დეკანოზ გიორგი მამალაძისთვის წართმეული სამართლიანი სასამართლოს უფლება
2022-11-13 16:47:46
გიგა გელხვიიძე
2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დეკანოზი გიორგი მამალაძე დააკავეს, რომელიც საქართველოს პატრიარქ ილია მეორის მარჯვენა ხელი იყო. დეკანოზს ბრალი დასდეს უმძიმეს დანაშაულში: პატრიარქის მდივან-რეფერატ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობაში. აღნიშნული საქმე „ციანიდის საქმის“ სახელით არის ცნობილი.
საქმის განხილვა, რომელიც დეკანოზისთვის პატიმრობის მისჯით დასრულდა, საზოგადოებისთვის და მედიისთვის, ფაქტობრივად, გასაიდუმლოებული იყო, რადგანაც სასამართლო სხდომები დაიხურა და მოსმენები აღნიშნული ფორმატით მიმდინარეობდა. საბოლოოდ, საქმე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა სასამართლოში გადაიგზავნა. დეკანოზ მამალაძის საქმეში თავდაპირველად რამდენიმე უფლებადამცველი იყო ჩართული, 2018 წელს კი მათ უფლებადამცველი დავით ჯანდიერი დემატა. სწორედ ჯანდიერის მიერ მომზადდა სარჩელი, რომელიც სტრასბურგში გაიგზავნა და სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ადამიანის უფლებათა სასამართლოში დეკანოზ მამალაძის საქმის განხილვას ოთხი წელი დასჭირდა და გადაწყვეტილება 2022 წლის 3 ნოემბერს გახდა ცნობილი. გადაწყვეტილების მიხედვით, სტრასბურგის სასამართლომ მამალაძის დაცვის მხარის მიერ შეტანილი სარჩელის სამი ნაწილიდან ორი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ დეკანოზ მამალაძის საქმეში ადგილი ჰქონდა შემდეგ გადაცდომებს: უდანაშაულობის პრეზუმპცია და სამართლიანი სასამართლოს უფლება. რაც შეეხება კიდევ ერთ პუნქტს, რომელიც მამალაძის წინააღმდეგ მტკიცებულებების მოპოვებას შეეხებოდა, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში დარღვევა არ ყოფილა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მწვავე განხილვის საგანი გახდა საქართველოში. აღნიშნულის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა იუსტიციის სამინისტრომაც: „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიორგი მამალაძის მიმართ გამოტანილი განაჩენი კანონიერად მიიჩნია და მომჩივნის პრეტენზია მორალური კომპენსაციის მინიჭების თაობაზე არ დააკმაყოფილა. სტრასბურგის სასამართლოს წინაშე გიორგი მამალაძე დაობდა, რომ დაირღვა სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლება მტკიცებულებების („ნატრიუმის ციანიდი“) მოპოვების გარემოებების გამო. იგი, აგრეთვე, ასაჩივრებდა მის მიმართ მიმდინარე სასამართლო პროცესის სრულად დახურვის საკითხს და ამტკიცებდა, რომ გენერალური პროკურატურისა და თანამდებობის პირების განცხადებების საფუძველზე დაირღვა მისი უდანაშაულობის პრეზუმპცია. სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის სამართლიანი სასამართლო განხილვის უფლების, მტკიცებულებათა მოპოვების გარემოებებისა („ნატრიუმის ციანიდი“) და მათი სანდოობის კუთხით დარღვევა არ დაადგინა. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლომ კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენა ეროვნულ დონეზე საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოების დასკვნები მომჩივნის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე. საგულისხმოა, რომ სტრასბურგის სასამართლო დაეთანხმა მთავრობის პოზიციას, რომლის თანახმადაც, გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ გამორიცხულია მომწამლავი ნივთიერების „ჩადება“, როგორც ამას მომჩივანი ამტკიცებდა. ამასთან, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძის განაჩენი ეფუძნება საქმეში არსებულ არაერთ სხვა მტკიცებულებას, როგორიცაა მოწმეთა ჩვენებები, აუდიო და ვიდეომასალა, კომპიუტერული მონაცემები და სხვ. რაც შეეხება მომჩივნის სხვა მოთხოვნებს, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მომჩივნის მიმართ წარმოებული საქმის სხდომების სრულად დახურვა არ იყო მკაცრად აუცილებელი. კერძოდ, ევროპული სასამართლოს შეფასებით, შიდა სასამართლოების მიერ სათანადოდ არ იყო დასაბუთებული, თუ რატომ არ შეიძლებოდა სხდომის ნაწილის საჯაროდ ჩატარება. ევროპულმა სასამართლომ უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევად მიიჩნია ერთობლიობაში მომჩივნის წინააღმდეგ ცალკეული საჯარო განცხადებების გაკეთება და პროკურატურის მხრიდან საქმის მასალების ნაწილის საჯაროდ გამოქვეყნება, მაშინ, როდესაც დაცვის მხარის მიმართ გამოყენებულ იქნა ინფორმაციის გაუთქმელობის ვალდებულება. აღსანიშნავია, რომ ხსენებული დარღვევები არის პროცედურული ხასიათის და გავლენას არ ახდენს განაჩენის კანონიერებაზე, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა თავად ევროპული სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის საქმის წარმოება მთლიანობაში იყო სამართლიანი, მომჩივნის ჩხრეკა იყო კანონიერი და ციანიდის „ჩადებას“ ადგილი არ ჰქონია“, _ ნათქვამია განცხადებაში.
საქმის დეტალებში უკეთ გასარკვევად „ქრონიკა+“ უფლებადამცველ დავით ჯანდიერს ესაუბრა და შეეცადა მისგან დეტალურად გაეგო, თუ როგორ აღიქმება რეალურად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება დეკანოზ მამალაძის საქმეზე:
_ ბატონო დავით, 4 წლის წინათ, როცა სტრასბურგის სასამართლოში გადაწყდა ამ სარჩელის შეტანა, მაშინ რა ხედვები და მოლოდინები გქონდათ? _ მოცემულ საქმეში ჩავერთე 2018 წლის აპრილის შემდეგ, მას მერე, რაც დეკანოზ გიორგი მამალაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა სააპელაციო სასამართლომ, რადგან უკვე არსებობდა მოლოდინი იმისა, რომ უზენაესი სასამართლო ანალოგიურ პასუხს გასცემდა. საჩივარი გავაგზავნე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ უარი უთხრა მამალაძის ადვოკატებს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე. ცხადია, რომ საჩივრის ძირითადი ნაწილი უკავშირდებოდა საკითხს იმის შესახებ, დაირღვა თუ არა კონვენციის მეექვსე მუხლი, ანუ დაირღვა თუ არა სამართლიანი განხილვის უფლება. მოთხოვნა საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევის შესახებ, 2022 წლის 3 ნოემბერს, სასამართლომ რამდენიმე დღის წინ დააკმაყოფილა. აღნიშნული მოთხოვნა შედგებოდა 3 კომპონენტისგან. მეექვსე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა მტკიცებულებების მოპოვებისა და გამოყენების ნაწილში, რაზედაც სასამართლომ უარი თქვა, მეექვსე მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა, რაც უკავშირდებოდა საქმის დახურულ რეჟიმში გამართვას, რაზედაც მოთხოვნა დააკმაყოფილა და მესამე მოთხოვნაც დააკმაყოფილა, მეექვსე მუხლის მეორე ნაწილიდან გამომდინარე, რაც გულისხმობს უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევას. რეზიუმეს სახით რომ ვთქვათ, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ გიორგი მამალაძის მიმართ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვა. _ დავის საგანი იყო მეექვსე მუხლთან დაკავშირებით. იუსტიციის სამინისტრომაც გააკეთა განცხადება, რომ ინფორმაცია, რომელიც იყო თქვენი მხრიდან მოწოდებული, არ შეესაბამებოდა სიმართლეს და ეს რომ განვმარტოთ კიდევ ერთხელ: ის ნაწილი, რომელიც არ დააკმაყოფილა სტრასბურგმა, რა ნაწილი იყო? _ უფრო მეტად გასაგები რომ იყოს მკითხველისთვის. _ რა არ შეესაბამებოდა სიმართლეს, რომ სასამართლომ თქვა, საქმის სამართლიანი განხილვის უფლება დაირღვაო? ასეთი რამ როგორ შეიძლება ითქვას? ყველას აქვს კომპიუტერი და წვდომა ინტერნეტთან. გადაწყვეტილება განთავსებულია სასამართლოს ვებგვერდზე, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ მამალაძის მიმართ დაირღვა საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, გათვალისწინებული კონვენციის 6.1 და 6.2 მუხლებით. იუსტიციის სამინისტროს განცხადება არ პასუხობს იმ შინაარსს, რაც სტრასბურგის სასამართლომ თქვა და რაში მდგომარეობს ეს:
ევროპულმა სასამართლომ თქვა, რომ სასამართლო სხდომების სრულად დახურვა არ შეესაბამებოდა საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საფუძვლებს, მათ შორის, კანონით არ იყო გათვალისწინებული რელიგიური, მორალური შეხედულებებიდან ან მართლმსაჯულების ინტერესიდან გამომდინარე სხდომის დახურვა;
მართლმსაჯულების ინტერესში ხელისუფლება გულისხმობდა იმას, რომ თითქოს დამნაშავეთა ჯგუფი არსებობდა და პროცესის ღიად გამართვის შემთხვევაში ინფორმაცია გავიდოდა და ეს გამოძიებას დააზიანებდა. სტრასბურგის სასამართლომ საქმის ღია განხილვის ნაწილში თქვა, რომ რელიგიური და მორალური შეხედულებები არ აბალანსებს სხდომის დახურვის საჭიროებას;
სასამართლომ თქვა, რომ ნაკლებად მზღუდავი საშუალებები (მაგ.: სხდომის ნაწილობრივ დახურვა) არ გამოიყენეს სასამართლოებმა და სხდომა დახურეს და რომ არ არსებობდა მათი დახურვის მკაცრი აუცილებლობა ამ თვალსაზრისით. ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ პროკურატურის მხრიდან გაუთქმელობის ვალდებულება ჰქონდა დაცვის მხარეს დაკისრებული. შესაბამისად, დაცვის მხარე თავისუფლად ვერ საუბრობდა იმ მტკიცებულებებზე, რომელიც ადასტურებდა გიორგი მამალაძის სიმართლეს, ხოლო თავად პროკურატურა ცალმხრივად ასაჯაროებდა დამონტაჟებული სახით მტკიცებულებებს და ასევე პროკურატურის მთავარი მოწმე იძლეოდა ინტერვიუებს და პროკურატურა ამაზე არ რეაგირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელსაც ჰქონდა გაუთქმელობის ვალდებულება დაკისრებული. ამ გარემოებების გათვალისწინებით, სტრასბურგის სასამართლომ თქვა, რომ საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, მეექვსე მუხლის პირველი ნაწილი. დაირღვა ფარული მართლმსაჯულების განხორციელების გამო. სასამრთლომ თქვა რომ დაირღვა მეექვსე მუხლის მეორე ნაწილი, რაც უკავშირდება უდანაშაულობის პრეზუმპციას. სასამართლოს შეფასებით, პროკურატურის განცხადებები, რომლითაც ის აცხადებდა, რომ უკვე შეგროვებული იყო მტკიცებულებები, რომლებიც „ადასტურებდა დანაშაულის ჩადენას“, „რომ მომხდარიყო ციანიდის გამოყენება, ლეტალური შედეგი დადგებოდა“, რომ იგი „მკვლელობისთვის იყო გამიზნული“. მასალების ცალმხრივად გავრცელებასთან ერთად. პროკურატურის მხრიდან, საზოგადოებას წინასწარ უქმნიდა განცდას, მამალაძის დამნაშავეობის შესახებ, მანამ, სანამ კანონის შესაბამისად დადგებოდა გამამტყუნებელი განაჩენი. კიდევ ერთი საკითხი, რაზედაც სასამართლომ გაამახვილა ყურადღება უდანაშაულობის პრეზუმპციის ნაწილში, იყო ასე ართანაბარი მდგომარეობა, რომელიც პროცესის მხარეებს შორის არსებობდა _ ერთი მხრივ, გაუთქმელობის ვალდებულების დაკისრება მამალაძის დაცვისთვის და პროკურატურის მიერ რეაგირების არქონა მთავარი მოწმის მიმართ, რომელსაც ასევე ჰქონდა გაუთქმელობის ვალდებულება და მონაწილეობდა ეთერებში, აძლევდა ინტერვიუებს, საუბრობდა შეუზღუდავად საქმეზე, პროკურატურა კი არ იყენებდა სისხლის სამართლებრივ ღონისძიებებს. პროკურატურისა და პროკურატურის მოწმის მიერ განცხადებების გაკეთების თავისუფლება იმ პირობებში, როდესაც დაცვის მხარეს იგივე შესაძლებლობა არ ჰქონდა, ცხადია, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებდა ამ უკანასკნელს და იწვევდა მისი უფლებების დარღვევას. მესამე ნაწილი, სადაც სასამართლომ არ თქვა, რომ ადგილი ჰქონდა კონვენციის დარღვევას, უკავშირდება მტკიცებულებების მოპოვებასა და გამოყენებას. სასამართლომ თავდაპირველად აღნიშნა, რომ ის არ განსაზღვრავს მტკიცებულებათა მოპოვების წესს, სასამართლომ ასევე თქვა, რომ ის ასევე არ განსაზღვრავს, მტკიცებულებათა მოპოვება ეროვნულ სამართალს შეესაბამება თუ არა, ასევე მისი კომპეტენცია არ არის იმსჯელოს, არის თუ არა პირი დამნაშავე. სასამართლოს ეს ზოგადი მიდგომა გამომდინარეობს მისი პრეცედენტული სამართლიდან. სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცებულებების მოპოვება-გამოყენების კონვენციასთან შესაბამისობის განსასაზღვრად მხედველობაში უნდა მიეღო მთლიანობაში გარემოებები, რომლებიც დაკავშირებული იყო მტკიცებულებებთან და ამასთან ერთად ემსჯელა საკითხზე დაცვის უფლებასთან მიმართებით _ გაეპროტესტებინა მტკიცებულებებთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც საეჭვოს ხდიდა მომჩივანი შიდა ინსტანციების განმავლობაში საქმის განხილვისას. რა გარემოებები მიიღო სასამართლომ მხედველობაში იმისთვის, რომ შეეფასებინა, კონვენციის შესაბამისი იყო თუ არა მტკიცებულებების მოპოვების საკითხი? გადაწყვეტილების ეს მონაკვეთი არ არის ვრცელი და არ მოიცავს მხარეთა მიერ გაცვლილი მოსაზრებებისა და მნიშვნელოვანი საკვანძო საკითხების უმეტესობას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მტკიცებულებების ამოღება და დაკანონება მოხდა სასამართლოს გადაწყვეტილებით. მეორე, სასამართლომ ხაზი გაუსვა იმას, რომ დაიკითხნენ აეროპორტის თანამშრომლები, მათ შორის, ის თანამშრომელი, რომელმაც ხელი მოაწერა მამალაძის ბარგის ამოღების ოქმს (შეგახსენებთ: ბარგის ამოღება მამალაძის თვალწინ არ განხორციელებულა და მას 9 საათის დაგვიანებით მიუტანეს მისი ბარგი, რომელშიც შემდგომში აღმოჩნდა ციანიდი) და რომ მამალაძის დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მათთვის დაესვა შეკითხვები პროცესზე. აქვე გავიხსნებ, რომ 2021 წლის 13 სექტემბერს ინტერნეტსივრცეში საჯაროდ ხელმისაწვდომი გახდა ათასობით საიდუმლო ფაილი (კრებსები), რომლებმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონა. ამ მასალებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს „ციანიდის საქმეს“, სადაც ერთ-ერთ კრებსში მითითებულია: „ციანიდის შეძენის ფაქტი დანაყოფის მიერ არ დაფიქსირებულა“. ეს კრებსები ასევე შეეხება მამალაძის კომუნიკაციების კონტროლსა და პირადად ჩემ მიმართ მიმდინარე ოპერატიულ ღონისძიებებს, როგორც მომჩივნის ადვოკატზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. სასამართლო ამ საკითხებს გადაწყვეტილებაში არ შეხებია. მტკიცებულებების ნაწილში სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ პროცესზე დაიკითხა პროკურატურის მთავარი მოწმე და რომ მამალაძის დაცვის მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, მისთვის დაესვა შეკითხვები. სასამართლომ აეროპორტის ვიდეოჩანაწერების ამოღებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ, საერთო ჯამში, სასამართლოს უარი ჩანაწერების ამოღებაზე არ უნდა ჩათვლილიყო თვითნებურად. მტკიცებულებების ნაწილში სასამართლომ პრობლემურად მიიჩნია ის, რომ გამომძიებლები ხელით შეეხენ იმ კონტეინერს, რომელშიც ციანიდი აღმოჩნდა, რამაც შემდგომში დაქტილოსკოპიური და გენეტიკური ექსპერტიზებისთვის გამოუსადეგარი გახადა იგი იმის დასადგენად, ჰქონდა თუ არა გიორგი მამალაძეს მასთან შეხება. ამავე კონტექსტში, სასამართლომ გაიხსენა მის მიერ განხილული თორთლაძის საქმე იმის საჩვენებლად, რომ საქმის ერთადერთ მტკიცებულებას ციანიდი არ წარმოადგენდა და ამდენად, კონვენციის დარღვევასთან დაკავშირებით პრეტენზიები ამ კონკრეტულ ნაწილში არ იყო გასაზიარებელი. საერთო ჯამში, გადაწყვეტილებით დადგინდა ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები მომჩივანთან დაკავშირებით. კერძოდ, საქმის სამართლიანი განხილვის უფლების დარღვევა მამალაძესთან მიმართებით, რაც წარმოშობს სახელმწიფოსთვის მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებას, რაც ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის ზედამხედველობის ქვეშ უნდა განხორციელდეს. იუსტიციის სამინისტროს განცხადებას რომ დავუბრუნდეთ, მახსენდება, როდესაც სანდრო გირგვლიანის საქმე მოვიგე სტრასბურგის სასამართლოში, მაშინდელი იუსტიციის სამინისტროც გადაწყვეტილებასთან შეუსაბამო განცხადებებს ავრცელებდა. რა თქმა უნდა, ცუდად ჩანს. სჯობდა ეთქვათ, რა დარღვევაც იყო, შიდა სასამართლოებს რომ გადაეფარნენ. ევროპულ სასამართლოს არ უთქვამს, რომ შიდა სასამართლოს განაჩენები არის კანონიერი, ევროპულ სასამართლოს არ უთქვამს, მამალაძე დამნაშავე არის თუ არ არის. პირიქით, სასამართლომ თქვა, რომ ეს არ არის მისი კომპეტენცია, მაგრამ თქვა, რომ კონვენცია დაირღვა. ამდენად, სტრასბურგის სასამართლოს მიერ დადასტურებული, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საწინააღმდეგო, შიდა სასამართლოების განაჩენების „კანონიერად“ წარმოჩენის მცდელობა, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. სტრასბურგის სასამართლომ ცალხასად თქვა, რომ მამალაძის უფლებები დაირღვა. შესაბამისად, გაუგებარია, რა სახის თვითკმაყოფილებას უნდა ეძლეოდეს იუსტიციის სამინისტრო მაშინ, როდესაც ერთადერთი სწორი, ადეკვატური პასუხი ამ სიტუაციასთან დაკავშირებით იქნებოდა ის, რომ სათანადო დასკვნები გაკეთდეს _ მიღებული იქნას ინდივიდუალური ზომები დარღვეული უფლებების აღსადგენად და ასევე სამომავლოდ თავიდან იქნას აცილებული ანალოგიური დარღვევები სხვებთან მიმართებითაც. მხოლოდ ასეთი შეიძლება იყოს სამართლის უზენაესობით მართული სახელმწიფოს რეაგირება და სწორად ამას გვავალდებულებს ევროპული კონვენცია. _ დავაზუსტოთ ის ფაქტი, რომ როდესაც მტკიცებულებებთან დაკავშირებით საუბრობენ, ეს გადაწყვეტილება ვიღაცებმა აღიქვეს ისე, რომ თითქოს მტკიცებულებები, რომლებიც არის ამ საქმეში დატანილი, არის აპრიორი, სწორი მტკიცებულებები. ეს გადაწყვეტილება ამას არ ნიშნავს. _ როდესაც ეს ნაწილი ფასდება, ბევრმა ადამიანმა არ იცის, რა კუთხით ფასდება სტრასბურგის სასამართლოს მიერ მტკიცებულებები. სასამართლო აფასებს, ცხადია, მათ მოპოვებასა და გამოყენებას კონვენცისთან მიმართებით, თუმცა ის ვერ იტყვის, იყო თუ არა მტკიცებულებები კანონიერი, დამნაშავე არის თუ არა ადამიანი, ის აფასებს პროცედურას მთლიანობაში, ანუ დამაბალანსებელი ფაქტორები არსებობდა თუ არა პროცესის განმავლობაში. ეს არის მთლიანობაში შესაფასებელი საკითხები. ამიტომ არის წამოწეული, დაიკთხნენ თუ არა აეროპორტის თანამშრომლები და პროკურატურის მოწმე? რამდენად მართებული იყო აეროპორტის ჩანაწერების ამოღებაზე უარი? სხვა მტკიცებულებები არსებობდა თუ არა? _ ეს საკითხები ქმნის ერთობლიობას, რომლის მიხედვითაც სასამართლო აფასებს პროცედურის სამართლიანობას და არა ის, რომ კონკრეტული ნივთმტკიცება საქმესთან დაკავშირებით იყო თუ არა კანონიერად მოპოვებული. ჩხადია, შესაძლოა არსებობდეს განსხვავებული შეხედულებები, რამდენად საფუძვლიანადაა განხილული და შეფასებული კონკრეტულ ნაწილში მხარეთა არგუმენტები. _ დაბოლოს, სტრასბურგის ამ გადაწყვეტილების ფონზე, თუ გავითვალისწინებთ დეკანოზ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც საკმაოდ მძიმეა, რა სამომავლო ნაბიჯებზე შეიძლება იყოს საუბარი? _ პირველ რიგში, ცხადია, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიტანოს დასკვნები იმ საქმეში, რომელშიც გამტყუნდა და დადასტურდა, რომ გიორგი მამალაძეს სამართლიანი სასამართლოს უფლება დაერღვა. იმის საფუძველზე, რომ ამ ადამიანის მიმართ კონვენციამ არ იმუშავა, ხელისუფლებამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები მისი მდგომარეობის გამოსასწორებლად: პრეზიდენტს შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება შეწყალების თაობაზე; ცხადია, ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილება მოსახდელი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ. თუმცა ეს ორი საკითხი, რომელიც შეუძლია ხელისუფლებას ახლავე გამოიყენოს, მას არ ათავისუფლებს იმ ვალდებულებისგან, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა აღასრულოს. მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება გახდება საბოლოო (ორივე მხარეს შეგვიძლია ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება დიდ პალატაში), გადაწყვეტილების აღსრულების პროცესს ხელმძღვანელობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, მიმდინარე პროცედურა კი არის როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური. ხელისუფლებამ უნდა წარადგინოს აღსრულების გეგმა, რის გაკეთებას აპირებს სასამართლოს მიერ დადგენილი გიორგი მამალაძის დარღვეული უფლებების აღსადგენად. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიცავს შესაძლებლობას, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც სტრასბურგის სასამართლო დაადგენს კონვენციის დარღვევას, ეს შეიძლება საფუძვლად დაედოს საქმის წარმოების განახლებას, განაჩენის გადახედვას. ამიტომ ცხადია, რომ მინისტრთა კომიტეტის წინაშე ეს საკითხი წამოიჭრება _ გადაიხედოს მამალაძის მიმართ დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენი. _ საქართველოს, ქვეყნის იმიჯზე ეს გადაწყვეტილება როგორ იმოქმედებს? _ ნებისმიერი საერთაშორისო სამართლებრივი დარღვევა, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებების დარღვევას, უნდა წარმოადგენდეს განგაშის საფუძველს დემოკრატიული ქვეყნისთვის, რომელიც პატივს სცემს ადამიანის უფლებებს. ერთადერთი, რისი მოლოდინიც შეიძლება ჰქონდეს პატიმარს, ეს არის უფლება სამართლიან განხილვაზე, თუკი ამ უფლებას დავურღვევთ ადამიანს, მაშინ ჩვენს ქვეყანას არანაირი მიზიდულობა არ ექნება და არანაირი განცდა ადამიანებს არ ექნებათ იმისა, რომ ცხოვრობენ სამართლიან სახელმწიფოში, რომელიც იმსახურებს პატივისცემას, რომელიც პატივს სცემს ადამიანის ღირსებას, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც უზენაეს და წარუვალ ღირებულებას. კონვენცია და ადამიანის უფლებების დაცვა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული ვიყოთ ხელისუფლების თვითნებობისგან. არავითარი კმაყოფილების განცდა არ შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, რომელიც არღვევს ადამიანის უფლებებს და ეს დასტურდება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებით. უმნიშვნელო არ არის უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევა, რომელიც საზოგადოებას, რომლის ნაწილიც მოსამართლეცაა, წინასწარ უქმნის განცდას ბრალდებულის დამნაშავეობის შესახებ; უმნიშვნელო არ არის ფარული მართლმსაჯულების განხორციელება _ საზოგადოების კონტროლის, გამჭვირვალობის პრინციპის საწინააღმდეგო პროცესების გამართვა. სწორედ ამგვარი პრაქტიკა უშლის ხელს ევროპული, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. ადამიანის უფლებების დარღვევევის შემდგომი გაკვეთილის გამოტანა კი მოცემულ საქმეში გულისხმობს გიორგი მამალაძის უფლებების აღდგენას _ ადამიანის, რომლის უფლებები დაარღვია სახელმწიფომ და ეს უკვე საერთაშორისო სასამართლოს მიერ არის დადასტურებული.
„ქრონიკა+“ ასევე დაინტერესდა, როგორია ამ ეტაპზე დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგანაც ბოლო პერიოდში ის გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების სამედიცინო ბლოკში იმყოფება. დეკანოზის ჯანმრთელოსბის შესახებ „ქრონიკა+“ მის ძმას, თორნიკე მამალაძეს ესაუბრა: _ ჯანმრთელობის მდგომარეობა, ბოლო ინფორმაციით, ძალიან მძიმეა, მას არ შეუძლია გადაადგილება. ბოლო ოთხი წელია, უკვე ამ მდომარეობაში იმყოფება და გამომდინარე იქიდან, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ის უნდა გაათავისუფლონ და დაუბრუნონ საკუთარ ოჯახს.