- ორშაბათი, 13 იანვარი, 2025
2020-01-22 07:24:36
„ქვეყნის მყოფადი დამოკიდებულია იმ მდგომარეობაზედ, რომელსაც მისცემენ ახალ თაობას“, _ ილია ჭავჭავაძე.
თელავს სამი მშვენება აქვს: მეფის სასახლე, თელავის თეატრი (რომელიც ერეკლე მეფის პერიოდიდან იღებს ისტორიას) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი. უნივერსიტეტი ახლა უკვე იუბილარია… 80 წელი შეუსრულდა რეგიონის მთავარ განათლების კერას, თუმცა მისი ფესვები მრავალ საუკუნეს ითვლის.
„ქრონიკა+“-ის სტუმარია თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო კახაშვილი:
_ კახეთი და საკუთრივ თელავი ყოველთვის იყო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული და საგანმანათლებლო-სამეცნიერო ცენტრი. ჯერ კიდევ ადრეფეოდალურ საქართველოში კახეთის კულტურული როლი საქართველოს ისტორიაში დიდად განსაზღვრა ასურელ მამათა მიერ დაფუძნებულმა ეკლესია-მონასტრებმა, რომლებიც შემდგომში უდიდეს საგანმანათლებლო კერებად იქცა.
XI-XII საუკუნეებში, როდესაც საქართველო პოლიტიკურ-კულტურული განვითარების ზენიტში იყო, კახეთი არამც თუ ჩამორჩებოდა რომელიმე კუთხეს, არამედ, რიგ შემთხვევაში, აღმატებულიც კი ჩანდა. ძველ წყაროებსა და სამეცნიერო ლიტერატურაში კარგა ხანია არსებობს უეჭვო მტკიცებულებები იყალთოს აკადემიის არსებობის შესახებ.
ამის თაობაზე, ჯერ კიდევ, დავით რექტორი შენიშნავდა, რომ არსენ იყალთოელს „აქვნდა შკოლა იყალთოს მონასტერსა და იყო მოძღვარი სამეცნიეროსა დავით აღმაშენებლის მეფისაო“. გადმოცემით, აკადემია გრემშიც ყოფილა, მაგრამ დამადასტურებელი წერილობითი მასალა, დოკუმენტი, სამწუხაროდ, არ არსებობს.
_ თელავს დავუბრუნდეთ…
_ ჩვენთვის, უპირველესად, საინტერესოა თელავი, რომელიც ვაჟა-ფშაველას სიტყვებით რომ ვთქვათ: „ფილტვად აქვს კახეთს“. მე-18 საუკუნის მეორე ნახევრიდან თელავი კულტურული აღმავლობისკენ ისწრაფის. „სწავლის მოყუარე“ მეფე ერეკლე მეორის საგანმანათლებლო პოლიტიკა ქალაქში მდიდარ, სულიერ ატმოსფეროს ქმნიდა. 1758 წელს მეფის ინიციატივით საფუძველი ეყრება თელავის საფილოსოფოსო-საღვთისმეტყველო სკოლას, რომლის თაობაზეც ცნობები შემოუნახავს დოსითეოზ ჩერქეზიშვილს. ამ სკოლაში უსწავლიათ ისეთ გამოჩენილ მოღვაწეებს, როგორებიც იყვნენ: დოსითეოს ნეკრესელი, ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი და სხვ. პირველი რექტორი ანუ სხოლაპეტი აღნიშნული სკოლისა იყო ფილიპე ყაითმაზაშვილი, რომელიც ერეკლე მეფეს თბილისიდან თელავში გადმოუყვანია. თანამედროვეთა გადმოცემით, თელავის სკოლა თბილისის სკოლაზე გაცილებით მაღლაც კი მდგარა თავისი დონითა და შესაძლებლობებით.
1782 წელს თელავის სკოლის ბაზაზე გაიხსნა მოსკოვის სლავურ-ბერძნულ-ლათინური აკადემიის ყაიდის სემინარია. თელავის სემინარიის პირველ რექტორად დაინიშნა გაიოზ არქიმანდრიტი. სწავლის მოწესრიგების მთელი სიმძიმე იკისრეს კათოლიკოსმა ანტონ პირველმა და მისმა რექტორებმა.
რექტორთაგან ეს პასუხისმგებლობა ერთი წლის მანძილზე იტვირთა გაიოზ ბარათაშვილმა და შემდგომ, მისი არსებობის ბოლომდე, დავით ალექსი-მესხიშვილმა. სწორედ გაიოზ რექტორმა და დავით რექტორმა შექმნეს თელავში ყველა პირობა ლიტერატურულ-მწიგნობრული მოღვაწეობისთვის. მათი მეოხებით, ხელშეწყობით დამკვიდრდა ლიტერატურული შეხვედრები, პაექრობები, ლიტერატურულ-კალიგრაფიულ საქმიანობაში კი _ „თელავის სემინარიის სტილი“.
_ და როდემდე იარსება სემინარიამ?
_ თელავის სემინარიამ იარსება მე-19 საუკუნის დამდეგამდე. რუსეთის მიერ ქართლ-კახეთის ანექსიამ მას ბოლო მოუღო, რაც დამოწმებულია დავით რექტორის მიერაც: „მას ჟამსა რუსნი მოვიდეს, იმპერატორებასა ალექსანდრე პირველისასა, ძისა პავლე იმპერატორისა, და სხოლა შეურაცხყვეს და სადა სახელი ღვთისა იქადაგებოდა, ჰყვეს ქვაბ ავაზაკთა, ხოლო მე პირდაპირადნი განსაცდელნი შეგვამთხვივნეს და მრავალნი ბოროტნი მოაწივნეს ჩემზედა. რექტორი დავით, თვესა ივნისსა, ქორონიკონსა უპთ“.
თელავში საგანმანათლებლო კერების არსებობას ქვეყნის მესვეურნი უდიდეს მნიშვნელობას რომ ანიჭებდნენ, ამაზე მეტყველებს იოანე ბატონიშვილის სასკოლო პროექტიც. 1799 წელს იოანე ბატონიშვილმა თავის მამას, გიორგი მეფეს, წარუდგინა პროექტი სხვადასხვა აუცილებელი რეფორმის შესახებ, სადაც ყურადღებას ამახვილებდა სკოლებთან დაკავშირებულ საკითხებზე. საგულისხმოა, რომ იოანე ბატონიშვილი უმაღლესი ტიპის სასწავლებლების გახსნას საშურ საქმედ მიიჩნევდა როგორც თბილისსა და გორში, ასევე _ თელავში.
_ როდიდან იწყებს არსებობას თელავში პედაგოგიური ინსტიტუტი?
_ 1924 წელს გაიხსნა თელავის პედაგოგიური ტექნიკუმი _ იმ დროისთვის ერთ-ერთი მოწინავე სკოლა. ტექნიკუმმა მძლავრი საფუძველი შექმნა სამასწავლებლო სასწავლებლის დასაფუძნებლად. 1939 წელს თელავის სამასწავლებლო ინსტიტუტის დაარსებით თანდათანობითი დაიხურა პედაგოგიური ტექნიკუმი. ინსტიტუტმა პედაგოგიური ტექნიკუმის სალიკვიდაციო კლასები შეიერთა, რომელთა ბოლო გამოშვება 1941 წელს დასრულდა.
1939 წლიდან 2019 წლამდე უმაღლესმა სასწავლებელმა მნიშვნელოვანი საფეხურები გაიარა: 1939-1940 წლები _ სამასწავლებლო სასწავლებელი; 1939 წელს სასწავლებელმა ბინა დაიდო მეფე ერეკლეს სასახლეში. 1940-1950 წლები _ სახელმწიფო პედაგოგიური სასწავლებელი; პედაგოგიურ სასწავლებელს 1939 წლის 28 ოქტომბერს მიენიჭა იაკობ გოგებაშვილის სახელი (მიმრქმელები: გიორგი ლეონიძე, გიორგი თავზიშვილი); 1951-1999 წლები _ სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი; 1973 წლიდან პედაგოგიური ინსტიტუტი (შემდგომში უნივერსიტეტი) ერეკლე მეფის სასახლიდან გადადის ახლად აშენებულ კეთილმოწყობილ სასწავლო კორპუსებში. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 17 ივნისის #375-ე ბრძანებულებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტს უნივერსიტეტის სტატუსი მიენიჭა. უნივერსიტეტის სტატუსის მინიჭებამ უაღრესად გაზარდა მისი მნიშვნელობა, ადგილი და როლი როგორც ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში, ასევე _ უცხოეთში.
დაბოლოს:
„გსურთ აღმოფხვრათ დანაშაულებანი? გაავრცელეთ ხალხში განათლება“, _ ამბობდა ვიქტორ ჰიუგო, ჩვენი გადარჩენის რეცეპტი კი განათლების კერების შენარჩუნება და მათი გაძლიერებაა.
მაკა მოსიაშვილი