- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-07 13:59:01
როდის დასრულდება კორონაპანდემია და საერთოდ, რატომ ვერ ახერხებენ მეცნიერები ვაქცინის შექმნას? - ეს არის კითხვები, რომელზე პასუხებიც საზოგადოებას დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს. ისე, ჩვენთვის რომ ვთქვათ, ტექნოლოგიების ეპოქაში, როცა შეუძლებელი, პრინციპში, არაფერია, მართლაც, საკითხავია, მსოფლიოს ზესახელმწიფოებს ანტიკორონას შექმნა რატომ გაუჭირდათ? შეთქმულების თეორიის მოყვარულნი მიიჩნევენ, რომ ვაქცინა არსებობს, მაგრამ აქაც ჩნდება კითხვა, - თუ ვაქცინა არსებობს, მაშინ რატომ არ უშვებენ მას „წარმოებაში“?
ერთი სიტყვით, კორონასთან დაკავშირებით უამრავი კითხვის ნიშანია. ასე, მაგალითად, გვეუბნებიან, რომ ახალი კორონავირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება და ამიტომ პირადი ჰიგიენის დაცვა, ანუ, მინიმუმ, ხელების ხშირი დაბანა აუცილებელია, მაგრამ აქვე, მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ კორონავირუსით გარდაცვლილთა დაკრძალვის სპეცპროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც საქართველოშიც მოქმედებს, ანუ თუ „ჩინური ვირუსი“ წვეთოვანი ინფექციაა, მაშინ ამ ვირუსით გარდაცვლილი ადამიანის დასაკრძალავად სპეცრეკომენდაციები რატომღაა საჭირო?
ამ ფონზე საინტერესოა, გადადის თუ არა კორონა გვამიდან, რატომ არ შეიძლება ჯანმო-ს შემუშავებული „სამედიცინო გაიდლაინების“ დარღვევა და რა დაანახეს მსოფლიოს ქართველმა მედიკოსებმა? - „ქრონიკა+“ ექიმ ზურაბ ქუმსიაშვილს ესაუბრა, რომელიც საყოველთაოდ ცნობილი რეკომენდაციების გარდა მოსახლეობას კორონავირუსისგან დასაცავად დამატებით რჩევებსაც აძლევს.
- დიდი ხანია, მსოფლიოში კორონაეპიდემიაა, მაგრამ მეცნიერებმა მისი საწინააღმდეგო ვაქცინა მაინც ვერ შექმნეს, ანუ ამ უხილავ მტერთან კაცობრიობა უძლურია?
- კორონაეპიდემია, რომელიც ჩინეთიდან დაიწყო, მსოფლიოში იანვრიდან ფიქსირდება, თუმცა მანამდე ნოემბერ-დეკემბერშიც იყო.
რაც შეეხება ვაქცინას, მის შექმნას, საშუალოდ, ერთი წელი სჭირდება. არავინ იცის, ამ პერიოდში ეს ვირუსი მუტაციას კიდევ რამდენჯერ განიცდის.
- ამას რატომ ამბობთ?
- ახალი კორონავირუსი სწრაფად მუტირებს და ასევე სწრაფად აზიანებს ფილტვების ალვეოლებს.
- ეს გასაგებია, მაგრამ ეპიდემიები სხვა დროსაც ყოფილა, მაგალითად, სარსი, მერსი, ღორის გრიპი, თუმცა მაშინ ასეთი პანიკა არ ატეხილა. ახლა რა ხდება?
- სხვა მსგავსი ეპიდემიების დროს კაცობრიობა ნაკლებად იყო განათლებული და მომზადებული, დღეს კი გაცილებით მძლავრ პრევენციულ ზომებს მიმართავს.
ამას გარდა, ახალი კორონავირუსი, სხვა კორონავირუსებისგან განსხვავებით, უფრო მოქნილი და მეტად, ასე ვთქვათ, „ინტელექტუალურია“.
- არსებობს კოვიდით გარდაცვლილის დაკრძალვის სპეცპროტოკოლი. ეს იმას ნიშნავს, რომ კორონა გვამიდანაც გადადის?
- დაკრძალვის სპეცპროტოკოლი ნებისნიერი პანდემიის დროს მიღებული ფორმაა. დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე კი ეს პროტოკოლი კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანებისთვისაა შედგენილი.
რაც შეეხება ინფექციის გვამიდან გადადებას, რა თქმა უნდა, შესაძლებელია და ამიტომ მასზე პირდაპირი შეხება დაუშვებელია.
- ყველა ამბობს, რომ 80 პროცენტს კორონა უსიმპტომოდ გადააქვს. თუ ასეა, მაშინ მსოფლიო რატომღა დაპაუზდა?
- როგორც ცნობილია, ახალი კორონავირუსით დასნებოვნებული ადამიანების 80% დაავადებას ადვილად უმკლავდება, რაც ორგანიზმის იმუნურ სისტემაზეა დამოკიდებული. დაბალი იმუნიტეტი ადამიანს შეიძლება, ნებისმიერ ასაკში ჰქონდეს, მაგრამ რისკის ჯგუფს უმეტესად ხანდაზმულები განეკუთვნებიან.
- ცნობილია დაავადებები, რომლებსაც კორონავირუსი განსაკუთრებულად ერჩის, მაგრამ აქცენტი სიმსივნესა და „ც“ ჰეპატიზე არ კეთდება. ეს რით აიხსნება?
- სიმსივნიანი და C ჰეპატიტის მქონე პაციენტებიც რისკის ქვეშ ისევე არიან, როგორც სხვადასხვა ქრონიკული და მძიმე დაავადებების მქონე პაციენტები. განსაკუთრებით მაღალი რისკი კი იმ პაციენტებშია, რომლებსაც ფილტვების დაავადებები აქვთ.
- ზურა, შესაძლებელია თუ არა კორონავირუსის სტრუქტურირებული წყლით მკურნალობა?
- რაც შეეხება ამ დაავადების სტრუქტურირებული წყლით მკურნალობას, სავსებით შესაძლებელია, რადგან იგი აძლიერებს იმუნიტეტს. აღსანიშნავია, რომ საქართველო, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნები, ახალი კორონავირუსით დასნებოვნებული პაციენტების სამკურნალოდ ე. წ. სტანდარტულ „გაიდლაინებს“ იყენებენ, რომლებიც სპეციალურად ამ დაავადებისთვისაა შექმნილი. ზოგადად, „გაიდლაინები“ შექმნილია საშუალო და საშუალოზე დაბალი კვალიფიკაციის ექიმებისთვის და სხვა, დამატებითი მკურნალობის მეთოდების ჩართვას არ ითვალისწინებს. ასეთი მეთოდები, ძირითად შემთხვევაში, მაღალი კვალიფიკაციის მქონე გამოცდილმა ექიმმა უნდა გადაწყვიტოს. ასეთი ექიმებისთვის „გაიდლაინი“ დამხმარე სახელმძღვანელოა და არა - ძირითადი.
როგორც საქართველოს მაგალითმა აჩვენა, აღნიშნული პროტოკოლიდან მცირედი გადახვევით, ჩვენმა მაღალი კვალიფიკაციის მქონე ექიმებმა სერიოზული დადებითი შედეგები მიიღეს და საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ახალ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, თუმცა ეს ცვლილება საკმარისი არაა. ამ დაავადებასთან ბრძოლაში მთავარი ორგანიზმის დეტოქსიკაცია და ყოველგვარი ზედმეტი დატვირთვის მოხსნაა, რაც სპეციალური ფუნქციური დიეტით და საკვების მომნელებელი სისტემის განტვირთვით მიიღწევა, ანუ პაციენტმა სწორად უნდა მიიღოს სტრუქტურირებული წყალი და მცირედი ჯანმრთელი საკვები. ორგანიზმის ენერგია უნდა იხარჯებოდეს დაავადებასთან ბრძოლაში და არა - საკვების გადამუშავებაში. აქ კომპლექსური და ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, რაც სერიოზულ დადებით შედეგს მოგვცემს. ჩვენ გვაქვს უნიკალური საწარმო „ბაქტერიოფაგი“, რომლის პროდუქციის სწორი გამოყენება სერიოზულ დადებით ეფექტს მოგვცემს ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში.
საქართველოს კვალიფიციური ექიმების სამეცნიერო ინტელექტუალური პოტენციალი სავსებით საკმარისია, რომ ახალი კორონავირუსით გამოწვეული მსოფლიო პანდემია უმოკლეს ვადაში დასრულდეს, მაგრამ ამას სრული სამუშაო და მცირედი ფინანსური თავისუფლება სჭირდება, რაც ბოლო დროს ჩვენს ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ არსებობს. ყოველი გადახვევა „გაიდლაინიდან“, იგივე პროტოკოლიდან, მკაცრად კონტროლდება და, პრაქტიკულად, დასჯადია. ეს მიდგომა კლავს ქვეყანაში მეცნიერების განვითარებას, რადგან დამოკიდებულნი ვართ უცხოეთის დირექტივებზე. საქართველოს ბოლოდროინდელმა წარმატებამ ახალ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით, ნათლად დაგვანახა, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს ნამდვილი კვალიფიციური ექიმებისა და მეცნიერების თუნდაც მცირედ თავისუფლებას.
- ბოლოს, ცნობილი რეკომენდაციების გარდა, საზოგადოებას დამატებით რა რეკომენდაციებს მისცემთ?
- უამრავი რეკომენდაცია მიეცა საზოგადოებას, მაგრამ ხშირად არასწორად სრულდება. მაგალითად, მაღაზიების მოლარე-ოპერატორები ყოველ მომხმარებელთან უნდა იცვლიდნენ ერთჯერად ხელთათმანებს. ამის მაგივრად ისინი მთელი დღის განმავლობაში იყენებენ რეზინის ერთ ხელთათმანს, ითვლიან უამრავ ფულს და ამ ფულით დაბინძურებული ხელთათმანით ეხებიან მომხმარებლის მიერ შერჩეულ პროდუქტს. ეს ინფექციის გავრცელების უმთავრესი მიზეზია.
ჩინეთმა, პირველ რიგში, ასეთი კონტაქტები აკრძალა, რითაც სერიოზული დადებითი შედეგი მიიღო.
საქართველოში ფულს ვერ ავკრძალავთ, მაგრამ მოლარეები ყოველ მომხმარებელს ახალი ხელთათმანით უნდა ემსახურებოდნენ. ასევე უაზრო და არასწორ რეკომენდაციად მიმაჩნია მსუბუქ ავტომობილში წინა სავარძელზე მგზავრის არდაშვება. ეს მოსახლეობიდან ჯარიმების მეშვეობით თანხების ამოღების ერთ-ერთი მახინჯი მეთოდია და მეტი არაფერი. ხშირად ზოგი ექიმიც იძლევა არასწორ რეკომენდაციას - ქუჩაში პირბადით არ იაროთო. ესეც არასწორია. პირბადე ყველას უნდა ეკეთოს!
გიორგი აბაშიძე