- ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
2020-12-24 07:39:15
ექსკლუზიური ინტერვიუ ადვოკატ მანუჩარ ზოიძესთან
ზუსტად 8 თვე გავიდა ამ ფაქტიდან და გამოძიებას ჯერაც არ დაუდგენია, რა ხდება? რატომ ყოვნდება ძიების პროცესი? რას ითხოვს ოჯახი და რაზე საუბრობს საქმის ადვოკატი?
„ქრონიკა+“ ადვოკატ მანუჩარ ზოიძეს ესაუბრა:
_ ბატონო მანუჩარ, შეგიძლიათ დეტალურად გვითხრათ, რა მოხდა ქუთაისში გიგა სადილიანის საქმის გარშემო?
_ მე ვიცავ გიგა სადილიანის ოჯახის ინტერესებს, წარმოვადგენ ადვოკატს ამ საქმესთან დაკავშირებით. ჩავერთე უშუალოდ დაზარალებულის უფლებამონაცვალე მხარის მიერ, თუმცა იგი დაზარალებულად არ არის ცნობილი და ამაზე მიგვიანებით ვისაუბრებ.
ფაქტი კი შემდეგია: 2020 წლის 26 მაისს ქუთაისში, ავტომშენებლის საავტომობილო გზაზე, წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკის მიმართულებით, მოძრაობდა ავტომობილი „ჰონდა ფიტი“, ნომრით BQ400 AS, რომელსაც მართავდა (დაუზუსტებელი ცნობით) 1998 წელს დაბადებული ბექა ნემსიწვერიძე. ამ უკანასკნელის ავტომობილი დაეჯახა ველოსიპედზე მჯდომ გიგა სადილიანს, რომელიც ამის შედეგად გარდაიცვალა. ბუნებრივია, მომხდარ ფაქტზე ჩატარდა შესაბამისი ღონისძიება, გამოიძახეს პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადა. საქმეზე დაიწყო გამოძიება, მაგრამ _ ხარვეზებით. კერძოდ: შემთხვევის ადგილი არასრულყოფილად დათვალიერდა; მტკიცებულებები დროულად არ მიმაგრდა საქმეზე; მანქანის მძოლი არ შემოწმდა ნარკოტიკულ ან ალკოჰოლურ თრობაზე; არ ჩატარდა გადაუდებელი საგამოძიებო ღონისძიებები, რომ ამოღებულიყო კამერების ჩანაწერები, თანაც მათზე არანაირი ექსპერტიზა არ ჩანიშნულა.
არსებული ხარვეზები შესაძლოა, გამოიწვია გამომძიებლის მიერ სამხილების უგულებელყოფამ ან საქმისადმი გულგრილმა დამოკიდებულებამ, ასევე ამ ყველაფერს ზედამხვედველმა პროკურორმა სათანადო ყურადღება არ მიაქცია.
ამ სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი იყო გიორგი გიგვერაშვილი. იგი ქუთაისის პოლიციაში გამომძიებლის სტატუსით მუშაობს. არასრულყოფილი გამოძიების გამო დაინიშნა არაგეგმური ექსპერტიზა, რომლის შედეგადაც აღმოჩნდა, რომ მძლოლს საგზაო უსაფრთხოების წესები არ დაურღვევია და, შესაბამისად, საქმის შეწყვეტა დააპირეს. დასკვნის შესახებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც, თავის მხრივ, მე დამიკავშირდა, ვინაიდან არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო იურიდიული სამართლის კუთხით. მოკლედ, მე, როგორ ადვოკატი, იურისტი, ამ საქმეში ჩავერთე. მიუხედავად იმასა, რომ ოჯახს დაზარალებულის სტატუსი არ გააჩნია, ე. ი. ზურაბ სადილიანი და მისი მეუღლე ლია ჩუბინიძე დაზარალებულის სტატუსით არ სარგებლობენ, გამოძიებამ ნამდვილად ხელი შეგვიწყო და შესაძლებლობა მოგვცა, მასალებზე წვდომის უფლება გვქონოდა, რათა ამ საქმის დეტალებს გავცნობოდი.
_ რა დეტალები გამოიკვეთა საქმის გაცნობის დროს?
_ პირველ რიგში, გამომძიებლის აცილების შუამდგომლობა დავაყენეთ, ასევე მივითხოვეთ ექიმ-ნარკოლოგის გამოკითხვა და თვით ბექა ნემსიწვერიძის დეტალურად დაკითხვა; ასვე დავაყენეთ მთელი რიგი შუამდგომლობები. როგორც მოგახსენეთ, საქმე თავიდანვე არასრულყოფილად წარიმართა და მოწმეებიც კი არ დაუკითხავთ. ყველაზე მნიშვნელოვანი: არ ამოიღეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლების სამხრე კამერები, რომლითაც ისინი იღებენ ცალკეულ ფაქტებს, მით უმეტეს, ეს მძიმე შემთხვევა იყო. სამხრე კამერის ჩანაწერები ვერ ინახა, რადგან იგი არც ჩაუწერიათ ან არ მოიძებნა _ ამას ვეღარ ვადგენთ, რადგან დრო გავიდა. ყოველ შემთხვევაში, ასე გვიპასუხა გამოძიებამ.
დაზარალებული ოჯახის წევრები არასრულყოფილად დაკითხეს. ძიებაში ჩემმა ჩართვამ ერთგვარი ბიძგი მისცა მოვლენების განვითარებას და ამ საქმეზე ინტენსიური საგამოძიებო სამუშაოები დაიწყო. დაკმაყოფილდა ის შუამდგომლობაც აცილების თაობაზე, სადაც აღვნიშნავდით, რომ გამომძიებელი არასრულყოფილად იძიებდა საქმეს და იგი გადაეცა ახალ გამომძიებელ დავით მაჩიტიძეს, რომელიც იგივე სამმართველოში მუშაობს.
_ ახალმა გამომძიებელმა შეცვალა საქმის მსვლელობა?
_ დიახ, შეცვალა: დეტალურად დაიკითხნენ ოჯახის წევრები, სხვა მოწმეები, ასევე დამატებით დაიკითხა ბექა ნემსიწვერიძე; შემთხვევის ადგილზე ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი და ინტენსიურად დაიწყო საგამოძიებო მოქმედებები.
ასევე დაინიშნა ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, ამოიღეს მობილური ტელეფონი, რომელზედაც ჩატარდა ექსპერტიზა და იმ დროისთვის ყველაფერი გადამოწმდა. მაგრამ, მიუხედავად ყველაფრისა, ეს ექსპერტიზები საკმაოდ ჭიანურდება, ყოვნდება _ თანაც შემთხვევა მაისში მოხდა. არაერთი თხოვნისა, გამოძიება მაინც ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული და სამართალწარმოება გრძელდება.
ჩვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ გამოძიება დაჩქარდეს და ექსპერტიზის პასუხი დროულად მივიღოთ.
_ რა ეტაპზეა ამ დროისთვის გამოძიება?
_ ამ შემთხვევიდან 8 თვე გავიდა, მაგრამ სულ ერთი და იგივე სტანდარტული პასუხი ისმის, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
თუ გამოძიება კონკრეტულ შედეგამდე ვერ მივიდა, რომ ეს არ არის დანაშაული, მასზე შეგროვებული მტკიცებულებებით პასუხისგებაში ვერ მისცემ. ანუ ამ დროისთვის კონკრეტული შედეგი არ დგას.
_ რას მოითხოვს დაზარებული ოჯახი?
_ ოჯახმა ამ მძიმე დანაშაულზე სიმართლე ვერ გაიგო, რომ ამ საქმეში არის თუ არა მძოლი დამნაშავე? უნდა მიეცეს თუ არა კონკრეტული პიროვნება პასუხისგებაში? ოჯახი სრულ გაურკვევლობაშია.
_ თქვენი აზრით, გამოძიებას ვინმე ხელოვნურად აყოვნებს თუ ეს ბუნებრივი პროცესია?
_ პირველ ეპატზე ეს საქმე იმდენად ხარვეზებით მიმდინარეობდა, რომ ელემენტარულად მძოლიც კი არ შეუმოწმებიათ. კამერები არის ის მტკიცებულება, რითაც დანაშაულის მთლიანი სურათის აღდგენაა შესაძლებელი, რაც ხელს უწყობს საქმის გახსნას. ეს კამერებიც არ შემოწმებულა. შესაძლოა, სწორედ კამერებით გამოაშკარავებულიყო მნიშვნელოვანი დეტალი.
ხვიჩა მამულაძე