QronikaPlus
იყო თუ არა ზურაბ ზვიადაური აფექტში?

იყო თუ არა ზურაბ ზვიადაური აფექტში?

2022-02-18 09:09:44

მაკა მოსიაშვილი

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში, სასტუმრო „რედისონთან“ ახლოს მდებარე მუხიანის ტყეში, 16 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს შვიდ საათზე, მკვლელობები მოხდა.

მუხიანის ტყე სოფლის განაპირა ტერიტორიაა, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობდა. როგორც ცნობილი გახდა, აქ აშენებენ დასასვენებელ კოტეჯებსა და ღვინის ქარხანას, თუმცა ყველაზე ახლო სახლი ამ ადგილიდან, დაახლოებით, 200 მეტრშია. შესაბამისად, მკვლელობას ბევრი თვითმხილველი არ ჰყოლია.

ორმხრივი სროლის დროს გარდაიცვალა სამი და დაიჭრა ორი პირი. გარდაცვლილებს შორის ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმაა. ტყის პირას მომხდარი სროლების შემდეგ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოლიმპიურმა ჩემპიონმა, პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ზურაბ ზვიადაურმა, თავისი ავტომობილით დაჭრილი ძმა მიიყვანა, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა უკვე ვეღარ შეძლეს.

როგორც ცნობილია, მომხდარი მკვლელობის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. შსს-ს განცხადებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალთან მომხდარი მკვლელობის ცხელ კვალზე გახსნის შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1980 წელს დაბადებული ზვიადაური. სისხლის სამართლის კოდექსით, მსგავსი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ზვიადაურმა გირაოთი განთავისუფლება მოითხოვა და ეს მოთხოვნა ორი ინსტანციის სასამართლოს წარუდგინა, გირაო არ დააკმაყოფილეს.

მოგვიანებით კი მკვლელობაში ბრალდებული ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილი, თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

პატიმრობაში მყოფი ზვიადაურისთვის დაცვის მხარე 50-ათასლარიან, ხოლო ჯაბა ჯანგირაშვილისთვის 5-ათასლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. ბრალდების მხარე ორივე დაკავებულის პატიმრობაში დატოვებას ითხოვდა და მოთხოვნას სავარაუდო დანაშაულის ჩადენის, მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხეებით ასაბუთებდა. მიუხედავად ამისა, მოსამართლემ ზემოხსენებული გარემოებები მხედველობაში არ მიიღო, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება შეეცვალათ.

რა გახდა მოსამართლის გადაწყვეტილების საფუძველი? _ ეს არის ის მთავარი კითხვა, რომელიც საზოგადოებას დღემდე აწუხებს.

როგორც „ქრონიკა+“-ისთვის ცნობილი გახდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე მეტრში ნაპოვნია გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის კუთვნილი იარაღი, საიდანაც ათზე მეტი გასროლაა განხორციელებული.

სულ ადგილზე ოცადხუთიდან ოცდაათამდე ტყვია გაისროლეს, ამ დროისთვის კი გამოძიებას ნაპოვნი აქვს მხოლოდ ხუთი ჰილზი.

კენჭოშვილის კუთვნილი იარაღი გამოძიებამ რამდენიმე დღის შემდეგ იპოვა, საიდანაც ცოცხალაშვილსა და ზვიადაურის ძმას ესროლეს. აქედან ოთხი ტყვია ცოცხალაშვილს ჰქონდა მოხვედრილი.

გარდაცვლილების გარდა ტყვიები მოხვედრილი ჰქონდათ დაჭრილებსაც, ზოგი კი უმისამართოდ იყო ნასროლი. ე. ი. თუ გამოძიება 5 ჰილზის მეტს საქმეში არ აჩვენებს და ფაქტი კი ამბობს, რომ 10-მდე ტყვია იყო ნასროლი ერთი იარაღიდან, მაშინ ვიღაცამ ტყვიები ან წინასწარ მოიპარა, ან გააქრო.

ბუნებრივია, ამას ზვიადაური ვერ ჩაიდენდა, რადგან იგი დაუყოვნებლივ საავადმყოფოსკენ გაიქცა ძმის გადასარჩენად. ე. ი. ვიღაცა სხვამ თუ სხვებმა ეს ტერიტორია მალევე დაამუშავეს.

მთავარი და მეტად მნიშვნელოვანი ფაქტი: საქმეში გამოძიებამ უკვე წარადგინა ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა; არსებობს ასევე კიდევ ერთი ალტერნატიული დასკვნაც, სადაც ცხადად ჩანს, რომ მკვლელობის მომენტში ზურაბ ზვიადაურის ფსიქიკური მდგომარეობა არ იყო მყარი. შესაბამისად, სასამართლოზე ექსპერტების დაკითხვის შემდეგ შესაძლოა დადგინდეს, რომ ეს იყო აფექტი.

აფექტის გარემოებას ადასტურებს ასევე ზვიადაურის მიერ გარკვეული ეპიზოდების ვერგახსენებაც.

სავარაუდოდ, სწორედ ეს გარემოებები უნდა გამხდარიყო მიზეზი მოსამართლის გადაწყვეტილების.

საინტერესოა, რას გადაწყვეტენ უახლოეს მომავალში სასამართლო და მსაჯულები?

მსაჯულებს მოუწევთ დაადგინონ, რატომ არ იყო გამოძიების მიერ მოძიებული ყველა ჰილზი? ვინ დარჩა მკვლელობის შემდეგ აღნიშნულ ადგილზე?

მსაჯულებს მოუწევთ მოუსმინონ ექსპერტებს, რომლებმაც დეტალურად უნდა ახსნან, რას ითვალისწინებს აფექტი და მისი გამოხატული მდგომარეობები?

თუკი მსაჯულები გაითვალისწინებენ ოლიმპიური ჩემპიონის მკვლელობის დროს არსებულ ფსიქიკურ მდგომარეობას, შესაძლოა, მის მიმართ წარდგენილი ბრალის კვალიფიკაცია შეიცვალოს, რაც იმას ნიშნავს, რომ ზვიადაურს სასჯელის მოხდა მოუწევს უფრო ნაკლები ვადით.

ამ დროისთვის კი გამოძიება ზურაბ ზვიადაურს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ზურაბ ზვიადაური და მასთან ერთად იარაღის დაუდევრად შენახვისთვის ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ახლა დროებით თავისუფლები არიან.

საქმეს კი უკვე სხვა მოსამართლე განიხილავს.

გაზიარება