- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-07 11:48:53
ყურადღებით თუ დავუკვირდებით საქართველოს საზოგადოებრივ და ყოველდღიურ ყოფით ცხოვრებას, დავინახავთ, რომ ქართველი ერი შედგება ორი სრულიად განსხვავებული ნაწილისგან, რომელსაც ერთმანეთთან თითქმის არაფერი აკავშირებს, ენისა და პასპორტის გარდა.
ქვეყნის ერთი ნაწილი თავისი მენტალიტეტით უფრო ახლოსაა სამხრეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან - ეს არის ხალხი, ვისაც აქვს მეტ-ნაკლები დისციპლინა და მოწესრიგებულობა, ვინც მუშაობს, აკეთებს საქმეს, ცდილობს საკუთარი უნარ-ჩვევების განვითარებას, იღებს ნორმალურ განათლებას, არ ფიქრობს, რომ ყველა არამართლმადიდებელი სატანისტია და ჰომოსექსუალები უნდა დაწვა ცოცხლად.
მეორე ნაწილი საკუთარ თავს მიიჩნევს საქართველოს „მამაპაპურ“ მემკვიდრედ და „ეროვნული იდენტურობის“ მატარებლად. სინამდვილეში, მათი „ჭეშმარიტი ქართველობა“ არის სსრკ-ს 70-80-იან წლებში ჩამოყალიბებული პარაზიტული მენტალობა, იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი ყველა მანკიერებით - ისეთებით, როგორიც არის უკიდურესი, ზღვარს გადასული უპასუხისმგებლობა, ტოტალური უდისციპლინობა, სიზარმაცე, კრიმინალისკენ მიდრეკილება, გადაჭარბებული და, ამავე დროს, ზედაპირული რელიგიურობა.
ქვეყნის პირველი ნაწილი ცდილობს რაღაცის შექმნას - აშენებს სასტუმროებს, აარსებს თანამედროვე ბიზნესკომპანიებს, იზიდავს უცხოელ ტურისტებს, აწარმოებს პროდუქციას და, ზოგადად, ხელს უწყობს ქვეყნის წინსვლას.
მეორე ნაწილი კი ამ ყველაფრის დასამარებას ცდილობს.
საბოლოო ჯამში, გვაქვს სურათი, როდესაც ერის ერთი ნახევარია ევროპა, მეორე - აფრიკა და არც ერთი არ დომინირებს - პირველი ნაწილი საკმარისად მრავალრიცხოვანი და გავლენიანია იმისთვის, რომ არ დაუშვას ქვეყნის საბოლოო გადაქცევა აფრიკულ ბანტუსტანად, თუმცა მეორეც საკმარისად დიდია იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს საქართველოს ცივილიზებულ ევროპულ ქვეყნად ჩამოყალიბებას.
ამიტომაც ვტივტივებთ დღემდე დროსა და სივრცეში გაჭედილები...
ჩვეულებრივ, ასე ვთქვათ, მშვიდობიან დროში ამ ორ საქართველოს შორის განსხვავების აშკარად დანახვა არაა მარტივი, რადგანაც ეს ორი ერი ერთმანეთის გვერდით საუკუნეებია, ცხოვრობს და რთულია ზუსტად დააფიქსირო, სად თავდება ერთი და სად იწყება მეორე.
განსხვავება მათ შორის არ გადის არც ქონებრივ და სოციალურ მდგომარეობაზე, არც საცხოვრებელ ადგილზე - მდიდარი ვაკელი შეიძლება იყოს ბევრად უფრო მავნებელი და ყრუ, ვიდრე პატიოსანი სოფლელი მშრომელი.
თუმცა კრიზისებში ეს ნათლად და დაუფარავად ჩანს - ზოგადად, ესაა კრიზისის თვისება - ნიღბები იხსნება და ყველა ავლენს თავის რეალურ სახეს.
კრიზისის დროს, ისევე როგორც კრიზისამდე, საქართველოში ხდება ერთი და იგივე - ქვეყნის ერთი ნაწილი იცავს ქვეყანას ეპიდემიისგან, ხოლო მეორე ცდილობს წყალში ჩაყაროს პირველი ნაწილის ყველა მცდელობა ამ მიმართულებით.
ნორმალური ქართველები საოცარ დისციპლინას ავლენენ: ემორჩილებიან ხელისუფლების მითითებებს, პატიოსნად სხედან სახლებში, გარეთ გასვლის დროს იცავენ დისტანციას, ქმნიან მოხალისეთა ჯგუფებს, ეხმარებიან მოხუცებს, ერთი სიტყვით, ისე იქცევიან, როგორც სრულიად ცივილიზებული, თანამედროვე ერი მოიქცეოდა.
ამ დროს მეორე ნაწილი გარბის კარანტინიდან, არღვევს თვითიზოლაციას მაშინაც კი, როდესაც დადასტურებულად არის ვირუსის გამავრცელებელი, აწყობს სუფრებს და ქელეხებს, დადის მეზობლებთან; ქაოსურად და საოცარი ანტისანიტარიის პირობებში ვაჭრობს ბაზრებსა და ქუჩებში, იღებს ზიარებას ერთი კოვზით და ჯიუტად მიიჩნევს, რომ სახელმწიფოზე მაღლა დგას.
ერთი ფაქტიც: ყველას გვახსოვს, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგაც კი, ყველაზე სტაბილურად, ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, ბოლო წამამდე, მუშაობდა ეკონომიკის მხოლოდ ერთი სექტორი - აზარტული თამაშები.
ერთი წამით წარმოიდგინეთ - რა დონეზე გონებრივად დაავადებული უნდა იყოს ადამიანი, რომ დღეს, სასტიკი კრიზისის დასაწყისში, რომელიც არავინ იცის, რამდენი ხანი გაგრძელდება, ხარჯოს ბოლო ფული აზარტულ თამაშებზე?
თანაც, არავინ იფიქროს, რომ ეს ეხება მხოლოდ ღარიბ ფენას - ალბათ ყველას დიდი ხნით დაგვამახსოვრდება ცნება „რომანოვების კლასტერი“ - როდესაც ე. წ. „ქართველმა არისტოკრატებმა“ შუა ეპიდემიის დროს გამართეს სუფრა და დააინფიცირეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ისეთები, რომელთაც მათთან საერთოდ არ ჰქონდათ არავითარი კავშირი.
საბჭოურ-ტრადიციული ქართველობის სადარაჯოზე დგას მისი იდეური საყრდენი, მამა-მარჩენალი, მშობელი და მთავარი კერპი - ეკლესია, თავის საპატრიარქოსთან ერთად.
ეკლესია არის ყველაზე მძლავრი ანტისახელმწიფოებრივი ინსტიტუტი საქართველოში. ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის პირველი დღიდანვე ეკლესია ყველანაირად აფერხებს ქვეყნის ჩამოყალიბებას სრულფასოვან დემოკრატიულ სახელმწიფოდ.
ყველგან, სადაც არის საუბარი მტერთან თანამშრომლობაზე და ერთმორწმუნეობაზე, სადაც არის რუსული პროპაგანდა, ანტიდასავლური აგიტაცია, ზიზღის ენა, დარბევები და ბრძოლა ყველანაირი (არა მხოლოდ სექსუალური) უმცირესობის წინააღმდეგ - ყველგან ნათლად ჩანს ანაფორის კვალი.
დღეს ეკლესია ითრევს ქვეყანას სრულმასშტაბიან ეპიდემიაში, მაშინ როდესაც მსოფლიოში თითქმის ყველა კონფესიამ უარი განაცხადა მასობრივ რელიგიურ რიტუალებზე - საუდის არაბეთმაც კი დახურა მექა, ირანელმა ფუნდამენტალისტებმა გააუქმეს რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებული სახალხო ზეიმები.
რუსეთის საპატრიარქომაც კი აკრძალა მლოცველების შესვლა ტაძრებში და ცვლილებები შეიტანა ზიარების პროცედურაში.
ქართული ეკლესია დარჩა სრულ მარტოობაში. ქართველი ღვთისმსახურები აღმოჩნდნენ უფრო ბნელები და ჩამორჩენილები, ვიდრე ირანელი და საუდელი ფანატიკოსები, ვიდრე კორუფციაში ჩაფლული რუსეთის ეკლესია.
არც არის გასაკვირი - საქართველოს ეკლესია არის ერთ-ერთი ყველაზე რეგრესული და კაცთმოძულე ინსტიტუტი მსოფლიოში. მათი ნება რომ იყოს, საქართველო უკვე დიდი ხანი იქნებოდა რელიგიური დიქტატურა, ირანსა და საუდის არაბეთზე უარესი.
მოვლენათა ასეთ განვითარებას სწორედ ზემოხსენებული გაორება უშლის ხელს - ნორმალური, ცივილიზებული ქართველებისთვის ეკლესია არის მხოლოდ ერთგვარი რიტუალების სამინისტრო, ხოლო საბჭოურ-ტრადიციონალისტები არიან იმდენად არაორგანიზებულები და გონებაჩლუნგები, რომ მათი გამოყენება რამეში შეუძლებელია.
საბჭოურ-ტრადიციული ქართველობის არსი კარგად ჩანს ერთ ეპიზოდში, რომელიც წააგავს ანეკდოტს, თუმცა სინამდვილეში მოხდა:
ერთ-ერთ კლინიკაში დააწვინეს მამაპაპური, მორწმუნე ახალგაზრდა ნარკოტიკის ზედოზირებით. აღმოჩნდა, რომ მან მიიღო ნარკოტიკი „მანაგუა“, რომელიც, როგორც ამბობენ, იხარშება რძეში, თუმცა მან რძის ნაცვლად გამოიყენა წყალი.
ექიმის შეკითხვაზე: „რატომ წყალი და არა რძე?“ - პასუხი იყო: „რძე არ შეიძლება, ვმარხულობ“..
ამაზე ნათლად და გასაგებად ვერ იტყვი. სწორედ ესაა საბჭოურ-მამაპაპური „ჭეშმარიტი ქართველობა“ - ზედაპირულობა, უპასუხისმგებლობა და უკიდურესი ფარისევლობა...
და სწორედ ისაა დღეს საქართველოში კორონავირუსის მთავარი მოკავშირე.
თენგიზ აბლოთია