„როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, მკაფიოდ და ნათლად უნდა გვეტყობოდეს, რომ ჩვენ ვართ უკრაინის გვერდით“
2023-05-15 14:00:22
თამარ სანაძე
„ირაკლი ღარიბაშვილისგან შეგვიძლია სწავლა, როგორ ვიცხოვროთ რუსეთის ჩრდილში და თან დავიცვათ ქვეყანა“, _ ასე უპასუხა უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა, საქართველოს პრემიერს და მისთვის საქებარი სიტყვები არ დაიშურა. მანამდე კი ღარიბაშვილმა ორბანს შორსმჭვრეტელი და ბრძენი უწოდა. უნგრეთში მიმდინარე კონსერვატიულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმა რუსული პროპაგანდისტული გზავნილები გაახმოვანა და გაიმეორა ის მესიჯები, რომლებიც 30 აპრილს „უცნობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე ისმოდა.
პრემიერის გამოსვლაზე, ვიქტორ ორბანის განცხადებაზე, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებასა და ბოლო დღეებში ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებზე „ქრონიკა+“-თან ვრცლად ისაუბრა „გირჩი _ მეტი თავისუფლების“ წევრმა, ცოტნე კობერიძემ:
ბატონო ცოტნე, თქვენთან საუბარი ბუდაპეშტში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტით მინდა, დავიწყო, _ როგორ შეაფასებდით მის გამოსვლას? რა გზავნილები ჰქონდა ღარიბაშვილს რუსეთისთვის? რა უთხრა მან ევროპას?
გამორჩეულად ერთ-ერთი ყველაზე პოპულისტური გამოსვლა იყო, რაც ირაკლი ღარიბაშვილს აქამდე ჰქონია. ეს მისი ეპისტოლე უფრო იყო, ეპისტოლეს უფრო ვუსმენდი, ვიდრე ტრიბუნაზე პოლიტიკოსის გამოსვლას _ ირაკლი ღარიბაშვილი საუბრობდა რაღაც სახე-ხატებზე, სენტიმენტებზე. სინამდვილეში მისი ეს განცხადებები გათვლილი იყო მასებზე, მათ ემოციებზე. შინაარსი იყო ის, რომ თითქოს რაღაცნაირად ქვეყანაში არის კონსერვატიული ძალის ლიდერი, შემაკავებელი ცვლილებებისა და ლიბერალიზმის. ჯამში კი ის ჩაჯდა ზუსტად იმ ნარატივში, რომელსაც მისი საკუთარი ბოტები ავრცელებენ. ზოგადად, გასინქრონება უნგრეთთან და ვიქტორ ორბანთან ქართული პოლიტიკისთვის არ მგონია სწორი და მისაღები. საქართველო არის ის ქვეყანა, რომლის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული და ის, რომ რუსეთს ენა უნდა მოვუჩლიქოთ, არასწორია. მათთან ურთიერთობის გამოცდილებამ ჭკუა გვასწავლა და გვანახა, რომ რუსეთთან როგორი პოზიციაც უნდა გქონდეს, მას თუ უნდა, შენ მაინც გიპყრობს, ჩვენი სისხლი აქვს მას დაღვრილი და ჩვენ ვასოცირდებოდეთ რუსეთთან, როგორც ყველაზე ენამოჩლექილი სახელმწიფო, ეს არ მომწონს. უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმაც კი მიგვითითა, ირაკლი ღარიბაშვილისგან შეიძლება ვისწავლოთ რუსეთის ჩრდილქვეშ ცხოვრებაო. როდესაც უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ჩემი პირველი სურვილია და პირველი ტკივილია, რომ ბევრად უფრო მკაფიო მესიჯი გვქონდეს რუსეთთან მიმართებით. მკაფიოდ და ნათლად უნდა გვეტყობოდეს, რომ ჩვენ ვართ უკრაინის გვერდით. ყველას კარგად გვესმის, რუსეთი რამხელა ბოროტებაა, ამიტომ ანტირუსული განცხადებები მკაფიო და ძლიერი უდა იყოს. ვხედავდი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი, მე არ წარმომადგენდა, რაღაცნაირად, ესაუბრებოდა ისევ იმ 15%-იან ხალხს, რომელიც რუსეთის მიმართ თბილადაა გაწყობილი. ჩემთვის მისი გაცხადებები ბუდაპეშტში იაფფასიანი პოპულიზმის ნაწილი იყო.
რამდენად გულწრფელი იყო ირაკლი ღარიბაშვილი, როდესაც ის უმცირესობებისა და ქალთა უფლებებზე საუბრობდა?
არ მგონია, ის დიდად ფიქრობდეს ქალთა უფლებებზე. გარდა ამისა, დიდი პროპაგანდა მიმდინარეობდა სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ. მთელი ამ დროის განმავლობაში ამას ვუყურებდით ყველანი, მათ შორის, ფეისბუქზე, სოციალურ ქსელებში და ამას აყვნენ პოლიტიკოსები. ამ ყველაფრის ფონზე იმის თქმა, რომ მათ უფლებებს იცავს პრემიერი, არის ძალიან დიდი ტყუილი. ისინი საუბრობენ, რომ უმრავლესობას აქვს უფლება, ჰქონდეს დიქტატი და უმცირესობა შეზღუდოს. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში უმცირესობამ დაუცველად იგრძნოს თავი.
„ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის, „ევროპელი სოციალისტების“ ხელმძღვანელის, ფრიდონ ინჯიას მიერ ახალი კანონპროექტის შექმნასთან დაკავშირებით მაინტერესებს თქვენი მოსაზრება: შეიძლება თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთი რუსული კანონი დააინიციროს პარლამენტში (ვგულისხმობ ლგბტქ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ კანონს)?
ყველანაირად ცდილობენ, რომ დასავლეთს საბოტაჟი მოუწყონ. ფრიდონ ინჯიას საერთოდ სერიოზულად არავინ უნდა აღიქვამდეს. ფრიდონ ინჯიას ვინმემ რომ იმ კანონპროექტის შესახებ ჰკითხოს, ვერც ისაუბრებს, ვერაფერს იტყვის. ვერც ვგებულობ, რას ლაპარაკობს, იმდენად გაუგებრად გამოხატავს თავის სათქმელს. ის არის „ქართული ოცნების“ სატელიტი პარტიის წევრი და ისევ ვიტყვი, რომ „ოცნება“ აწყობს საბოტაჟს.
ვისაუბროთ გია გაჩეჩილაძის აქციაზე, _ როგორ ფიქრობთ, მომღერალ „უცნობის“ აქციამ რა შედეგი გამოიღო და რა დაგვანახვა? იგრძნო კონკრეტულმა ჯგუფმა ის, რისი გათვლაც ჰქონდათ აქციის ორგანიზატორებს?
ამ აქციამ იმის მეტი არაფერი გვანახა, ვიდრე ის, თუ რა უმცირესობაშია ის აზრები, რაც იქ მოვისმინეთ. მიუხედავად სახელმწიფო რესურსის გამოყენებისა, ხალხის მობილიზებისა, ძალიან საცოდავი აქცია იყო თავისი შემაჯამებელი მუსიკით. ამ აქციამ მანახა, რომ უნდა მჯეროდეს საკუთარი ძალების და ვირწმუნო ამ თაობის აზრი, რომ ისინი უფრო მეტნი არიან, რომ ამ ქვეყნის ევროპულ მომავალს არ წარმოადგეს ის ხალხი, რომელიც „უცნობის“ აქციაზე იდგა. თავად მათ რა შეემატათ, არ ვიცი, მგონი, უფრო უნდა წუხდნენ ამ აქციის გამო.
მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებით როგორია თქვენი შეფასება? _ გაუქმდა ასზე მეტი ფეისბუქგვერდი, რომელიც ემსახურებოდა მმართველი პარტიის ინტერესებს, ხოლო მასზე სახელმწიფო თანხები იხარჯებოდა. ამ საქმეს გამოიძიებენ?
ჩვენი პროკურატურა საკუთარი თავის წინააღმდეგ არაფერს გამოიძიებს. ზოგადად, ფეისბუქი კერძო ჯგუფია, ის თვითონ წყვეტს საკუთარ პოლიტიკას, მედიაში არსებობს პროპაგანდა და ამ პროპაგანდის ნაწილია ესეც. ჩვეულებრივად აწყობილი აქვთ ქარხნები. თუ ფული გაქვს, გადააკოპირებ, დაწერ, პრობლემა არ არის, ფულია მნიშვნელოვანი ამ საქმეში და ეს ქმნის სოციალურ მედიაში აზრს. მათ უნდათ, რომ თავისუფალი აზრი უმცირესობაში აღმოჩნდეს, რადგან ტროლ-ბოტებისგან მოდის უამრავი ლანძღვა-გინება და ყოველივე ამის წაკითხვის შემდეგ ადამიანი უკვე ერიდება საკუთარი აზრის გამოხატვას. სინამდვილეში უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი „ოცნების“ ბუტაფორიაა. „ქართულ ოცნებას“ აქვს ადმინისტრაციული რესურსი, სხვა მხრივ კი უმცირესობაშია. ჩვენი ფული იხარჯება „ოცნების“ მავნებლობაში.
ასევე მინდა შევეხო 12-პუნქტიან გეგმას, _ რა ეტაპზეა „ოცნება“ და რა მოლოდინი გაქვთ მის შესრულებასთან დაკავშირებით?
არანაირი პოზიტიური მოლოდინი არ მაქვს ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე „ქართული ოცნების“ მხრიდან. არ მაქვს იმედი, რომ პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ, არ მაქვს იმედი, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ძალიან ცუდადაა, საზღვარგარეთ შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, არ მაქვს იმედი, რომ მოსამართლეთა საკითხი, ქართული სასამართლო სისტემა, თავისუფალი სასამართლოს საკითხი ამ რეალობაში მოგვარდება და არ მაქვს მოლოდინი, რომ დეოლიგარქიზაციას ბიძინა ივანიშვილი მოაგვარებს. ამ საკითხების მოგვრებისა და შესრულების მოლოდინი არ მაქვს მანამ, სანამ ეს ყველაფერი არჩევნების გზით არ გადაწყდება. აქედან გამომდინარე, სკეპტიკურად ვუყურებ თორმეტპუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების ამბავს. თუ კანდიდატის სტატუსი მოვიპოვეთ, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ უამრავი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში პროევროპულადაა განწყობილი და მზაობას გამოხატავს, მათ შორის, აქციებზე, რომ ეს კურსი შენარჩუნდეს და არ გადავუხვიოთ ევროპისაკენ სწრაფვის გზიდან. ეს თუ მოხდა, კი ბატონო. სხვა მხრივ „ქართული ოცნებისგან“ არანაირი მოლოდინი არ მაქვს, პირიქით, იგი უფრო ხელს უშლის თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულებას, ვიდრე უწყობს და რამეს აკეთებს ამისთვის.
როგორ იქცევა საქართველოს ხელისუფლება თორმეტი პუნქტის შესრულების კვალდაკვალ? რა უნდა მოხდეს, რომ საზოგადოებამ ნათლად დაინახოს, არის თუ არა „ოცნების“ ქმედებები ფიქცია, შეასრულოს ეს პუნქტები და მივიღოთ სტატუსი?
უახლოს თვეებში დასკვნა იქნება, რითაც პასუხი გაეცემა, შეასრულა თუ არა „ქართულმა ოცნებამ“ დავალება. თუ დასავლეთმა არ გვითხრა და მიგვითითა, რა არის ჩვენი საშველი, როგორც ეს რუსული კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით იყო, პოლიტიკოსებს სხვა შემთხვევაში გვიჭირს მესიჯების მიტანა. საბოლოო ჯამში, ამ ყველაფერს გავიგებთ შემოდგომაზე, რა ტექსტს მოგვცემს ევროკავშირი და რა განცხადება იქნება.
ჩვენ ვისმენთ განცხადებებს ევროპელი პარტნიორების მხრიდან, ისინი „ქართულ ოცნებას“ მოიხსენიებენ, როგორც ქართულ კოშმარს. პარალელურად მარგარიტა სიმონიანი საქებარ სიტყვებს უძღვნის კახა კალაძეს. რას გვეუბნება ეს ვითარება?
მარტივია, „ქართულ ოცნებას“ აქვს აზრი, რომ ბიძინა ივანიშვილი დასავლური ყაიდის ქვეყანაში არ მოსულა. ვერანაირი დასავლური ტიპის ქვეყანა ვერ აიტანს ბიძინა ივანიშვილის მმართველობას. ამიტომ თუ მათ რუსეთი მიიღებს, თუ მათ რუსეთი აიტანს, „ოცნების“ ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან კარგი, თუკი ქართული პოლიტიკის საქმე წავა ისე, რომ რუსებმა გვაქონ და გვაკრიტიკონ ევროპელებმა, მერე ადგებიან და იტყვიან, რომ ევროპელები არიან გარყვნილები, გეები და რუსები არიან ჩვენი ტრადიციების დამცველებიო. აი, რა ხდება. ზუსტად ამაზე გვესაუბრა ირაკლი ღარიბაშვილი. საბოლოო ჯამში, მათი ეს დამოკიდებულება და აზრი წააგებს, იმიტომ რომ საქართველო არის პროდასავლურად განწყობილი ქვეყანა.
დაბოლოს, მინდა შეგეკითხოთ 5%-იან ბარიერთან დაკავშირებითაც, _ როგორც ცნობილია, „ქართულმა ოცნებამ“ ამჯერადაც გადათქვა თავისი სიტყვა და არ აპირებს ბარიერის დაწევას. რა ბედი ელის ოპოზიციას? ამ კითხვას იმიტომ გისვამთ, რომ თუ ბოლო კვლევებს გავითვალისწინებთ, სულ ორ პარტიას აქვს შანსი, გადალახოს ხუთპროცენტიანი ბარიერი და მათთან ერთად ვიხილავთ „ქართულ ოცნებასაც“, რომელიც კვლავ უმრავლესობით იქნება წარმოდგენილი. „ქართული ოცნება“ ბარიერს არ დაწევს, რადგან უკანასკნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იგი დაბალი ბარიერის შემთხვევაში აგებს და შეშინებულები არიან, იმის მიუხედავად, რომ ირაკლი კობახიძემ თქვა, ბარიერს დავწევთო. „ქართულ ოცნებას“, ურჩევნია, თავად და „ნაციონალური მოძრაობა“ იყოს და „ნაციონალური მოძრაობა“ გააძლიეროს, ვიდრე ის, რომ ბარიერი დაწიოს და წააგოს. მათ იციან, რომ უეჭველად დამარცხდებიან. ოპოზიციამ პარტიები უნდა გააძლიეროს ისე, რომ ბარიერის გადალახვის საშუალება ჰქონდეთ. ჩატარდება კვლევები, გამოცხადდება შედეგები და გავიგებთ, არჩევნების წინ ვის რა შესაძლებლობა აქვს.