QronikaPlus
კახეთში კოვიდზე მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება მიმდინარეობს

კახეთში კოვიდზე მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირება მიმდინარეობს

2020-05-04 10:24:39

კახეთში, დღეის მდგომარეობით, COVID 19 -ის 1 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. ამ დროისთვის თვითიზოლაციაში 36 მოქალაქე იმყოფება.

რაც შეეხება კარანტინის სივრცეებს, 10 ლოკაციაზე გადანაწილებულია 459 მოქალაქე.

ნიმუშის აღება გრძელდება როგორც ცხელების კლინიკებიდან, ასევე კარანტინის სივრცეებიდან. მიმდინარეობს გაფართოებული ანუ მიზნობრივი ტესტირების ფარგლებში მაღალი რისკის ჯგუფების ტესტირებაც. ესენი არიან: სამედიცინო პერსონალი, ფარმაცევტული ბიზნესის წარმომადგენლები, შშმ პირებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელები, საერთაშორისო გადაზიდვების მძღოლები, კარანტინში მყოფი პირები.

გუშინ ლუგარის ცენტრში 102 ნიმუში გაიგზავნა, აქედან 67 სამედიცინო პერსონალის, 12 კარანტინის ზონებიდან და ცხელების ცენტრებიდან.

ყველა ნიმუშის ტესტირების შედეგი ნეგატიურია.

მას შემდეგ, რაც ყვარელში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა, მოქალაქეებს მასობრივ თერმოსკრინინგს უტარებენ. ამ პროცესში ჩართული არიან მერიის თანამშრომლები, საკრებულოს დეპუტატები და სოფელში მერის წარმომადგენლები.

ყვარლის სასწრაფო დახმარების ექიმს კორონავირუსი ორი დღის წინ დაუდგინეს. ეპიდემიოლოგებმა ექთნის საცხოვრებელი სახლი გუშინ შეამოწმეს, რის შემდეგაც 50 წლის ქალი შვილთან ერთად თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. ოჯახის სხვა წევრები მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. მედიკოსების შეფასებით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია

მაკა მოსიაშვილი

გაზიარება