- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2023-01-22 17:35:35
მიხეილ ხაჩიძე
ესმა ქათამაძე გერმანიაში ლტოლვილის სტატუსით 2022 წლის მაისში ჩაბარდა, ზუსტად 5 თვეში კი მისი დეპორტაცია განხორციელდა. მან თავშესაფარი ბოხუმის განყოფილებაში მოითხოვა, რის შემდეგაც მიუნხენ-გლადბახის ლტოლვილთა თავშესაფარში, ე. წ. აზულში გადაიყვანეს.
ქართველს თავშესაფარი ჯანმრთელობის მიზნით ჰქონდა მოთხოვნილი. მისი დიაგნოზია კიფო-სქოლიოზი. როგორც თავად განმარტავს, საქართველოს არ გააჩნია შესაბამისი აღჭურვილობა ამ ოპერაციის გასაკეთებლად. ყველაზე სწორი და ადეკვატური ნაბიჯი გერმანიაში სამკურნალო ლტოლვილის სტატუსი აღმოჩნდა.
„თურქეთში ვიყავი გამოკვლევებზე, იქ დამისვეს დიაგნოზი და მკურნალობის საფასური 80.000-დან 100.000 დოლარამდე ჯდებოდა, ოჯახს ამის საშუალება არ გააჩნდა და ოპერაცია ვერ დავაფინანსე. გადავწყვიტე, მარტოხელა ადამიანი, მეგობრების რჩევით, ასე ბრმად წავსულიყავი გერმანიაში და მომეთხოვა სამკურნალო მიზნით ლტოლვის სტატუსი“.
თუმცა ესმა ქათამაძის შემთხვევაში ყველაფერი ისე არ წარიმართა, როგორც ჰქონდა ჩაფიქრებული. 38 წლის ქართველს გერმანიაში არათუ სტატუსი მიანიჭეს, არამედ არც კი უმკურნალეს, ამასთან იგი ძალიან ცუდ პირობებში იმყოფებოდა. როგორც „ქრონიკა+“-თან აცხადებს, ვერ წარმოიდგენდა, რომ ასეთ დალაგებულ და მოწესრიგებულ გერმანიაში მსგავსი განუკითხაობა და უპატრონობა მოელოდა.
„შოკში ვიყავი, გაოგნებული და გაოცებული. ბავშვობიდან მქონდა წარმოდგენა, რომ გერმანია გამორჩეული ქვეყანა იყო, სამართლიანი და კანონიერი, მოწესრიგებული და ადამიანებზე ორიენტირებული, ჩემს შემთხვევაში კი საპირისპირო აღმოჩნდა“, _ ამბობს იგი.
სტატუსის მოთხოვნიდან რამდენიმე თვეში მას ლტოლვილთა თავშესაფარში უმწვავესი ტკივილები დაეწყო. ის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის მიერ საავადმყოფოში იქნა ჰოსპიტალიზებული, თუმცა არც გამოკვლევები ჩაუტარეს და არც შესაბამისი ყურადღება მიაქციეს.
„ერთ დღესაც დავეცი სააბაზანოში, რამაც გამოიწვია ფეხზე დგომის პრობლემა, ანუ გადაადგილებას ვეღარ ვახერხებდი. გამოვიძახეთ სასწრაფო და გადამიყვანეს საავადმყოფოში, სადაც, ფაქტობრივად, არც კი მომაქციეს ყურადღება. არ გადამიღეს ტომოგრაფია და გამაყუჩებლებით ცდილობდნენ ჩემი გაუსაძლისი ტკივილების გაყუჩებას, რამაც ჩემში პროტესტი გამოიწვია. ამ ყველაფერს ემატებოდა ენის ბარიერიც. მოვითხოვე თარჯიმანი, თუმცა არავინ ჰყავდათ. მეორე დღესვე გამომწერეს, რადგან თქვეს, რომ „აზიულიანტი“ ვარ. („აზიულანტს“ გერმანელები უწოდებენ პოლიტდევნილებს და თავშესაფრის მაძიებლებს აზიიდან. ეს ერთგვარად დამამცირებელი გამოთქმაა, _ რედ.) მეტს ვერაფერს გამიკეთებდნენ, დასკვნაში კი ჩამიწერეს, რომ თითქოს აღმენიშნებოდა საათობრივი ფსიქოლოგიური აშლილობა. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და განუკითხაობა, რაც მე გამოვიარე“.
საავადმყოფოდან მკურნალობის გარეშე გაწერილი ქართველი მძიმე ტკივილებით კვლავ ლტოლვილთა თავშესაფარში დააბრუნეს. ამის შემდეგ მან თავშესაფარშივე მოითხოვა ნეიროქირურგი, დაუნიშნეს მიღება პირველ სექტემბერს, დილის 10:20 საათზე, თუმცა ამაღე დღის გამთენიის 03.30 საათზე პოლიცია მას ოთახში დაადგა. მძინარე ქართველს არც ბარგის ჩალაგების საშუალება მისცეს, წაიყვანეს დიუსელდორფის აეროპორტში და იქიდან სპეცრეისით თბილისში გააძევეს. „შემომეჭრა პოლიცია, შიშისგან საწოლიდან წამოვხტი. არც თარჯიმანი ჰყავდათ, მესმოდა მხოლოდ გარკვეული საკვანძო სიტყვები და აზრი გამომქონდა, რომ დეპორტს მიკეთებდნენ და აეროპორტში უნდა წავეყვანეთ. წინააღმდეგობა როცა გავუწიე, პოლიციამ ხელები შემიკრა, ხელში ამიყვანეს და სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მანქანაში შემტენეს. ტკივილები მაწუხებდა, იმწამსვე დამალევინეს წამალი, რომელიც ჩემთვის უცნობი იყო და მის შემდეგ, ფაქტობრივად, არც არაფერი მახსოვს. გონზე აეროპორტში მოვედი“, _ იხსენებს იგი.
აეროპორტში მიყვანილ ესმა ქათამაძეს პოლიცია და უკვე ადგილზე მყოფი ქართველი თარჯიმანი უმტკიცებდნენ, რომ მას ხელი ჰქონდა მოწერილი დოკუმენტზე, თითქოს აგვისტოს ბოლომდე ქვეყნის დატოვების შესახებ, თუმცა, მისი თქმით, არარსებულ საბუთზე იყო საუბარი, მას მსგავსს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერია, ითხოვდა დოკუმენტის ნახვას, თუმცა რასაკვირველია, ამას ვერ აჩვენებდნენ, რადგან იგი არ არსებობდა. ამასთან, ითხოვდა ადვოკატთან დაკავშირებას, თუმცა ესეც უშედეგოდ, მას თავისი უფლებების გამოყენების შესაძლებლობა ამ მიმართულებითაც არ მიეცა. ჩამოართვეს ტელეფონი და ერთი ჩანთით გამოაძევეს საქართველოში.
საქართველოში ჩამოსულმა უკვე არაერთგიზის სცადა გერმანელ ადვოკატთან დაკავშირება, თუმცა იქიდან არანაირი პასუხი და რეაგირება არ ყოფილა. მიმართა საქართველოში გერმანიის საელჩოსაც, აქაც უგულებელჰყვეს მისი შეკითხვები. ისევ მეგობრების დახმარებით გაარკვია, რომ 3-წლიანი შენგენის დეპორტი აქვს. მიაჩნია, რომ ეს დამატებითი უსამართლობაა, რადგან, მისი თქმით, შესაძლოა, მისი დიაგნოზით ევროპის სხვა ქვეყანაში ემკურნალათ და გადაერჩინათ მისი მომავალი.
ესმა ქათამაძის დიაგნოზი სასიკვდილო არ არის, თუმცა შესაძლოა, წელსქვემოთ მოწყდეს და მთელი ცხოვრება ეტლს მიეჯაჭვოს.
გერმანიიდან და ზოგადად ევროპიდან რომ ქართველების დეპორტაცია გახშირდა, ამას გვიდასტურებს ევროკავშირის საზღვრების მართვის სააგენტო FღONთEX-ის ქართველი წარმომადგენლიც. ირმა ცირამუა აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანეს, დეპორტაციები მასშტაბური გახდა. ორგანიზატორი ქვეყანა არის გერმანია და მას უერთდება სხვა სახელმწიფოებიც, მათ შორის, იტალია, ესპანეთი, ირლანდია, ისლანდია, შვედეთი და ა. შ. დეპორტაციები ხორციელდება თვეში 2-ჯერ, ხან 3-ჯერაც:
„უსაფრთო ქვეყნების სიაში შეყვანილი ქვეყნის მოქალაქეებს ლტოლვილის სტატუსზე შანსები მინიმუმი აქვს. თავშესაფარი ნიშნავს პოლიტიკური მიზეზით ჩაბარებას და არა ჯანმრთელობიდან ან ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე. თუმცა გააჩნია ჯანმრთელობის პრობლემასაც, თუკი მკურნალობის გაგრძელება საქართველოში შეუძლებელია, მაშინ საკითხი განიხილება, მაგრამ ამას ემატება ის პრობლემა, რომ საქართველოდან მოწოდებულ გაიდლაინებში წერია, რომ საქართველო ყველა სახის ავადმყოფობას მკურნალობს. ევროპელებიც კი, რა თქმა უნდა, საქართველოს მთავრობის ამ ოფიციალურად მოწოდებული დოკუმენტებით ხელმძღვანელობენ“, _ განმარტავს ცირამუა.
მისივე თქმით, ყველანაირ სტატუსზე ევროპაში ქართველებზე უარი გაიცემა, გარდა პოლიტიკით განპირობებული შემთხვევებისა, რომლებსაც, თავის მხრივ, შესაბამისი დამტკიცება და დასაბუთება უნდა:
„როდესაც პირს უარი ეძლევა თავშესაფარზე, არის სხვადასხვა ინსტანცია, მას უფლება აქვს გასაჩივრების, ამას მოჰყვება დეპორტაციის დაცვა ან არდაცვა. დაცვა ნიშნავს იმას, რომ მეორე ინსტანციის გადაწყვეტილებამდე პიროვნება არ იქნება გადეპორტებული; თუკი დაცვა არ აქვს, სახელმწიფო გეუბნება, რომ გაქვს უფლება გაასაჩივრო და მეც მაქვს უფლება, გაგადეპორტო“, _ განმარტავს ირმა ცირამუა.
აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ევროპაში ქართველი ლტოლვილების რაოდენობა რეკორდულად გაიზარდა. ამას მოწმობს თუნდაც გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის მონაცემები, რომელიც წელიწადში ორჯერ ქვეყნდება. სულ ცოტა ხნის წინათ უწყება იტყობინებოდა, რომ ჯერ მარტო სეზონურ სამუშაოზე ჩასული საქართველოს ათი მოქალაქიდან ხუთი სამშობლოში არ ბრუნდება და ლტოლვილად ბარდება.
საქართველოს ეს მოქალაქეები სეზონური სამუშაოს დასრულების შემდეგ მიმართავენ მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალური სამსახურის ადგილობრივ ფილიალებს და სხვადასხვა მოტივით ლტოლვილის სტატუსს ითხოვენ.
შეგახსენებთ: 2021 წლის მარტში საქართველოს მოქალაქეებს გერმანიის სოფლის მეურნეობის სექტორში ლეგალურად მუშაობის უფლება მიეცათ. სწორედ ეს არის ის სეზონური სამუშაო, რომლის შემდეგაც ქართველები თავშესაფარს ითხოვენ.