ აფეთქებს ხელისუფლებას? - ამ კითხვის დამსმელი ბრმაა, რადგან თვალხილულთათვის ნათლად ჩანს, ვინ არიან ისინი - საპატრიარქო და „PR ტრიო“. სულაც არ გამიკვირდება, რომ ძალიან მალე მთავრობამ ის პოზიტივი გაანიავოს, რაც დღემდე, ასე თუ ისე, მოიტანა და ამას ვერავის დააბრალებს. ერთ შემთხვევაში საკუთარ უპრინციპობასა და მეორეში შიდა ომსა და მავანთა სიხარბეს, ამბიციებს. საზოგადოებას კი ახლა ყველაზე მეტად სჭირდება სტაბილური და საქმიანად და არა სიტყვებით თავდაჯერებული ხელისუფლება.
მთავრობა ახლა იმ ადამიანს ჰგავს, მეზობელი ჭაში რომ აგდებს და ჰპირდება, ამოსაყვან თოკს ჩამოგაწვდიო.
დაცვას მიხედეთ, დაცვას! კანონი აღასრულეთ ყველასთვის თანაბრად და საკუთარ ნეგატიურად ამბიციურ „PR ტრიოს“ „უმკურნალეთ“!
გეგა სილაგავა