ის, რაც ერთი შეხედვით არ ჩანს, ხელშეუხებელია, მაგრამ საკუთრების ფორმად ითვლება.
ის, რაც გონებრივი შრომის შედეგია, უმნიშვნელოვანესია.
ის, რაც ხელოვნებაში, კინოსა თუ ლიტერატურაში უკვე საუკუნეებია ცნობილია, ბევრისთვის შეიძლება გასაკვირიც იყოს, მაგრამ ინტელექტუალურ საკუთრებას განეკუთვნება.
ინტელექტუალური საკუთრება მიუთითებს ადამიანის გონებრივი შრომის შედეგად მიღებულ ნაშრომზე, იქნება ეს გამოგონება, ლიტერატურული თუ სამხატვრო ნაშრომი, სიმბოლო, დასახელება, იმიჯი და დიზაინი, რომელიც ვაჭრობის სფეროში გამოიყენება.
ინტელექტუალური საკუთრება შეადგენს იმ უფლებათა ერთობლიობას, რომელიც ასეთი ინტელექტუალური საქმიანობის შედეგად წარმოიშობა. ეს უფლებები არ ეხება უშუალოდ მატერიალურ ობიექტებს, რომელშიც განსახიერებულია შემოქმედებითი საქმიანობის შედეგი (მაგალითად, მოწყობილობა, რომელიც დამზადებულია გამოგონების საფუძველზე ან წიგნი, რომელშიც დაბეჭდილია ლიტერატურული ნაწარმოები და ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ადამიანის გონების ქმნილებებზე, როგორც ასეთზე). რამდენადაც თავისი არსით ინტელექტუალური საკუთრების ობიექტები წარმოადგენს ინფორმაციას (რომელიც გამოხატულია იდეის ან ფორმის სახით), შეუძლებელია მათ გამოყენებაზე უშუალო კონტროლის დაწესება და განხორციელება საკუთრების მატერიალური ფორმებისათვის მისაღები სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით.
ინტელექტუალურ საკუთრებასა და მის დაცვას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს მთელ მსოფლიოში. თუმცა ეს დამცველობითი მექანიზმები სხვადასხვა ფორმით არსებობდა, რაც გამორიცხავდა პლაგიატის შემთხვევებს და ხელს უწყობდა იდეის დონეზე გარკვეული გამოგონების დაცვასა და საავტორო უფლებების შენარჩუნებას.
საერთაშორისო სამართალი და ეროვნული კანონმდებლობების უმრავლესობა არ იძლევა „ინტელექტუალური საკუთრების“ რაიმე ფორმალიზებულ დეფინიციას.
ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის დამფუძნებელი კონვენციის თანახმად, რომელიც მიიღეს სტოკჰოლმში 1967 წლის 17 ივლისს (მუხლი 2[VIII]), „ინტელექტუალური საკუთრება მოიცავს უფლებებს, რომელიც ეხება: ლიტერატურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო ნაწარმოებებს; მსახიობ-შემსრულებელთა გამოსვლებს, ფონოგრამებსა და საეთერო მაუწყებლობის პროგრამებს; გამოგონებებს ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში; მეცნიერულ აღმოჩენებს; სამრეწველო ნიმუშებს; სასაქონლო ნიშნებს, მომსახურების ნიშნებს, საფირმო სახელწოდებებსა და კომერციულ აღნიშვნებს; არაკეთილსინდისიერი კონკურენციის აღკვეთასა და ყველა სხვა უფლებას, რომელიც გამომდინარეობს ინტელექტუალური საქმიანობიდან მრეწველობის, მეცნიერების, ლიტერატურის ან ხელოვნების სფეროებში.
საკუთრების ნებისმიერი სხვა უფლების მსგავსად ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებები პატენტის, სასაქონლო ნიშნის, დიზაინის, საავტორო უფლების მფლობელს შესაძლებლობას აძლევს, მიიღოს სარგებელი საკუთარი ნაშრომიდან ან ინვესტიციიდან.
შემოსავლების სამხახური იცავს ინტელექტუალური საკუთრების იმ ობიექტებს, რომელიც შეტანილია „შემოსავლების სამსახური ინტელექტუალური საკუთრების ობიექტის რეესტრში“. რეესტრში რეგისტაცია ხორციელდება „ინტელექტუალურ საკუთრებასთან დაკავშირებულ სასაზღვრო ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
რატომ არის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და ამ უფლებების განხორციელება?
კაცობრიობის განვითარების პროცესი დაკავშირებულია მრეწველობაში ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასა და კულტურული სფეროს განვითარებასთან.
გონებრივ შრომით პროდუქციაზე უფლებების დაცვის სამართლებრივი სისტემის შექმნა ხელს უწყობს დამატებითი რესურსების გამოვლენას და სტიმულს აძლევს შემდგომ ინოვაციებს. ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისთვის ხელშეწყობა აჩქარებს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს, აუმჯობესებს ცხოვრების პირობების ხარისხსა და დონეს.
ინტელექტუალური საკუთრების დაცვის პროცესში უამრავ მნიშვნელოვან სირთულეს ვაწყდებით. თეთრი სახლის კიბერ-სივრცის პოლიტიკის შეფასებაში აღნიშნულია, რომ შეერთებულ შტატებში მხოლოდ 2008 წლის განმავლობაში ინტელექტუალური საკუთრების მოპარვით გამოწვეულმა ზარალმა ერთი ტრილიონი დოლარი შეადგინა. „რენდის კორპორაციის“ მიერ ახლახან ჩატარებული კვლევის თანახმად ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მეკობრეობით დარღვევა ორგანიზებულ დანაშაულთან, ნარკო-ტრაფიკინგთან და ტერორისტულ ჯგუფებთან არის დაკავშირებული.
მრავალი მილიარდი დოლარის ღირებულების ფილმები, აუდიო-ვიდეოჩანაწერები, მრავალფეროვანი პუბლიკაციები, კომპიუტერული პროგრამები და სხვ., რაც სიამოვნებას ანიჭებს მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში, არ იარსებებდა მათი საავტორო უფლებით დაცვის გარეშე; მომხმარებელს არ ექნებოდა საშუალება, გაბედულად ეყიდა ნაწარმი ან მიეღო მისთვის სასურველი მომსახურება სასაქონლო ნიშანზე უფლებების საიმედო დაცვისა და ამ უფლებათა განხორციელების უზრუნველყოფის გარეშე, რაც კეთილსინდისიერი კონკურენციის პირობების შექმნის საფუძველია.
- არის თუ არა ინფორმირებული ჩვენი საზოგადოება ამ ახალი ფენომენის შესახებ, რომელზედაც საუბარი ბოლო პერიოდში გააქტიურდა?
- როგორ მოქმედებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მექანიზმები ჩვენს ქვეყანაში?
ამ და სხვა საკითხებზე „ქრონიკა+“ ესაუბრა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ ,,საქპატენტს“:
_ რა განაპირობებს ქართული საზოგადოების ცნობიერების დაბალ დონეს ინტელექტუალური საკუთრების შესახებ?
_ საქართველოში ინტელექტუალური საკუთრების შესახებ საზოგადოების ცნობიერების კუთხით მდგომარეობა წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად უმჯობესდება, თუმცა ამ მხრივ პრობლემები კვლავ რჩება. განსხვავებით განვითარებული ევროპული ქვეყნებისგან, სადაც ინტელექტუალური საკუთრების სისტემა საუკუნეების განმავლობაში ყალიბდებოდა, საქართველოში აღნიშნული სფეროს განვითარება მხოლოდ ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაიწყო. ამდენად, ჩვენთვის ჯერ კიდევ გამოწვევას წარმოადგენს ინტელექტუალური საკუთრების უფლებების მნიშვნელობის გააზრებისა და მისი დაცვის აუცილებლობის საკითხები, როგორც უფლებების მფლობელთა, ისე მოსარგებლეთა მხრიდან.
საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი ,,საქპატენტი“, როგორც ამ სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყება, აქტიურად საქმიანობს ამ მიმართულებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებასთან. მათ შორის აღსანიშნავია „საქპატენტში“ სასწავლო ცენტრის შექმნა, რომლის საქმიანობა მიმართულია ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებაზე და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ცნობიერების ამაღლებაზე. ამ მიზნით ცენტრი ორგანიზებას უწევს სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფისთვის ტრენინგების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების, ასევე უწყებათაშორისი კონფერენციების მოწყობას.
_ რამდენად არის დაცული ინტელექტუალური საკუთრება საქართველოში და ამის კონტროლის რა მექანიზმები არსებობს?
_ ინტელექტუალური საკუთრების სათანადო დონეზე დაცვა და მეკობრეობასთან ბრძოლა წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს. დღეს თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს კანონმდებლობა ინტელექტუალური საკუთრების უფლებების სფეროში სრულადაა ჰარმონიზებული ევროკავშირის კანონმდებლობასთან და საერთაშორისო სტანდარტებთან.
ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დარღვევის შემთხვევაში საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს სამოქალაქო, სისხლის სამართლებრივ და ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას. კერძოდ, სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფის, საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფის, სასაქონლო (მომსახურება) ნიშნის ან სხვა კომერციული აღნიშვნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში სასჯელის სახით გათვალისწინებულია როგორც ჯარიმა და გამოსასწორებელი სამუშაოები, ასევე საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა და განსაკუთრებულ შემთხვევებში თავისუფლების შეზღუდვა და თავისუფლების აღკვეთა.
სახელმწიფო ინსტიტუტები თავის კომპეტენციის ფარგლებში აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით. ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების დაცვისა და აღსრულების კუთხით მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა 2015 წელს „საქპატენტთან“ არსებული ინტელექტუალური საკუთრების უფლებების აღსრულების უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნა. აღნიშნული საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს კულტურის სამინისტროს, „საქპატენტის“, ეკონომიკის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, საქართველოს მთავარი პროკურატურის, ფინანსთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლები. საკოორდინაციო საბჭოს საქმიანობა მიმართულია კანონით გათვალისწინებული აღსრულების მექანიზმების, უფლებების მფლობელების მიერ უფრო ეფექტიანი გამოყენებისკენ.
აღსანიშნავია, რომ კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენდა საქართველოს მთავრობასა და Microsoft-ს შორის გაფორმებული სალიცენზიო ხელშეკრულება, რომლის შედეგად საქართველოს ყველა სახელმწიფო უწყება ლიცენზირებული კომპიუტერული პროგრამებით სარგებლობს, რაც, თავის მხრივ, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში დასავლური სტანდარტების დამკვიდრებაა.
_ რატომ არის მნიშვნელოვანი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა და სამომავლოდ რამდენად აუცილებელია ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლება?
_ ინტელექტუალური საკუთრება დაკავშირებულია ადამიანის ინტელექტუალურ-შემოქმედებით საქმიანობასთან, რომელიც მოიცავს ტექნოლოგიების, მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების სფეროებს.
ინტელექტუალური საკუთრება სახელმწიფოში ინოვაციური საქმიანობისა და მთლიანად ეკონომიკური განვითარების უმნიშვნელოვანეს ინსტრუმენტს წარმოადგენს. აღნიშნული სფერო ახდენს საგამომგონებლო საქმიანობის განვითარების სტიმულირებას, ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების შექმნასა და კონკურენციის განვითარებას, ასევე უზრუნველყოფს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინფორმაციის შეგროვებას და გავრცელებას. ინტელექტუალურ საკუთრებაზე უფლებების დაცვა და მათი განხორციელებისთვის ხელშეწყობა აჩქარებს ეკონომიკური განვითარების პროცესს, ქმნის მრეწველობის ახალ დარგებსა და სამუშაო ადგილებს, აუმჯობესებს ცხოვრების პირობების ხარისხსა და დონეს.
დღეს საყოველთაოდაა აღიარებული, რომ ინტელექტუალური პოტენციალი წარმოადგენს კონკურენტებთან უპირატესობის მიღწევის, ახალ ბაზრებზე შეღწევისა და მდგრადი განვითარების ძირითად გარანტს. სწორედ ამით აიხსნება ის დიდი მნიშვნელობა, რასაც თანამედროვე მსოფლიო ანიჭებს ინტელექტუალური საკუთრების სისტემის არსებობას და მის ეფექტიან ფუნქციონირებას. მისი როლი კიდევ უფრო გაიზარდა ბოლო ათწლეულში, ინფორმაციული საზოგადოებისა და ცოდნაზე დამყარებული ეკონომიკის ჩამოყალიბების პირობებში.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, უფლებების მფლობელებმა თავიდანვე გააცნობიერონ და იზრუნონ მათ ინტელექტუალური საკუთრების ობიექტებზე უფლებების მოპოვებისთვის, რადგან ეს არის ერთგვარი ინვესტიცია და აღნიშნულ უფლებებს გაცილებით უფრო დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია ლიცენზიებიდან მიღებული შემოსავლისა და ინვესტორების დაინტერესების მხრივ.
ინტელექტუალური საკუთრება წარმოადგენს კონკურენტუნარიანობისა და ფინანსური წარმატების წინაპირობას, შესაბამისად, უფლებების მფლობელებმა დროულად უნდა მიიღონ დაცვისათვის აუცილებელი ზომები, რათა უკვე შემდგომში თავიდან აირიდონ დროისა და ფულის დანაკარგი და ასევე უზრუნველყონ მათთვის ბაზარზე კონკურენტუნარიანი პოზიციის დამკვიდრება.
_ ევროკავშირთან ასოცირებული ხელშეკრულების თანახმად, ჩვენს ქვეყანას ვალდებულება აქვს, უზრუნველყოს ინტელექტუალური საკუთრების მაღალ დონეზე დაცვა. თქვენი აზრით, რამდენად არის ეს პუნქტი შესრულებული და რა შეიძლება გაკეთდეს ამ მიზნის მისაღწევად?
_ 2018 წლის 11 იანვარს ძალაში შევიდა „საქპატენტის“ მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა მომზადება მიზნად ისახავდა საქართველოსა და ევროკავშირისა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებასა და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების IV კარის მე-9 თავით (ინტელექტუალური საკუთრების უფლებები) გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ზემო აღნიშნულ შეთანხმებასთან შესაბამისობაში მოყვანას.
ცვლილებები განხორციელდა ინტელექტუალური საკუთრების მარეგულირებელ შემდეგ საკანონმდებლო აქტებში: „საქართველოს საპატენტო კანონი“; საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“; საქართველოს კანონი „დიზაინის შესახებ“; საქართველოს კანონი „სასაქონლო ნიშნების შესახებ“; „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“; საქართველოს კანონი „პესტიციდებისა და აგროქიმიკატების შესახებ“; საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“.
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად დაკავშირებულია ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების ხელყოფის პრევენციის, აღკვეთისა და ადეკვატური სანქციების გატარების იმ სამართლებრივი მექანიზმების სრულად განსაზღვრასთან, რომელიც არ არის გათვალისწინებული დღეს მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით და რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო-სამართლებრივი კუთხით განსაკუთრებული უფლებების ეფექტიან აღსრულებას.
ამ ეტაპზე საქართველოს ასოცირების შეთანხმების კუთხით სრულად აქვს შესრულებული ყველა ვალდებულება ინტელექტუალურ საკუთრებასთნ დაკავშირებით. რაც შეეხება ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას, ეს მუდმივი და გრძელვადიანი გამოწვევაა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ განვითარებული ქვეყნებისთვისაც, რაზედაც ევროკავშირთან ერთად აქტიურად მიმდინარეობს ორმხრივ რეჟიმში მუშაობა.
_ რა ხარვეზები ან გამოწვევებია დღეს ჩვენს ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის კუთხით?
_ ამ ეტაპზე ქვეყანაში ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შემდგომი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, უფლებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და უფლებების მფლობელთათვის და მოსარგებლეებისთვის მათი უფლება-მოვალეობების თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება. უნდა აღინიშნოს, რომ თუ შევადარებთ განვლილ წლებს, გვაქვს მნიშვნელოვანი წინსვლა, თუმცა ამ მიმართულებით კიდევ ბევრია სამუშაო და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით ვაგრძელებთ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებისა და პროექტის მეშვეობით აქტიურ მუშაობას.
ანა ურუშაძე