- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2021-03-18 06:28:12
„ქრონიკა+“ აგრძელებს ასლან სმირბას თემას „ბონის“ ბაზრობისა და მაღაზია „პოპულის“ წილების შესახებ.
ასლან სმირბა:
_ თენგიზ ბაკურიძის სალანძღავი არც ქალბატონი ელისოა, არც პაატა კაკაურიძე და, ზოგადად, არავინ.
უბრალოდ, მინდა მოგიყვეთ, თუ რა დანაშაული მიუძღვის თენგიზ ბაკურიძეს ჩემსა და ქალბატონ მზია გოგოლიშვილის წინაშე.
ორჯონიკიძის ქუჩაზე იყო ერთი შენობა, რომლის მფლობელიც გახლდათ აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ბატონი ედუარდ კაკაბაძე. იგი ასლან აბაშიძის წასვლის შემდეგ წაართვა თენგიზ ბაკურიძემ კაკაბაძეს და ციხეში გაუშვა 6 წლით. ციხიდან გამოსული კაკაბაძე ნერვიული სტრესის ფონზე გარდაიცვალა. ეს ჩაიდინა სწორედ თენგიზ ბაკურიძემ.
ვიმეორებ: თენგიზ ბაკურიძემ ზორბეგ ბაკურიძეს ლერმონტოვის ქუჩაზე წაართვა ალუმინის საამქროების ქარხანა, გამოაგდო ზორბეგი და იმ შენობაში დაიწყო სახლის მშენებლობა და შეინარჩუნა ქარხანაც.
კიდევ: თენგიზ ბაკურიძეს გონიოში აშენებული აქვს 18-სართულიანი კორპუსი (სახლი), რომელზედაც მიხეილ სააკაშვილმა მოახსნევინა 2 თუ 3 სართული და („მაიაკი“) დაასმევინა ქვემოთ.
ამ დროს მიხეილ სააკაშვილსაც ამოეწურა პრეზიდენტობის ვადა და თენგიზ ბაკურიძემ თქვა: „აი, თქვენი მიშა“ და ხელი დაგვიქნია. დააშენა ისევ 2 სართული და „მაიაკიც“ თავიდან დაადგა.
მასთან მივიდა ბატონი თემურ გოგიტიძე, საბაჟოს უფროსის მოადგილე, რომელსაც ოფიციალურად ჰქონდა ნაყიდი კინო „თბილისის“ შენობა, რემონტიც ჰქონდა დაწყებული. რემონტის დაწყების პროცესში თემურ გოგიტიძემ დამითმო მისი 90 სკამი, რითაც გავაკეთე მერიის დარბაზი.
კინოთეატრის შენობაც წაართვა თენგიზ ბაკურიძემ თემურ გოგიტიძეს, ზემოდან გააკეთა სახლი, ქვედა მხრიდან _ მაღაზიები. როცა თემურ გოგიტიძე მიადგა თენგიზ ბაკურიძეს და მოსთხოვა მისი ქონება, მან უთხრა, რომ ეს ყველაფერი მან 1 ლარად შეიძინა.
ვსვამ კითხვას: ვინ იყო ასეთი თენგიზ ბაკურიძე, რომ სახელმწიფომ მას ერთ ლარად მიჰყიდა გონიოში დიდი ფართობის ნაკვეთი?
ახლა მინდა გადავიდეთ მეორე მნიშვნელოვან ნაწილზე, ეს არის „ბონის“ ბაზრობა.
თენგიზ ბაკურიძეს „ბონის“ ბაზრობაში არანაირი წილი არ ჰქონდა _ ამას ვაცხადებ ხმამაღლა. გარეთ იყო სავაჭრო ცენტრი, რომელიც ბაკურიძემ აითვისა და გააგდო მისი მფლობელი. როდესაც ბაზრის მშენებლობა დაიწყო, ამ კაცმა პროკურატურაში უჩივლა. ამან შეაყოვნა მშენებლობა. ბაკურიძემ 350 ათასი დოლარი შესთავაზა მეპატრონეს. ეს არის თენგიზ ბაკურიძის ნახელავი საქმეები.
ასევე მას მაჭახელას ხეობაში უნდოდა ჰესის მშენებლობა. ადგილობრივმა მოსახლეობამ თენგიზ ბაკურიძესა და მის შვილს წინააღმდეგობა გაუწია და იგი ვეღარ აშენებს ჰესს.
ასევე მას ქობულეთში აქვს ყვავილების სათბური, რომელიც წართმეულია და მის სახელზეა გადაფორმებული.
თენგიზ ბაკურიძეს ასევე აქვს გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში ქარხანა, რომელსაც დღესაც ამუშავებს.
ამ ადამიანზე მოსაყოლი ძალიან ბევრია. ასლან სმირბა ქალაქში დადის თავაწეული, თენგიზ ბაკურიძესავით თავდაღუნული კი არ დავდივარ და არც ვივლი!
მან რაც იკადრა ქალბატონი ელისოსა და ბატონი პაატას მიმართ, ამას არ ვაპატიებ! როგორ შეიძლება, მედიის წარმომადგენელზე, ფლაგმანზე, „ქრონიკა+“-ის რედაქტორზე თქვა შეურაცხმყოფელი სიტყვები?! თენგიზ ბაკურიძემ მესამე პირით შემოთვალა, რომ თქვენი (შეკვეთილი) სტატიებით მე არ დავდივარ.
ეს არ იყო არანაირი შეკვეთილი მასალა, ეს იყო ოფიციალური ტექსტი თენგიზ ბაკურიძის შესახებ.
ბაზრის შემოსავალი, რასაც მოვაჭრეები იხდიან ადგილისთვის, ყველა მიდის თენგიზ ბაკურიძის ჯიბეში.
რატომ ამბობს თენგიზ ბაკურიძე, რომ მზია გოგოლიშვილისთვის არ წაურთმევია „პოპული“? ქალბატონ მზიას „პოპულიში“ ჰქონდა 50%-იანი წილი, რომელიც საჯარო რეესტრშიც არის რეგისტრირებული.
„ქრონიკა+“-ს გავუგზავნეთ დოკუმენტაცია, სადაც ოფიციალურად არის დამტკიცებული, თუ როგორ შეიძინა თენგიზ ბაკურიძემ კინო „თბილისის“ შენობა, სადაც წილში მოხსენიებული ჰყავს ქალბატონი მზია. ამ დროს ქალბატონ მზიას არანაირი წილი არ ეკუთვნოდა. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ამ ყველაფერს ბოლომდე გამოვიძიებ და მიწაშიც ჩავყვები.
ბათუმში ვერ მოიძებნება ადამიანი, რომელიც თენგიზ ბაკურიძესთან მეგობრობს.
მე პირადად არაფერი დამვიწყებია, მისი ყველა ქმედება ზეპირად ვიცი და საქმეს ბოლომდე მივიყვან.
მინდა, რომ ეს მასალა თენგიზ ბაკურიძემ წაიკითხოს.
თუ კარგი ბიჭი იყო, ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლად მე დავნიშნე და ოფიციალურ დოკუმენტზე მე მაქვს ხელი მოწერილი. ამ პოზიციაზე მან მხოლოდ 3 თვე იმუშავა და ასლან აბაშიძემ გაუშვა სამსახურიდან.
მისი ბიჭი იყო პოლიტიკურ პარტია „გირჩში“. ისიც ვიცი, რას და როგორ არიგებდა რაღაცებს. ამის ფაქტებიც შემიძლია დავდო.
ძალიან დიდ პატივს ვცემ ზურაბ ჯაფარიძეს და მაინტერესებს, ეს ადამიანი როგორ მიიღო პარტიაში?
ხვიჩა მამულაძე