QronikaPlus
„ეიფორიული“ ხელოვანი დიდი გეგმებით

„ეიფორიული“ ხელოვანი დიდი გეგმებით

2018-02-11 06:49:59

მისი ნამუშევრები ნამდვილად გაგაოცებთ და როცა ამ უნიჭიერეს პიროვნებას უფრო ახლოს გაიცნობთ, ძლიერ შეგიყვარდებათ კიდეც. 49 წლის ხელოვანი, რომელიც, ერთდროულად, რამდენიმე პროფესიას ფლობს, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ არის თვითნასწავლი ფოტოგრაფი, მხატვარი, მუსიკოსი, დეკორატორი, ნიჭიერი მოცეკვავე და ბუღალტერიც კი. თამარ ცირეკიძე წარმოშობით იმერელი ქალბატონია, რომელმაც მრავალწლიანი ძებნის შემდეგ საკუთარი თავი იპოვა. სწორედ იმიტომ, რომ თავისი საქმე საოცრად უყვარს, თავისუფალ დროს თითქმის ვერ პოულობს. ყოველ დღეს იმედითა და ახალი ნივთის კეთებით ხვდება. საქმეში გართულს ხშირად დასთენებია. ყოველ თავისუფალ წამს კვლავ მომავალ ნამუშევარზე ფიქრში ატარებს. წუხს საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ ფაქტორებზე და თამამად ამბობს, რომ მხოლოდ სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემას შეუძლია მათი გაუჩინარება. „ქრონიკა+“-ის სტუმარი დღეს გახლავთ უდიდესი ენერგიის მატარებელი და საოცრად საინტერესო პიროვნება: _ მოგვიყევით თქვენზე... _ მე ვარ თამარ ცირეკიძე, წარმოშობით იმერეთიდან, კერძოდ, სამტრედიიდან, 49 წლის, ამჟამად მხატვარ-დეკორატორი. _ რატომ დაინტერესდით ამ საქმიანობით: რა იყო ინსპირაცია, ვისთან ერთად საქმიანობთ, პირველი ნაბიჯები როგორ გადადგით? _ რაც თავი მახსოვს, სულ ვხატავდი, თვითნასწავლი ვარ, ყველაფერს მარტო ვაკეთებ, შესაბამისად, პირველი ნაბიჯების გადადგმაც მარტოს მომიწია და დღემდე ასე გრძელდება. _ რით დაიწყეთ საკუთარი ბიზნესი და რა სირთულეები შეგხვდათ გზად? _ თავიდან ჩემთვის ვქმნიდი ნივთებს, რომლებსაც ახლობლებსა და მეგობრებს ვჩუქნიდი. იმ პერიოდში ამდენი სახეობის საღებავი და მასალა არ მოიპოვებოდა, ამიტომ ძალიან რთული იყო კუსტარულად მუშაობა, როცა მეტი შედეგი და ეფექტი გინდა. ჩემი ნივთები ძალიან მოსწონდათ, ამან გამათამამა, უცხო ადამიანებისთვისაც დამემზადებინა... ასე დაიწყო ყველაფერი. _ რა მოგცათ იმან, რომ დღეს საკუთარი ბიზნესის მფლობელი ხართ? _ საკუთარი ბიზნესი საშუალებას მაძლევს, თავი ვიგრძნო დამოუკიდებელ, თავისუფალ და შემდგარ ქალად, რადგან ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ოცნება იყო და მიყვარს; ვყიდულობ სასურველ მასალას; ადამიანებს გულს ვუხარებ სიურპრიზებით, გადავრიცხავ, თუნდაც, მცირე თანხას სხვადასხვა ფონდში, რაც სიხარულს მანიჭებს. _ როგორ გაჩნდა ბრენდისთვის სახელის მოფიქრების იდეა? _ ძალიან მიყვარს ფერები, ამიტომ მსურდა, შემოსული სტუმარი ჩემი ნივთების დათვალიერების დროს ეიფორიაში ყოფილიყო, მეტი ემოცია მიეღო და აღფრთოვანებულიყო. შესაბამისად, აქედან წარმოიშვა სახელწოდებაც, რომელსაც დამატებული აქვს „ეიფორია-T.handicrafts“, ვინაიდან მხოლოდ საქართველოს მომხმარებლისთვის არ ვფიქრობ დამზადებას. საერთაშორისო ბაზარზე გასვლასაც ვგეგმავ. _ ძირითადად, რა მასალისგან ამზადებთ ნამუშევრებს? _ ამ ეტაპზე, ფაიფურისგან; აგრეთვე ვმუშაობ ხეზე, შუშაზე, ვაკეთებ დეკუპაჟს თეფშებზე, ბოთლებზე, სხვადასხვა სუვენირსა და სახლის დეკორაციებს, ვქარგავ ლენტებით, სამი სახეობის ქარგვა ვიცი, ვქსოვდი კიდეც... _ ვინ გიფასებთ ყველაზე ობიექტურად ნამუშევრებს? _ ყველაზე ობიექტური არის მეუღლე, პირველი ის ნახულობს ჩემს ნამუშევრებს, თუმცა პროფესიონალის შეფასება უფრო ობიექტური იქნებოდა. _ გარდა ხელნაკეთი ნივთების შექმნისა, სხვა პროფესიაც ხომ არ გაქვთ? _ ჩემი ძირითადი პროფესიაა „მართვის ავტომატიზირებული სისტემების ინჟინერი“. ყველაფერი მაინტერესებდა და ეტაპობრივად ყველაფერს ვსწავლობდი. ხატვის გარდა დავამთავრე მუსიკალური სკოლა, ვუკრავდი გიტარაზე, ფორტეპიანოზეც, რამდენიმე წლის მანძილზე ვცეკვავდი ეროვნულ ცეკვებს, ვწერდი ლექსებს, მოთხრობებს, ვაგზავნიდი „ქალთა გაზეთში“, გავიარე ფოტოშოპისა და საბუღალტრო კურსები. სულ სწავლასა და ახლის ძიებაში ვარ, მაგრამ ჩემი თავი მხოლოდ ჩემს ახლანდელ საქმიანობაში ვიპოვე, რაც ჩემი ოცნება იყო. _ რას აკეთებთ ყველაზე დიდი სიამოვნებით? _ ყველაზე დიდ სიამოვნებას ვღებულობ, როცა მორიგ ახალ იდეას ვახორციელებ. ერთი სული მაქვს, შედეგი დავინახო. ხანდახან ღამეც ვფიქრობ, როდის გათენდება ხვალინდელი დღე, რომ ნივთზე მუშაობა გავაგრძელო. _ ვისთვის ან რისთვის არ გენანებათ რაიმე? _ არაფერი მენანება, პირველ რიგში, შვილიშვილისთვის, ოჯახის წევრებისთვის, არ მენანება მომხმარებლისთვის, რომელიც საკუთარი თავისთვის ვერ იმეტებს ნივთს, ოღონდ სხვას ასიამოვნოს, ამიტომ მე ვუკეთებ სიურპრიზს, წესად მაქვს, ყოველი მესამე შეკვეთის დროსაც ვჩუქნი რაიმე ნივთს ჩემს ერთგულ მომხმარებელს. _ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენთვის საქმეში? _ ჩემს საქმიანობაში ყველაზე მნივნელოვანია ხარისხი და მომხმარებლის მოთხოვნილების მაქსიმალურად დაკმაყოფილება. _ რა არის ყველაზე ღირებული ადამიანში? რას აფასებთ ყველაზე მეტად? _ ყოველთვის ასეთი ვიყავი და ასე ჩავუნერგე შვილებსაც: ადამიანში ვაფასებ მის შინაგან კულტურას, განათლებას, აზროვნებას. არც ფულში არის ბედნიერება და განათლებული უზრდელიც მინახავს. მაღიზიანებს ორპირობა, რაც დღეს ვირუსივითაა. _ გადაწყვეტილება, რომელიც გინანიათ... _ როცა დავემორჩილე მშობლებს და არ ჩავაბარე სამხატვრო აკადემიაში. სკოლის წარჩინებულად დამთავრების გამო მათ უნდოდათ, სამედიცინო ინსტიტუტში ჩამებარებინა, მე კი სამხატვრო აკადემია მინდოდა... _ რა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად? _ ძალიან მაღიზიანებს უპასუხისმგებლო, არაპუნქტუალური და უზრდელი ადამიანები. ისეთი პროფესია მაქვს, ასეთი კატეგორიის ადამიანებთან კონტაქტიც მიწევს... _ რისთვის არ გენანებათ დრო? _ დრო არ მენანება ჩემი საქმიანობისთვის და თავზეც ხშირად მათენდება. მენანება კი არა, სულ იმაზე ვწუხვარ, რომ დრო ძალიან ჩქარა გარბის. ბევრი რამის გაკეთება მინდა სამომავლოდ. _ თავისუფალ დროს რას საქმიანობთ? _ სად მაქვს თავისუფალი დრო?.. მენატრება საინტერესო წიგნის წაკითხვა, ან ფილმის ყურება. 5-10 წუთ თავისუფალ დროსაც კი ჩემთვის საინტერესო ვიდეოს ვუყურებ. _ მაქსიმალისტი ხართ? ყველაფრის უმაღლეს დონემდე შესრულება გიყვართ ხოლმე? გინდათ, რომ სულ პირველი იყოთ საქმეში? თუ ხართ, ან არ ხართ, რით გამოხატავთ მაქსიმალისტობას, ან პირიქით? _ მეტი წილი, ალბათ, მაქსიმალისტი ვარ. ბევრი რამე მაინტერესებდა და მაინტერესებს დღესაც, რომ შევისწავლო. სულ სიახლეს ვეძებ და ექსპერიმენტებს ვატარებ. ვცდილობ, რასაც ვაკეთებ, მაქსიმალურად კარგად ვიცოდე და კარგი შედეგი მივიღო. _ რა მუსიკას უსმენთ? _ მუშაობის დროს ყოველთვის ვუსმენ. ჟანრი: ჯაზი, კლასიკა, რეპიც. როკის გარდა შემიძლია, მოვუსმინო ყველაფერს. მთავარია, ყურს სიამოვნებდეს. მუსიკას დიდი ძალა აქვს, იგი ჩემთვის შთაგონების წყაროცაა. _ რას გაძლევთ ყოველი ახალი გათენებული დღე? _ ადამიანები არ ვაფასებთ არც მზის ამოსვლას, არც ჩასვლას, სიცოცხლეს, ამიტომ ყოველი ახალი დღე ჩემთვის ღვთის საჩუქარია და ახალი ნივთების შექმნის შანსი. _ რაზე ოცნებობთ? _ ვოცნებობ, ყველა ადამიანი იყოს ჯანმრთელი, იმდენ ინფორმაციას ვგებულობ ავადმყოფ ბავშვებზე... ჯანმრთელობის ფასი არაფერია! მინდა, ირგვლივ ყველა კარგად იყოს... კიდევ, მინდა, მქონდეს საკუთარი სახელოსნო. _ თუ გყავთ ფილმის, ან წიგნის გმირი, რომელსაც გგონიათ, რომ ჰგავხართ? _ არ მყავს ასეთი გმირი, მაგრამ ფილმები და წიგნები ყოველთვის მიყვარდა. მათი ყურების, ან წაკითხვის შემდეგ რაღაც პერიოდი, თითქოს, იქ „ვრჩებოდი“ და გული მწყდებოდა, რომ რეალობა სხვა იყო. ძალიან მგრძნობიარე ადამიანი ვარ. _ ვინ არის მისაბაძი მაგალითი თქვენთვის? რატომ? _ არ ვიცი, ალბათ, ფიროსმანი. ისიც თვითნასწავლი იყო და რა კარგად ხატავდა! თუმცა სიცოცხლეში არავინ დააფასა. დღესაც გრძელდება ეგ ტენდენცია საქართველოში და გული მწყდება, როცა ბევრი ნიჭიერი ადამიანი საზღვარგარეთ მოღვაწეობს. ვაფასებ ყველა სფეროში თვითნასწავლ ადამიანებს. _ დღეს რა პრობლემას ხედავთ იმ სფეროში, სადაც მოღვაწეობთ და, ზოგადად, საქართველოში? _ ბევრი რამე არ მომწონს ჩემს სფეროში. ქართულ ბაზარზე ერთმანეთის გვერდებიდან ნამუშევრების დაკოპირებაა მოდაში, რაც ძალიან გამაღიზიანებელია. როდესაც მომხმარებელი სხვა გვერდის ნამუშევარ ნივთს მაჩვენებს და მეკითხება, _ ასეთს თუ დაამზადებთო? პასუხი უარყოფითია. არ ვაკოპირებ სხვების ნამუშევრებს და ეს ეტყობა კიდევაც ჩემს გვერდს! კარგი იქნებოდა, ყველას ჩვენი ხელწერა თუ გვექნებოდა და ერთმანეთს არ დავემსგავსებოდით. კრეატიული იდეები ახალგაზრდებს უფრო უნდა მოსდიოდეთ თავში, ვიდრე მე. ჯანსაღი კონკურენცია უნდა იყოს! ყველას მაღალი თვითშეგნება უნდა ჰქონდეს და სხვების შრომას აფასებდეს, რომ ეგ პრობლემა მოგვარდეს _ როდის ისვენებთ ხოლმე და როგორ? _ მენატრება დასვენება! როდესაც დრო გამომიჩნდება, სანამ ნივთი შრება, უცებ ვიდეოს ჩავრთავ, რამე ახალი რომ ვისწავლო, ამიტომ ვწუწუნებ, _ მომენატრა ფილმების ყურება და წიგნის კითხვა-მეთქი. სიამოვნებით დავისვენებდი ახლა რაჭაში, ჩვენს სოფელში. _ ვინ გენატრებათ ყველაზე მეტად? _ ალბათ, მშობლები, რომლებიც იმერეთში ცხოვრობენ. ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო მათ ხშირად მონახულებას ვერ ვახერხებ. წლები ემატებათ და გული მწყდება. _ რა არის თქვენთვის საქმე, რომელსაც აკეთებთ? _ ყველაფერი! თამამად ვიტყვი, ვინმემ რომ ამიკრძალოს იმის გაკეთება, რასაც ვქმნი, მოვკვდები. არ შემიძლია ამის გარეშე, ჰაერივითაა. როდესაც ნატრობ, მალე გათენდეს, რომ დროზე გააგრძელო შენი საქმე, ან მუშაობაში დაგათენდება, აბა, რა ჰქვია მაგას? ძალიან მიყვარს!.. _ თავისუფალი ხართ? _ ყველა ხელოვანი ადამიანი თავისუფალი უნდა იყოს... ვიზღუდები, როდესაც ვინმეს სურვილით მიწევს ნივთის დამზადება, თუმცა მანამდე ვცდილობ, ჩემი იდეაც მივაწოდო, თუ რამე არ მომწონს მის სურვილში... შემოქმედებითი თავისუფლება აუცილებელია, ისე ფრთები გეკვეცება და არა მგონია, შეზღუდულმა ადამიანმა ლამაზი და ღირებული შექმნას. _ ცხოვრების რა ეტაპზე ხართ ახლა? _ ახლაც ძიების რეჟიმში ვარ. ვერ ვიტყვი, ისეთ ეტაპზე ვარ, რომ ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე-მეთქი. მთავარია, ჩემი თავი ვიპოვე ამ საქმიანობაში და ისეთი პროფესიაა, გგონია, ბოლომდე იხარჯები, მაგრამ სულ ცდილობ, კიდევ ახალი ისწავლო და ასე გრძელდება მუდამ... _ მიგაჩნიათ, რომ რაიმე მისია გაქვთ ცხოვრებაში? _ ალბათ, შვილების ფეხზე დაყენება და მერე საყვარელი საქმით ჩემი და ხალხის გულის გახარება. მათ როცა უხარიათ, მეც პატარა ბავშვივით მიფრთხიალებს გული. მათი მადლობა და სიხარული ჩემთვის დიდი სტიმულია! _ რისთვის იბრძვით? _ ვიბრძვი წარმატებისთვის. რასაც დღემდე მივაღწიე, ჩემი შრომისა და ნებისყოფის დამსახურებაა, თუმცა მიღწეულს არ ვჯერდები... _ თქვენი ნება რომ იყოს, რას შეცვლიდით ან გამოასწორებდით თქვენს ცხოვრებაში, ან ქვეყანაში, ზოგადად? _ ძნელია ვთქვა, რას შევცვლიდი. ყველა ადამიანის ბედისწერა მგონია, წინასწარაა დაწერილი. ალბათ, ასეთი ცხოვრება უნდა მქონოდა და უფლის მადლობელი ვარ. მაქვს ოჯახი, მყავს შვილები, შვილიშვილი და ვაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს. მეტი რა უნდა ვინატრო? ქვეყანაში კი მოსაწესრიგებელია განათლების, ჯანდაცვის სისტემა, ყველა სფერო კორუმპირებული მგონია. არ მომწონს, ახალგაზრდა თაობა ხშირად კომპიუტერზე, მობილურსა და ზოგჯერ ნარკოტიკზეც რომ არის დამოკიდებული, რაც აზროვნებას აქვეითებს. სამწუხაროდ, მეტი წილი ეგრეა... მომავალ თაობაში დაქვეითებულია საკუთარი ქვეყნის სიყვარული, ტრადიციები, მშობლების პატივისცემა და ზრდილობა. _ რა არის ცხოვრების აზრი? _ ყველა კარგად, ჯანმრთელად იყოს, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა სუფევდეს. _ გაქვთ თუ არა წარმატების მიღწევის შანსი დღევანდელ საქართველოში? _ წარმატების შანსი ყველას ექნება დიდი შრომის ფასად, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში უფრო შენელებულად. აქ ბევრი რამ ნაცნობობითაა, თუნდაც, გამოფენები, რაიმე კონკურსში მონაწილეობის მიღება. გული მწყდება, ამ დროს მართლა მშრომელი და ნიჭიერი ადამიანები რომ იჩაგრებიან... _ ისეთი პრინციპი თუ გაქვთ, რომელსაც არასდროს უღალატებთ? _ ჩემი საქმიანობა. _ რომ არა ის, ვინც ახლა ხართ, ვინ იქნებოდით? _ ალბათ, შეუმდგარი ქალი, რომელმაც თავისი ადგილი ვერ ნახა ცხოვრებაში. ძალიან დავიჩაგრებოდი! _ და მაინც, ვინ არის ნამდვილი თამარ ცირეკიძე? _ ძნელია, საკუთარ თავზე რამე ვთქვა, მით უფრო, კარგი. ეგ ჩემი გვერდის მომხარებლების პოსტებიდან ჩანს, თუ რას ფიქრობენ ჩემზე, ჩემს ნივთებზე. მე ჩემს სუსტ მხარეზე უფრო შემიძლია ვისაუბრო. ასაკის მიუხედავად, ისევ რომანტიკოსი ვარ, ძალიან მგრძნობიარე, გულჩვილი, ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს და განვიცდი. შემიძლია, ფილმზეც ვიტირო. მაქვს ძალიან დიდი ენერგია. ხანდახან ვხუმრობ, როცა მეგობრები მეტყვიან, _ ღამეებს ათენებ, დღე ისევ მუშაობ და საიდან ეგ ენერგიაო? ვპასუხობ, _ კოსმოსიდან-მეთქი. დაახლოებით ერთი წლის მანძლზე ვსწავლობდი იოგას. ენერგიას ვმართავდი და ვაგზავნიდი. ალბათ, ისევ კოსმოსიდან ვიტვირთები-მეთქი. ხანდახან მეც მიკვირს ეგ, მაგრამ ხუმრობის გარეშე, ალბათ, პასუხი ამისა არის საქმის მიმართ დიდი სიყვარული, როცა დროის შეგრძნება მუშაობაში გეკარგება! _ სამომავლო გეგმა? _ გეგმა ბევრი მაქვს, რამდენად განვახორციელებ, არ ვიცი... მინდა, ჩემი სახელოსნო, ჩემი მაღაზია მქონდეს, ქვეყნის გარეთ ბაზარზე გასვლაც მინდა. _ რაზე ფიქრობთ ხოლმე ყველაზე ხშირად? _ შვილებზე... ახლა იმდენი დრო არ მაქვს, რომ მათ დავუთმო და შინაგანად ვნერვიულობ, მიუხედავად იმისა, უკვე დიდები არიან: 21 წლის ბიჭია, 23 წლის გოგო. მყავს წლინახევრის ლიზაც. _ ვისი იმედი გაქვთ ცხოვრებაში? _ მორწმუნე ადამიანი ვარ და უფლის. მიმაჩნია, რაც ხდება ჩემს ცხოვრებაში, რა განსაცდელსაც ვღებულობ, უფლის ნებითაა. _ რას მოაქვს ყველაზე დიდი სიმშვიდე თქვენთვის და როგორ გგონიათ, სად არის ხსნა ადამიანებისთვის? _ შინაგანი სიმშვიდე მოაქვს იმას, როცა ირგვლივ ყველა კარგად მყავს, შემოქმედებითად სულ აფორიაქებული ვარ! მიყვარს მყუდრო გარემო, თბილი სიტუაცია, საინტერესო წიგნი, კლასიკური მუსიკა... ალბათ, ძალიან გადავიღალე, ან ასაკის ბრალია, რადგან ეს ბოლო დრო ხშირად ვნატრობ ასეთ სიტუაციას. ხელოვანი ადამიანები ბევრ რამეს სხვანაირად აღვიქვამთ და ვხედავთ. _ საყვარელი გამონათქვამი, რასაც ყველაზე ხშირად იყენებთ ხოლმე. _ ყველაზე ხშირად უკვე აღარ ვიყენებ, მაგრამ მიყვარს გამოთქმა: „ენდე, მაგრამ გადაამოწმე“. _ რა იქნება თქვენი გზავნილი საზოგადოებისთვის? _ მინდა, ერთმანეთის დაფასება და პატივისცემა ვისწავლოთ. მეტი სითბო გავცეთ ერთმანეთის მიმართ ახლობლებმაც, უცხო ადამიანების მიმართაც ნაკლები აგრესიით ვიყოთ, მოვეფეროთ ერთმანეთს! როცა დავკარგავთ, მერე გვახსენდება, მერე ვნანობთ... სოცოხლეშივე ვისწავლოთ ერთმანეთის ფასი და თანადგომა. მტკივა, როცა ვხედავ, როგორ გაცივდა ურთიერთობები... გადაგვარების გზაზეა ბევრი... ფასი დაკარგა სიყვარულმა, მეგობრობამ. ცარიელი სიტყვებით და თვალებით საუბრობს ხალხი... მიმოიხედავ გვერდით და ცინიზმი, ორპირობა, უყურადღებობა... ეგ ყველაფერი მაწუხებს. დიდი იმედი მაქვს, რომ გამოვფხიზლდებით...

ნინო ტაბაღუა

 

გაზიარება