- კვირაპერი, 22 დეკემბერი, 2024
2022-03-11 09:54:06
გიორგი საკარული
13 თვე და 13 დღე მიმდინარეობდა რუსეთ-საქართველოს შორის ომი. 2 წელი იბრძოდნენ ქართველები, თუმცა 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, რუსმა ოკუპანტებმა მიითვისეს ტერიტორიები. საომარი მოქმედებების დროს, ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით, 10 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს მოუწია, მათ შორის იყო მსახიობი გვანცა გიორგობიანი და მისი ოჯახი. ტკივილი, რომელიც 14 წლის გოგონამ ომის დროს განიცადა, დღემდე ახსენებს თავს. მეხსიერებიდან არ ამოსდის ტყვიების ზუზუნი, შავი კვამლი, ქართველებზე ჩამოცმული საბურავები და ცოცხლად დაწვა, სისხლი და ირგვლივ მიმოფანტული გვამები.
წლების მერეც იგივე ემოციებით იხსნებს იმ წუთებს, როდესაც მას ლაღი ბავშვობა ბოროტების იმპერიამ წაართვა. ამბობს, რომ რუსეთ-უკრაინის ომმა ჭრილობები უფრო გაუხსნა და მისთვის ორმაგად მტკივნეულია იმის ხილვა, რასაც დღეს უკრაინელი ხალხი გადის.
„დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩემი გული მეუბნება, რომ ამჯერად ბოროტების იმპერია დამარცხდება, აუცილებლად წააგებს ამ ომს რუსეთის იმპერია და ამ სასწაულის ხარჯზე ჩვენ დავიბრუნებთ იმ დაკარგულ ტერიტორიებს, რომელიც წაგვართვეს სატანისტებმა“, _ ამბობს „ქრონიკა+“-სთან მსახიობი გვანცა გიორგობიანი:
_ 2008 წელს იყო რამდენიმედღიანი ომი და ჩვენ ორი წელიწადი ვუმკლავდებოდით რუსების ტყვიამფრქვევებს, მათ ბომბებსა და ვიხოცებოდით რუსების მიერ 1991-92 წლებში. როცა პატარა ვიყავი, მივხვდი, რომ ომს მოაქვს ნგრევა, საშინელება, ტკივილი, ცხედრები, ცრემლი და ჩემი პატარა გულით მეგონა, რომ მეორე მსოფლიო ომი იქნებოდა უკანასკნელი მთელ პლანეტაზე, მაგრამ მწარედ ვცდებოდი, _ თურმე მე მელოდა რუსების ბომბები და ბოროტების იმპერიის შეტაკება ჩემს სამშობლოზე. როდესაც აფხაზეთის ომი დამთავრდა, მაშინ გადაფასება მოხდა ყველაფრის და მივხვდი, რომ ადამიანები არ არიან ჯერ მზად და ვერ განვითარდნენ, რომ ომი ჩააბარონ წარსულს. დღეს, როდესაც ამდენი წლის შემდეგ იგივე ხდება, რუსი ოკუპანტები ხოცავენ მშვიდობიან მოსახლეობას, ბავშვებს, ქალებს, ბომბავენ და მიწასთან ასწორებენ უკრაინას, ვხვდები, რომ რაც არ უნდა დრო გავიდეს, რუსეთი ყოველთვის შეეცდება დაჯაბნოს, დაჩაგროს, დაიპყროს სუსტი, მიიერთოს მიწა-წყალი და ამით უფრო გაძლიერდეს. მაგრამ დღეს ისე, როგორც არასდროს, ჩემი გული მეუბნება, რომ ამჯერად ბოროტების იმპერია დამარცხდება, _ მე ვაკეთებ ასეთ პროგნოზს, ერთი უბრალო ადამიანი. ბოროტების იმპერია აუცილებლად დამარცხდება, დაინგრევა და დაიშლება მარტივ მამრავლებად. აუცილებლად წააგებს ამ ომს რუსეთის იმპერია და ვიცი, რომ ეს სასწაული მოხდება და ამ სასწაულის ხარჯზე ჩვენ დავიბრუნებთ იმ დაკარგულ ტერიტორიებს, რომელიც წაგვართვეს ამ სატანისტებმა. მე პუტინს სახელით არ მოვიხსენიებ, მას ვეძახი სატანას, რადგან ვერ წარმომიდგენია, ის იყოს უფლის ხატად გაჩენილი ადამიანი, მას ადამიანობის არაფერი აქვს. ის არის რქიანი ეშმაკი, რომელშიც ცხოვრობს დიდი სიძულვილი და აკეთებს მხოლოდ და მხოლოდ ბოროტებას. მას სწყურია სისხლი და რაც შეიძლება ბევრი ცხედარი.
ამ სატანამ არაერთხელ თქვა, რომ საბჭოთა კავშირის ნგრევა გეოპოლიტიკური დანაშაული იყო. მისი ოცნებაა საბჭოთა კავშირის აღდგენა და ამ ბოროტების იმპერიის კიდევ უფრო გაძლიერება, მაგრამ ამას ვერ ეღირსება, ამის ღრმად მწამს. მან დაიწყო ყველაზე დიდი ქვეყნით, უკრაინით. მას აქვს იმედი, რომ ამ ქვეყანას დააჩოქებს და დაამონებს, მერე გადავა პოლონეთზე, ლიტვაზე, ლატვიაზე, საქართველოზე, რადგან ეს მისი ოცნებაა. აბსოლუტურად ყველა იმ რესპუბლიკაზე გადავა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნაწილი იყო. არაერთი პოლიტიკოსის ინტერვიუ მოვისმინე, რომელიც, სხვათა შორის, სამწუხაროდ, ზუსტად ისე აზროვნებს, როგორც ჩვეულებრივი იმპერიალისტი და პუტინი. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ რუსეთში ხალხის დიდი ნაწილი გამოვიდოდა და დაგმობდა პუტინის აგრესიას, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, ასე არ მოხდა, რადგან ერია თვითონ ასეთი. ერი, რომელიც ყველაფერს მოითმენს, რათა დამპყრობლური პოლიტიკა აწარმოოს. პუტინმა საყოველთაო მობილიზება რომ გამოაცხადოს, დარწმუნებული ვარ, ისინი დადგებიან იარაღით ხელში და უდანაშაულო ადამიანებს სიამოვნებით ჩახოცავენ. რა თქმა უნდა, ამ ერში იქნება ძალიან პატარა პროცენტი ადამიანებისა, რომლებიც პუტინის დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგები არიან და რას ვხედავთ? ვინც ქუჩაში გამოდის, ყველას აკავებენ, ბავშვები დაიჭირეს და რის გამო? იმისთვის, რომ მათ არ სურთ ომი. სულ მალე ჩავა რუსეთის მზე და ამობრწყინდება უკრაინისა და საქართველოს მზე. ჩვენ დავიბრუნებთ დაკარგულ ტერიტორიებს, მას შემდეგ, რაც რუსეთი დაიშლება გუბერნიებად. მოგეხსენებათ, რუსეთში ძალიან ბევრი ავტონომიური რესპუბლიკაა.
ჩვენ ვხედავთ, რომ უპრეცედენტო შეზღუდვები და სანქციები დაუწესა ევროპამ და ამერიკამ რუსეთს და მჯერა, რომ კიდევ და კიდევ უფრო იზოლაციაში მოაქცევენ. სწორედაც რომ მათი პოლიტიკა ჩამოინგრევა ამ იზოლაციის შემდეგ. რუსეთს შეაქცევს ზურგს დანარჩენი ცივილიზებული სამყარო, დაუკეტავს ცას, მიწას, დაუყადაღებენ ყველაფერს და ძალიან დიდ ფინანსურ ზარალს მიიღებს ეს ბოროტების იმპერია და დაიწყება ეკონომიკის ჩამორღვევა.
_ ხომ არ ფიქრობთ, რომ აღნიშნული სანქციები და შეზღუდვები ცოტა დააგვიანა ამერიკამ და ევროპამ?
_ რა თქმა უნდა, დააგვიანა. რუსეთი ძალიან დიდი ხანია, აჟღერებს მის გეგმებს, რომ ის აუცილებლად დაიბრუნებს ყველა დაკარგულ ტერიტორიას, რომელიც მის შემადგენლობაში იყო საბჭოთა კავშირის დროს და ეს ძალიან კარგად იცოდა აშშ-მაც და ევროპამაც. უკრაინის ულამაზესი ქალაქები მიწასთან სწორდება და სანამ ეს ყველაფერი დაიწყებოდა, იქამდე უნდა დაეწესებინათ სანქციები, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, მათ დააგვიანეს ეს ყველაფერი. ვფიქრობ, ის რაც რუსეთის წინააღმდეგ არის დაწესებული, არასაკმარისია. სანქციები უნდა იყოს მაქსიმალური, ქამრები უნდა შემოიჭირონ და თუ არ უნდათ ისეთ პლანეტაზე ცხოვრება, სადაც რუსი ყოველთვის დაემუქრება ბირთვული იარაღით, ერთხელ და სამუდამოდ ბოროტების იმპერია უნდა დაანგრიოს ყველამ ერთად. ყველანი თუ გავერთიანდებით, გამორიცხულია, არ დავანგრიოთ პუტინის იმპერია.
_ გვანცა, თქვენ და თქვენმა ოჯახმა განიცადა ის ყველაფერი, რასაც დღეს ჩვენი მოძმე ერი უკრაინა გადის, თუმცა რასაც ვუყურებთ უკრაინაში, ვხედავთ და უფრო და უფრო ვრწმუნდებით, თუ როგორი მამაცი, უშიშარი და მებრძოლი ერია. ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი მაგალითი მოგვცა ამით უკრაინამ.
_ მარტო ქართველებს კი არ მისცა უკრაინამ გმირობის, თავდადებისა და პატრიოტიზმის მაგალითი, არამედ მთელი პლანეტა არის აღფრთოვანებული ამ ერით. თურმე, კიდევ არ მცოდნია მათ შესახებ ბევრი რამ, იმ ერის შესახებ, რომელმაც წინა საუკუნეში 8 მილიონი დაკარგა. რატომ? იმიტომ, რომ რუსებმა გოლოდომირი მოუწყვეს, არ შეუშინდნენ არაფერს, გამოვიდა ქუდზე კაცი, ქალმაც და კაცმაც აიღო იარაღი, იბრძოდნენ ცნობილი მსახიობები, მომღერლები, საზოგადო მოღვაწეები და ამით მთელ მსოფლიოს დაანახეს, თუ როგორი უნდა იყოს ერი, როგორი პატრიოტი, სამშობლოს მოყვარული და თავდადებული. ამხელა იმპერიას კი არ დაუჩოქეს, არამედ ებრძვიან სისხლის ბოლო წვეთამდე. ორმაგად განმიახლდა ჭრილობები, რადგან მაშინ, როცა რუსებმა დაგვარტყეს აფხაზეთში, 14 წლის ბავშვი ვიყავი, ყველაფერი მახსოვს ძალიან კარგად: ალყა, ბომბების წვიმა, ავტომატების ზუზუნი, მახსოვს ის შავი კვამლი, რომელიც ამოდიოდა ჩვენ გვერდით სოფლებიდან, საბურავებს აცმევდნენ რუსები ხალხს და ისე წვავდნენ ქართველებს, ეს ყველაფერი მახსოვს. გავიდა ამდენი წელიწადი და მეგონა, ოდნავ მაინც მომიშუშდებოდა ჭრილობა, მაგრამ არა, პირიქით, უფრო და უფრო მტკივა და ახლა ორმაგად მტკივა. მე გამოცდილი და გამოვლილი მაქვს ის ყველაფერი, რასაც დღეს უკრაინელი ხალხი გადის. ორი წელიწადი ჩემი მამა და ქართველები იბრძოდნენ ამ უსამართლო ომში, რომელიც დამთავრდა ბოროტების გამარჯვებით და ჩვენ დავკარგეთ სამშობლოს 20%.
_ ეს სტრესი წლების მანძილზე გაგყვებოდათ, რომელიც დღესაც გახსენებთ თავს...
_ ძალიან დიდი ხანი ვერ ვიძინებდი მშვიდად. ეს იყო უდიდესი სტრესი. როგორია, უყურო ამდენ გვამს, ამდენ სისხლს, ნათესავების დაკარგვას. დავკარგე საყვარელი სახლი, სოფელი, მიწა, კუთხე, ბედნიერი და ლაღი ბავშვობა, რომელიც რუსებმა წამართვეს და აღმოვჩნდი ღია ცის ქვეშ ტიტველი, შიშველი, უსახლკარო იმ დროს, როცა საქართველოში ყველას უჭირდა და იდგა ბნელი 90-იანები, როცა არც შუქი იყო, არც წყალი, არც გაზი, კილომეტრიანი რიგები იდგა პურზე და პურიც ტალონებზე იყო. აი, ამ რეალობაში აღმოვჩნდით ჩვენ და 300 ათასმა ქართველმა დავიწყეთ ნულიდან ცხოვრება. იმ ტკივილით ვცხოვრობ დღემდე, არავინ თქვას და დაგაჯეროთ, რომ დრო კურნავს იარებს ან ტკივილს აშუშებს, პირიქით, მე უფრო და უფრო მტკივა. ახლა, 44 წლის ასაკში, ვაცნობიერებ, თუ რა დავკარგეთ ყველამ ერთად, მაგრამ ერთი უბრალო ქართველი ვაკეთებ პროგნოზს, რომ ბოროტების იმპერია მალე დაიშლება და დიანგრევა და ამობრწყინდება ჩვენი მზე.
_ ამ ყველაფრის ფონზე, რამდენად ლოიალურები უნდა ვიყოთ იმ ერის წინაშე, რომლებმაც ტერიტორიები წაგვართვეს? რუსების უდიდესი ნაკადი ჩამოდის დღეს საქართველოში.
_ ეს გაუმართლებელია, მაგრამ ის საღად მოაზროვნე ხალხი, რომელიც გაურბის პუტინის რეჟიმს და მოდის დევნილებად აქ იმის გამო, რომ მათ ემუქრებათ რუსეთში ციხე, ჩვენ უნდა შევიფაროთ ისინი, ვინც ამ მონსტრის რეჟიმის წინააღმდეგია... მაგრამ ის საშიშროება, რომელიც გააჟღერეს ქართველებმა, რა თქმა უნდა, რეალურია.
_ რას გულისხმობთ?
_ თუ ჩვენ მასობრივად დავიწყეთ რუსებისთვის ბინების მიყიდვა და მათი ჩასახლება, არ უნდა დაგვავიწყდეს და მგონი ყველამ იცის მათი ხელწერა: თუ აქ დიდი რაოდენობით რუსმა მოიყარა თავი, თვითონ დათესავენ პროვოკაციას და ძალიან მშვიდად გამოაცხადებს ბოროტების იმპერია სპეცოპერაციას, _ მე უნდა დავიცვა ჩემი ხალხი, რადგან საქართველოში არის დიდი რაოდენობის რუსი და შემოგიყვანს ტანკებს. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, ჩვენ გავდივართ ბეწვის ხიდზე. არც იმას ვამბობ, რომ დავუკეტოთ ყველას კარი, მაგრამ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე. მე პირადად რუსეთში მყავს სისხლით და ხორცით ნათესავები, რომლებიც აფხაზეთიდან იქ ჩასახლდნენ, ქართველები არიან, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები და ისინიც არ შემოვუშვათ? იმათმაც ხომ იგივე გამოიარეს, დავუკეტოთ კარი? ასე არ გამოვა. ჩვენ არ უნდა მივყიდოთ მათ მასობრივად სახლები, რადგან ისინი დარჩებიან და შემდეგ ჩვენს მოქალაქეობას მოითხოვენ. უნდა გამოიკითხოს სათითაოდ ყველა, თუ ვინ რის გამო ჩამოდის საქართველოში, რადგან საშიშია, რომ მათ არ ჩამოყვეთ დივერსანტები, ის ხალხი, რომელიც აქ ტერორისტულ აქტებს მოგიწყობს. ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ხმა აღარ მაქვს ნერვიულობისგან, ვტირი, ვდარდობ, ვნერვიულობ... არასოდეს ჩემს ცხოვრებაში არ დამიწყევლია და ახლა ცხოვრებაში პირველად უფალს შევევედრე, რომ მიიბარე პუტინის სული-მეთქი. უდიდეს სოლიდარობას ვუცხადებ ჩვენს უკრაინელ, მებრძოლ, პატრიოტ, თავდადებულ, მოძმე და საოცრად სასწაულ ერს, ერს, რომელსაც ბადალი არ ჰყავს პლანეტაზე. ერთიანობის მაგალითი უნდა ავიღოთ მათგან, რაც ქართველებს ყოველთვის გვაკლდა.
_ გმადლობთ და იმედს ვიტოვებ, როცა მომდევნო ინტერვიუს ჩავწერთ, ვისაუბრებთ არა ომზე, არამედ საქმიანობაზე, პროფესიაზე, სპექტაკლებზე, თეატრსა და მომავლის გეგმებზე.
_ მშვიდობა თქვენ და სრულიად სამყაროს.