- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-04-05 11:41:37
ჟამიანმა ჟამმა პოლიტიკა მეორე პლანზე გადაიტანა. საქართველოშიც ჩაკვდა აქტიური პოლიტიკური ცხოვრება. ოპოზიცია ხელისუფლებას კორონასთან ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს და დახმარებასაც სთავაზობს, რაზედაც მეოცნებეები ირონიულად იბზუებენ ცხვირს. „ქართულმა ოცნებამ“ კორონას წყალობით ხალხს პოლიტპატიმრების თემაც მიავიწყა. არადა, 8 მარტს დასავლელი პარტნიორების თანდასწრებით მმართველმა პარტიამ პირობა დადო, რომ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდა.
დაივიწყა თუ არა ოპოზიციამ პოლიტპატიმრები? რატომ იქცევა ასე მედიდურად ხელისუფლება? რა გველოდება ახლო მომავალში? _ ამის შესახებ „ქრონიკა+“-ს „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი, მურმან დუმბაძე ესაუბრება:
_ ბატონო მურმან, ოპოზიცია სწორად იქცევა, როცა ამ რთულ ვითარებაში ხელისუფლებას მხარდაჭერას უცხადებს? ამასთან დაკავშირებით „ოცნების“ ლიდერები და მათი მხარდამჭერები ცინიკურ კომენტარებს აკეთებენ, რაც თქვენს მომხრეებს აღიზიანებს.
_ მესმის ჩვენი მომხრეების, მაგრამ მიმაჩნია, რომ ოპოზიცია სწორად იქცევა. ახლა ისეთი დროა, რომ ჩვენ ვალდებულები ვართ, ერთად ვებრძოლოთ იმ საშინელ ინფექციას, რასაც კორონავირუსი ჰქვია და რომელმაც არც უმრავლესობა იცის, არც - ოპოზიცია, არც დიდი და არც - პატარა. დღეს ოპოზიცია იქცევა ძალიან კარგად, რასაც ვერ ვიტყვი ხელისუფლებაზე. გამაღიზიანებელია გახარიას პოზიცია, რომელიც ამბობს, რომ თურმე ოპოზიციის დახმარება არ სჭირდება.
_ მთლად ასე არ უთქვამს, არ გვჭირდებაო.
_ ასე გამოუვიდა. მე კარგად მახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგი პერიოდი. გახსოვთ, ერთიანი ჯაჭვი რომ გააკეთა მთელმა საქართველომ? ამ ჯაჭვში სააკაშვილის მოწინააღმდეგეებიც ჩავებით. მაშინ „ნაციონალებს“ არ უთქვამთ, რომ ოპოზიციამ არ გაბედოს ამ ჯაჭვში ჩაბმაო. ახლა კი როგორ იქცევა გახარია? მარტო ეგენი კორონას ვერ გაუმკლავდებიან. ოპოზიციაში არის ხალხი, ვისაც ამ მძიმე ვითარებაში შეუძლია სახელმწიფოს დახმარება.
ბევრს საუბრობდა მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების გზებზე. ეს შეთავაზება გახარიამ არ მიიღო და თქვა, ფული ჩაგვირიცხონო. ამ დათმობაზეც წავიდა სააკაშვილი და ის მზადაა, თანხა გადარიცხოს. შეიძლება, ეს ადამიანი არ მოგწონდეს, მაგრამ მას მსოფლიოში იცნობენ, უამრავი ნაცნობი ჰყავს და ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, რომ ამ რთულ დროს ჩვენი ემიგრანტები სამშობლოში დააბრუნოს, რომლებიც ახლა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ბედის ანაბარა არიან მიტოვებული.
ასევე არ შეიძლება, ცინიკურად შეხვდნენ სხვა ოპოზიციონერების ინიციატივებს. გიორგი ვაშაძე მათ სწრაფი ტესტების ჩამოტანაში დახმარებას დაჰპირდა, მაგრამ არც ეს შეთავაზება მიიღო ხელისუფლებამ. არადა, ტესტები აუცილებელია. ჩვენ გარშემო ყველგან დაიწყეს ტესტირება. ეს ტესტები რომ იყოს, დარწმუნებული ვარ, უფრო იოლად დავადგენთ კორონავირუსით ინფიცირებულებს და მათ დახმარებას დროულად შევძლებთ, გავრცელების არეალიც აღარ გაფართოვდება.
ახლა, როცა ამ ინტერვიუს ვწერთ, 170 ადამიანია ინფიცირებული. მეშინია, რომ მათი რაოდენობა მალე ძალიან გაიზრდება.
_ რატომ გგონიათ, რომ გაიზრდება?
_ სამწუხაროდ, შიდაგადაცემა დაწყებულია და ამის შეჩერება შეუძლებელია. ეს არც ხელისუფლების ბრალია და არც - არავისი, მთელ მსოფლიოში ასეა. ახლა ყველაზე კარგი გამოსავალი სახლში დარჩენაა. ვშიშობ, რომ საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა ათასებს მიაღწევს. იმედი მაქვს, ამის გამკლავებას შევძლებთ. ამიტომაც ვართ ხელისუფლების გვერდით და ამიტომაც არ ვაკეთებთ პოლიტიკურ განცხადებებს.
_ როდემდე აპირებთ ასე გაგრძელებას?
_ ოპოზიცია შევთანხმდით, რომ ჩვენი აქტიურობით ხელს არ შევუშლიდით კორონასთან ბრძოლაში ხელისუფლებას, მაგრამ ასე თუ გააგრძელეს, ალბათ, გავაქტიურდებით.
_ ასე გაგრძელებაში რას გულისხმობთ?
_ პოლიტპატიმრების თემას. ხელისუფლებამ პირობა დადო, რომ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდა. კეთილი ინებონ და თავისი სიტყვა შეასრულონ.
_ ხელისუფლება ამბობს, რომ ასეთი პირობა არ ყოფილა და ის მემორანდუმში არაა ჩაწერილი.
_ ასეთი შეთანხმება დაიდო ამერიკელებისა და ევროპელების შუამავლობით. „ქართულ ოცნებას“ არ ვურჩევ, რომ კიდევ ერთხელ გატეხოს სიტყვა. გასულ წელს მათ უკვე მოიჭრეს თავი მსოფლიოს წინაშე, როცა პროპორციული სისტემით არჩევნების პირობა დადეს და მერე ყველა გადააგდეს. ახლა იგივეს გამეორება ძალიან ცუდი იქნება მათთვის. მათ 8 მარტს დადეს სიტყვა, რომ პოლიტპატიმრებს გაათავისუფლებდნენ. დროა, ეს პირობა შესრულდეს. კორონასთან ბრძოლაში კი ხელისუფლების გვერდით ვართ, მაგრამ პოლიტპატიმრები არ დაგვვიწყებია. არ ეგონოთ, რომ კორონას გამო ხმას არ ამოვიღებთ. რეაქციები იქნება დასავლეთიდანაც. ვიმეორებ: სწორედ დასავლელი პარტნიორების შუამავლობით გამართულ შეხვედრაზე მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ პოლიტპატიმრების გაათავისუფლებდნენ.
შორენა მარსაგიშვილი