QronikaPlus
საგარეჯოს ცხელების ცენტრში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

საგარეჯოს ცხელების ცენტრში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

2020-04-06 18:20:06

კახეთში 14  მოქალაქის   ანალიზის  პასუხებს  დილას შევიტყობთ. აქედან, საგარეჯოს "ჯეოჰოსპიტალსის"  საავადმყოფოში მაღალი ტემპერატურით 9 ადამიანი  რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.  იმის გამო, რომ მათ საეჭვო სიმპტომები ჰქონდათ,  პაციენტებს შესაბამისი ნიმუშები უკვე აუღეს და ლუგარის ლაბორატორიაში გააგზავნეს.

საგარეჯოს ცხელების ცენტრში პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ერთ მოქალაქესთან უკვე რამდენიმე დღეა, დაბალი ტემპერატურა ფიქსირდება. 

კლინიკის დირექტორ დავით ჯიქიას განცხადებით, მათ სულ 42 საწოლი აქვთ  და  საჭიროების შემთხვევაში საავადმყოფო  მზად არის სრული დატვირთვისთვის. 

"ჩვენი ცხელების ცენტრის სატრიაჟო ზონაში 9 პაციენტია შემოყვანილი. ყველა მათგანის ჯანმთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, დამაკმაყოფილებელია. აქედან საეჭვო პაციენტებზე ჩატარებულია ტესტები და ველოდებით პასუხებს. შემოსვლის მომენტში ყველას აღენიშნებოდა ცხელება, თუმცა, ამ ეტაპზე, ცხელება მხოლოდ ერთ პაციენტთან გრძელდება. სხვა დამატებითი სიმპტომები გამოვლენილი არ არის", - განმარტავს კლინიკის დირექტორი.

კახეთის რეგიონის სამ მუნიციპალიტეტში სულ 10 საკარანტინო ზონაა მოწყობილი, სადაც 500-მდე ადამიანი იმყოფება. რეგიონში კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა ამ დრომდე არ გამოვლენილა.

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება