გავრცელებული ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის მთავარი სამმართველოს წინასწარი დაკავების საკანში მყოფ შოთა ქემოკლიძეზე პოლიციელები ზეწოლას მიმართავდნენ _ აიძულებდნენ სასურველი ჩვენების მიცემას. შოთა ქემოკლიძე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გამოკვლევა არ ჩატარებია და „კაპეზეში“ გააბრუნეს. ოჯახის წევრთა ინფორმაციით: „ შოთა ქემოკლიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია, სისხლდენის გამო გონებაც დაკარგა, თუმცა არც წინასწარი დაკავების საკანში ათავსებენ და არც სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ცდილობენ, პოლიციის მანქანით დაატარებენ ქუჩებში." ადვოკატ ლედი ტუკვაძის განცხადებით: „შოთა ქემოკლიძე წარსულში ნასამართლებია. ციხის დატოვების შემდეგ პოლიციელები მისგან ქვეყნის დატოვებას, ან იმ უბნის მაყურებლობას და დამნაშავეთა დასმენას მოითხოვდნენ, სადაც ის ცხოვრობს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არც ერთ ვარიანტს არ დასთანხმდა, ამიტომ პოლიციელებმა მას საკანცელარიო დანა ჩაუდეს, რის გამოც პასუხისმგებლობა დაეკისრა“.
„ქრონიკა+“ დამოუკიდებელ ექსპერტს, ზაზა ალთუნაშვილს დაუკავშირდა:
„_ თავად აღნიშნეთ, რომ საკანცელარიო ნივთზეა საუბარი და აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანია მისი დანიშნულების განსაზღვრა, ვიდრე ცივი იარაღის კატეგორიას მივაკუთვნებთ. ცივი იარაღის შეფასების დროს სხვადასხვა კრიტერიუმი უნდა იყოს გათვალისწინებული, უნდა შემოწმდეს მისი თვისებები, თორემ ასე ერთი შეხედვით, ან ვინმეს სურვილის გამო აღნიშნულ კატეგრიაში გაიყვანო და პირდაპირ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საქმე დააყენო პირის მიმართ, ეს დაუშვებელია. გასაგებია, საკანცელარიო დანა მჭრელია, კი ბატონო, მაგრამ ვიმეორებ, მას უნდა ჰქონდეს სხვა თვისებები: სიმტკიცე, სიმყიფე და ა. შ. შესწავლის დროს ექსპერტმა ამ კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს და, შესაბამისად, მეცნიერულად დასაბუთებული დასკვნა დადოს.
_ ბატონო ზაზა, ალბათ, კლასიფიკაციაც არსებობს, თუ რა გადის ცივ იარაღში, რა თვისებებს უნდა ატარებდეს და თუ გქონიათ თქვენს პრაქტიკაში, რომ თუნდაც საკანცელარიო დანა ყოფილიყო ნივთმტკიცება?
_ მართალი გითხრათ, მე პირადად 2007 წლიდან ამ სტრუქტურაში აღარ ვმუშაობ, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, 2007 წელს რაღაც ცვლილებები შეიტანეს და თითქმის ყველაფერი ცივი იარაღის კატეგორიაში შედის. მაგრამ რეალურად რომ შევხედოთ მოცემულობას, მხოლოდ დანიშნულებიდან უნდა ფასდებოდეს ცივი იარაღის კატეგორიის მიკუთვნება ამ თუ იმ საგნისთვის. მახსოვს, ჩემი მეგობრის შვილი ფრჩხილების საკვნეტი მოწყობილობისთვის დააკავეს, რომელიც ცივი იარაღის კატეგორიაში გაიყვანეს 2010 წელს და მაშინაც სასაცილოდ არ გვყოფნიდა ეგ ფაქტი. ამიტომ დღევანდელ რეალობაშიც საკანცელარიო დანის გამო პასუხისგებაში მისცე ადამიანი, რომელიც პირვანდელი სახითაა, ანუ არ არის გადაკეთებული ისეთ ბასრ იარაღად, რომ ადვილი იყოს სიცოცხლისთვის საშიში ქმედების მიყენება, არც ლოგიკაში ჯდება და არც სამართლიანობაში. მეორე მაგალითსაც გეტყვით: ჩვეულებრივი სანადირო თოფი, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღია, დასაშვებია და არ ისჯება, მაგრამ მას თუ გადააკეთებ და ლულის სიგრძეს დაამოკლებ, ეს უკვე დასჯადი ქმედებაა. ასეა საკანცელარიო დანის შემთხვევაშიც _ თუ მას აქვს შეცვლილი ფორმა, თვისებები და ა. შ., აქ შეიძლება განვიხილოთ ცივი იარაღის კატეგორია, მაგრამ როცა თვისებები შეცვლილი არ აქვს, პირვანდელ სახეს ატარებს და მოიხმარება საკანცელარიო საქმიანობისთვის, არ უნდა ჩაითვალოს სიცოცხლისთვის საშიშ ნივთად. თუ ექსპერტები და სამართალდამცველები იმაზე გააკეთებენ აქცენტს _ დაზიანება ხომ შეიძლება გამოიწვიოსო? ამ მიდგომით ქუჩაში დაგდებული აგურიც ცივი იარაღია, რომელიც გამვლელმა შეიძლება აიღოს და მეორე ადამიანს თავში ჩარ