QronikaPlus
მიშა, უკრაინა და „საოცნებო“ რისხვა

მიშა, უკრაინა და „საოცნებო“ რისხვა

2020-05-08 08:55:31

ბოლოს და ბოლოს, „ეს“ მოხდა!

საშინელება, წარმოუდგენელი უმსგავსობა, სულში ჩაფურთხება, შეურაცხყოფა და ფაშიზმის წახალისება -„ქართული ოცნების“ ბრძენი ლიდერების არაერთი გაფრთხილებისა და ღია მუქარის მიუხედავად, უკრაინამ 26 000 გულანთებული ვაჟკაცის გამაუპატიურებელი, რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად დანიშნა.

გეშინოდეს, კიევო! ახლა  ბიძინა ივანიშვილის, არჩილ თალაკვაძის, მამუკა მდინარაძისა და, რაც მთავარია, გია ვოლსკის რისხვა დაგატყდება თავს.

ქუჩაში რომ გამოხვალთ, ფრთხილად იყავით, სადმე ლალი მოროშკინას არ გადაეყაროთ... ჩანგლით ხელში.

ხუმრობა იქით იყოს და, რეალურად, ამ დანიშვნის ირგვლივ „ქოცების“ მიერ ატეხილი ისტერიკა მათ ორღობეობასა და წინდაუხედაობაზე ნათლად მეტყველებს.

თავიდანვე გასაგები იყო, რომ დაინიშნება თუ არა ვინმე მაღალ პოსტზე საქართველოზე გაცილებით უფრო ძლიერ და გავლენიან ქვეყანაში, ქართულ მხარეს არავინ ჰკითხავს. გახარიასა და მისი ქვეშევრდომების მიერ ატეხილი გნიასი უკრაინაში თითქმის შეუმჩნეველი დარჩა - სახელისუფლებო პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი არახამიას მკვახე პასუხის გარდა, არანაირი რეაქცია მას არ მოჰყოლია.

„ქოცი“ მაღალჩინოსნების გამოსვლებმა უკრაინულ ტელეარხებზე საქმეს არათუ არ უშველა, არამედ გააფუჭა კიდეც. გია ვოლსკი, როგორც სახელისუფლებო პროპაგანდის მთავარი რუპორი, აცხადებს, - ეს ჩვენ, საქართველოში მივეჩვიეთ, რომ ასეთი ანომალია არსებობს, თუმცა საქართველოს გარეთ ეს საოცრება აქამდე არ უნახავთ.

საქართველოს გარეთ „ქართული ოცნება“ არის ის, რაც არის სინამდვილეში, თუმცა ჩვენ, შეჩვეული ჭირის პრინციპით, ვერ ვამჩნევთ უგუნური და არაფრის მაქნისი ლაქიების საკრებულოს.

ბიძინა ივანიშვილი გულწრფელად ფიქრობდა, რომ  ამერიკელებსა და ევროპელებს ისეთ ტიტანებს მიუსევდა, როგორებიც არიან ირაკლი კობახიძე და არჩილ თალაკვაძე და ისინი მათ  „ქართული ოცნების“  სიმართლეში დაარწმუნებდნენ.

კიევს  აზროვნების კიდევ ერთი გიგანტი  მიუსიეს - გია ვოლსკი... იგივე წარმატებით.

არანაკლებ სასაცილო და უხეირო იყო „ქართული ოცნების“ რიტორიკა შიდა მოხმარებისთვის: „უკრაინამ გაითვალისწინა ჩვენი გაფრთხილებები და დამნაშავე სააკაშვილი მაღალ პოსტზე არ დანიშნა“.

და ეს მაშინ, როდესაც ნებისმიერმა მიუკერძოებელმა დამკვირვებელმა იცის - უკრაინულ პოლიტიკაში დიდ როლს  ოლიგარქები თამაშობენ, რომლებიც  ზოგჯერ მთლიან პარტიებს, ხანდახან კი პარტიის დეპუტატთა ნაწილს აკონტროლებენ. სწორედ ეს ინტერესთა შეჯახება გახდა 26 000 გულანთებული ვაჟკაცის გამაუპატიურებლის ვიცე-პრემიერად დანიშვნის ინიციატივის ჩავარდნის მიზეზი.

ბიძინა ივანიშვილი საქართველოში უპირობო პირველობას იმდენად მიეჩვია, რომ დაავიწყდა  - ეს საქართველოშია ის უნიკალურად მდიდარი და გავლენიანი, თორემ უკრაინაში  ასეთი მილიარდერები, როგორც იტყვიან, „ვედრო მანეთადაა“.

იმედია, დღეს, როდესაც 26 გულანთებული ვაჟკაცის გამაუპატიურებლის დანიშვნა მაღალ პოსტზე შემდგარი ფაქტია, ჩვენი ხელისუფლება თავის ნაბიჯებს ოდნავ მაინც დაუფიქრდება.

ყოველგვარი მუქარა უკრაინის მიმართ არის არა მხოლოდ უსარგებლო, არამედ სასაცილო და, ამავე დროს, საშიში.

უსარგებლო იმიტომ, რომ უკრაინის პოლიტიკურმა ელიტამ ჩათვალა, რომ ამა თუ იმ მიზეზით სააკაშვილი საჭიროა  - ალბათ იმის გამო, რომ ის არაა დაკავშირებული არც ერთ უკრაინელ ოლიგარქთან, აქვს თავისი  ავტორიტეტი და არის თვითკმარი პოლიტიკოსი, რომელსაც არ სჭირდება არავისთან მიკედლება.

რამდენად რეალურია მასთან დაკავშირებული მოლოდინები თუ იმედები - ეს სხვა საკითხია, ამაზე კამათი შეიძლება, თუმცა, შეფასების მიუხედავად, რეალობა ისეთია, როგორიც არის.

უსარგებლოა იმიტომ, რომ საუბარი სააკაშვილზე, როგორც კრიმინალზე, არის ელემენტარული პოლიტიკური უმეცრება. მსოფლიო ისეა მოწყობილი, რომ პოლიტიკოსებს ბევრი  ისეთი რამ ეპატიებათ, რაც არ ეპატიება ჩვეულებრივ ადამიანს.

როდესაც სასწორის ერთ პინაზე დევს დანგრეული, გაპარტახებული ქვეყნის გადარჩენა და მეორეზე - გრძელი ენით გამორჩეული პოლიტიკოსის სასტიკი ცემა - სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, წინა პლანზე გამოდის პირველი.

მსოფლიომ ბევრ პოლიტიკოსს გვამებით სავსე ციხეები და ადამიანთა სტადიონებზე დახვრეტა  იმის გამო აპატია, რომ მათ საბოლოოდ თანამედროვე და ეფექტიანი სახელმწიფოები ააშენეს, თქვენ კი აქ ვალერი გელაშვილის ყბაზე მელაპარაკებით.

უსარგებლოა იმიტომ, რომ ყველამ იცის - დღეს ხელისუფლებაში  სააკაშვილის პირადი, მოსისხლე მტრები არიან და ამ ფონზე ქოცსასამართოლს გადაწყვეტილება ტუალეტის ქაღალდად თუ გამოდგება...

სასაცილო იმიტომაა, რომ ნაცარქექია „ქოცების“ მუქარების საქართველოშიც კი არავის ეშინია, არათუ - უკრაინაში.

საშიში კი იმიტომაა, რომ საქართველო ძალიან სერიოზულადაა ეკონომიკურად დამოკიდებული უკრაინულ ბაზარზე და უკრაინელ ტურისტებზე. გინდათ, ამ ყველაფრის გაფუჭება თქვენი ახირების გამო? აბა, სცადეთ.

ისე, საინტერესოა - „ქართული ოცნების“ მთავარი იდეოლოგიაა: „ჩვენ პატარები და სუსტები ვართ, ჩვენ არავინ არაფერს გვეკითხება, ვიყოთ ჩვენთვის ბნელ კუთხეში და არავინ შევაწუხოთ“...   და უცებ, მაინცდამაინც, სტრატეგიულ პარტნიორთან  აღმოჩნდნენ დიდგულები.

ზუსტად ამაზე ამბობენ საქართველოში  - „ცოტა თვალში ხომ არ გეპატარავები?“...

გვესმის, რომ დედამიწაზე ქოცებისთვის სააკაშვილზე მნიშვნელოვანი საკითხი არ არსებობს, თუმცა, იმედია, რომ ამ ახირებამ მათ გონება ბოლომდე არ დააკარგია.

ამიტომაც, სასურველია, რომ უკრაინის ლანძღვა-გინების კამპანია დარჩეს შიდა მოხმარების დონეზე - იყვირეთ, იწყევლეთ,  დაემუქრეთ ზელენსკის, რომ მოსაკლავად გაუგზავნით იუნა შაფათავას და დათო ოქიტაშვილს  - ოღონდ ეს ყველაფერი „იმედის“ ტელეეთერს არ უნდა გასცდეს.

თენგიზ აბლოთია

გაზიარება