წლების წინათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ყოფით დონეზე კორუფცია დაამარცხა. ისტორიას ჩაბარდა დრო, როდესაც ცალკეულ კანტორებში ცნობების მისაღებად ქრთამი ჩუმად კი არა, შეგეძლო, ღიად დაგედო კორუმპირებული სისტემის მოხელის მაგიდაზე. შორს იყო ის დრო, როცა გაზულუქებულმა ავტოინსპექტორებმა და მილიციელებმა, რომლებიც დამტვრეულ „გზატკეცილებზე“ ხის ძირას კრეფდნენ სამიდან ხუთ ლარამდე „მოსაკრებლებს“ და ნარკობარიგებს მათთვისვე წართმეული ნარკოტიკებით ამარაგებდნენ, ლამის, რევოლუციაც კი მოაწყვეს ჩაგრულების იმიჯით.
თითქმის მივიწყებას მიეცა ტერმინი „უმაღლესში მოწყობა“ და ახალი რეალობა ერთიანი ეროვნული გამოცდების სახით ყველას თანაბარ პირობებს უქმნიდა. ქვეყნაში უკვე მუშაობდა უამრავი დაწესებულება „ერთი ფანჯრის“ პრინციპით, რომელსაც, რა თქმა უნდა, ჰქონდა და აქვს ხარვეზები, მაგრამ ნამდვილად რევოლუციური ნაბიჯი იყო ქრთამის მიცემასა და ყველაფრისთვის რიგში დგომას, ან ურიგოდ გაძრომას მიჩვეული ქართველი ობივატელისთვის.
საქართველო ძალიან მალე იქცა სამაგალითო ქვეყნად, სადაც კორუფცია დაამარცხეს და ამაზე არა მხოლოდ საერთაშორისო რეიტინგები მეტყველებდა, ამას გრძნობდა თითოეული კეთილსინდისიერი ქართველი მოქალაქე. დაუნახავებზე საუბარი არც ღირს.
ამის მიუხედავად, ხალხი _ საზოგადოებრივი ჯგუფები, ელიტარულ კორუფციაზე საუბრობდა, რომლის წამახალისებელ და ხელშემწყობ ფაქტორად სახელდებოდა კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, ხოლო ელექტრონული ტენდერები, რომელსაც გამჭირვალობისთვის უნდა შეეწყო ხელი, მეტწილად, მახინჯად გამოიყენებოდა.
კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ და ელექტრონული ტენდერების შესყიდვის საკმაოდ ცივილიზებული ფორმა კარგი ინიციატივა იყო, მაგრამ, აბა, ჩვენ რისი ქართველები ვართ, თუ ყველაფერი იმთავითვე არ გავაფუჭეთ და კარგიც კი ცუდად არ ვაქციეთ.
დღეს? დღეს ყოფითი კორუფცია ჯერაც მინიმალურ დონეზეა, თუმცა უკვე ყველა ღიად საუბრობს „ატკატებზე“ და ქრთამის აღების ცალკეულ ფაქტებზე დაკავებული, მეტწილად, დაბალი რანგის ჩინოვნიკების რაოდენობა იმაზე მეტყველებს, რომ ეს სენი ნელ-ნელა ცდილობს ჯანსაღი პროცესის პარალიზებას.
თითქოს, „ერთი ფანჯრის“ პრინციპები ხშირად ჯერაც საკმაოდ წარმატებულად მოქმედებს. ხელისუფლებაც ცდილობს, რაც შეიძლება გამჭვირვალე გახადოს თავისი უწყებების საქმიანობა, მაგრამ ხშირად ვითარება იმდენად აბსურდულია, რომ მიმდინარე პროცესები „ლეგალური კორუფციის“ იერსახეს იძენს.
პროცესის გამარტივება, თუნდაც ელექტრონული ტენდერები, უამრავი მეწარმისა თუ ბიზნესმენისთვის ჯოჯოხეთად იქცა. არადა, ეს გამარტივება და „გამჭვირვალე“ პროცესი ხომ ბიზნესის ხელშესაწყობად მოიფიქრეს.
ამჯერად ელექტრონული ტენდერების მანკიერ მხარეებზე გავამახვილოთ ყურადღება.
ნებისმიერი ადამიანი, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში დარეკავს, ოპერატორის საკმაოდ თავაზიან პასუხს მოისმენს, რომელიც შინაარსობრივად ვერაფერზე გიპასუხებთ და სხვა ნომერზე დარეკვას გირჩევთ. იმ, სხვა ნომერზე კი თუ კონკრეტული პასუხის მიღებას, ან რამის დაზუსტებას მოისურვებთ, იმდენად აგრესიულად მოგიგებენ, რომ არ არიან ვალდებულნი, ტელეფონით გიპასუხონ და საინტერესო საკითხის გასარკვევად ოფიციალური წერილით უნდა მიმართოთ _ ტენდერში მონაწილეობის ყველანაირი სურვილი დაგეკარგებათ.
ჯერ კეთილსინდისიერი შემსყიდველების „შავ დღეზე“ გავამახვილოთ ყურადღება:
მაგალითად, თუ კეთილსინდისიერ შემსყიდველს სურს შეიძინოს კონკრეტული _ მაღალხარისხიანი საქონელი, ის ელექტრონულ ტენდერს აცხადებს. ამ დროს არაკეთილსინდისიერმა შემსრულებელმა, შესაძლოა, ზუსტად ის დოკუმენტაცია წარადგინოს, რომელსაც შემსყიდველი ითხოვს და ბევრად ნაკლები ფასი დასვას რეალურ ღირებულებასთან მიმართებით. ტენდერში ზუსტად ეს კომპანია გაიმარჯვებს, შემოიტანს საქონელს, რომელსაც ეტიკეტზე ის მოთხოვნები ექნება, რასაც შემსყიდველი მოითხოვდა და შედეგად უხარისხო საქონელი შერჩება.
ამიტომ ამ ტენდერის ერთ-ერთი სიმახინჯე ისიც არის, რომ დაბალი ფასი ყოველთვის არ განსაზღვრავს ხარისხს.
ხშირია შემთხვევები, როდესაც სახელმწიფო უწყებები ვერ იღებენ სასურველ მომსახურებას, ბიზნესსექტორი კი შეკვეთების გარეშე რჩება, ხოლო ბიუჯეტს სოლიდური შემოსავლები აკლდება სხვადასხვა გადასახადის სახით.
წარმატებულად დასრულებული ტენდერების რაოდენობა, მეტწილად, 60%-ს არ აღემატება და ეს მაჩვენებელი წლიური შედეგების მიხედვით 50%-ის ფარგლებში მერყეობს. ამიტომაც ცალკეულ შემთხვევებში არ არის გასაკვირი, როდესაც უწყებები გამარტივებულ შეყიდვას ითხოვენ, ან ერთ პირთან მოლაპარაკებებით სრულდება გარიგება. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ცალკეული არაკეთილსინდისიერი შემსყიდველები ამ მეთოდებს დანაშაულებრივი გარიგებებისთვის იყენებენ.
განსაკუთრებით რთულია სახელმწიფო უწყებებისთვის წლის დასაწყისი, როდესაც ისინი ვერ იღებენ სათანადო მომსახურებას, ხოლო ბიზნესი ასევე რჩება შეკვეთების გარეშე.
იმის მიუხედავად, რომ კანონს შესყიდვების შესახებ ხარვეზები იმთავითვე ჰქონდა და ეს პრაქტიკაში ჩანდა, არც წინა და არც ამჟამიდნელ ხელისუფლებას მისი სრულყოფისთვის არ უზრუნია.
მაგალითად, 2011 წელს ე. წ. ახალმა სისტემამ „ცუდ დღეში“ ჩააგდო მთავრობის კანცელარია, რომელსაც საქართველოს მთავრობის განკარგულება დასჭირდა ქვეყანაში სტუმრად მყოფი დელეგაციების მიღებისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად. ცხადია, ეს „უხერხულობა“ მარტივად დაძლიეს და 5 იანვარს გამართულ მთავრობის სხდომაზე მე-8 და მე-9 საკითხად წარმოდგენილი პროექტი ჩაუკითხავად დაამტკიცეს, რითაც კანცელარიას ნება დაერთო, სახელმწიფო შესყიდვები კვლავ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განეხორციელებინა. ეს ტენდენცია დღესაც გრძელდება.
ახლა კი მიმწოდებლების „შავ დღესაც“ მივაქციოთ ყურადღება.
სხვა მიმწოდებელი კომპანიები უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავაგდო, ბარემ, ჩემი კოლეგების მხარდაჭერაც გამომივა, მაგალითს საინფორმაციო სააგენტოებზე წარმოვადგენ.
ვთქვათ, საგარეო საქმეთა სამინისტროს ესაჭიროება სხვადასხვა სააგენტოს მომსახურება. ერთმა რომელიღაც ქვეყნის პრეზიდენტი ჩაწერა, მეორემ _ საგარეო უწყების ხელმძღვანელი, მესამემ _ რომელიმე ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი. რა გააკეთოს ამ შემთხვევაში საგარეო საქმეთა სამინისტრომ? ამ ინფორმაციებს როგორ გაეცნოს? მოიპაროს თუ სააგენტოს მესვეურებს ყელი მოუღეროს, იქნებ, წაგვაკითხოთ, რას ამბობს ესა თუ ის ჩვენთვის საინტერესო რესპონდენტიო? ერთ ტენდერში სამივე ხომ ვერ გაიმარჯვებს? ამ შემთხვევაში, რას სთავაზობს „პატივცემული კანონი“ შემსყიდველებს? იყიდონ ყველაზე დაბალი ფასის ინფორმაცია? თუ გაურიგდნენ ყველას ცალ-ცალკე, _ ტენდერს გამოვაცხადებ, ამაში შენ მიიღე მონაწილეობა და ამაში, _ შენო? უკაცრავად, მაგრამ რატომ?
ახლა ამ ყველაფრის ფინანსური მხარეც განვიხილოთ, თუნდაც ძალიან ზედაპირულად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ასეთ წესებს გვთავაზობს: მიმწოდებელმა, ვთქვათ, 1100-ლარიან ტენდერში მონაწილეობისთვის უნდა გადაიხადოს 1% _ 11 ლარი გარანტიის ოდენობა, 50 ლარი ტენდერში მონაწილეობისთვის. დავუშვათ, რომ ტენდერში გამარჯვების შემდეგ საბოლოო ფასად დაფიქსირდა 1000 ლარი.
ამის შემდეგ წარსადგენი ცნობებისა თუ დოკუმენტაციებისთვის მიმწოდებელმა უნდა დახარჯოს შემდეგი თანხები _ 21 ლარი საგადასახადოში (ცნობა უფასო მხოლოდ 10 დღის შემდეგ არის, ხელშეკრულება კი უმოკლეს ვადებში ფორმდება); შეგახსენებთ: ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შესახებ 50 ლარი ცნობისთვის, რომ ორგანიზაციაში ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია არ ხდება, 50 ლარი იმისთვის, რომ საწარმოს არ ადევს ყადაღა, 7 ლარი ამონაწერის განახლებისთვის (რიგი უწყებები ასევე ითხოვენ ცნობას სასამართლოდან, რომელიც, ალბათ, ფული ღირს). მოკლედ, ესეც 189 ლარი და ცოტა მეტიც. ამის შემდეგ სატენდერო კომისიას უნდა წარუდგინოთ საბანკო გარანტია, რომ მომსახურებას წარმატებულად გაუწევთ და საკონტრაქტო პირობებს არ დაურღვევთ. თუმცა თავად არავითარ გარანტიას არ გაძლევთ, რომ თუ ხელშეკრულებას დაგირღვევთ, თქვენ, როგორც დაზარალებულ მხარეს, ვინმე რაიმე სახის კომპენსაციას მოგცემთ. ამ მხრივ სამაგალითოა საქართველოს რკინიგზაში არსებული საშინელი წესი. მაგალითად, „საქართველოს რკინიგზამ“ გამოაცხადა ტენდერი. მეტწილად ტენდერი ამ კომპანიის მიერ დოლარის ეკვივალენტ ლარში ცხადდება. აი, ეს კი ნამდვილად დიდი პრობლემაა ნებისმიერი მომსახურების გამწევი კომპანიისთვის. საქართველოს რკინიგზა მოითხოვს, რომ თუ ტენდერში საბოლოო ფასი დაფიქსირდა, მაგალითისთვის, 10 000 დოლარის ეკვივალენტი ლარი, ის ანგარიშსწორებას მოახდენს არა ტენდერის დღის კურსით, არამედ საქონლის მიწოდების დღის კურსით. ანუ დღეს თუ ტენდერის კურსი იყო 2.60, ხოლო საქონლის მიწოდების კურსია 2,50, სხვაობაზე მიმწოდებელმა უნდა იდარდოს. მაგრამ თუ კურსი იქნება 2,70, მაშინ „საქართველოს რკინიგზა“ 2.60 კურსით აანაზღაურებს. ამას, ალბათ, ოფიციალური რეკეტი შეიძლება ვუწოდოთ და სხვა არაფერი.
ახლა კი თემა გავაგრძელოთ: თუ გარანტიისთვის კომერციულ ბანკს მიმართავთ, მაშინ ანგარიშზე უნდა გაყინოთ სახელშეკრულებო თანხის ტოლფასი თანხა. მაგალითად, 1000-ლარინი ტენდერის პირობებში 1000 ლარი, მილიონიანი ტენდერის პირობებში კი _ მილიონი. არის გამოსავალიც _ სადაზღვევო კომპანიები. მაგალითისთვის: GPI-ის შემთხვევაში სახელშეკრულებო თანხის 6% უნდა გადაიხადოთ, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა, ხოლო თუ „ალდაგი ბი-სი-აის“ მიმართავთ _ სახელშეკრულებო თანხის 4%, მაგრამ არანაკლებ 50 ლარის ოდენობით. რადგან თავი გაუგებრობაში უკვე გაყოფილი გაქვთ, არჩევანსაც აკეთებთ, ერთ შემთხვევაში თქვენი ხარჯი უკვე აღწევს 339 ლარს, მეორე შემთხვევაში _ 249 ლარს.
თუმცა სადაზღვევომაც საგარანტიო წერილი ერთ დღეში რომ მოგცეთ, მასაც უნდა წარუდგინოთ: ფორმა _ 1, გასული წლის მოგება-ზარალის ბალანსი, ერთი წლის საბანკო ამონაწერი, განახლებული ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან, რომელიც ასევე ფული ღირს, დირექტორის პირადობის მოწმობის ასლი და სხვა საჭირო დოკუმენტაცია. ამ ყველაფერს დავამატოთ სატრანსპორტო და საკომუნიკაციო ხარჯი, რომელიც ნებისმიერი ასეთი გარემოების თანმხლები პროცესია, არაფერს ვამბობ დროზე, რომელიც ჩვენთან ფული არ ღირს, მაგრამ, საერთო ჯამში, ეგეც ფულია. შედეგად გამოვა, რომ მინიმალური ხარჯი 1000-ლარიანი ტენდერის მოგებისას 300-350 ლარს შეადგენს. ამ ხარჯებს დავამატოთ წლის განმავლობაში კურიერისთვის გასაწევი ხარჯებიც, დაახლოებით, 50 ლარის ოდენობით და აღმოჩნდება, რომ თქვენ გაიმარჯვეთ არა 1000-ლარიან ტენდერში, არამედ 650-ლარიანში. თუ დღგ-ს გადამხდელიც ბრძანდებით, მაშინ ამ თანხიდან (1000 ლარიდან) 18%-იც გამოვქვითოთ და ხელში შეგრჩებათ 470 ლარი. დაუმატეთ ამას საბანკო მომსახურებაც და აღმოჩნდება, რომ საბოლოოდ, ყველაზე კარგ სიტუაციაში წლის განმავლობაში თქვენ 460 ლარს მიიღებთ. ე. ი. საინფორმაციო სააგენტომ თორმეტი თვის განმავლობაში 38 ლარად უნდა გაუწიოს მომსახურება შემსყიდველ უწყებას. ეს ნიშნავს, რომ ვირტუალური შესყიდვების სააგენტო უფრო მეტ შემოსავალს იღებს ცალკეული კომპანიის ტენდერში მონაწილეობით, ვიდრე თქვენ, რომელმაც პროდუქცია უნდა შექმნათ.
შესაბამისად, ხელისუფლებას, წინასაც და ამჟამიდელსაც, ამ ხარვეზების აღმოსაფხვრელად რომ ებრძოლა, ამის ნაცვლად ადვილი გამოსავალი იპოვეს, _ არაკეთისინდისიერ შემსყიდველს ვგულისხმობ. ტენდერები პირდაპირ ტარდება „დიმიტრი გელოვანის“ შესასყიდად. ანუ უწყება ეძებს მისთვის სასურველ კომპანიას, რომელსაც ის პროდუქტი აქვს, რაც მას სურს და ზუსტად ისე აცხადებს ტენდერს, რომ მასში სხვა ვერავინ გაიმარჯვებს, ძალიანაც რომ მოინდომოს, რადგან მასეთი „ამ ქალაქში დიმიტრია, _ გელოვანი“.
„დიმიტრი გელოვანის“ მეთოდი გამოიყენება კორუფციული გარიგებებისა და „ატკატების“ დროსაც. იურიდიულად თითქოს ყველაფერი რიგზეა, ვერაფერს შეედავები. საინტერესოა, ვისთვის, ან რისთვის გაკეთდა ეს ყველაფერი? თავი ხომ იმით მოგვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას, რომ ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში მარტივიაო? თუ მხოლოდ 100 ლარად 1 დღეში შპს-ს დარეგისტრირებაა საქმე? და, ზოგადად, საინტერესოა, რა არის გამჭვირვალე, _ ის, რომ ზოგისთვის ცხადდებოდეს ტენდერი და ზოგისთვის _ არა? დიახ, დიახ, კანონში ერთი ასეთი „ხარვეზიც“ არსებობს: თურმე, შემსყიდველს ტენდერის გამოცხადების გარეშე ექსკლუზიური შესყიდვის უფლებაც ჰქონია. ექსკლუზივის განმარტება კი არსადაა. ჰოდა, რასაც უნდა, იმას დარქმევენ ამ ექსკლუზივს და რასაც უნდა, _ არა.
ისე, ვარკეთილის მეტროში მომხდარმა ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რა ხარვეზებია სახელმწიფო შესყიდვებში.
თემა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ამ მეტად ზედაპირულ წერილს აუცილებლად მოჰყვება გაგრძელება კონკრეტული ფაქტებით.
არმაზ მეტრეველი