- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-08 09:10:23
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამი ქალაქი დარჩა მერის გარეშე: თერჯოლის, ონისა და ქუთაისის მერებმა თანამდებობები საკუთარი სურვილით დატოვეს. ოფიციალურად ასეა ნათქვამი, თუმცა, როგორც ამბობენ, ისინი სულ კინწისკვრით გაყარეს პოსტებიდან.
ქუთაისისა და ონის მერების სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდებოდა. ამის მიუხედავად, ჭიღვარია და საბანაძე არხეინად ისხდნენ სავარძლებში, მათ ვერავინ ეხებოდა. ქუთაისის მერი სოსო გოგაშვილის კადრი და „ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, დიტო სამხარაძის ნათესავია, ემზარ საბანაძე კი - შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძის მამა. ახლა გოგაშვილსაც და საბანაძესაც შავი დღეები უდგათ და რა გასაკვირია, რომ მერთაცვენის პირველ ნაკადში მათი ხალხი მოყვა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „შეცვალეს“ ერთ-ერთ დამფუძნებელ დიმიტრი ბიძინაშვილს მერების კორუფციულ სქემებზე ბევრი აქვს ნამუშევარი და არაერთი ხმაურიანი კვლევაც გამოუქვეყნებია. მისი თქმით, მერთაცვენა სამომავლოდაც გაგრძელდება.
რატომ ტოვებენ მერები პოსტებს ჟამიან ჟამს და რა კავშირი აქვს აღნიშნულ პროცესს არჩევნებთან? _ ამის შესახებ დიმიტრი ბიძინაშვილი „ქრონიკა+“-ს ესაუბრება:
_ ერთ კვირაში სამი ქალაქის მერმა დატოვა თანამდებობა, რამაც ბუნებრივად გააჩინა კითხვები. თქვენი აზრით, რას უკავშირდება მერთაცვენა?
_ სამივე მერი, რომელიც თანამდებობიდან წავიდა, სკანდალებში იყო გახვეული. ონის მერმა, რაჭაში თუკი რამე იყო, ყველაფერი გადაიფორმა: მიწა, ტყე და ლამის ჰაერიც კი არ დატოვა მიუთვისებელი. ქუთაისის მერი რესტორნებში ქეიფსა და იქით-აქეთ სიარულს გადაყვა. ამას ჩვენი ხარჯით აკეთებდა. ისინი პოსტებს თავისი სურვილით არ დატოვებდნენ, მათ ზევიდან მოსთხოვეს განცხადების დაწერა. ისინი იმისთვის არ გაუყრიათ, რომ კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები. მათი გაშვება „ოცნების“ კლანებს შორის დაპირისპირების შედეგია.
ეტყობა, ის კლანი ჩააჩოჩეს, ვინც ამათ მფარველობდა. ახლა ამ მერების მოვალეობას სხვა კლანის წარმომადგენლები შეასრულებენ და ისინი უფრო მეტს მიიტაცებენ ბიუჯეტიდან.
_ რატომ გგონიათ, რომ ისინი უფრო ბევრს მიიტაცებენ?
_ იმიტომ, რომ ისინი დამშეულები არიან - ხედავდნენ, თუ რას აკეთებდნენ მათი წინამორბედები, ახლა თავად დაიწყებენ ბიუჯეტის ჭამას და შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი ფული იშოვონ.
_ გასაგებია, რომ კლანებს შორის დაპირისპირებას მოჰყვა მერების გაყრა, მაგრამ ამ კორონობის ჟამს რა აუცილებელი იყო ამის გაკეთება?
_ ახლა იყო ყველაზე შესაფერისი დრო - მთელი ქვეყანა კორონასთან ბრძოლაზეა გადასული და პოლიტიკისთვის არავის სცალია. ოპოზიციაც კი გაჩუმებულია და ხელს არ უშლის ხელისუფლებას, რომ ის ამ საშინელ ვირუსს გაუმკლავდეს. ამ დროს „ოცნება“ კლანების ბრძოლით არის დაკავებული - არჩევნებისთვის ემზადება და ცდილობს, ის ხალხი მოიშოროს, ვინც კორუფციაშია ჩაფლული. იშორებენ მათაც, ვისი კლანიც დასუსტდება. ახალი სახეების გამოჩენით შეეცდებიან ხალხის შეცდომაში შეყვანას. სხვა დრო რომ ყოფილიყო და საქართველო მსოფლიოსთან ერთად ამ ჭირის წინაშე არ მდგარიყო, რასაც კორონავირუსი ჰქვია, მერების წასვლას პოლიტიკური სკანდალი მოჰყვებოდა. ახლა ამისთვის არავის სცალია. დარწმუნებული ვარ, კიდევ სხვა მერებიც დაწერენ განცხადებებს პოსტიდან წასვლის შესახებ. გააჩნია, ესა თუ ის მერი რომელი კლანის წარმომადგენელი იქნება.
_ კახა კალაძეს თუ მოუწევს განცხადების დაწერა?
_ არა მგონია. ამ ეტაპზე მისი და ივანიშვილის ბიზნესები ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ახლა კალაძეს არაფერი ემუქრება, მაგრამ მერე შეიძლება, სიტუაცია შეიცვალოს. თბილისის მერი, ისევე როგორც მთელი „ოცნება“, საარჩევნო კამპანიაზეა გადასული. ამ ვირუსთან ბრძოლასაც კი სათავისოდ იყენებენ - წითელი ჯვარის დახმარებას თავისი სტიკერები მიაკრა და თავს იპიარებს.
შორენა მარსაგიშვილი