QronikaPlus
რატომ გადაიყვანეს მატროსოვის ციხიდან პატიმრები რუსთავში?

რატომ გადაიყვანეს მატროსოვის ციხიდან პატიმრები რუსთავში?

2020-04-05 14:21:04

4 აპრილს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მატროსოვის ციხიდან პატიმრები რუსთავში გადაჰყავდათ. რადგან უწყებამ ოფიციალური კომენტარის გაკეთება დააგვიანა, გავრცელდა ჭორი, თითქოს, საპატიმრო დაწესებულებაში კორონავირუსმა შეაღწია. მოგეხსენებათ, ამ უწყების ბადრაგებად, ძირითადად, ეთნიკური აზერბაიჯანელები მსახურობენ. რამდენიმე მარნეულის მკვიდრია, მარნეულში კი 21 მარტს კარანტინი გამოცხადდა. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბადრაგის ერთ-ერთ თანამშრომელს   კორონავირუსი აღმოაჩნდა,  ამიტომ  გადაიყვანეს პატიმრები რუსთავში.

მეორე ვერსიით კი ხელისუფლებამ გადაწყვიტა, მატროსოვის ციხე საკარანტინე ზონად გამოეყენებინა და ამიტომ გაათავისუფლეს დაწესებულება.

აღნიშნული ინფორმაცია 4 აპრილს გავრცელდა. „ქრონიკა+“, სხვა მედიასაშუალებების მსგავსად, ამაოდ ცდილობდა განმარტების მიღებას. თავიდან იუსტიციის სამინისტროში გვიპასუხეს და დაგვპირდნენ, რომ ვითარებაში გაერკვეოდნენ, მაგრამ შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ პასუხობდნენ.

განმარტება დღეს, 5 აპრილს, საღამოს გაკეთდა.  სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო და ყველა მსჯავრდებული რუსთავში გადავიდა:

_ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 27 მარტის N509 ბრძანებით დაიწყო N9 (ე. წ. მატროსოვი) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი. ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. ლიკვიდირებული N9 დაწესებულება პირველი მაისიდან N12 დაწესებულებას შეურთდება, _ აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

მართალია, განმარტება გაკეთდა, მაგრამ ეჭვები მაინც დარჩა. თუ აღნიშნული ციხის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, ამის შესახებ ადრევე შეიძლებოდა განმარტების გაკეთება. თანაც უცნაურია, რატომ დაიწყო მაინცდამაინც გაქანებული კორონობისას პატიმრების გადაყვანა?! თავისუფლად შეიძლებოდა, რამდენიმე თვე  მოეცადათ და მერე მოეხდინათ დაწესებულების ლიკვიდაცია. ოლიმპიადა გადაიდო და მატროსოვის ციხის ლიკვიდაციაც არ გამოიწვევდა სამყაროს დასასრულს. იმედი ვიქონიოთ, ეჭვები ეჭვებად დარჩება და პატიმრები მხოლოდ  მატროსოვის ლიკვიდაციის გამო გადაიყვანეს.

შორენა მარსაგიშვილი

გაზიარება