- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-03-12 15:47:01
თამარ როსტიაშვილი
ეროვნული სატყეო სააგენტო განაგებს და პასუხისმგებელია სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე. სწორედ იგი გადასცემს ტყის ფონდის ნაწილს იჯარით კავშირგაბმულობის კომპანიებს.
სატყეო სააგენტოს ამ კომპანიებთან 212 ერთეულ მიწის ნაკვეთზე, საერთო ფართობით _ 269 226 კვ.მ. აქვს გაფორმებული ხელშეკრულება. მარტო წლის წლის იჯარიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ შეადგენს 1 672 645 ლარს.
საინტერესო ის გახლავთ, რომ ეს თანხა განახევრებულია საჯარო რეესტრის რეგისტრაციის დოკუმენტებში. ანუ სარგებლობის უფლებით გადაცემული მიწის ნაკვეთები საჯარო რეესტრში შეფასებულია 903 861 ლარად, რაც იმას ნიშნავს, რომ კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშგებაში „საინვესტიციო ქონების“ მუხლი შემცირებულია 903 861 ლარით.
ამ და კიდევ სხვა კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა სატყეო სააგენტოს. მაგალითად, იმაზე, რომ მას არ აქვს სრულყოფილი ინფორმაცია მთლიანი სახელმწიფო ტყის ფონდის შესახებ.
როგორ წარმოგიდგენიათ _ მაგალითად, ადამიანს აქვს სახლები და მიწები, მაგრამ არ იცის რამდენი აქვს. ანდა კერძო კომპანია ფლობს ქარხნებს და ფაბრიკებს, თუცა არ იცის, რომელს. სრული აბსურდია, ხომ? მაშინ, როგორ მოხდა, _ ეროვნული სატყეო სააგენტოს სახელმწიფომ ჩააბარა მთლიანი სატყეო ფონდი და მას არ გააჩნია სრული ინფორმაცია მთლიანი სახელმწიფო ტყის ფონდის შესახებ. სწორედ ასე უწერია აღნიშნულ უწყებას აუდიტის დასკვნაში.
სოფლის განვითარების სააგენტომ ერთი წლის წინ, მოთხოვნების ანგარიშზე, აღრიცხა 1 964 487 ლარი, რაც იყო ხელშეკრულების დარღვევის გამო გამოწერილი ჯარიმები. გადახდილი ჯარიმები, როგორც წესი, მიდის სამინისტროს შემოსავალში. მაგრამ ეს თანხა იქ არ ასახულა. 2 მილიონამდე ლარი შემოსავლის ნაცვლად ვალდებულებებში აისახა.
იგივე პერიოდში ეროვნული სატყეო სააგენტოს ანგარიშზე დაირიცხა ჯარიმების შედეგად წარმოშობილი 400 271 ლარი, რომელიც ასევე აისახა არა შემოსავალში, არამედ ბიუჯეტის წინაშე არსებულ ვალდებულებებში.
საქმე ის არის, რომ ჯარიმების დაკისრების შედეგად წარმოშობილი მოთხოვნისა და შემოსავლის დარიცხვის პარალელურად, სააგენტო აღიარებდა ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებას. მაგრამ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულება უნდა აღირიცხოს ჯარიმის თანხის გადახდის შემდეგ, რაც არ მომხდარა. აქედან გამომდინარე, სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებები გაზრდილია 400 271 ლარით. სულ კი წლიურ კონსოლიდირებულ ანგარიშში ასახული ვალდებულების თანხა გაზრდილია 2 364 758 ლარით, სამაგიეროდ, შემოსავლის თანხა შემცირებულია 1 964 487 ლარით.
რაც შეეხება გრანტებს! გარემოს დაცვის სამინისტროს უწყებები დონორი ორგანიზაციებისგან იღებენ სხვადასხვა დანიშნულების მიზნობრივ გრანტს, რომელთა სრულად ათვისება ერთი საანგარიშგებო პერიოდის განმავლობაში არ ხდება. წლის ბოლოს, სამინისტროს სხვადასხვა უწყებები მიზნობრივი გრანტიდან დარჩენილ თანხას ანუ ნაშთს აღრიცხავენ ხაზინის მოთხოვნად. მაგრამ, ნაცვლად ვალდებულებისა, თითქმის ყველა მათგანმა ნაშთი გრანტიდან მიღებულ შემოსავლად აღიარა. მიუხედავად იმისა, რომ მიზნობრივი გრანტის ხელშეკრულებები მოიცავს პირობებს, რომლის თანახმადაც გრანტის მიმღებმა თანხა უნდა გამოიყენოს კონკრეტული დანიშნულებით, წინააღმდეგ შემთხვევაში თანხა უნდა დაუბრუნოს დონორ ორგანიზაციას. სწორედ გრანტის ეს თანხა რომ დაებრუნებინათ დონორი ორგანიზაციისთვის, სამინისტროს ქვეუწყებებმა მიზნობრივი გრანტის ნაშთები ვალდებულებად არ აღიარეს. ეს ხომ უნდა მოიფიქრო! თან დონორ ორგანიზაციას სახელმწიფო ორგანიზაციების ვალდებულებების ფინანსური ანგარიშგებების შემოწმების უფლება არ აქვთ.
მაგალითად, დაცული ტერიტორიების სააგენტომ ერთ-ერთი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე აქტივად ასახა სამი წლის განმავლობაში სააგენტოს სახელზე რეგისტრირებული 1 390 000 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთი, როგორც გრანტიდან მიღებული შემოსავალი, ნაცვლად წლის დასაწყისის ნაშთის კორექტირებისა. შედეგად, წლის ფინანსურ ანგარიშგებაში შემოსავლის თანხა გაზარდა 1 390 000 ლარით.
სოფლის განვითარების სააგენტომ 2022 წლის ბუღალტრულ მონაცემებში ასახა 304 723 ლარის ოდენობის ისეთი ჯარიმები, რომლებიც წინა წელს იყო გაგზავნილი დაჯარიმებულ კომპანიებთან და, შესაბამისად, მოთხოვნისა და შემოსავლის აღიარება უნდა მომხდარიყო არა 2022 წელს, არამედ 2021 წელს. 2022 წელს სხვა ფინანსური ვალდებულებები აიღო და საერთოდ არ აქვს კავშირი 2021 წლის შემოსავალთან. აქ პირიქით მოხდა _ 2021 წლის ბოლოსთვის მოთხოვნების ნაშთი და დარიცხული შემოსავლის თანხა შემცირებულია 304 723 თანხით.
ღვინის ეროვნული სააგენტოს ანგარიშებზე საერთოდ ვადაგადაცილებული მოთხოვნების პარადია! სამინისტროს აპარატში _ 6 123 850 ლარის, ხოლო სააგენტოში _ 2 446 066 ლარისა და 243 440 ლარის სახით. არ გაინტერესებთ, რა თანხებია ეს? სამინისტროს აპარატში 6 123 850 ლარის ოდენობის სესხი წარმოადგენს 2007 წელს შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებულ სასესხო მოთხოვნას, რომელიც გაცემულია სამელიორაციო სისტემების ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით და დღემდე არ არის დაფარული, თითქმის, 20 წლის გასვლის შემდეგ. მერე რა მოხდება _ ხანდაზმულობის გამო ჩამოაწერენ?!
ღვინის ეროვნული სააგენტო _ 2 446 067 ლარის ოდენობის ვადაგადაცილებული სასესხო მოთხოვნები წარმოშობილია 2007 წელს და წარმოადგენს სამინისტროს, სააგენტოსა და ფინანსთა სამინისტროს მიერ ოთხმხრივი ხელშეკრულების ფარგლებში ორ კომპანიაზე გაცემულ სესხს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს სხვა გრძელვადიან ფინანსურ აქტივებს რაც შეეხება, სამინისტრომ და ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ისინი ჩამოწერეს 2021 წლის ხარჯებში და გადაიტანეს „პირობითი აქტივების“ ანგარიშზე. ეს კი არაფრით შეიძლებოდა, ვინაიდან ჩამოწერის ნაცვლად უნდა გასწორებულიყო აქტივების და კაპიტალის საწყისი ნაშთის კორექტირების გზით. ამ არასწორი ქმედების შედეგად, ფინანსურ ანგარიშგებაში ასახული ხარჯის თანხა გაზრდილია 8 813 357 ლარით.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ჯავახეთის ადმინისტრაციაში ერთ შემთხვევაში თანამშრომლის სამსახურში გამოუცხადებლობის მიუხედავად, თითქმის ერთი წლის სამუშაო დროის აღრიცხვის მონაცემებით, მასზე ფიქსირდებოდა ნამუშევარი საათები და ხორციელდებოდა ხელფასის დარიცხვა. რამდენია ასეთი „გამოუცხადებელი“ ხელფასები, უცნობია. ამ ფაქტებს სწავლობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსპექტირების სამსახური.
დასაწყისში ვახსენეთ, რომ ეროვნული სატყეო სააგენტო, როგორც სახელმწიფო ტყის ფონდის მართვაზე უფლებამოსილი ორგანო, ტყის ფონდის ნაწილს იჯარით გადასცემს კავშირგაბმულობის კომპანიებს. წინა ორი წლის განმავლობაში მოიჯარეებთან გაფორმებული ხელშეკრულებების ვადა ამოიწურა და აღნიშნული ხელშეკრულებების ვადები არ გაგრძელებულა. არ გაფორმებულა ასევე არც ახალი ხელშეკრულებები. მოიჯარე კომპანიები ისევ სარგებლობენ აღნიშნული ქონებით და სააგენტოც იღებს შემოსავალს, მხოლოდ გაფორმების გარეშე.
საწვავის ხარჯებთან დაკავშირებით ჩატარებული ანალიზური პროცედურების შედეგად, გამოვლინდა ავტომანქანების ავზის მოცულობასთან შედარებით მეტი ოდენობით საწვავის ჩასხმის ფაქტები, რაც ზრდის საწვავის არამიზნობრივად გამოყენების რისკებს. სამინისტროს აპარატის ფინანსურ ანგარიშგებაში ასახულია 5 509 985 ლარის ოდენობის წინა წლებში წარმოშობილი და ლიკვიდირებული ორგანიზაციების ბალანსებიდან გადმოსული ვადაგადაცილებული დავალიანებები, მათ შორის, გაუცემელი შრომის ანაზღაურება და მასთან დაკავშირებული ბიუჯეტის წინაშე დარიცხული 5 272 247 ლარის ვალდებულებები. აქედან, 3 458 354 ლარი წარმოადგენს გარემოს დაცვის სამინისტროს ვალდებულებას.
სოფლის განვითარების სააგენტოს ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის ასახული სააგენტოს წინააღმდეგ 2 653 504 ლარის მიმდინარე სასამართლო დავების შესახებ ინფორმაცია. არ არის შეფასებული ასევე ამ დავების სოფლის განვითარების სააგენტოს სასარგებლოდ დასრულების მაჩვენებელი. აღნიშნული სასამართლო დავები ძირითადად მოიცავს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროგრამების ფარგლებში ინსტიტუტების მიერ დაწყებულ სასამართლო პროცესებსა და დავებს.
რამდენი მოიგო, რამდენი წააგო, რამდენი დასრულდა სამინისტროს სასარგებლოდ _ ეს ინფორმაცია, რომელიც საჯაროა, ცნობისთვის, არ იძებნება. თუმცა ეროვნულ სატყეო სააგენტოს 115 224 ლარის ოდენობის მიმდინარე სასამართლო დავები აღრიცხული აქვს, როგორც პირობითი აქტივების, ასევე პირობითი ვალდებულებების ანგარიშზე. ეს კი უკვე სრული აბსურდია, თუნდაც იმიტომ, რომ ამ გზით პირობითი აქტივებისა და ვალდებულებების თანხა გაზრდილია 115 224 ლარით.
სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები უფლებამოსილი არიან, სამართალდარღვევის შემთხვევაში დააჯარიმონ ფიზიკური პირები და კომპანიები. ეროვნული სატყეო სააგენტოს ფუნქციებში შედის საკუთარ ტერიტორიაზე ტყით სარგებლობის უფლების განხორციელებაზე კონტროლი, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გამოვლენას და ოქმის შედგენას.
შეიძლება ითქვას, რომ ამას სააგენტო არ აკეთებს, ვინაიდან სააგენტო არ აწარმოებს სამართალდარღვევათა ოქმების ერთიან ბაზას, ასევე მის დასრულებულ ფინანსურ ანგარიშგებაში არ არის აღრიცხული წინა წლის გამოვლენილი და გადახდილი სამართალდარღვევების შედეგად გამოწერილი ჯარიმები. ვერ იქნა მოპოვებული დოკუმენტები სანქციებით, ჯარიმებითა და საურავებით მიღებული შემოსავლის სისრულესა და სისწორეზე.
ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტმა შიდა რესურსებით
შეიმუშავა შვიდი პროგრამული უზრუნველყოფა, რითაც სარგებლობენ სამინისტროს ერთეულები. ამაზე თავის დროზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან. მიუხედავად ამისა, სამინისტროს 14 სტრუქტურული ერთეულიდან აღნიშნული არამატერიალური აქტივები არც ერთს არ აქვს ასახული ფინანსურ ანგარიშგებაში. არ არის ასახული არსებულ პროგრამებში ახალი მოდულების შევსება, რაც აქტივის გაუმჯობესებაზე მიუთითებდა.
მეტიც, სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია, თუ რა დანახარჯები გაიწია ზემოაღნიშნული პროგრამების შემუშავებისას, რის გამოც ვერ დგინდება მათი ღირებულება.
სამინისტროს ყველაზე ხანდაზმული დავალიანებებიც არ აქვს გასწორებული. მაგალითად, 2021 წლის 31 დეკემბრის ანგარიშგებაში ასახულია 1 091 231 ლარის ოდენობის მოკლევადიანი დებიტორული დავალიანებები, რომლებიც 1996-2009 წლებში ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო დაკისრებულ პირგასამტეხლოებს წარმოადგენს.
აღნიშნული თანხიდან 1 003 699 ლარი ეკუთვნის ერთ-ერთ კომპანიას, რომლისგან თანხის ამოღების ვალდებულება 2010 წელს გადაეცა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ამ კომპანიაზე 2018 წლიდან მიმდინარეობს გაკოტრების პროცედურა და მის მოვალეთა რეესტრში ფიქსირდება რვა სუბიექტი. სწორედ ამის გამო სამინისტროს ფინანსურ ანგარიშგებაში აქტივების თანხა გაზრდილია 1 091 231 ლარით.
სოფლის განვითარების სააგენტოს დოკუმენტებში „გრძელვადიანი ფინანსური აქტივების“ მუხლში აღრიცხულია 8 519 745 ლარი, რაც წარმოადგენს 2012-2014 წლებში შპს „გორის სასათბურე მეურნეობაში“ განხორციელებულ შენატანებს. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „გორის სასათბურე მეურნეობაზე“ 2016 წლიდან მიმდინარეობს გაკოტრების საქმის წარმოება. მის საკუთრებაში არსებული 4 105 690 ლარის ღირებულების აქტივები უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.